თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1846 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მანანა კობახიძე, |
თარიღი | 23 ოქტომბერი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-7 წინადადების - „სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს იმავე კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების უფლებას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი (ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.). |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს. ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუქნტის მე-2 წინადადების შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2024 წლის 4 ოქტომბერს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა შუამდგომლობით მომართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ნებართვის გაცემა მარეხ სუბელიანისგან ნერწყვის ნიმუშის აღების თაობაზე.
საქმის მასალების თანახმად, 2024 წლის 13 აგვისტოს საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #036130824001 საქმეზე თემურ გოგიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მოცემულ საქმეზე ბრალდებულად ცნობილია რაჟდენ სუბელიანი და კიდევ სამი პირი. რაჟდენ სუბელიანი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. შესაბამისად, მისგან საექსპერტო კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური ნიმუშის აღება ობიექტურად ვერ ხერხდება.
პროკურორის განმარტებით, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების მიზნით აუცილებელია, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით არსებულ ბრალდებულებისა და დაზარალებულების ტანსაცმელზე, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ამოღებულ მუქი ფერის ლაქაზე დაინიშნოს ბიოლოგიური ექსპერტიზა.
პროკურორის განმარტებით, რაჟდენ სუბელიანს ჰყავს ბიოლოგიური დედმამიშვილი - მარეხ სუბელიანი. მან უარი განაცხადა მისგან ნებაყოფლობით ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, რაც დასტურდება საქმეში არსებული შესაბამისი ოქმით და რაც გახდა ნიმუშის ასაღებად განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსადმი მომართვის საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. იმავე კოდექსის 148-ე მუხლის მიხედვით, ნიმუშის აღებისათვის სასამართლოს განჩინება გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-7 წინადადება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ აქტორს არ ანიჭებს ამგვარი შუამდგომლობის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ინსტრუმენტული ხასიათის და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის #3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებრივი კომპონენტები „მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის #2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამდენად, პირის უფლება გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული კიდევ ერთი დამოუკიდებელი უფლებრივი კომპონენტი, რომელიც „ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის #3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-8).
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი ზღუდავს ნიმუშის აღების შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლებას სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისთვის, მათ შორის, იმ პირისთვის, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული.
მოცემული საქმის გარემოებები აღნიშნულ [გასაჩივრების] უფლებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან, მარეხ სუბელიანი, რომლისგანაც ბრალდების მხარე ნიმუშის აღების ნებართვას ითხოვს, რაც, ბუნებრივია, საპროცესო იძულების ღონისძიებას წარმოადგენს, არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული მიმდინარე გამოძიებასთან. მისი ერთადერთი კავშირი ამ საქმეთან მისი ძმის ბრალდებულის სტატუსია. შესაბამისად, ბრალდების მხარის სურვილია ბრალდებულის ახლო ნათესავისგან შესადარებელი ნიმუშის აღება რაჟდენ სუბელიანის მიმართ უფრო მყარი მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ხოლო შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მარეხ სუბელიანი უუნაროა იდავოს მის მიმართ იძულების იმგვარი ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იწვევდეს მისი ახლო ნათესავის ინკრიმინაციას. ისიც ნიშანდობლივია, რომ მის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობად, რაც დანაშაულს წარმოადგენს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, მაქსიმუმ 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ნიმუშის აღების შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტიების გასაჩივრების ტოტალური შეზღუდვა არაპროპორციულია დასახულ მიზანთან მიმართებით და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლესი შემთხვევები ცოცხალი ადამიანისგან ნიმუშის აღებას უკავშირდება, აღნიშნულ პირებს ტოვებს დაუცველს იდავონ საკუთარ სხეულში იძულებითი ჩარევის კანონიერებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი, რომლის მიმართაც გაიცემა ნიმუშის აღების ნებართვა, ავტომატურად და მუდმივად მოწყვეტილი იქნება აღნიშნულის გაპროტესტების უფლებას. იგი ვერ შეიძენს სისხლის სამართლის პროცესში მხარის უფლებებს, რომელსაც საშუალება ექნება სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე ეტაპზე მაინც იდავოს ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, პირი, მისი ახლო ნათესავის შესაძლო საწინააღმდეგო მტკიცებულების მისი სხეულიდან ამოღებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ასეთი პირის მიმართ გამამატყუნებელ განაჩენს, ვერ სარგებლობს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით.
სასამართლო გასაჩივრების უფლების შეზღუდვაზე მსჯელობისას არსებითად არ შეეხება თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიას და მასთან დაკავშირებით ნიმუშის აღების შემთხვევებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრცედენტულ სამართალს (ვინაიდან აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის შინაარსობრივი ასპექტია, ხოლო კონკრეტული შემთხვევის კონფლიქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 ნაწილთან ამ ეტაპზე არ დგას დღის წესრიგში), თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით, ხოლო, ზოგადად თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია არ შემოიფარგლება მხოლოდ ვერბალური ასპექტით და ასევე მოიცავს უფლებას არ გასცე საკუთარი ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რითაც იგი განსხვავდება დუმილის უფლებისგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-25). ბრალდებულის ახლო ნათესავისგან, რომელსაც საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს, ნიმუშის აღება ინტენსიურად ზღუდავს და მაღალი რისკის ქვეშ აყენებს პირის ინტერესებს, რაც ვლინდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან ასევე თვითინკრიმინაციის პრივილეგიასთან მიმართებით, რის გამოც სადავო ნორმით ირღვევა გონივრული ბალანსი პირის შეზღუდულ უფლებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს შორის.
სასამართლო დამატებით მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან მსგავს მაგალითზე, რომელთან დაკავშირებითაც თავად კანონმდებელმა შეცვალა გასაჩივრების წესი, კერძოდ, საუბარია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გასაჩივრებაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი რედაქციის 156-ე მუხლით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გასაჩივრების უფლება ჰქონდათ მხოლოდ მხარეებს, ხოლო 2013 წლის 14 ივნისის კანონით ეს ხარვეზი აღმოიფხვრა და ამ განჩინების გასაჩივრების უფლება მიენიჭა ასევე პირს, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დარღვეულიყო ამ განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს, იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღა ასევე შეიძლებოდა დასდებოდა იმ პირის ქონებას, რომელიც ბრალდებული არ არის (სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას - სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაშიც პრობლემა წარმოიშობოდა სისხლის პროცესში ისეთი პირის უფლებების მომეტებულ შეზღუდვას, რომელიც არც მხარე იყო და არც სხვაგვარად შეეძლო მის უფლებაში ჩარევის გაპროტესტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-7 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს იმავე კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოდ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მიემართოს კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-7 წინადადების - „სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება“, იმ ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ზღუდავს იმავე კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა