მოსარჩელეები ლევან ქიძინიძე და დენის ფუტკარაძე აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს და აჭარის ა.რ. პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/233 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 30 მაისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჭერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარ ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოსარჩელეები ლევან ქიძინიძე და დენის ფუტკარაძე აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს და აჭარის ა.რ. პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 2001 წლის 27 აგვისტოს დადგენილება ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების დანიშვნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 2001 წლის 27 აგვისტოს დადგენილება ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კოსნტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონი ”ქალაქ ბათუმის მერისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ”.
საქმის განხილვის მონაწილენი: ლევან ქიძინიძე და დენის ფუტკარაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 2 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №233) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა, ლევან ქიძინიძემ და დენის ფუტკარაძემ. თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ა.წ. 13 მაისს.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მისი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის საფუძველია: ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი, მე-2, მე-19, 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
დავის საგანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 2001 წლის 27 აგვისტოს დადგენილება ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების დანიშვნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 2001 წლის 27 აგვისტოს დადგენილება ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონი ”ქალაქ ბათუმის მერისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ”.
რაც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს, სარჩელში მითითებული არ არის კონსტიტუციის ის მუხლები რომელთა მიმართებითაც დაარღვიეს ნორმატიულმა აქტებმა მოსარჩელის უფლებები. საუბარია ზოგადად საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავზე.
კონსტიტუციური სარჩელის დიდი ნაწილი ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის საქმიანობის შეფასებას. სარჩელის ავტორთა განცხადებით, მან დაარღვია ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 2001 წლის 2 სექტემბერს გაზეთ ”აჭარაში” დააბეჭდინა ოფიციალურად მიუღებელი კანონი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორპალატიანი პარლამენტის არჩევნების 2001 წლის 4 ნოემბრის დანიშვნის შესახებ” და ორგანული კანონი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. აღნიშნული კანონით დაწესებული იქნა ათწლიანი ცენზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე კანდიდატობის მსურველთათვის. ამ კანონის თანახმად: ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღისათვის ბოლო 10 წელი ცხოვრობს და რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე”.
მოსარჩელეს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლების შელახვად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ვისაც ბოლო 10 წლის მანძილზე მუდმივად არ უცხოვრია აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების დანიშვნის დღისათვის, აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აღნიშნულ თანამდებობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული, იმ მოტივით, რომ სასამართლო დაკომპლექტებული არ იყო.
მოსარჩელე თავის კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ უკანონოდ იქნა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რის გამოც იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. იგი გერმანიაში აღიარებულ იქნა დევნილად ”ბუნდესამტის” მიერ (დოკუმენტი თან ერთვის სარჩელს).
მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, გამოთხოვილი იქნეს ”გამომცემლობა აჭარიდან” და გაზეთ ”აჭარას” რედაქციიდან 2001 წლის 6 ოქტომბერს დაბეჭდილი და 2001 წლის 13 ივლისით დათარიღებული ათგვერდიანი ყალბი გაზეთი ”აჭარა”. აჭარის საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნეს მის მიერ 2001 წლის ოქტომბერში შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი. აგრეთვე, კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოთვლილია იმ პირთა სია, რომლის მოწმედ გამოძახებასაც მოითხოვს მოსარჩელე.
სარჩელის ავტორები მოითხოვენ, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე აღძრულ იქნას შუამდგომლობა, რათა შეიქმნას და დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი მთავრობა და გენერალურ პროკურორს დააკისრონ აღძრას სისხლის სამართლის საქმე სარჩელში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით და გამოძიებული მასალები პროკურატურამ 20 დღის ვადაში დაუბრუნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოსარჩელე ასევე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 დღის განმავლობაში განიხილოს საქმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ ზემოთ ჩამოთვლილი სადავო აქტების ბათილად ცნობას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, ასევე სათანადო გარემოებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი კანონის ნორმების დაცვით, რაც აუცილებელია მისი არსებითად განსახილველად მიღებისათვის. ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ”კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის დაცული მე-16 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, არ არის დაკონკრეტუბული კონსტიტუციის რომელ მუხლთან მიმართებით უნდა იქნეს განხილული სადავო აქტები.
სარჩელს თანდართული დოკუმენტების მიუხედავად დაუზუსტებელია დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა, მისი გამორკვევა, არც სარჩელის მიხედვით და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ მოხერხდა.
2. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ დარღვეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, გამოქვეყნების წესი. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 11 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ მიიღო №2/2/169 განჩინება, სადაც იგივე მოსარჩელის მიერ შემოტანილი სარჩელი თითქმის ანალოგიურ დავის საგანს შეეხებოდა. იმ სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის ერთ-ერთ საფუძვლად სასამართლომ არაუფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის აღძვრა მიუთითა. იგივე მეორდება განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელშიც.
3. რაც შეეხება მოსარჩელეს მოთხოვნას, რომ პრეზიდენტის წინაშე სასამართლოს შუამდგომლობით შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი მთავრობა და გენერალურ პროკურორს დაევალოს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე სარჩელში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
4. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ”თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველდა არ მიიღება, ეს თავისთავად გამორიცხავს კანონის მოქმედების შეჩერებას.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონის ”ქალაქ ბათუმის მერისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ”, ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს სადავო აქტი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. იგი მხოლოდ კონსტიტუციურ სარჩელშია მითითებული, რის შედეგადაც დაირღვა ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს მისი განხილვისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით, 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, და 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტებით, ”საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის ”ა” ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელეების, ლევან ქიძინიძისა და დენის ფუტკარაძის კონსტიტუციური სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური პარლამენტის წინააღმდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების დანიშვნის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 2001 წლის 27 აგვისტოს დადგენილების ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების დანიშვნის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 2001 წლის 27 აგვისტოს დადგენილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და ”ქალაქ ბათუმის მერისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ო. ბენიძე
ლ. ჩორგოლაშვილი
ნ. ჩერქეზიშვილი
ზ. დინჯოლავა