მიხეილ ვადაჭკორია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/4/194 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 10 აპრილი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე),
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე),
ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი – ლიკა ჯალაღონია.
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ: მოსარჩელე მიხეილ ვადაჭკორია; მოპასუხე მხარის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბელა სირბილაძე
განიხილა საქმე: „მიხეილ ვადაჭკორია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია: საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ“.
მიხეილ ვადაჭკორიას 194-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, აგრეთვე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2002 წლის 9 იანვარს მან მიმართა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს, წარუდგინა 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაცია და მოითხოვა მისი ანაზღაურება, რაზედაც, საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის 18 იანვრის (№9/2811) საპასუხო წერილით უარი ეთქვა ობლიგაციის ანაზღაურებაზე, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 ბრძანებულების საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 ბრძანებულება ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ მის უფლებებს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყიფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დაგენილი წესით“ და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით“. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შესაბამისად, როდესაც ერთი პირი (მოვალე) მეორე პირისგან (კრედიტორი) იღებს მომგებიან სესხს, მათ შორის შეთანხმებით (კანონმდებლობით) დადგენილი ვადის ფარგლებში, კრედიტორი ვალდებულია მოვალეს დაუბრუნოს არამარტო ვალად აღებული თანხის სრული მოცულობა, არამედ, სესხით გათვალისწინებული პროცენტიც. მისი აზრით, სახელმწიფომ 1992 წელს მისგან აიღო სესხი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვევლინება როგორც მოვალე, ხოლო თვითონ კი კრედიტორი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 ბრძანებულებაში აღნიშნული ობლიგაციების ინდექსაციის კოეფიციენტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ფულის ინფლაციის კოეფიციენტი ისე, რომ შენარჩუნებულიყო მისი ღირებულების ეკვივალენტობა, რასაც საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება უარყოფს და არღვევს მის საკუთრების უფლებას.
მოპასუხე მხარის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბელა სირბილაძემ საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ იგი სასარჩელო მოთხოვნას მხარს არ უჭერს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებულება არ ართმევს უფლებას მოსარჩელეს გაანაღდოს თავისი ობლიგაცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დასკვნის სახით აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის №717 სადავო ბრძანებულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. მისი აზრით ძირითადი პრობლემა მდგომარეობს სადავო ბრძანებულების აღსრულებაში, რის გამოც მოსარჩელეს უნდა მიემართა საერთო სასამართლოსათვის და არა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის.
საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის კონსულტანტმა ვ.კეკელიძემ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებულება არ უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. სპეციალისტის განმარტებით „საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 ბრძანებულებაში საუბარია თანხების გაცემის მექანიზმზე და იგი არ კრძალავს ობლიგაციების მფლობელთათვის თანხების დაბრუნებას. სპეციალისტმა დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ვერ შესძლო სადავო ბრძანებულების შესაბამისად 1998 წლის პირველ სექტემბრამდე გაენაღდებინა ობლიგაციები.
სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ა.აბესაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა აღნიშნული სადავო ბრძანებულება. სპეციალისტის თქმით გასაცემი თანხა შეადგენს 200 000 ლარს, რაც არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის შესახებ კანონში და შესაბამისად ვერ მოხერხდა ობლიგაციების განაღდება. სპეციალისტმა სასამართლოს დამატებით წარმოუდგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის წერილი, რომლის შესაბამისადაც საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებების ასანაზღაურებლად ასიგნებების გათვალისწინების საკითხი განხილული იქნება 2004 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის შემუშავების დროს.
კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებების, აგრეთვე მოპასუხე მხარის და სპეციალისტების განმარტებათა საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები.
194-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მიხეილ ვადაჭკორია სასარჩელო განცხადებაში ძირითადად დავობს საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების მიერ დადგენილი ობლიგაციების განაღდების სისტემის კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან მისი აზრით, ობლიგაციების განაღდების წესის დადგენისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ფულის ინფლაციის კოეფიციენტი ისე, რომ შენარჩუნებულიყო „მისი ღირებულების ეკვივალენტურობა“. საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე მსჯელობა ძირითადად წარიმართა იმ მხრივ, რომ სადავო ბრძანებულებით შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედება შეწყდა და მათი დაფარვის ვადა განისაზღვრა 1998 წლის პირველ სექტემბრამდე. მას შემდეგ რაც მოსარჩელემ, 2002 წლის 9 იანვარს მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა ობლიგაციის ანაზღაურება, აღნიშნული სადავო ბრძანებულების საფუძველზე მას უარი ეთქვა ობლიგაციის განაღდებაზე, რაც, მოსარჩელის აზრით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას. საქმის არსებითად განხილვის პროცესზე გამოირკვა, რომ 1998 წლის პირველ სექტემბრამდე არ განხორციელებულა დარჩენილი ობლიგაციების განაღდება და შესაბამისად, ობლიგაციების მფლობელებმა ვერ მიიღეს კუთვნილი თანხები, რითაც არ აღსრულდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 სადავო ბრძანებულება. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი გამოგზავნილ წერილზე, რომლის შესაბამისადაც საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებების ასანაზღაურებლად ასიგნებების გათვალისწინების საკითხი განხილული იქნება 2004 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის შემუშავების დროს.
სასამართლო კოლეგია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 1998 წლის 5 მარტს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“, რომლის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება აღიარებული იქნა სახელმწიფო საშინაო ვალად და სახელმწიფომ იტვირთა აღნიშნული ვალდებულების შესრულება.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ როგორ დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №717 ბრძანებულებით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო ბრძანებულება არ აუქმებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას და მასში განსაზღვრულია ობლიგაციების განაღდების სისტემა და ვადა. სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს ნორმატიული აქტების აღსრულების შესახებ.
რაც შეეხება სადავო ბრძანებულებით განსაზღვრული ობლიგაციების განაღდების სისტემის კონსტიტუციურობის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ამ ნაწილში.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მიხეილ ვადაჭკორიას 194-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი;
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 2004 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ იქნეს 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებების ასანაზღაურებლად შესაბამისი ასიგნებები;
3. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილების პირები გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. ეს გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
კოლეგიის წევრები:
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე);
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).