ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1833 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე კოხია, კახაბერ გოგოძე |
თარიღი | 31 ივლისი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილი: “თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: “ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით” |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი: “თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: “ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით” |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „საკონსტიტუციო
სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს
ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის
ძირითად უფლებებთან მიმართებით.“
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 31-ე და
311 მუხლები.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ, კერძოდ, ალექსანდრე კოხიასა და შპს “მოგოს” შორის არსებობს ხელშეკრულება (N FL20122017/0153) შეუსაბამოდ მაღალი პროცენტით - 40%-ზე მეტი. კახაბერ გოგოძეს კი საქართველოს ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე N4414290 გაუყიდა უძრავი ქონება, რის მიუხედავადაც დავალიანება მას კვლავ დარჩა დასაფარი. მტკიცებულებები (სამოქალაქო სარჩელი და ხელშეკრულება) თან ერთვის.
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც: “თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე”. სადავო ნორმა დაკავშირებულია სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გამოთვლის წესთან, რომელიც რეგულირებულია ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილში: “იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.” გასაჩივრებული ნორმა გამონაკლისს ადგენს ხსენებული დანაწესიდან, იმის მიუხედავად, რომ დიფერენციაციის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, როგორც თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტი, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არა მხოლოდ ძირითადი უფლებაა, არამედ ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპიც[1]. სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებელია ნებისმიერი დიფერენციაცია ლეგიტიმურ საფუძველს ეფუძნებოდეს. არსებითად თანასწორთა თანაბრად მოპყრობის გარეშე ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თანასწორობის უფლება იმთავითვე არის დაკავშირებული კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებული ღირსების უფლებასთან, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას მოითხოვს.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოყვანილ ნორმებში სუბიექტების ორი სახე გამოიყოფა: 1) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საკრედიტო კავშირი - როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი პირები; 2) ნებისმიერი სხვა სუბიექტი, როგორც ასევე იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი პირი. მათი საერთო ნიშანი სწორედ სესხის გაცემის ფაქტში ვლინდება, თუმცა კანონმდებლის მოსაზრებით საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა მხოლოდ მეორე ჯგუფს უნდა დაუწესდეს შეზღუდვად. ამ ნორმით იქმნება აშკარა დიფერენციაცია ხსენებულ ჯგუფებს შორის. სადავოა არათუ თანაზომიერება, ანუ გამოყენებული ზომების შესაბამისობა საჯარო მიზანთან, არამედ თავად ლეგიტიმურობა საჯარო მიზნისა. მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტები, რომლებზეც შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის უშუალო ზედამხედველობასა და კონტროლს ექვემდებარებიან, ეს არ უნდა გულისხმობდეს თვითნებურად მათთვის გარკვეული უპირატესობის მინიჭებას პროცენტის გამოთვლისას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი დიფერენციაცია თავისთავად არ ნიშნავს თანასწორობის უფლების დარღვევასა; დისკრიმინაცია გამოირიცხება თუ განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება მოვლენების ობიექტურ შეფასებას და არსებობს ბალანსი ინდივიდისა და საჯარო ინტერესებს შორის.[2] ინდივიდის, სესხის ხელშეკრულების მონაწილის მთავარი ინტერესი სამართლიანი და შეღავათიანი პირობებით გარიგების დადება და შესრულებაა. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, როდესაც სახელმწიფო მას ვერ იცავს ეროვნული ბანკის სუბორდინატორებისთვის იმ უფლების მინიჭებით, რომ თავად თვითნებურად გამოთვალონ პროცენტის მაჩვენებლები.
თანასწორობის უფლების დარღვევას აქვს შემდეგი ფორმა: 1) სახელმწიფომ/კანონმდებელმა გარკვეული უფლება შეუზღუდა საერთო ნიშნით გაერთიანებულ სუბიექტთა ერთ ჯგუფს, მაშინ როცა 2) იგი არ ზემოქმედებს ამ ნიშნის ქვეშ მყოფი სხვა პირების მიმართ. მართლაც რომ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მესამე ნაწილი იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი პირების მიმართ შეზღუდვას აწესებს, რაც, ცხადია, მათი თვითნებობის ლიმიტირების მცდელობაა, თუმცა ამ დანაწესს არ ავრცელებს ანუ საერთოდ არ ზემოქმედებს ეროვნული ბანკის სუბორდინატორებზე, მიუხედავად იმისა, რომ თვითნებობის შესაძლებლობა აქაც ძალიან მაღალია.
სადავოა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი: “თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.”
ხსენებული დანაწესიც მსგავსად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, თვითნებურ და გაუმართლებელ უპირატესობას/შეღავათს ანიჭებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, რამდენადაც მუხლში აღწერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებულად ჩათვლის წესი არ ვრცელდება არცერთ სუბიექტზე, რომელიც ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშაა. ცხადია, ამგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია კონკრეტული პირების მიმართ ქმნის უნდობლობის სამართლიან საფუძველს როგორც თავად ამ პირების, ისე კანონმდებლის მიმართ, რომელიც ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის მითითების გარეშე უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ერთი ნიშნით გაერთიანებულ სუბიექტებს და დისკრიმინაციულ მოპყრობას უქმნის სამართლებრივ საყრდენს სამოქალაქო კოდექსში ამგვარი დანაწესების შემოღებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კონსტიტუციის მე-11 მუხლი არ კრძალავს/გამორიცხავს თავისთავად დიფერენცირებულ მოპყრობას, არამედ ვრცელდება გაუმართლებელ და თვითნებურ განსხვავებებზე.[3] სწორედ მსგავსი შემთხვევაა ასახული ზემოაღნიშნულ არაკონსტიტუციურ ნორმებში. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ინტერესების გათვალისწინებას და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას. მაშინ, როდესაც მოსარჩელეთა მსგავსად უამრავ მოქალაქეს სესხის/კრედიტის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სწორედ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან, სწორედ მათი თვითნებობისა და უმიზნო პრივილეგიების შეზღუდვა უნდა იქცეს პირველად ამოცანად.
საინტერესოა ისიც, რომ არსებობს ევროკავშირის დირექტივა 2014/17, რომელიც სწორედ იპოთეკურ კრედიტის ხელშეკრულებებს ეხება. დირექტივით კრედიტის გამოთვლის ერთიანი წესი დგინდება, რომელიც ვრცელდება კრედიტის გამცემ სუბიექტებზე, იმის მიუხედავად, ვის ზედამხედველობას ექვემდებარებიან ისინი.[4] დირექტივის მეორე მუხლის პირველ ნაწილში ვკითხულობთ იმასაც, რომ სახელმწიფოები უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღების უფლებასაც ფლობენ, რათა მომხმარებელთა უფლებები ამით მაქსიმალურად იყოს დაცული.[5]
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებული დიფერენცირებული მიდგომის პირობებში მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა საკმაოდ რთული გამოწვევაა. არსებული საკანონმდებლო რეგულირების ცვლილება აუცილებელია სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.
[1] სსს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, 31 მარტი, 2008 წელი
[2] სსს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, 4 თებერვალი, 2014 წელი
[3] სსს გადაწყვეტილება საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები - “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 27 დეკემბერი, 2010 წელი
[4] DIRECTIVE 2014/17/EU OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCI of 4 February 2014, (Annex 1)
[5] DIRECTIVE 2014/17/EU OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCI of 4 February 2014 (Article 2.1)
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა