ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/1394 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 5 ივლისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 5 ივლისი 2019 17:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1394) მომართა ზვიად კუპრავამ. №1394 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 1 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 5 ივლისს.
2. №1394 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, განსაზღვრულია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის, ზვიად კუპრავას, მიმართ 2018 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე გამოცხადდა შესვენება, მოსარჩელემ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი და ჩავიდა იმავე სასამართლოს შენობაში მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მას მოსთხოვეს სხდომათა დარბაზში დაბრუნება, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ის სარგებლობდა შესვენებისთვის განკუთვნილი დროით და მან უცენზუროდ მოიხსენია საქმის განმხილველი მოსამართლე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გახდა მის მიმართ სადავო ნორმით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს ზვიად კუპრავას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო იგი იმყოფება პატიმრობაში, რომელიც შეეფარდა 2019 წლის 21 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახედ.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის სადავო 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დასჯადია მოსამართლის შეურაცხყოფა იმ პირობებშიც, როდესაც ეს ქმედება არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მას ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის.
7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა უნდა განიმარტებოდეს იმგვარად, რომ ქმედების შედეგად მართლმსაჯულების სრულყოფილი და ეფექტური განხორციელების, სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ხელშეშლა შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი იყოს. ნორმის განმარტებისას ამ ნაწილის მხედველობაში არმიღებით და მისთვის იმგვარი განმარტების მინიჭებით, რომ მოსამართლის შეურაცხყოფა კრიმინალიზებული იყოს ნებისმიერ ადგილას და დროის მონაკვეთში, არათანაზომიერად იზღუდება მისი გამოხატვის თავისუფლება.
8. მოსარჩელე აპელირებს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ნორმის ხარისხობრივ მოთხოვნებს და მისი განუჭვრეტელი ბუნება გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, გაურკვეველია რა ქმედებები მოიაზრება „შეურაცხყოფის“ ქვეშ. ამასთან, „უპატივცემულობა“ ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს „შეურაცხყოფას“ როგორც უპატივცემულობის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას. მოსარჩელე იშველიებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმას, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულსამართლებრივ პასუხისმგებლობას სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან აშკარა ან/და უხეში უპატივცემულობის გამოხატვისთვის. ამდენად, ბუნდოვანია, რა ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს უპატივცემულობად, როგორც ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად და რა ქმედებები ითვლება შეურაცხყოფად სადავო ნორმის მიზნებისთვის.
9. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა იძლევა იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობად აღიქმება, შეიძლება ასევე დაკვალიფიცირდეს შეურაცხყოფად, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამ პირობებში დაუდგენელია, სად გადის ზღვარი ამ ორ ტერმინს შორის და როდის არის პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ადრესატი. ამდენად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსამართლის შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით დაცულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოხატვა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტურ განხორციელებას, სასამართლოს ავტორიტეტს. აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილია, ეს უკანასკნელი კი მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ შეზღუდვის საფუძვლებს განეკუთვნება.
11. მოსარჩელის პოზიციით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ერთადერთია, რომლის გამოც დაიშვება გამოხატვის თავისუფლების ამ ფორმის შეზღუდვა. ნორმის ზოგადი ლეგიტიმური მიზანიც სწორედ მართლმსაჯულების სრულყოფილი და ეფექტური განხორციელება და პროცესის მიმდინარეობის უზრუნველყოფაა, თუმცა მისი ბლანკეტური ხასიათი არ განასხვავებს ერთმანეთისგან გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას და რომელიც არ ხელყოფს ამ უკანასკნელს.
12. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის მიზანს არ წარმოადგენს მოსამართლის პატივის და ღირსების დაცვა განცალკევებულად. მართალია, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლის შეურაცხყოფით ილახება მისი პატივი და ღირსებაც, თუმცა ამ შემთხვევაში მოსარჩელე სადავო ნორმის მოქმედებას ისევ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის უზრუნველყოფას და ეფექტურ მართლმსაჯულებას უკავშირებს. დამოუკიდებლად, მხოლოდ მოსამართლის პატივისა და ღირსების დაცვის საფუძვლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მიუხედავად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის ფაქტისა, როგორც ეს მოსარჩელის შემთხვევაში მოხდა, გაუმართლებელია.
13. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის დასაცავად, მოსამართლისადმი უპატივცემულო/შეურაცხმყოფელი გამოხატვის შეზღუდვა, ზოგადად, აუცილებელია როგორც სხდომათა დარბაზში, ისე სასამართლო შენობაში, თუმცა ამ ქმედებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა არ არის აუცილებელი. მოსარჩელის განცხადებით, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სრულიად საკმარისი იქნებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით სასამართლოს უპატივცემულობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
14. მოსარჩელე არ გამორიცხავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას პირმა ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რაც მისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, საჭიროებდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი, რის მიღწევასაც ამგვარი პასუხისმგებლობის ფორმის გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს მართლმსაჯულების სრულყოფილი და ეფექტური განხორციელება და პროცესის მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
15. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოების პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება შეეხება კანონის დროში მოქმედების საკითხს.
4. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან წინააღმდეგობის თაობაზე.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1394 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1394 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
7. №1394 კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ იგი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-15). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
9. №1394 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, არსებობს ალბათობა, რომ საერთო სასამართლომ, სადავო ნორმის საფუძველზე, მის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში მას შესაძლოა, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ... არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
11. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის გარდა, მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-29). სადავო ნორმა დანაშაულად აცხადებს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით. დასახელებული ნორმით კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენციას. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში შეჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფაში გამოხატული სასამართლოს უპატივცემულობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების სამართლებრივი საფუძველი და, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებას. მართლმსაჯულების განხორციელებას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ხელშეშლამ შესაძლოა, დააზიანოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სადავო ნორმის მოქმედებით მოსარჩელის ან მის მსგავს კატეგორიაში მყოფი პირებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე. ასევე, სადავო ნორმის შეჩერებით, იკვეთება მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დაზიანების ალბათობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1394 („ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1394 („ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი