კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/1312 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 21 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 მარტი 2019 18:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1312) მიმართა საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე გამსახურდიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის პირველ მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 21 მარტს.
2. №1312 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი ადგენს დაზარალებულის უფლებებს სისხლის სამართლის პროცესში. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.
4. №1312 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესებდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ხოლო მისი მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად”. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების შესაბამისად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით“.
6. №1312 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდია, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. შემდგომ ამისა, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით აღჭურავდა და არ ითვალისწინებდა საქმის მასალების ასლების გადაცემის შესაძლებლობას.
7. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული წესი ადგენს დაზარალებულის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის ვიწრო ფარგლებს. კერძოდ, დაზარალებული უფლებამოსილია, მხოლოდ გაეცნოს საქმის მასალებს, რაც გულისხმობს მის უფლებას, წაიკითხოს, დაიმახსოვროს გამოძიების მასალები და გააკეთოს მათგან ამონაწერი. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა, დაზარალებულისათვის მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის უფლების მინიჭებით, თავისთავად, გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიერ საქმის მასალების ასლების მიღების შესაძლებლობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული განმარტება ეფუძნება პროკურატურის პოზიციას, რომელიც წარმოადგენს გასაჩივრებული დებულების აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოს. კერძოდ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოსარჩელის განცხადება საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციურ სარჩელში წამოჭრილი სამართლებრივი პრობლემა სადავო ნორმიდან მომდინარეობს.
8. მოსარჩელე სადავო ნორმას ასაჩივრებს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტერმინი „გაეცნოს“ უნდა განიმარტოს ფართოდ და მოიცვას აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ასლის მიღების უფლება. ინფორმაციის ასლის გადაცემა მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესაძლებელს ხდის ამ ინფორმაციის გადამოწმებას მე-3 პირებთან, მათ შორის, თანამდებობის პირების მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის მხოლოდ გაცნობა, მათი ასლების გადაცემის გარეშე, ვერ უზრუნველყოფს ღია მმართველობასა და საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას.
9. №1312 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული დებულება დაზარალებულს უზღუდავს იმგვარი ინფორმაციის ასლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც ეხება მას და, იმავდროულად, არ წარმოადგენს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. მოსარჩელის მოსაზრებით, საქმის მასალების ასლების გადაცემაზე უარის თქმის ლეგიტიმური მიზანი არ არის გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება, რამდენადაც ასეთი მასალების გაცნობა დაზარალებულისათვის ნებადართულია სწორედ იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. მეორე მხრივ, შეზღუდვას შესაძლებელია ჰქონდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი, თუმცა აღნიშნულის მისაღწევად ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა ასლის გადაღებისათვის საჭირო ხარჯების დაკისრება დაზარალებულისთვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
10. მოსარჩელე სადავო ნორმას ასაჩივრებს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საქმის მასალების ასლების გადაუცემლობა დაზარალებულს ხელს უშლის, იდაოს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საერთო სასამართლოში. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სარჩელის სავალდებულო რეკვიზიტია სასარჩელო მოთხოვნა. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა კი დამოკიდებულია ექსპერტის მიერ ზიანის შეფასებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების ასლებს დაზარალებული ექპერტიზის ბიუროს ვერ წარუდგენს, ვერც მიყენებული ზიანის ოდენობა დგინდება და ამის შედეგად სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაც ვერ ხერხდება. მეორე მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობაზე. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, დაზარალებული უშუალოდ ვერ წარადგენს საქმის მასალების ასლებს ზემოხსენებულ სასამართლოში და ეს უკანასკნელი ვალდებულია, თავად გამოითხოვოს/მოიპოვოს მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოდან. აღნიშნული კი უსაფუძვლოდ აჭიანურებს საქმის განხილვის ვადას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.
11. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების დაზარალებულისათვის გადაცემა და დაზარალებულისგან ამ მასალების მესამე პირებისათვის მიწოდება დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეზე აძლევს საკუთარი ინტერესების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. კერძოდ, საქმის მასალების გადაცემის შემთხვევაში დაზარალებული შესაძლებელია, დაეხმაროს გამოძიებას ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენაში, მოწმეთა/მტკიცებულებათა მოძიებაში და სხვა. საქმის მასალების გადაცემით, დაზარალებულს ასევე აქვს შესაძლებლობა, დაადგინოს საგამოძიებო ორგანო სათანადო გულმოდგინებით იძიებს თუ არა სისხლის სამართლის საქმეს.
12. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1312 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს იდენტური/მსგავსი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ დებულებასთან მიმართებით შეაფასებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. ხსენებული დანაწესი საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მსგავსად, ადგენს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს ცალკეულ უფლებრივ კომპონენტებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შეაფასებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის დასასაბუთებლად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაუცემლობის გამო ექსპერტის მიერ ვერ ხერხდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის დადგენა. აღნიშნული კი მოსარჩელეს ართმევს შესაძლებლობას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს საერთო სასამართლოს. მეორე მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე, მიიჩნევს რა, რომ ევროსასამართლოში უშუალოდ დაზარალებულის მიერ საქმის მასალების წარუდგენლობა უსაფუძვლოდ აჭიანურებს საქმის განხილვის ვადას.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით ვერ დასტურდება სადავო ნორმის მოქმედებით გამოწვეული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა. მოსარჩელის დასაბუთებით, სასამართლოს მეშვეობით დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას აბრკოლებს ექსპერტის მიერ დამდგარი ზიანის შეფასების შეუძლებლობა. თუმცა ვერ დასტურდება, რომ საქმის მასალების ასლების გადაუცემლობა იწვევს ექსპერტიზის ჩატარების შეფერხებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი მოსარჩელეს/მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საქმის მასალებს, მათ შორის, წაიკითხოს, დაიმახსოვროს გამოძიების მასალები, გააკეთოს მათგან ამონაწერი და აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს ექსპერტს შესაბამისი დასკვნის გასაცემად. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს ექსპერტის მიერ ზიანის შეფასებას და სწორედ ასეთი ექსპეტიზის დასკვნის საფუძველზე ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო, დაზარალებული ვერ მიმართავს საერთო სასამართლოს. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა აბრკოლებს მოსარჩელე მხარეს, სასამართლოში იდაოს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
6. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მასალების მიღების შეუძლებლობა ქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის გაჭიანურების რისკს, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია იმ სასამართლო ორგანოებისათვის მიმართვის გზით, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო საერთო იურისდიქციის მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სასამართლო წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლო ორგანოს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საქართველოში სასამართლო ხელისუფლების განხორციელებასთან. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის რეგულირების მიღმაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვაზე ევროპული კონტროლის განხორციელების საკითხები. კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი არ შეეხება ევროსასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას ან/და მასთან დაკავშირებულ პროცედურულ ასპექტებს, რის გამოც არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის.
8. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1312 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. №1312 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ „დაცვის უფლება გარანტირებულია“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. მოქმედი კონსტიტუციით, შესატყვისი უფლება დაცულია 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების შესაბამისად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან მიმართებით შეაფასებს.
10. სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების დაზარალებულისათვის გადაუცემლობა მას არ აძლევს სისხლის სამართლის საქმეზე საკუთარი ინტერესების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქმის მასალების გადაუცემლობით, დაზარალებულს არ აქვს შესაძლებლობა, დაადგინოს, იძიებს თუ არა საგამოძიებო ორგანო სათანადო გულმოდგინებით სისხლის სამართლის საქმეს.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირთა შესაძლებლობას, „წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/1/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
12. დაცვის უფლება, თავისი ბუნების გათვალისწინებით, არ ვრცელდება სამართალწარმოების პროცესთან ნებისმიერი ფორმით დაკავშირებულ პირზე. აღნიშნული უფლება შეეხება მათ, რომელთა მიმართ ტარდება გარკვეული პროცესუალური ზომები და გააჩნიათ ასეთ ღონისძიებებზე ზეგავლენის მოხდენის ან/და მათი უარყოფითი შედეგებისგან თავის დაცვის სამართლებრივი ინტერესი. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის ინტერესების ეფექტური დაცვის საკითხი, ისევე როგორც მისი შესაძლებლობა, გამოძიების პროცესში მოითხოვოს საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან სათანადო გულმოდგინება, დაკავშირებულია დანაშაულის ეფექტური გამოძიების უფლებასთან და არ მიემართება დაცვის უფლებას. ეფექტური გამოძიების უფლება დაზარალებულს აღჭურავს შესაძლებლობით, მოითხოვოს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის, დანაშაულის გახსნა, დამნაშავე პირთა დადგენა და მათთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება. ეფექტური გამოძიების უფლების ფარგლებში დაზარალებულის მიზანია არა სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში მის წინააღმდეგ წარმოებული საპროცესო მოქმედებების შედეგებისგან თავის დაცვა ან მათზე ზეგავლენა, არამედ საგამოძიებო ორგანოთა მიერ ეფექტური ქმედებების განხორციელების გზით დანაშაულის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენა. საგამოძიებო მოქმედებების სათანადოდ განუხორციელებლობა არ იწვევს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი პირის/ორგანოს მხრიდან დაზარალებულის პირდაპირ და უშუალო დაქვემდებარებას შემზღუდველი ხასიათის პროცესუალურ ღონისძიებებზე, რომლისგან დასაცავადაც დაზარალებულს დაცვის უფლება დასჭირდებოდა, განსხვავებით ბრალდებულისგან, რომლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნისას ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედება. ამდენად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება ეფექტური გამოძიების უფლებასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით გარანტირებულ დაცვის უფლებას შორის.
13. ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, №1312 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
14. №1312 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტით გარანტირებული იყო სახელმწიფო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ან იქ არსებული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით ხსენებული უფლება დაცულია მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ამავე დროს, №1312 კონსტიტუციური სარჩელი, ხსენებულ ნაწილში, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1312 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1312 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი