ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/1351 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2019 22:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1351) მომართა საქართველოს მოქალაქე ციალა პერტიამ. №1351 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 18 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.
2. №1351 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
4. №1351 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლთან, მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებულად და ხელშეუვლად აცხადებდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, კრძალავდა საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, მე-19 მუხლის პირველი პუნქტი კი აღიარებულად და უზრუნველყოფილად აცხადებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, რომელთანაც იგი 1985 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მეუღლის სამკვიდრო ქონება (ბინა ქალაქ ბათუმში) გადავიდა მის კანონით მემკვიდრეებზე - გარდაცვლილის დასა და ძმაზე. აღნიშნულმა კანონით მემკვიდრეებმა მიღებული ქონება კი, თავის მხრივ, გაასხვისეს ახლო ნათესავზე, მამკვიდრებლის მეორე დისშვილზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, გარდაცვლილის მემკვიდრედ და ქონების მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და მოსარჩელეს გადაწყვეტილებით დაევალა, სამკვიდრო ქონების გამოთავისუფლება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნულის თაობაზე დავა ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
7. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ოჯახური ცხოვრების უფლება, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული მემკვიდრეობის უფლების საკითხებთან, უნდა განიმარტოს ფართოდ. კერძოდ, აღნიშნული უფლებით დაცული სფერო დღეის მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარების კვალდაკვალ, განიმარტება განსხვავებულად და მოიცავს არა მხოლოდ ურთიერთობებს, რომლებიც ემყარება რეგისტრირებულ ქორწინებას, არამედ, ასევე პირთა ფაქტობრივად თანაცხოვრებას, რომელიც შესაძლებელია დადასტურებულ იქნეს. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობისა და, მათ შორის, კანონით მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ თანაცხოვრების სამართლებრივი წესით რეგისტრაციას, არამედ ასევე მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურად არსებობის ფაქტს. სადავო ნორმა კი აღნიშნულის საპირისპიროდ, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებით და მემკვიდრეობით მიღების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს მოსარჩელის კატეგორიის პირებს, რომლებიც მამკვიდრებელთან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. კერძოდ, რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები მეუღლეთა უფლება-მოვალეობებით სარგებლობის მიზნებისათვის წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს, ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს აკავშირებთ ფაქტობრივი ოჯახური თანაცხოვრება საკუთარ პარტნიორებთან. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სადავო ნორმა მათ აყენებს გაუმართლებლად დიფერენცირებულ მდგომარეობაში ქორწინების რეგისტრაციის ნიშნით.
9. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმა ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს. კერძოდ, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი, მათ შორის, განსაზღვრავს სახელმწიფოს პოზიციურ ვალდებულებას, საკუთარი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა სამართლის ევროკონვენციით დადგენილ და საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნულის საპირისპიროდ კი საკანონმდებლო სივრცეში დღემდე რჩება სადავო ნორმა, რომლის საფუძველზეც საერთო სასამართლოების მიერ დადგენილია არასწორი პრაქტიკა.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
11. მოსარჩელე მხარე დამატებით მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1351 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლთან, მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. საქართველოს კონსტიტუციის ამავე რედაქციის 21-ე მუხლი ახდენდა საკუთრების და მემკვიდრეობის უფლების გარანტირებას, ხოლო მე-14 მუხლი იცავდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მოქმედ კონსტიტუციაში ხსენებულ დებულებებს შეესატყვისება მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები, მე-11 და მე-19 მუხლების პირველი პუნქტები.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1351 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დავის საგნად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-11 და მე-19 მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
6. განსახილველ საქმეში მოსარჩელე არის ფიზიკური პირი. იგი ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, რომელიც მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის პირველ და არა მეორე თავში. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1351 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9), წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
9. №1351 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“. დასახელებული ნორმა კანონით მეუღლეთათვის განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის აუცილებელ წინაპირობად განსაზღვრავს ქორწინების რეგისტრაციას. ხოლო კონკრეტული უფლებები და მოვალეობები რომლებიც მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობა, განსაზღვრულია კანონმდებლობის სხვა ნორმებით.
10. მოსარჩელე მხარე დავობს საკუთარი კონსტიტუციით გარანტირებული მემკვიდრეობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვაზე, რადგან კანონმდებლობა ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს არ განიხილავს ერთმანეთის კანონით მემკვიდრეებად. მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნი. სწორედ სამემკვიდრეო სამართლის მომწესრიგებელი ნორმები განსაზღვრავენ, თუ ვინ შეიძლება იყოს გარდაცვლილი პირის კანონით მემკვიდრე და რა წესით უნდა მიიღოს მან სამკვიდრო. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი განსაზღვრავს გარდაცვლილის კანონით მემკვიდრეთა წრეს და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს არ განიხილავს მემკვიდრეობის უფლების მქონე პირად. შესაბამისად, თუ მოსარჩლე მიიჩნევს, რომ იგი უნდა იყოს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მემკვიდრე, მან უნდა გაასაჩივროს მემკვიდრეობის საკითხების მომწესრიგებელი წესი, რომელიც მის მემკვიდრედ ყოფნას გამორიცხავს.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მემკვირეობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პრობლემა სცდება სადავო ნორმის რეგულირების სფეროს. მითითებული არგუმენტაცია მიემართება მემკვიდრეობის საკითხის მომწესრიგებელ ნორმებს და არა სადავო ნორმას. შედეგად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლის შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1351 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, №1351 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
13. №1351 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე მოითხოვს სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
15. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას ითვალისწინებს შეჩერების მექანიზმის დროში მოქმედებისა და მისი ეფექტურობის საკითხს. კერძოდ, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
16. მოცემულ საქმეში სადავო ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი. როგორც აღინიშნა, მითითებული ნორმა აწესრიგებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობის წარმოშობის საკითხს და მას უკავშირებს რეგისტრირებულ ქორწინებას. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო მოწესრიგება მას, როგორც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, გაუმართლებლად დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს. შედეგად, მეუღლის სამკვიდრო ქონების გახსნის მომენტისათვის მოსარჩელემ ვერ შეძლო მეუღლეთა იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რომელიც ეხება კანონით მემკვიდრეობის საფუძველზე გარდაცვლილის სამკვიდროს მიღებას.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, „კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული“. შესაბამისად, მემკვიდრეობის სამართალთან, მათ შორის სამკვიდროს მიღებასა და განაწილების საკითხებთან მიმართებით, სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებისას გამოიყენება ამ ურთიერთობის წარმოშობის მომენტში მოქმედი წესები. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი გარდაიცვალა და, შესაბამისად, მისი სამკვიდრო გაიხსნა 2014 წელს. შესაბამისად, მამკვიდრებლის ქონების განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აღნიშნულ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
18. რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დროში მოქმედების საკითხს, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება გამოიწვევს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდგომი პერიოდისათვის, თუმცა გავლენას ვერ მოახდენს 2014 წელს გარდაცვლილი პირის სამკვიდროს გახსნასა და განაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ შეცვლის მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას და გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომაზე. შესაბამისად, არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენების საფუძველი. ამდენად, მოსარჩელის შუამდგომლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1351 კონსტიტუციური სარჩელი („ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1351 კონსტიტუციური სარჩელი („ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი