საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწობი პატრიოტულ სპორტულ-ტექნიკური კავშირი “დიდგორი” საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/10/192 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 11 ივლისი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ივლისი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლუარა გოგუაძე
საქმის დასახელება: საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწობი პატრიოტულ სპორტულ-ტექნიკური კავშირი “დიდგორი” საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილების “საქართველოს დოსააფის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ” კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 26-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწყობი პატრიოტული სპორტულ-ტექნიკური კავშირი “დიდგორი”-ს გამგეობის წევრი დავით კობახიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 ივნისს, კონსტიტუციური სარჩელით, (რეგისტრაციის №192), მომართა საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწყობი პატრიოტულ სპორტულ-ტექნიკურმა კავშირმა “დიდგორმა”.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილების “საქართველოს დოსააფის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ” კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 26-ე მუხლებთან მიმართები.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილებით შეწყდა საქართველოს “დოსააფის” საქმიანობა, შეჩერებული იქნა ყველა დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან ფულადი ანგარიშსწორება. “დოსააფის” ფულადი სახსრები გადაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის ფონდში. “საქართველოს დოსააფის” ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობას დაევალა, “როგორც გამონაკლისი” გადასცეს ეროვნულ გვარდიას ბალანსიდან ბალანსზე მის მიერ დაკავებული შენობები, ტექნიკა და ტრანსპორტი. ანალოგიური დავალება მიიღეს ”დოსააფის” საოლქო, საქალაქო და რაიონულმა ორგანიზაციებმა.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის ეს დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 26-ე მუხლის პირველ, მე-6 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.
“დოსააფის” საქმიანობის შეწყვეტა მოხდა სადავო აქტის გამოცემის მომენტში მომქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
1951 წელს მიღებული წესდების 67-ე მუხლის მიხედვით ”დოსააფის” ლიკვიდაცია შეიძლება მომხდარიყო: ა) საკავშირო ყრილობის გადაწყვეტილებით; ბ) სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. ”დოსააფი” – ნებაყოფლობითი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო, რომელიც შეიქმნა სანებართვო წესით. ასეთი წესით შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიკვიდაცია უპირატესად თვით ამ ორგანიზაციების უმაღლეს ორგანოთა გადაწყვეტილებით ხდებოდა, რასაც ადასტურებს არამარტო სხვადასხვა ორგანიზაციათა წესდებები, არამედ შემდეგდროინდელი კანონმდებლობაც – 1994 წლის 14 ივნისის კანონი ”მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი გაერთიანების ლიკვიდაციის ფორმას.
სარჩელის მიხედვით მოსარჩელე – კავშირი ”დიდგორი” ”დოსააფის” ფაქტობრივი და არსებიით უფლებამონაცვლეა. მის ბაზაზე შექმნილი, მისი საქმიანობის და ტრადიციების გამგრძელებელი. ”დიდგორის” წევრები არიან, როგორც ყოფილი ”დოსააფის” რიგითი, აგრეთვე მისი ხელმძღვანელი ორგანოების წევრები და მუშაკები. მოსარჩელეები მიიჩნევენ რომ, ”დოსააფის” საქმიანობის შეწყვეტის შესახებ დადგენილება რომ არა, ”დოსააფის” კანონიერი გზით გარდაქმნის შემთხვევაში, სწორედ კავშირი ”დიდგორი” ჩაითვლებოდა ერთადერთ, კანონიერ სამართალმემკვიდრედ, მათ შორის ქონების ნაწილშიც.
მოსარჩელეთა აზრით საქართველოს მთავრობის სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს. სადავო აქტით საზოგადოებრივ ორგანიზაციას – ”დოსააფს”, ანუ კანონიერ მესაკუთრეს, ნებართვის გარეშე და მისი სრული იგნორირებით ჩამოერთვა არა მარტო ფულადი სახრები, არამედ ”დოსააფის” მიერ დაკავებული 62 ობიექტი, ტექნიკა და ტრანსპორტი.
სადავო აქტი აგრეთვე ეწინააღდეგება, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც აღიარებს საერთაშორისო აქტების პრიმატს, საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივ აქტებთან მიმართებით. ასეთია 1948 წლის 10 დეკემბრის ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-17 მუხლი, რომელშიც საუბარია ადამიანის უფლებაზე – ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად ასევე სხვებთან ერთად.
სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, სადავო აქტი ასევე ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და ამ გაერთიანებებში საქმიანობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, “საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით”.
ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა შეწყვეტილია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ, ამასთან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებზე რაიმე მითითების გარეშე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტით, ამ ფორმით ”დოსააფის” საქმიანობის შეწყვეტა, მისი აკრძალვის ტოლფასია, რითაც შეილახა მოქალაქეების უფლება ყოფილიყვნენ ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება ირღვევა არა მარტო მაშინ, როდესაც მათ უსაფუძვლოდ უარს ეუბნებიან ამა თუ იმ საზოგადოების წევრობაზე, არამედ მაშინაც, როცა უკანონოდ უწყვეტენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობას. უკანონო ნორმატიულმა აქტმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”დოსააფის” და შესაბამისად სარჩელის ავტორთა, როგორც მისი სამართალმემკვიდრის უფლება უხეშად შელახა.
1995 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ ”დოსააფის” ბაზაზე დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საქართველოს პატრიოტულ სპორტულ-ტექნიკური კავშირი ”დიდგორი”. მისი, როგორც ”დოსააფის” სამართალმემკვიდრის შელახული უფლებების რეალურად დაცვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ დღეს, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლთოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის მიღების შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელები ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ”ვ” პუნქტის, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მე-19 მუხლის ”ე” პუნქტის ახალ გარემოებათა აღმოჩენის გამო, და ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კონსტიტუციური სარჩელის მიღებასა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, განმწესრიგებელ სხდომაზე იმსჯელა საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწყობი პატრიოტული სპორტულ-ტექნიკური კავშირი ”დიდგორის” კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობაზე და გამოარკვია შედგომი გარემოებანი:
1. 1999 წლის 9 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით, (რეგისტრაციის №113), მომართა მოქალაქეებმა ლევან შარაშიძემ, დავით წიკლაურმა, თენგიზ გაჩეჩილაძემ და თენგიზ ჩხაიძემ. მოსარჩელეების მიერ ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი იქნა წარმოდგენილი. სასამართლო კოლეგიამ იმსჯელა ”საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილების, საქართველოს ”დოსააფის” საქმიანობის შეწყვეტის შესახებ” კონსტიტუციურობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის და 26-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. სასამართლომ 2001 წლის 25 დეკემბრის №1/3/113 გადწყვეტილებით არ დაამაყოფილა სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
2. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწყობი პატრიოტული სპორტულ-ტექნიკური კავშირი ”დიდგორის” კონსტიტუციურ სარჩელში, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართავს ერთ-ერთ საფუძვლად მოყვანილია ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის ”ე” პუნქტი, რომელიც მოსარჩელემ ახლად აღმოჩენილი გარემობის საფუძვლად მიიჩნია.
როგორც განმწესრიგებელ სხდომაზე გამოირკვა, “ახლად აღმოჩენილ გარემობებში” მოსარჩელეს მხედველობაში ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში 2002 წლის 12 თებერვალს შეტანილი ცვლილებები.
”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება, საქართველოს მოქალაქეებთან და სხვა ფიზიკურ პირებთან ერთად მიეცა იურიდიულ პირებსაც.
სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები შეიძლება იქნეს მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად, და შესაბამისად უკვე განხილული სარჩელის თავიდან განხილვის შესაძლებლობად. რასაც მოწმობს ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”დ” პუნქტი, რომლის მიხედვითაც ”კონსტიტუციური სარჩელი ან მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამათრლოს მიერ”. ხოლო ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: ”საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო”.
აღნიშნულ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი იდენტურია, ხოლო სარჩელის შემომტანი უფლებამოსილი სუბიექტის ცვლილება კანონმდებლობის მიხედვით არ იძლევა საქმის თავიდან განხილვის შესაძლებლობას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ დავის საგანთან დაკავშირებით უკევ იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და 2001 წლის 25 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება (№1/3/113).
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”დ” პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს სამხედრო ძალთა აღმშენებლობის ხელშემწყობის პატრიოტულ სპორტულ-ტექნიკური კავშირი ”დიდგორის” კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 13 თებერვლის №91 დადგენილების ”საქართველოს დოსააფის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ” კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 26-ე მუხლებთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ნიკოლოზ შაშკინი