სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი
| დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
| ნომერი | ac1833 |
| ავტორ(ებ)ი | სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი |
| თარიღი | 30 ოქტომბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციური სარჩელი №1833
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
I. შესავალი
წარმოდგენილი მოსაზრება ეხმიანება კონსტიტუციური სარჩელს №1833 და აფასებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა განსხვავებულ მოპყრობას აწესებს სესხის/კრედიტის გამცემი სუბიექტისადმი, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ და სუბიექტებს შორის, რომლებიც არ არიან მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების მიზნად კანონმდებელმა დაასახელა, რომ „მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მსესხებლებს უჭირთ ობიექტურად შეაფასონ ვალის ტვირთი და მისი მომსახურების შესაძლებლობა. დამატებით, ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი ზედმეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი თავის სამომავლო ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებაში. გარდა ზემოხსენებულისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო სამართლებრივი საშუალებები − გირავნობა და იპოთეკა არ განსაზღვრავს მოვალის სამართლებრივი დაცვის მექანიზმს კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. გირავნობა და იპოთეკა დღევანდელ რეალობაში არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, არამედ კრედიტორის (ე.წ. „მევახშეების“ და ლომბარდების) ძირითადი ინტერესი გახდა. ხშირ შემთხვევაში, კრედიტორი თვითონ არის დაინტერესებული მოვალის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით, რათა მას მიეცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა და გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის და საკუთრების შესაძლებლობა“ (https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/189514). შესაბამისა, კანონდმებლის მიზანი, 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით მომწესრიგებელი ნორმის დადგენისას მომხმარებელთა, კონკრეტულად, მსესხებელთა უფლებების დაცვა იყო ბაზარზე არსებული ძლიერი პოზიციის მქონე სუბიექტებისგან. ამიტომ უნდა შეფასდეს აღნიშნული მუხლის შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგები აღნიშნული ნორმის ნორმატიული განმარტებითა და საქართველოს ობიექტური რეალობიდან გამომდინარე.
II. სადავო ნორმის მიზანი
1. დიფერენცირებული მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს შორის
ბაზარზე არსებული კრედიტორები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მათი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული ძალთა ბალანსით, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მათი ცოდნით და გამოცდილებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან მაღალი სარგებლის მიღების მომეტებული ინტერესით. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ინტერესების ხელყოფის საფრთხე შესაძლოა, იქმნებოდეს აშკარად კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც, თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, რეალურად, ერთ-ერთი მხარის მიერ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უშვებს. (საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1/4/1380), პარაგრაფი II- 35). შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.
აღნიშნული ნომრა აწესებს განსხვავებულ მოპყრობას სესხის/კრედიტის გამცემი სუბიექტისადმი, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკს ენიჭება უფლება დაუწესოს მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს განსხვავებული წესი დაუდგინოს ან დაუდგინოს, როგორც განსხვავებული, ასევე დამატებითი წესი. კანონი ახდენს დიფერენცირებას სესხის გამცემ ორ სუბიექტს, ეროვნულ ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს და იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც ეროვნულ ბანკის ზედამხედველობას არ არიან დაქვემდებარებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1/4/1380), სადაც საქმით საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ სესხის გამცემი ფიზიკური პირი და სესხის გამცემი იურიდიული პირი არსებითად თანასწორი პირები არიან, თუმცა არსებითად თანასწორ პირებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას გააჩნია რაციონალური საფუძველი (პარ. II- 79). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამრთლოს აღიარებით, სესხის გამცემი ფიზიკური პირი და სესხის გამცემი იურიდიული პირი არიან არსებითად თანასწორი შესადარებელი ჯგუფი, თუმცა კომერციულ ბანკებს აქვთ უფრო მეტი საბაზრო ძალაუფლება, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკის რეგულაციები (პარაგრაფი II-40), კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების რიგი ნორმები ადგენს ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის ძირითად პრინციპებს, ხოლო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტორებზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას. აღნიშნული რეგულირება სწორედ კრედიტორთა საქმიანობიდან მომდინარე რისკების აღმოფხვრას ემსახურება. შესაბამისად, საქართველოს კანონი ანიჭებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებულ სუბიექტებს უფლებას გასცენ კრედიტები უძრავი ქონებით უზრუნველყოფს ქვეშ, რადგან რისკები დაზღვეულია ეროვნული ბანკის ზედამხედველობითა და რეგულაციებით. ხოლო ფიზიკური პირების ზედამხედველობა მოითხოვს დამატებით ხარჯებსა და რესურსებს, რისი საშუალებაც არ აქვს სახელმწიფოს, ამიტომაც დიფერენცირებული მოპყრობა და უფლებაში ჩარევა დასაშვებია და გამართლებულია, რათა დაცულ იქნეს მომხმარებელთა უფლებები. (პარ. II-33-34, II-45, II-67, II-71-72).
ასევე ამავე საქმეზე სასამართლო ფაქტობრივად ხაზს უსვამს უძრავი ქონების მნიშვნელობას პიროვნებისთვის, კერძოდ, უძრავი ქონების ტიპი, მესაკუთრისთვის მისი მნიშვნელობა თუ ღირებულება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებულია. შესაძლოა, პირს გააჩნდეს ერთზე მეტი უძრავი ქონება ან ჰქონდეს განსაკუთრებულად მაღალი შემოსავალი და მხოლოდ ერთი უძრავი ქონება. შესაბამისად, შესაძლებელია სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვას სხვადასხვა ეფექტი ჰქონდეს მისი მესაკუთრის მსყიდველუნარიანობაზე. როგორც აღინიშნა, ფიზიკური პირების მიერ გაცემულ სესხების უზრუნველყოფის სახით უძრავი ქონების გამოყენების შეზღუდვის უპირველესი მიზანი არის არა უძრავი ქონების დაკარგვის ერთეული შემთხვევების გამორიცხვა, არამედ აღნიშნული რისკების მასობრივად არსებობის თავიდან აცილება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნების გათვალისწინებით. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომწესრიგებელი ნორმები, როგორც წესი, საჯაროსამართლებრივ ნორმებთან შედარებით განზოგადების უფრო მაღალ ხარისხს შეიცავენ, სხვაგვარად რთული ან შეუძლებელიც კი იქნებოდა კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-18). ამიტომ საკრედიტო ურთიერთობების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გარკვეული განზოგადების საჭიროება არსებობს უძრავი ქონების მომწესრიგებელი ნორმების განხილვისას (პარ. II-39).
შუალედური შეჯამების სახით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, რომ კრედიტის გამცემ ფიზიკურ პირსა და კრედიტის გამცემ იურიდიულ პირს შორის არსებობს არსებითი თანასწორობა, თუმცა კანონმდებლის მიერ თანასწორობის უფლებაში ჩარევა ემყარება რაციონალურ და ობიექტურ მოცემულობას, რადგან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტებზე ზედამხედველობა ამცირებს რისკს, რათა დაირღვეს მომხმარებელთა უფლება.
2. ეროვნული ბანკის მოწესრიგება და ერვოდირექტივა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების უზრუნველყოფა. ხოლო ბრძანების დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ გაცემულ ყველა სახის სესხზე/თავდებობაზე/მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (შემდგომში – უზუნველყოფის საშუალება) მიწოდებაზე.
აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტი განმარტავს სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტს (LTV), რაც ნიშნავს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხ(ებ)ის თანაფარდობა ამავე სესხების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან. სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის გამოთვლის მიზნით, სესხის გამცემ ორგანიზაციას უზრუნველყოფის საშუალების მიმართ მხოლოდ პირველი რიგის მოთხოვნა უნდა გააჩნდეს. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ყველა წინა რიგის მოთხოვნა ამავე სესხის გამცემ ორგანიზაციას ეკუთვნის, ამავე დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს სესხების მიზნობრიობისა (საცალო, სამეწარმეო, სტუდენტური და სხვა) და მსესხებელთა (მათ შორის, საოჯახო მეურნეობა) განსაზღვრის კრიტერიუმებს, გადახდისუნარიანობის ანალიზის ჩატარების, მათ შორის, შემოსავლების დადასტურების დასაშვებ მეთოდებს, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში მსესხებლის ფინანსური პრობლემების ანალიზის გზებს, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების (PTI, LTV) დასაშვებ ნორმებს. ხოლო დანართი №2-ის თანახმად სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი ლარით გაცემული სესხებისთვის არის 90%, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უზრუნველყოფის საგნის ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ლარით გაცემული სესხის მოცულობა არ უნდა იყოს 90 000 ლარზე მეტი, ხოლო ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 70%-ზე მეტი (ხშირად დასმული კითხვები, კითხვა 12, იხ., ერვონული ბანკის ვებგვერდზე: https://nbg.gov.ge/fm/uploads/01/faq_24.pdf). ეს ინსტრუმენტი, უძრავი ქონების ფასების შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის მდგრადობას და ასევე ზღუდავს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ბუშტის წარმოქმნას (https://nbg.gov.ge/page/pti-da-ltv-motkhovnebi). ე.წ. “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს სესხის მოცულობას მსესხებლის შემოსავლებთან მიმართებაში (PTI, DTI, LTV ინდიკატორები). ამ რეგულაციებს აქვს პირდაპირი გავლენა სესხის გაცემის სტრატეგიაზე და მიზნად ისახავს როგორც მომხმარებელთა დაცვას, ისე სისტემური რისკების შეკავებას (სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ა(ა)პი „საქართველოს საბანკო ასოციაცია“ ac1833).
აღსანიშნავია, რომ ხდება იურიდიული პირების, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების დაკრედიტებაც, რომლის უზრუნველყოფის საშულებად ხშირად გამოიყენება დამფუძნებელი პირების და მათი ოჯახის წევრების ქონება უზრუნველყოფის სახით. სადაც სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) დაცვა საერთოდ არ არის გათვალისიწინებული. სესხი უძრავი ქონებით შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ იყოს უზრუნველყოფილი ხოლო დანარჩენი ნაწილის მიმართ კრედიტორს გააჩნდეს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა. როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების დაფინანსებისას მთავარი კრიტერიუმია ის, რომ კომერციული ბანკის მიერ სესხის გაცემის ძირითადი წინაპირობა არის მსესხებლის შემოსავლების შესწავლა და არა უზრუნველყოფის ღირებულება (სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი − სს ,,თიბისი ბანკი“ ac1833). შესაბამისად, ბანკები საკუთარ თავზე იღებენ რისკს, რათა სესხი გაიცეს არა იმ მინიმალური სტანდარტის გათვალისწინებით, კერძოდ, რასაც აწესებს ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების დაკრედიტების მიხედვით, არამედ შიდა პროცედურების გათვალისწინებით, კერძოდ, არ ითვალისწინებენ LTV-ს, რადგან ამას არ ითხოვს ეროვნული ბანკი და არ არეგულირებს ეროვნული ბანკი, ამიტომ იურიდიული პირების ანდა ინდივიდუალური მეწარმეების დაკრედიტებისას ბანკი არის არა მხოლოდ არსებითად თანაბარი იმ სუბიექტებთან მიმართებით, რომელებზეც არ ხორციელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობა, არამედ შინაარსობრივადაც უტოლდებიან იმ სუბიექტებს, რომლებზეც არ ხორციელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობა, კერძოდ, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის თვითნებური და შიდა პროცედურებზე დაყრდნობით, ამიტომ კანონმდებლის მოთხოვნა, რომ ეროვნულმა ბანკმა დააწესოს განსხვავებული ანდა დამატებითი მოთხოვნა, კონკრეტულ შემთხვევაში, კომერციული ბანკების მიმართ, როდესაც ხდება ინდივიდუალური მეწარმის დაკრედიტება უზრუნველყოფის მოთხოვნის სანაცვლოდ. ამიტომ დიფერენცირებული მოპყრობა ეროვნულ ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტსა და ეროვნულ ბანკს არდაქვემდებარებულ სუბიექტს შორის არსობრივად არ არსებობს და არ სრულდება კანონმდებლის ნორმატიული ნება, დაიზღვეს რისკი, კერძოდ, რისკი უზრუნველყოფის მიმწოდებულის უფლებების დაცვის კუთხით.
შუალედური შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ LTV არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებული დაკრედიტების სტანდარტი ფიზიკური პირებისთვის, რა დროსაც, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან რისკის დაზღვევის მიზნით დაიცვან ფიზიკური პირების დაკრედიტებისას (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების დაკრედიტებისას) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV), რაც უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტებას კომერციული ბანკების მიერ, უძრავი ქონების ფასების შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის მდგრადობას და ასევე ზღუდავს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ბუშტის წარმოქმნას. შესაბამისად, კომერციული ბანკები წინასწარ აფასებენ ფიზიკური პირების დაკრედიტებისას უძრავი ქონებათა უზრუნველყოფას, გასცემენ სესხს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ნაკლებ ფასად, რითაც ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, დაცულია კომერციული ბანკი, რათა დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, დაცულია ფიზიკური პირი, რათა არ მოხდეს მისთვის ისეთი კრედიტის მიცემა, რომელსაც ვერ მოემსახურება მისივე უზრუნველყოფა.
3. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ევროკავშირის დირექტივა და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი არის უნიკალური დებულება, რომელიც ასახავს ერის ღირებულებრივ და სტრატეგიულ არჩევანს. მისი ანალიზი ცხადყოფს, რომ მუხლი წარმოადგენს სამართლის პოლიტიკის საფუძველსა და სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელების გზამკვლევს. 78-ე მუხლის, როგორც პოლიტიკის არგუმენტის (ხალხის ნება) და პრინციპის არგუმენტის (თავისუფლების დაცვა) განხილვა, მოითხოვს მოსამართლის განსჯის უნარსა და სამართლის ფილოსოფიისეული იდეების გამოყენებას. საბოლოო ჯამში, 78-ე მუხლი უზრუნველყოფს კანონმდებლობის მოქნილ განმარტებას, რომელიც ქმნის კავშირს ერისა და ეპოქის ხასიათთან, რითაც სამართალს აქცევს ინსტრუმენტად ყველა კონსტიტუციური პრობლემის გადასაჭრელად. შესაბამისად, 78-ე მუხლი არის სამართლის პოლიტიკის საფუძველი და სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელების გზამკვლევი. კონსტიტუციის გარდამავალი დებულება არის პოლიტიკის არგუმენტი, როგორც ხალხის გაცხადებული ნება, დასახული მიზნისთვის მიმავალი გზა, გასატარებელი პოლიტიკის სახელმძღვანელო, ისეთი პოლიტიკის, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს საზოგადოდ საზოგადოებაზე. ხოლო როგორც კონსტიტუციის ნორმა, მისი ნორმატიული შინაარსით, ის არის პრინციპის არგუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფისა თუ ინდივიდის თავისუფლების დაცვის სტანდარტს, იმდენად რამდენადაც სამართლის იდეა თავისუფლებაა ( სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი, ნაწ. II, ქვეთავი 1.) რა თქმა უნდა, 78-ე მუხლი გარდამავალი დებულების სახით, რომელიც ავალებს საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა (ევროკავშირი) და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს განსაკუთრებულ დავალებას განუსაზღვრავს (განმარტებითი ბარათი საქართველოს კონსტიტუციის კანონის პროექტზე, მუხლი 78-ე, დადგენილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, იხ., https://bit.ly/3R5ANEP).
საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც სასამართლო ხელისუფლების საკონსტიტუციო კონტროლის კონსტიტუციურ ორგანოს (საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები) მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია კონსტიტუციური წესწყობილების შენარჩუნების კუთხით; მას შეუძლია ადამიანის უფლებებთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შეფასება, აბსტრაქტული ნორმათა კონტროლის საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმით (კობახიძე ი., საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2019, 232) ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მიმართვის საფუძველზე (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი), და ასევე ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი). ამ კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების კონსტიტუციით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
ყველა კონსტიტუციას აქვს მისი ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც მის სტრუქტურას გამოკვეთს (ბარაქი ა., არაკონსტიტუციური საკონსტიტუციო ცვლილებები, თ. პაპაშვილის თარგმანი, წიგნში: თანამდეროვე საკონსტიტუციო სამართალი, გ. კვერენჩხილაძისა და დ გეგენავას რედაქტორობით, თბილისი, 2022, გვ. 179). საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩო, რომელსაც ეფუძნება მთლიანად კონსტიტუციის სტრუქტურა გამოხატულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, რომელსაც აქვს ნორმატიული დატვირთვა, რადგან ნორმატიული შინაარსი არა მხოლოდ კონკრეტულ ნორმას ან ნორმის ნაწილს, არამედ შესაძლებელია კანონის პრეამბულასაც ჰქონდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის N1/2/534 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, სხვა სახელმწიფოებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის კი აუცილებელია სამართლის უზენაესობის აღიარება და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ საკუთარი საქმიანობის ჯეროვნად შესრულება (ჟვანია ვ., სამართლებრივი სახელმწიფო, კონსტიტუციონალიზმი, ზოგადი შესავალი, დ. გეგენავას რედაქტორობით, თბილისი, 2018, გვ. 45.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაითვალისწინოს ევროკავშირის დირექტივა (DIRECTIVE 2014/17/EU , Mortgage Credit Directive - EUR-Lex (OJ L 060 28.2.2014, p. 34)), რომელიც გამიზნულია მომხმარებლის უფლებების დასაცავად (მუხლი 2(1) This Directive shall not preclude Member States from maintaining or introducing more stringent provisions in order to protect consumers, provided that such provisions are consistent with their obligations under Union law.) და გამსესხებელს ავალდებულებს მიიღოს ყველა გონივრული ზომა, როგორიცაა ვალდებულების სრული ან ნაწილობრივი რესტრუქტურიზაცია, სახელშეკრულებო პირობების მოდიფიცირება, რომელიც მოიცავს ასევე, საკრედიტო ხელშერკულების ვადი გაგრძელებას (დაგრძელვადიანებას), საკრედიტო ხელშეკრულების ტიპის ცვლილებას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხის სრული ან ნაწილობრივი შესატანის გარკველული პერიოდით გადავადება, საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, გადახდაზე შვებულების მოწყობა, ნაწილობრივი დაფარვა, ვალუტის კონვერსიები, ვალის ნაწილობრივი პატიება ანდა ვალდებულების გაერთიანება. (მუხლი 28, პუნქტი 1, Member States shall require creditors to have adequate policies and procedures so that they make efforts to exercise, where appropriate, reasonable forbearance before foreclosure proceedings are initiated. Such forbearance measures shall take into account, among other elements, the consumer’s circumstances and may consist of, among other possibilities: (a) a total or partial refinancing of a credit agreement; (b) a modification of the existing terms and conditions of a credit agreement, which may include among others: (i) extending the term of the credit agreement; (ii) changing the type of credit agreement; (iii) deferring payment of all or part of the instalment repayment for a period; (iv) changing the interest rate; (v) offering a payment holiday; (vi) partial repayments; (vii) currency conversions; (viii) partial forgiveness and debt consolidation), ვიდრე დაიწყებს მსესხებლისგან დავალიანების ამოღების პროცესს, მათ შორის შეაფასოს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, DIRECTIVE 2014/17/EU, საერთოდ არ იცავს გამსესხებლის/კრედიტორის უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა არაუზრუნველყოფის საგნით. მეტიც, DIRECTIVE 2014/17/EU-ის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ადგენს:
“წევრი სახელმწიფოები არ შეუშლიან ხელს საკრედიტო ხელშეკრულების მხარეებს, რათა ნათლად შეთანხმდნენ, რომ კრედიტის დასაფარად საკმარისი იყოს უზრუნველყოფის საგნის კრედიტოროსთვის გადაცემა ან უზრუნველყოფის საგნის გაყიდვიდან მიღებული თანხის გადაცემა გამსესხებლისთვის” [Member States shall not prevent the parties to a credit agreement from expressly agreeing that return or transfer to the creditor of the security or proceeds from the sale of the security is sufficient to repay the credit].
“SECURITY” ინგლისურიდან ქართულად ნიშნავს “სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებულ ქონებას” (დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი, მე-3 სტატია, <https://dictionary.ge/ka/word/security/>), ასევე ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, security-ის ერთ-ერთი მნიშვნელობაა “a thing deposited or pledged as a guarantee of the fulfilment of an undertaking or the repayment of a loan, to be forfeited in case of default.” (ნივთი/საგანი, რომელიც ჩადებულია ან დატვირთულია, როგორც გარანტია და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ექვემდებარება ჩამორთმევას, რათა დაკმაყოფილდეს მეწარმე ან დაიფაროს სესხი). შესაბამისად, დირექტივის „უკუ-ლოგიკა“ ვერ იარსებებს მსესხებლის სხვა ქონებებზე მიქცევის უფლების აღიარების თვალსაზრისით, რადგან მუხლი (და დირექტივა) ეხება უზრუნველყოფის საგანს და სახელმწიფოს ვალდებულებას არ შეზღვუდოს კრედიტორი და მსესხებელი დადონ ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრედიტის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების რეალიზაციის ან კრედიტორისთვის გადაცემის შემდეგ სესხის/კრედის დაფარვა შესრულებულია.
თავის მხრივ, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამიტომ საკონსტიტუციო სასამრთლომ უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისად გადაწყვიტოს მოცემული სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი.
4. ბანკების შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს მოთხოვნა განსხვავებული წესით
დამატებით, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, შინაარს და ფუნქციას კარგავს ისეთი უზრუნველყოფის მექანიზმი როგორიცაა ‘თავდებობა’. სააღსრულებო წარმოების პრაქტიკის გათვალისწინებით, ფაქტობრივად აზრს დაკარგავს კრედიტის თავდებობით უზრუნველყოფა, როდესაც მას გააჩნია ისეთი უზრუნველყოფის საგნები, როგორიცაა იპოთეკა ან/და გირავნობა. ფაქტობრივად, ბანკი ვალდებული იქნება დაკმაყოფილდეს იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციით და მოკლებული იქნება შესაძლებლობას აღსრულება მიაქციოს, მათ შორის, თავდების ქონებაზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბანკს გარდა უზრუნველყოფის ობიექტებისა, როგორებიცაა იპოთეკა და გირავნობა, შეუძლია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს თავდებობით, რომელსაც აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-905-ე მუხლები. ის გარემოება, რომ 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურობამ შესაძლოა გამოიწვიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, თავდებობის ინსტიტუტის ფაქტობრივ გაუქმებას, არ შეესაბამება სამართლებრივ და დოქტრინალურ მსჯელობას. სამოქალაქო სამართალში, განსხვავებით საერთო სამართლისგან, მოვალე და თავდები განსხვავებული კლასის მოვალეები არიან, პირველი არის ძირითადი (პირველადი) და უმთავრესი მოვალე, ხოლო თავდები – მეორეული (Slovenko, R. (1960). Effects of Suretyship. The American Journal of Comparative Law, 9(1), p. 51.). თავდებობა არის პირადი პასუხისმგებლობის ფორმა (საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-1172-2018 (2019-02-08), პარაგრაფი 86.), რა დროსაც თავდებობის ხელშეკრულება ცალკე იდება წერილობით თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თავდებობის კი სწორედ მოვალის, ანუ მესამე პირის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავდების პიროვნული უზრუნველყოფა (საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-1172-2018 (2019-02-08), პარაგრაფი 86.). თავდები კი ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 898, ნაწ. 1.). მეტიც, საქართველოში იშვიათია ისეთი თავდებობის პოვნა, რომელიც სუბსიდიურ ხასიათს ატარებდეს. საფინანსო დაწესებულებები მიმართავენ სოლიდარულ თავდებობის ფორმას, რაც მათ მეტ გარანტიას აძლევს მოთხოვნის დაკმაყოფილების კუთხით, რადგან კრედიტორს ამ შემთხვევაში პირდაპირ ეძლევა უფლება საკუთარი მოთხოვნა თავდებისგან დაიკმაყოფილოს ძირითადი მოვალისთვის იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 895.). სოლიდარული თავდებობა კრედიტორისთვის მოსახერხებელი ინსტიტუტია, ის მას აძლევს შესაძლებლობას საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იმ შემთხვევაშიც, თუ ძირითადი მოვალე უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობის შესახებ გახდა ცნობილი. ასეთ შემთხვევაში კრედიტორი თავდებისგან მოითხოვს იმ ვალდებულების შესრულებას, რაც ძირითად მოვალეს უნდა შეესრულებინა და ამისთვის მას დამატებითი ბიუროკრატიული თუ სამართლებრივი ქმედების განხორციელება არ სჭირდება (რუსიაშვილი, გ. მუხლი 895. სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა.). სოლიდარული თავდები „უარს ამბობს წინასწარ ჩივილის შესაგებელზე და კრედიტორს შეუძლია პირდაპირ თავდებს მოსთხოვოს გადახდა“ (რუსიაშვილი, გ. თავდებობის ხელშეკრულება, მისი გამიჯვნა მსგავსი ტიპის შეთანხმებებისაგან და სპეციალური ფორმები, შედარებითი სამართლის ჟურნალი, N1, 2020, გვ. 26.). სოლიდარული თავდებობის დროს აღსრულების რიგითობას ადგილი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი უფლებამოსილია, მიუხედავად სანივთო სამართლებრივი უზრუნველყოფებისა, კრედიტორმა აღსრულება პირდაპირ სოლიდარული თავდებისგან დაიწყოს (მესხიშვილი, ქ. (2020). კერძო სამართლის აქტუალური საკითხები: თეორია და სასამართლო პრაქტიკა. თბილისი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). გვ. 46). აღსანიშნავია, რომ თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც მოვალის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ თავდებს არ გააჩნია არანაირი ფიქსირებული ქონება ან შემოსავალი, მასთან დადებული ხელშეკრულება ვერ იქნება ცნობილი ბათილად მის მიერ გამოხატული ნების გამო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის საქმე №ას-372-2023, განჩინება, პარაგრაფი 113.).
III. დასკვნა
წარმოდგენილი მოსაზრება აფასებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა განსხვავებულ მოპყრობის მოპყრობის მიზანი 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით მომწესრიგებელი ნორმის დადგენისას იყო მომხმარებელთა, კონკრეტულად, მსესხებელთა უფლებების დაცვა ბაზარზე არსებული ძლიერი პოზიციის მქონე სუბიექტებისგან, რადგან მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მსესხებლებს უჭირთ ვალის ტვირთის ობიექტურად შეფასება, ხოლო გირავნობა და იპოთეკა კრედიტორის ძირითადი ინტერესი გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, რომ კრედიტის გამცემ ფიზიკურ პირსა და კრედიტის გამცემ იურიდიულ პირს შორის არსებითი თანასწორობა არსებობს. თუმცა, მიუხედავად არსებითი თანასწორობისა, კანონმდებლის მიერ თანასწორობის უფლებაში ჩარევა ემყარება რაციონალურ და ობიექტურ მოცემულობას. ეს განპირობებულია იმით, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე ზედამხედველობა ამცირებს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკს.
სადავო ნორმის თანახმად, თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ან უზრუნველყოფის საგნის ღირებულება არ არის საკმარისი მოთხოვნის სრულად დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება აქვს, მის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ან/და დამატებითი წესი. ამიტომ 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ნორმის მიზანი იყო მომხმარებელთა, კონკრეტულად, მსესხებელთა უფლებების დაცვა ბაზარზე არსებული ძლიერი პოზიციის მქონე სუბიექტებისგან. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანება ადგენს ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის ძირითად პრინციპებს, ხოლო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს ზედამხედველობის უფლებამოსილებას.
ეროვნული ბანკის რეგულაციების ერთ-ერთი ინსტრუმენტი ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების უზრუნველსაყოფად არის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV), რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის თანაფარდობას უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან. LTV-ის დაცვა (მაგალითად, მაქსიმუმ 90% ლარით გაცემულ სესხზე ) იცავს როგორც ბანკს რისკისგან, ისე ფიზიკურ პირს, რათა არ მოხდეს მისთვის ისეთი კრედიტის მიცემა, რომელსაც ვერ მოემსახურება მისი უზრუნველყოფა. ეს არის "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" პოლიტიკა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის მდგრადობას და ზღუდავს ფასების ბუშტის წარმოქმნას. კომერციული ბანკებისთვის დაწესებული დაკრედიტების ეს მინიმალური სტანდარტი ვრცელდება ფიზიკური პირების დაკრედიტებისას (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების დაკრედიტებისას).
შესაბამისად, კომერციული ბანკები წინასწარ აფასებენ ფიზიკური პირების დაკრედიტებისას უძრავი ქონებათა უზრუნველყოფას, გასცემენ სესხს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ნაკლებ ფასად, რითაც ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, დაცულია კომერციული ბანკი, რათა დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, დაცულია ფიზიკური პირი, რათა არ მოხდეს მისთვის ისეთი სესხის მიცემა, რომელსაც ვერ მოემსახურება მისივე უზრუნველყოფა, ამიტომ კომერციული ბანკის არგუმენტი, რადგან რეგულაციები ამცირებს რისკს და მას უფლება აქვს მიმართოს მოთხოვნა მსესხებლის ისეთ უძრავ ქონებაზე რომელიც არ არის დატვირთული, სამართლებრივად ქმნის ისეთ ვითარებას, რომ უზრუნველყოფის გათვალისწინება ხდება ფორმალურად და ბანკის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აღსრულება მიექცევა სხვა უზრუნველყოფაზე, თუ ვერ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოსა და კანონმდებლის ერთობლივი მოტივაცია და განმარტება გულისხმობს უზრუნველყოფის მესაკუთრისა და მსესხებლის დაცვას, რათა არ მოხდეს უზრუნველყოფის მესაკუთრის ან მსესხებლის ისეთ ვითარებაში ჩაგდება, როდესაც უზრუნველყოფის მესაკუთრე დარჩება ქონების გარეშე, რადგან ბანკმა ვერ გათვალა რისკები, არ დაიცვა ეროვნული ბანკის მოთხოვნები (იურიდიულ პირებთან და ინდივიდუალურ მეწარმეებთან მიმართებაში), ვერ შეაფასა რისკები. შესაბამისად 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარს, რომლითაც კომერციულ ბანკებს ეძლევათ უფლება უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში ჩაწერონ ისეთი მუხლი, რომელიც უფლებას აძლევს მათ, უზრუნველყოფის ობიექტის რეალიზაციის შემდეგ, მოთხოვნის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსთხოვონ მსესხებელს სხვა ქონების რეალიზაციაც.
საბოლოო ჯამში, მოსაზრება მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კომერციულ ბანკებს უფლებას აძლევს, უზრუნველყოფის ობიექტის რეალიზაციის შემდეგ, მოთხოვნის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსთხოვონ მსესხებელს სხვა ქონების რეალიზაციაც, ქმნის ვითარებას, სადაც უზრუნველყოფის გათვალისწინება ხდება ფორმალურად. არ ითვალისწინებს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას, რომლის გათვალისწინებაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევალება კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთებიდან გამომდინარე, რათა მოხდეს საქართველოს საკონმდებლო ინტეგრაცია ევროკავშირში, ასევე სადავო ნორმატიული აქტის ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას და საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასა და განმარტებას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოფის მესაკუთრისა და მსესხებლის დაცვას. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კომერციულ ბანკებს უფლებას აძლევს, უზრუნველყოფის ობიექტის რეალიზაციის შემდეგ, მოთხოვნის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსთხოვონ მსესხებელს სხვა ქონების რეალიზაციაც, ეწინააღმდეგება იმ რაციონალურ საფუძველს, რომლითაც დადგენილია ეს დიფერენციაცია და არსობრივად არ ემსახურება მომხმარებელთა დაცვის მიზანს.