ქ. თბილისის კრწანისი – მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №9/189 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ბესარიონ ზოიძე, ჯონი ხეცურიანი, |
თარიღი | 10 ივლისი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივლისი 2002 00:00 |
პლენუმის შემადგენლობა:
1. ჯონი ხეცურიანი (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ შაშკინი;
3. ავთანდილ აბაშიძე;
4. ოთარ ბენიძე;
5. ბესარიონ ზოიძე - მომხსენებელი მოსამართლე;
6. იაკობ ფუტკარაძე;
7. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
8. ლამარა ჩორგოლაშვილი;
9. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.
საქმის დასახელება: “ქ. თბილისის კრწანისი – მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება “.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-13, მე-14 და 22-ე მუხლებთან მიმართებით (1) „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის № 240 დადგენილება, (2) „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1995 წლის 5 ივნისის № 25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დროებითი ინსტრუქცია, (3) „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1995 წლის 5 ივნისის № 25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, (4) „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 პუნქტი.
2002 წლის 7 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის № 189) მიმართა ქ. თბილისის კრწანისი – მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ. კონსტიტუციური წარდგინება შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტზე, 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე და 42-ე მუხლზე, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლსა და მე-16 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომები ჩატარდა ამა წლის 24 და 27 ივნისს. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია კონსტიტუციურ წარდგინებაში დასმულ ცალკეულ საკითხთა დაზუსტების მიზნით განმწესრიგებელ სხდომაზე კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოწვევა. წარდგინების ავტორს გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის კრწანისი – მთაწმინდის რაიონული სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს ალექსი პაპუაშვილის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამირან კერესელიძის მიმართ, რომელსაც ასევე ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 188-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. როგორც წარდგინებიდან ჩანს, ალექსი პაპუაშვილს ბრალი ედება იმაში, რომ მუშაობდა რა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსულად, იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტის გაცემისას პირადი მოტივით სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა ბოროტად და ამით არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს.
წარდგინების ავტორის თქმით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, რომლის უფროსი კონსულიც იყო ალექსი პაპუაშვილი, პასპორტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის № 240 დადგენილებით. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით განისაზღვრა იმ პირთა წრე, ვისზედაც შეიძლებოდა პასპორტების გაცემა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ხოლო მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგინდა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემისათვის გადასახადის ოდენობა. აღნიშნული დადგენილების შესასრულებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 1995წლის 5 ივნისის № 25 ერთობლივი ბრძანებით გამოიცა ორი ინსტრუქცია, კერძოდ: „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ დროებითი ინსტრუქცია და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია. დასახელებული დადგენილებით საზღვარგარეთ არსებულ საკონსულოებს ნება დაერთოთ გაეცათ პასპორტები საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ სასწავლებლად, ხანგრძლივ სტაჟირებაზე ან მივლინებით (სულ ცოტა ერთი წლის ვადით).
წარდგინების მიხედვით ასეთი ნორმა იურიდიული ნონსენსია და ზღუდავს საზღვარგარეთ სხვა ვადითა და სხვა საფუძვლით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს. წარდგინების ავტორის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა უფლებები ილახება ასევე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულების მე-6 პუნქტითაც, რომელშიც ზოგადადაა საუბარი სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტის გაცემის შესახებ და არაა აღნიშნული, ეს ეხება დროებით თუ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს. ამით კი იზღუდება საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მიიღონ პასპორტი იმისდა მიუხედავად, სად ცხოვრობენ ისინი. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, დანაშაული, რომელშიც ბრალი ედებათ განსასჯელებს, წინასწარი გამოძიების მიხედვით სწორედ აღნიშნული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფაში გამოიხატება, სახელდობრ იმაში, რომ პასპორტები გაიცემოდა საზღვარგარეთ როგორც დროებით, ისე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე. წარდგინების თანახმად, სადავო აქტები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-13, მე-14 და 22-ე მუხლებს, ისე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის მე-3 და 44-ე მუხლის მეორე პუნქტს, „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 ნოემბრის კანონის 39-ე, 59-ე და მე-60 მუხლებს, ასევე „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მე-5 მუხლის “A”, “D” და “E” პუნქტებს. ეს შეუსაბამობა კი გამოიხატება იმით, რომ სადავო აქტები აღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით უსაფუძვლოდ უზღუდავდა საკონსულო დაწესებულებებს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტების გაცემის უფლებას. ამიტომაც, წარდგინების თანახმად, აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კონსტიტუციური წარდგინების, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სათანადო სახელმწიფო ორგანოებიდან შემოსული წერილების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელი თუ კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღოს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. როგორც საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის № 240 სადავო დადგენილება ამჟამად ძალადაკარგულია. კერძოდ, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის № 96 ბრძანებულების მე-9 პუნქტში ნათქვამია: ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მოსახლეობის საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობების, ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 512 და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 3 მაისის № 240 დადგენილებები. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის № 377 ბრძანებულებით კი ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის დასახელებული ბრძანებულების მე-9 პუნქტი, რომლითაც გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის სადავო № 240 დადგენილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 27 ივნისის წერილის თანახმად (№ 01/23/11-3332), მინისტრთა კაბინეტის დასახელებული დადგენილების მოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ორი ბრძანებულების მეტი, სხვა ნორმატიული აქტი არ გამოცემულა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის ბრძანებულების მე-9 პუნქტის გაუქმება არ ნიშნავს მინისტრთა კაბინეტის № 240 დადგენილების მოქმედების თავისთავად აღდგენას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 6 ივლისის წერილის (№ 01/23/11-3539) თანახმად ნორმატიული აქტების შესახებ კანონმდებლობა არ იცნობს გაუქმებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის აღდგენის ინსტიტუტს. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის № 377 ბრძანებულების პირველი პუნქტით, რომელშიაც საუბარია, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და მათზე შესაბამისად პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემისას სახელმძღვანელო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, ასეთად მიჩნეულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 მარტის № 96 ბრძანებულების მე-9 პუნქტით გაუქმებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 512 დადგენილება, ხოლო იგივე ნორმით გაუქმებული სადავო დადგენილება მოხსენიებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის № 240 დადგენილების კონსტიტუციურობაზე.
2. რაც შეეხება კონსტიტუციურ წარდგინებაში სადავოდ გამხდარ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 5 ივნისის № 25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციებს, კერძოდ: „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ დროებით ინსტრუქციასა და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციას, მათ შესახებ იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 124-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას (იხ. განმწესრიგებელი სხდომის 2002 წლის 12 მარტის განჩინება, № 2/124/3). როგორც ეს განჩინებიდან ჩანს, ვინაიდან ეს აქტები მიღებული იყო „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1995 წლის საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, სასამართლო დაინტერესდა მათი ნორმატიულობის საკითხით და 2002 წლის 22 თებერვალს შესაბამისი წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „სახელმწიფო რეესტრში უნდა შევიდეს საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი“. იგივეს იმეორებს „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის № 265 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი. მე-4 მუხლის მიხედვით კი, „ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მიხედვით სწორედ იუსტიციის სამინისტრო იყო ვალდებული გადაეწყვიტა სადავო აქტების იურიდიული ძალისა და ნორმატიულობის საკითხები. კერძოდ, აღნიშნული კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება 1997 წლის 25 ნოემბრამდე“. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, „ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის № 471 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით, სწორედ იუსტიციის სამინისტროა ის ორგანო, რომელსაც ევალება „სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების მოთხოვნით ცნობების გაცემა ნორმატიული აქტის მოქმედების შესახებ“.
იუსტიციის სამინისტროს მიერ 2002 წლის 23 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი გამოგზავნილ პასუხში (№ 01/23/11-863) ნათქვამია, რომ „მითითებული აქტები არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში“.
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2002 წლის 12 მარტის დასახელებულ განჩინებაში აღნიშნა: „საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნული სადავო აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან დაკავშირებით“.
სასამართლო პლენუმი აღნიშნავს, რომ ვინაიდან კონსტიტუციური წარდგინების დროსაც სწორედ რომ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა მოწმდება, საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ვერ იმსჯელებს სადავო აქტების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
3. კონსტიტუციურ წარდგინებაში ასევე არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულების მე-6 პუნქტი. როგორც ეს ჩანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 24 ივნისის წერილიდან (№ 01/23/11-3233) მოცემული დადგენილება წარმოადგენს მოქმედ ნორმატიულ აქტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აღნიშნავს, რომ გარდა სადავო აქტის ნორმატიულობისა, კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“
კანონის მე-18 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პოზიტიურ პირობებს. მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ „ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ წარდგინებას ახასიათებს მთელი რიგი ხარვეზები, რის გამოც იგი ვერ აკმაყოფილებს მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარდგინების ავტორმა უნდა დაასახელოს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს სასამართლო, რაც ნიშნავს იმას, რომ წარდგინებაში ნათლად და გამოკვეთილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული დავის საგანი. კონსტიტუციური წარდგინებიდან კი ზოგჯერ გაუგებარია, რა მოცულობით ითხოვს წარდგინების ავტორი სადავო აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში წარდგინების ავტორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ხან მის მე-6 პუნქტს, ხან კიდევ მე-6 პუნქტის მეორე აბზაცს. იგივე ითქმის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის № 240 დადგენილებაზეც. ერთ შემთხვევაში წარდგინების ავტორი მთელი აქტის კონსტიტუციურობის საკითხს აყენებს, სხვა დროს კი, არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული ამ დადგენილების მხოლოდ მე-6 პუნქტი.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა კი ისაა, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში მოტანილი უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომელიც წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს წარდგინების საფუძვლიანობას. ამდენად, კონსტიტუციური წარდგინება უნდა იყოს დასაბუთებული, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილი და ცხადი უნდა იყოს როგორც მოთხოვნის შინაარსი, ისე მისი საგნობრივი შემხებლობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 პუნქტი ორი აბზაცისაგან შედგება. პირველი აბზაცის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტს გასცემს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი – საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო. კონსტიტუციურ წარდგინებაში, გარდა მე-6 პუნქტზე ზოგადი მითითებისა, ცალკე საერთოდ არაა მსჯელობა ამ პუნქტის აღნიშნულ აბზაცთან დაკავშირებით. ასეთი სინამდვილის პირობებში, სასამართლოსათვის გაუგებარია, შედის თუ არა წარდგინების ავტორის ინტერესებში მე-6 პუნქტის პირველი აბზაცის კონსტიტუციურობის შემოწმება. კონსტიტუციურ წარდგინებაში კონკრეტული მსჯელობა არის მე-6 პუნქტის მეორე აბზაცთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც „სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს პასპორტს აძლევს საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება; საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის მიღების შემდეგ“. წარდგინების ავტორი აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას მოითხოვს იმიტომ, რომ მისთვის გაურკვეველია დროებით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზეა საუბარი თუ მუდმივად მცხოვრებზე. აქედან გამომდინარე, იგი აკეთებს დასკვნას, რომ „შეზღუდულია საქართველოს მოქალაქეთა უფლება იმისდა მიუხედავად, სად ცხოვრობენ ისინი, მიიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი.“ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ წარდგინებაში სხვა მტკიცებულებანი არ არის. ეს კი, წარდგინების ავტორის აზრით, პრაქტიკაში სადავო აქტების განსხვავებული ინტერპრეტაციის საფუძველი ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიაჩნია, რომ სამართალგამოყენებით პრაქტიკაში ნორმატიული აქტის არასწორი განმარტების საკითხი შეუძლებელია გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების საფუძველი. რადგანაც სადავო ნორმაში კონკრეტულად (უშუალოდ) არაა აღნიშნული, საქმე ეხება საზღვარგარეთ დროებით თუ მუდმივად მცხოვრებ პირს, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ ნორმაში საუბარია როგორც ერთზე ისე მეორეზე. სადავო ნორმის ამგვარი გაგების საფუძველს იძლევა ასევე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმად „სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, რეგისტრაციის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება“.
კონსტიტუციურ წარდგინებაში ასევე დაზუსტებას საჭიროებდა კონსტიტუციის ის დებულებანი, რომლებთან მიმართებითაც წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას. წარდგინების ავტორის მიერ დასახელებული კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლი შინაარსობრივად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნორმებს შეიცავს. წარდგინების ავტორი, სასამართლო სხდომაზე რომ გამოცხადებულიყო, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნებოდა ამ და სხვა გაურკვევლობათა დაზუსტების შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
4. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, სადავო აქტები ასევე წინააღმდეგობაშია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის მე-3 და 44-ე მუხლის მეორე პუნქტთან, „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ 1994 წლის 22 ნოემბრის კანონის 39-ე, 59-ე და მე-60 მუხლებთან, „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მე-3 მუხლსა და მე-5 მუხლის “A”, “D” და “E” პუნქტებთან. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თუ განსასჯელის მოქმედებით ირღვეოდა სადავო აქტების მოთხოვნები, სამაგიეროდ ამით იგი ასრულებდა დასახელებული ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს. სასამართლო პლენუმი აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში საერთო სასამართლოს თვითონვე შეეძლო გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნები „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც „ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს“.
5. კონსტიტუციური წარდგინებიდან და თანდართული მასალებიდან ჩანს, რომ სასამართლო იცნობდა ალექსი პაპუაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2000 წლის 17 იანვარს შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე გამოტანილ განჩინებას. ეს გარემოება სასამართლოს ავალდებულებდა კონსტიტუციური წარდგინების შემოტანისას გაეთვალისწინებინა ამ განჩინების ზოგიერთი დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უარი თქვა არსებითად განსახილველად მიეღო მოქალაქე ალექსი პაპუაშვილის სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1995 წლის 5 ივნისის № 25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სადავო ინსტრუქციების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სწორედ იმ საფუძვლით, რაც გამორიცხავდა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ აქტების თაობაზე ხელმეორედ მსჯელობის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციურ წარდგინებაში კვლავ დაისვა ამ აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სწორედ საერთო სასამართლო უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაისვას ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხი. კონსტიტუციური წარდგინებიდან კი ის დასკვნა კეთდება, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა განსასჯელის შუამდგომლობა და წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციურ წარდგინებაში ვხვდებით ასეთ გამოთქმებს “სასამართლო სხდომაზე ა. პაპუაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით შესვლის თაობაზე; „სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მხარი დავუჭიროთ განსასჯელის შუამდგომლობას სასამართლო წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესასვლელად“; სასამართლო პლენუმი არ გამორიცხავს საერთო სასამართლოებში კონკრეტული საქმეების განხილვისას მსგავსი შუამდგომლობების არსებობას, თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების გზით. იმ კანონის თუ სხვა ნორმატიული აქტის განსაზღვრა, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას უნდა იქნეს გამოყენებული, სწორედ სასამართლოს მიერაა შესაფასებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეხუთე პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე, 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ქ. თბილისის კრწანისი – მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (1) „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 მაისის № 240 დადგენილების, (2) „საზღვარგარეთ დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1995 წლის 5 ივნისის № 25 ერთობლივი ბრძანებით, დამტკიცებული დროებითი ინსტრუქციის, (3) „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობებისა და ქართული ეროვნული პასპორტების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1995 წლის 5 ივნისის № 25 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და (4) „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-13, მე-14 და 22-ე მუხლებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ჯონი ხეცურიანი (თავმჯდომარე);
ნიკოლოზ შაშკინი;
ავთანდილ აბაშიძე;
ოთარ ბენიძე;
ბესარიონ ზოიძე - მომხსენებელი მოსამართლე;
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა.