საქართველოს მოქალაქე ჩიბა ჯანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/4/222 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 12 მარტი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ჩიბა ჯანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელელ ჩიბა ჯანელიძე და მისი წარმომადგენელი – გიორგი ჩხეიძე და დავით ხაჟალია.
საქართველოს მოქალაქე ჩიბა ჯანელიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2003 წლის 14 თებერვალს (რეგისტრაციის №222). საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, იგი გადმოეცა 2003 წლის 21 თებერვალს. კოლეგიის ღია გამსწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2003 წლის 5 მარტს.
სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელელ აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველი გახდა შემდეგი გარემოება: 1992 წლის 16 ივნისს მარტვილის რაიონის სოფელ ნოღაში მოხდა ყაჩაღური თავდასხმა რევაზ აფხაზავას ოჯახზე, რომლის დროსაც მოკლეს რევაზ აფხაზავას მამა. მოსარჩელე აღნიშნულ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1999 წლის ოქტომბერში. მას მიაჩნია, რომ ამ კატეგორიის დავებზე ვრცელდება ძველი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ათწლიანი ხანდაზმუდლობის ვადა, რომელიც ამოიწურა 2002 წლის 16 ივნისს. ამჟამად მის საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია. მოსარჩელის ვარაუდით, თუ უზენაესი სასამართლოს კოლეგია დაეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებას, ამით შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 39-ე მუხლებით აღიარებული მისი უფლებები.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე“. მოსარჩელის აზრით, ეს დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 39-ე მუხლებს, ვინაიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა უნდა გაგრძელდეს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე და არ უნდა წყდებოდეს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემიდან სადავო ნორმით კი, სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება განაჩენის დადგენამდე, რაც ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტეს კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნის არსი, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ, მე-2, მე-6 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
ვინაიდან აღნიშნული სადავო ნორმით შეიძლება დაირღვეს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები, მან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოითხოვა საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში სადავო აქტის შეჩერება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, განმსწერიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის არ წარდმგინების საფუძვლიანობას“. ანალოგიურ დებულებას შეიცავს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთცოვნაში იგულისხმება, რომ სარჩელის დასაბუთება და მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათისა, არამედ უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას.
მოსარჩელე აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას მოითხოვს იმიტომ, რომ მე-18 მუხლი იცავს ადამიანს თავისუფლების შეზღუდვისაგან. დაუშვებელია სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით გამოტანილი გადჟაწყვეტილებით პირისათვის თავისუფლების შეზღუდვა სასჯელის დაწესების გზით. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ ჩანს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან სადავო ნორმის მიმართება, რადგან იგი ეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდახმულობის ვადებს.
ასევე, არ დასტურდება სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთანაც, რომლის თანახმად „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოაქალქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ოროანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“, კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე ჩიბა ჯანელიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების კოსნტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 39-ე მუხლებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ბ. ზოიძე, თავმჯდომარე;
2. ა. აბაშიძე, (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ი. ფუტკარაძე;
4. ნ. შაშკინი