შალვა ჯავახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/1767 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 6 ივნისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ივნისი 2024 12:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: შალვა ჯავახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის სიტყვების „რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“ და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1767) მომართა შალვა ჯავახიამ. №1767 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 3 თებერვალს. №1767 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 6 ივნისს.
2. №1767 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 313 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში №98 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, განმცხადებელმა ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
5. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც მესაკუთრის ნებართვის გარეშე ითვალისწინებს მესამე პირების კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციას ორი მოწმის წერილობითი დასტურის საშუალებით. შესაბამისად, შესაძლებელია, მესამე პირები ისე დარეგისტრირდნენ მოსარჩელის საკუთრებაში, რომ ამის შესახებ ინფორმაციას იგი არ ფლობდეს.
6. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, მესაკუთრეს უწევს გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახდა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ქალაქ სენაკში (სადაც რეგისტრირებულია მოსარჩელის საცხოვრისი) ფიზიკური პირისთვის დასუფთავების მოსაკრებელი დაიანგარიშება ოჯახში სულადობის მიხედვით. შესაბამისად, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული კომუნალური მომსახურების ხარჯების გაზრდასთან. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაცია საკუთრების უფლების შემადგენელი კომპონენტია, ხოლო მესაკუთრის თანხმობის გარეშე, მის საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის შესაძლებლობით, სახელმწიფო არღვევს მესაკუთრის ნების მიხედვით საკუთრების თავისუფალი განკარგვის უფლებას.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულაცია საკუთრების უფლებას იმის გამოც ეწინააღმდეგება, რომ იგი კონკრეტულ მისამართზე უშვებს ისეთი კორესპონდენციის მიღების შესაძლებლობას, რომელიც არ ეკუთვნის მესაკუთრეს ან იქ ფაქტობრივად მცხოვრებ პირებს. გარდა ამისა, პირს, რომელიც უკანონოდაა შეჭრილი სხვის საკუთრებაში, ეძლევა, მესაკუთრის ნების გარეშე, საკუთრებაში რეგისტრაციის საშუალება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირება მესაკუთრეს მუდმივად აკისრებს ტვირთს, გაარკვიოს, არის თუ არა მის საკუთრებაში სხვა პირი რეგისტრირებული. რეგისტრაციის ფაქტის არსებობის შემთხვევაში კი, მას უწევს, ამტკიცოს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში პირი არ ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე, რაც მოსარჩელეს დამატებით ტვირთად მიაჩნია საკუთრების უფლების რეალიზებისთვის.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულაციის მიზანი შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის სწორი ბაზის შექმნა და რეგისტრაციის პროცესის გამარტივება, თუმცა სადავო რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მესამე პირების მესაკუთრის საკუთრებაში ფაქტობრივად ცხოვრება სანდოდ და უტყუარად მხოლოდ მესაკუთრემ შეიძლება დაადასტუროს. ამასთან, მესაკუთრე არის ის სანდო წყარო, რომელიც ფლობს ინფორმაციას მესამე პირების საკუთრებაში ფაქტობრივი ცხოვრების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოწმეებს არ ეკისრებათ ისეთი დოკუმენტის აუცილებლად წარდგენის ვალდებულება, როგორიცაა, მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულება, მესაკუთრის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის დოკუმენტი და ა.შ. ამდენად, სადავო პროცედურა იძლევა შესაძლებლობას, კონკრეტულ მისამართზე დარეგისტრირდეს ის პირი, რომელსაც ფაქტობრივად არ უცხოვრია და არც რეგისტრაციის მომენტისთვის ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. ამის დასტურია ისიც, რომ არჩევნების დროს მესაკუთრეების მიერ ხდება ისეთი რეგისტრირებული პირების აღმოჩენა, რომელთაც არათუ არასდროს უცხოვრიათ კონკრეტულ მისამართზე, არამედ მესაკუთრეები მათ არც იცნობენ. ამდენად, სადავო რეგულაცია არ არის გარანტი იმისა, რომ სახელმწიფოს ექნება სწორი ინფორმაცია ადამიანების ნამდვილი ფაქტობრივი საცხოვრისის შესახებ.
9. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მესაკუთრის ნების გვერდის ავლით მესამე პირების რეგისტრაციის შესაძლებლობა არა მხოლოდ მესაკუთრის უფლებას ზღუდავს მომეტებულად, არამედ თავად რეგისტრაციის ბაზის სანდოობასაც აყენებს ეჭვქვეშ.
10. მოსარჩელე მხარე სადავო რეგულაციას პრობლემურად მიიჩნევს თანასწორობის უფლებასთან მიმართებითაც. მისი განმარტებით, დიფერენცირება ხორციელდება არსებითად თანასწორ პირებს შორის. მოსარჩელე შესადარებელ პირებად მიიჩნევს ფიზიკურ პირებს და იმ იურიდიულ პირებს, რომელთა საკუთრებაშიც, მესამე პირების რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ მესაკუთრის თანხმობა. მოსარჩელე მხარე ასევე შესადარებელ სუბიექტად ასახელებს სახელმწიფოსაც, რომლის საკუთრებაში რეგისტრაციისთვისაც აუცილებელია სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.
11. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სუბიექტები საკუთრების დაცვის მიზნებისთვის თანასწორი სუბიექტები არიან, ხოლო სადავო დიფერენცირებას არ გააჩნია რაციონალური ახსნა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმისა და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
2. №1767 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის სიტყვების „რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმებით დადგენილი წესის არაზუსტ აღქმას. სადავო ნორმის საფუძველზე, კანონმდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრს ანიჭებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის უფლებამოსილებას. ამდენად, სადავო ნორმა მიმთითებელი ხასიათისაა, რომელიც, იმავდროულად, შესაძლოა, წარმოადგენდეს უფლებამოსილების მადელეგირებელ წესს და აღნიშნულის მიღმა არ არეგულირებს პირის რეგისტრაციის საკითხებს. მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მისთვის პრობლემურია იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხი, რომელიც სადავო ნორმის მოწესრიგების მიღმაა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემური მოწესრიგება გამომდინარეობს არა მიმთითებელი ნორმიდან, არამედ იმ წესიდან, რომელიც ამგვარ რეგულაციას შეიცავს. ამასთან, №1767 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოყვანილი არგუმენტაცია მიემართება სადავო ნორმის შინაარსის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემური არ არის უფლებამოსილების დელეგირების საკითხი და, შესაბამისად, სადავოდ არ ხდის კონსტიტუციის მოთხოვნებთან სადავო ნორმის შესაბამისობას ფორმალური თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1767 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
4. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, განმცხადებელმა ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც მესაკუთრის ნებართვის გარეშე ითვალისწინებს მესამე პირების კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციას ორი მოწმის წერილობითი დასტურის საფუძველზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, მას უწევს გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახდა და, ამასთან, ეზღუდება საკუთრების თავისუფალი განკარგვის უფლება.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, არსებული ქონების (მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები და სხვა) განკარგვას, სარგებლობასა და მფლობელობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/3/680 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის №2/1/1434,1466 გადაწყვეტილება საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. ამგვარად, აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო ნორმა, რაიმე ფორმით, აწესრიგებს/ზღუდავს საკუთრების/ქონებრივი უფლებების შეძენის, სარგებლობის, მფლობელობისა თუ განკარგვის წესს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
7. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად სამტკიცებლად მიუთითებს, რომ კომუნალური მომსახურების ხარჯების გაანგარიშება ხდება, მათ შორის, საკუთრებაში (უძრავ ქონებაში) რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის საფუძველზე და, შესაბამისად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე რეგისტრაციის შედეგად მას (მესაკუთრეს) ეზრდება გადასახადები. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად აქცევს საკუთრების განკარგვის ხელშეშლა, პირის რეგისტრაციის შედეგად, მისი კორესპონდენციის მესაკუთრის მისამართზე მიღება და იმ პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა, რომელიც არაკანონიერად იმყოფება სხვის საკუთრებაში ან სულაც არ ცხოვრობს იქ.
8. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის აუცილებელია, მოსარჩელემ მოიყვანოს ის მტკიცებულებები, არგუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამდენად, სადავო რეგულაციის საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება და გარკვეული ხარისხით მისი არაკონსტიტუციურობის მტკიცება მოსარჩელის ტვირთია. სასამართლოს განმარტებით, მართალია, ცალკეულ შემთხვევაში, კომუნალური გადასახადების გადახდის ადმინისტრირება დამოკიდებულია საკუთრებაზე რეგისტრირებულ პირთა ოდენობაზე, თუმცაღა კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი შემოიფარგლება ფიზიკური პირის საკუთრებაში მესამე პირის რეგისტრაციის საკითხის განსაზღვრით და საერთოდ არ აწესრიგებს კომუნალური მომსახურების საფასურის დაანგარიშებას, მათ შორის, იმას, თუ როგორ ხდება დასუფთავების მოსაკრებლის ან სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა. შესაბამისად, მოსარჩელის პრობლემა არ გამომდინარეობს სადავო ნორმისაგან.
9. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა აფერხებს საკუთრების უფლების განკარგვას. სასამართლოს განმარტებით, ზოგადად, შესაძლოა, საკუთრებაში სხვა პირის მესაკუთრისაგან დამოუკიდებლად, რეგისტრაცია ქმნიდეს მესაკუთრისათვის დისკომფორტს, თუმცა არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოშობს იმგვარ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც რაიმე ფორმით, ასახვას პოვებს საკუთრების ამა თუ იმ უფლებრივ კომპონენტზე, საკუთრების ობიექტის სრული რესურსით გამოყენების შესაძლებლობაზე, განკარგვასა თუ სარგებლობაზე. მოსარჩელე მხარეც ზოგადად უთითებს საკუთრების თავისუფალი განკარგვის შეზღუდვაზე, თუმცა არ ასაბუთებს, მის საკუთრებაში მესამე პირის რეგისტრაცია რა გავლენას ახდენს საკუთრების უფლების შინაარსის და ფარგლების განსაზღვრაზე, როგორ ზღუდავს უძრავი ქონების გასხვისების, უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული კერძოსამართლებრივი გარიგებების დადების, ქონების უფლებრივად დატვირთვის შესაძლებლობას და ა.შ., რაც ქონების თავისუფლად განკარგვას უკავშირდება.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტაციიდან არ იკვეთება, ფიზიკური პირის საკუთრებაში მესამე პირების რეგისტრაციის შესაძლებლობით, როგორ იზღუდება მისი საკუთრების უფლება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი, ამ მხრივ, დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ჩაყენებული იურიდიულ პირებთან და სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელთა საკუთრებაშიც მესამე პირების რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ მესაკუთრის თანხმობა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ფიზიკური, იურიდიული პირი და სახელმწიფო საკუთრების დაცვის მიზნებისთვის თანასწორი სუბიექტები არიან, ხოლო სადავო დიფერენცირებას არ გააჩნია რაციონალური ახსნა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებული „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ... ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის №2/20/1293 განჩინება საქმეზე „„შპს საგა იმპექსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/4/1225 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულია პირებს შორის თანასწორობის უფლება კანონის წინაშე, რაც გამორიცხავს სახელმწიფოსა და პირების შესადარებელ ჯგუფად განხილვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიზანი არ არის ინდივიდების და სახელმწიფოს თანასწორობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სადავო ნორმების დისკრიმინაციულად მიჩნევას მისი და სახელმწიფოს შესადარებელ ჯგუფად განხილვის საფუძველზე, ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შინაარსის არასწორ აღქმას.
13. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებში ფიზიკური პირების არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, იდავოს თანასწორობის უფლების დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს უფლებრივ რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმე უფლებას ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო მდგომარეობაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ დიფერენცირების ფაქტზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის დისკრიმინაციულობაზე (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ არის, კონკრეტულ შემთხვევაში, შესადარებელ ჯგუფებს შორის განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებელი. ამისათვის კი საჭიროა, მოსარჩელემ დაასაბუთოს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, მათ საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაში რეგისტრაციის განსხვავებული წესების დადგენა არაკონსტიტუციურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს შესადარებელ სუბიექტებს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის პოზიციით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის უთანასწორო მოპყრობას განაპირობებს საკუთრების უფლების განსხვავებული ხარისხით დაცვა. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო რეგულირებით არ ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა, ხოლო აღნიშნულის მიღმა, მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის განსხვავებული მოპყრობის არაგონივრულობა, რაც მის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს. დამატებით, მოსარჩელე მხარე, თანასწორობის უფლების ნაწილზე მსჯელობისას, აგრეთვე მიუთითებს, რომ შესაძლოა, არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან, პირთა რეგისტრაციის უკეთესი, შედარებით ზუსტი მონაცემის დამდგენი წესები, თუმცა, ბუნებრივია, სახელმწიფოს შესაძლებლობა, უკეთესად მოაწესრიგოს ესა თუ ის საკითხი, ვერ გამოდგება ვერც სადავო ურთიერთობის ფარგლებში შესადარებელ პირთა თანასწორობისა და ვერც დიფერენცირების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელ არგუმენტად.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1767 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1767 კონსტიტუციური სარჩელი („შალვა ჯავახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე