ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/4/1351 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 9 ივნისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 ივნისი 2023 18:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - ციალა პერტია; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - დავით დიდმანიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1351) მომართა საქართველოს მოქალაქე ციალა პერტიამ. №1351 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 18 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/9/1351 საოქმო ჩანაწერით, №1351 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. №1351 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 26 ივლისს და ამავე წლის 20 სექტემბერს.
2. №1351 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
4. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, რომელთანაც იგი 1985 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მეუღლის სამკვიდრო ქონება (ბინა ქალაქ ბათუმში) გადავიდა მის კანონით მემკვიდრეებზე - გარდაცვლილის დასა და ძმაზე. აღნიშნულმა კანონით მემკვიდრეებმა მიღებული ქონება კი, თავის მხრივ, გაასხვისეს ახლო ნათესავზე, მამკვიდრებლის მეორე დისშვილზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, გარდაცვლილის მემკვიდრედ და ქონების მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და მოსარჩელეს გადაწყვეტილებით დაევალა სამკვიდრო ქონების გამოთავისუფლება.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ოჯახური თანაცხოვრების საკითხი მჭიდრო კავშირშია მემკვიდრეობის უფლების საკითხებთან. ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფერო, დღეის მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარების კვალდაკვალ, განიმარტება განსხვავებულად და მოიცავს არა მხოლოდ ურთიერთობებს, რომლებიც ემყარება რეგისტრირებულ ქორწინებას, არამედ, ასევე, პირთა ფაქტობრივად თანაცხოვრებას, რომელიც შესაძლებელია, დადასტურებულ იქნეს. შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობისა და, მათ შორის, კანონით მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ თანაცხოვრების სამართლებრივ რეგისტრაციას, არამედ, ასევე, მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურად არსებობის ფაქტს. შესაბამისად, სადავო ნორმა სამკვიდროს მიღების უფლებას უზღუდავს პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. კერძოდ, რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები მეუღლეთა უფლება-მოვალეობებით სარგებლობის მიზნებისათვის წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს, ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს აკავშირებთ ფაქტობრივი ოჯახური თანაცხოვრება საკუთარ პარტნიორებთან. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სადავო ნორმა მათ აყენებს გაუმართლებლად დიფერენცირებულ მდგომარეობაში ქორწინების რეგისტრაციის ნიშნით და არ არსებობს გონივრული გამართლება, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას დაასაბუთებდა.
8. მოსარჩელის განმარტებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარმა სოციალურმა და სამართლებრივმა ცვლილებებმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია ოჯახური წყვილის ცნების გადაფასება. მსოფლიოში იზრდება წყვილთა რიცხვი, რომლებიც იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო სახელმწიფომ მნიშვნელოვანია, განახორციელოს არარეგისტრირებულ ქორწინებაში არსებულ პირთა კავშირის დადგენა. ასევე, სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა სამართლის ევროკონვენციით დადგენილ და საერთაშორისო სტანდარტებთან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში, გარდა ქორწინების რეგისტრაციისა, სახელმწიფოები აღიარებენ თანაცხოვრების ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში დღემდე არ არსებობს.
9. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
10. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ქართული კანონმდებლობა არ იძლევა განმარტებას ოჯახის შესახებ. ასევე, არ არსებობს საკანონმდებლო განმარტება ფაქტობრივ ქორწინებასთან ან ფაქტობრივ ოჯახურ თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. ქორწინება არის მხოლოდ შესაბამის ორგანოში განხორციელებული იურიდიული ფაქტი, რომელიც წარმოშობს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებს და სამართლებრივ შედეგებს. პარტნიორთა კავშირი, თუ იგი რეგისტრირებული არ არის შესაბამის ორგანოში, იურიდიული თვალსაზრისით, ქორწინებად არ ითვლება და წარმოადგენს მხოლოდ პარტნიორთა თანაცხოვრებას, რომელსაც სამართლებრივი შედეგები არ ახლავს.
11. მოპასუხე მხარის პოზიციით, ქორწინების რეგისტრაცია ემსახურება სამართლებრივი უსაფრთხოების, განსაზღვრულობის, სამოქალაქო ურთიერთობებში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარებას. ასევე, ქორწინება არის მარტივი ფორმალური პროცედურა, კანონი კი შესაძლებლობას იძლევა, რეგისტრირებულ ქორწინებაში წარმოეშვათ მეუღლეებს უფლება-მოვალეობები. მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა, რომელიც სამკვიდრო ქონების მიღებას უკავშირდება, შესაძლოა, მოხდეს ანდერძის საფუძველზე, რისი განხორციელებაც, ასევე, არ წარმოადგენს სირთულეს.
12. მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არის ნეიტრალური შინაარსის და არ გამოყოფს რომელიმე პირთა ჯგუფს. ასევე, სადავო ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში არ აყენებს არც ერთ პირთა ჯგუფს. შესაბამისად, პირებმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ქორწინება წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს, უნდა მოახდინონ ქორწინების რეგისტრაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირებს სურთ მათი თანაცხოვრება არ წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს, არ უნდა მოახდინონ ქორწინების რეგისტრაცია.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოპასუხე მხარე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმის შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება
1. განსახილველი საქმის ფარგლებში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. სადავო ნორმის თანახმად, „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის მიერ გასაჩივრებული ნორმა დისკრიმინაციულია იმ წყვილებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა, ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ერთობლივად ეწევიან ოჯახურ მეურნეობას. მიუხედავად აღნიშნულისა, მათ არ გააჩნიათ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეებისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
2. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დააზუსტა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს მხოლოდ მემკვიდრეობითი სამართლიდან მომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებთან მიმართებით. იგი მიუთითებს, რომ დისკრიმინაციულია მიდგომა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები სარგებლობენ ერთმანეთის მიმართ მემკვიდრედ ყოფნის უფლებით, თუმცა ასეთივე უფლება არ წარმოეშობათ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ წყვილებს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი და შეაფასოს, რამდენად იწვევს ამ უფლების შეზღუდვას ქორწინებასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებების მხოლოდ რეგისტრაციის შედეგად წარმოშობა. სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვის ფაქტის დადგენის შემთხვევაში კი, იმსჯელოს მის კონსტიტუციურობაზე.
2. სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება ყველა ადამიანს აღიარებს სამართლის წინაშე თანასწორად და კრძალავს დისკრიმინაციას „რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ხსენებული უფლების არსის, მიზანმიმართულებისა და ფარგლების სწორად იდენტიფიცირება. მის „მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8). თანასწორობის უფლების ეს ასპექტი საკუთარ თავში მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან „მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). კანონის წინაშე თანასწორობა არსებითად უნდა განვასხვაოთ პირთა შედეგებში გათანაბრებისგან. სახელმწიფოს უწინარესი ვალდებულებაა, არ განასხვაოს ადამიანები ერთმანეთისგან და ფორმალურად არ დაუდგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, არ დააკისროს მათ განსხვავებული, არათანაბარი სამართლებრივი ტვირთი. შესაბამისად, თანასწორობის უფლების ამ ასპექტის შელახვას ადგილი ექნება მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა.
7. ამავე დროს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, არსებითად თანასწორ პირებს შორის უთანასწორო მოპყრობის აკრძალვის ნაწილში, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება უნივერსალური თანასწორობის პრინციპის ხასიათს ატარებს. იკრძალება ნებისმიერი ფორმით განხორციელებული დაუსაბუთებელი დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს შორის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-44).
8. სასამართლოს მიერ დადგენილი ზოგადი სტანდარტებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე „მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). ამავე დროს პირდაპირი დიფერენცირების შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, პირები, როგორც წესი, არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. ასეთ დროს სასამართლო ახდენს შესადარებელი პირების არსებითად თანასწორად პრეზუმირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოკვეთილია რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებს მათი განსხვავებულად განხილვის საჭიროებაზე. „ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ „არ იკვეთება შესადარებელ ჯგუფებს შორის რაიმე ისეთი განმასხვავებელი მახასიათებლის არსებობა, რომელიც შესაძლოა, მიუთითებდეს მათ არსებითად უთანასწორობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირება ხორციელდება არსებითად თანასწორ პირებს შორის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-16; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-45). მსგავსი მიდგომა თანასწორობის იდეის სუბსტანციური გამოვლინებაა და ემყარება თითოეული ადამიანის სამართლის წინაშე თანაბრად ღირებულ, თანასწორ სუბიექტად აღქმას.
9. ამდენად, პირთა პირდაპირ დიფერენცირებას, სამართლის საფუძველზე მათ მიმართ ფორმალურად განსხვავებულ მოპყრობას, განსხვავებული უფლება/მოვალეობების დაწესებას, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვად მიიჩნევს და სხვადასხვა ტესტის გამოყენებით აფასებს მის კონსტიტუციურობას.
10. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65). მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური რეგულაცია ადგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს ყველასათვის, სამართლის ნორმა მისი ზოგიერთი ადრესატისათვის შესაძლოა, ფაქტობრივად ქმნიდეს გაცილებით მძიმე ტვირთს სხვა პირებთან შედარებით. სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი მნიშვნელოვნად დაკნინდება, თუ სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, ნეიტრალური, თვითმიზნური მოთხოვნების დადგენით, გამოიწვიოს, ამა თუ იმ ნიშნით, პირთა არაპირდაპირი დისკრიმინაცია. სხვადასხვა ურთიერთობათა მოწესრიგებისას, სახელმწიფო ხშირად დგას გარკვეული ნორმატიული მოთხოვნების, კრიტერიუმების გაწერის აუცილებლობის წინაშე, რომლებიც ნეიტრალური ხასიათის მიუხედავად, შესაძლოა, იწვევდეს პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენას. კონსტიტუციის მე-11 მუხლის ერთადერთ ამოცანას არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მიმართ ფორმალურად თანაბარი მოპყრობის დადგენა. ხსენებული უფლება მიზნად ისახავს თანასწორობის პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობის შექმნას. ამდენად, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, დისკრიმინაციას წარმოადგენდეს ფორმით ნეიტრალური მოპყრობა, როდესაც პრაქტიკული მოქმედებით იგი დისკრიმინაციულ შედეგს აყენებს.
11. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვას, პირდაპირისგან განსხვავებით, არ გააჩნია თანასწორობის უნივერსალური ნორმა-პრინციპის ხასიათი. თუმცა, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფორმალურად ნეიტრალური რეგულაციები, რომლებიც განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგებს იწვევენ მყარი ნიშნით იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ. ამ დროს, სახელმწიფოს მხრიდან, დამაჯერებელი და ობიექტური საჭიროების დასაბუთების გარეშე, არსებობს ალბათობა, რომ რეგულაცია იყოს დისკრიმინაციული, მიუხედავად იმისა, ამოძრავებდა თუ არა მას დისკრიმინაციის მიზანი. მაგალითად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს სამსახურში მიღებისათვის სამუშაოს შესრულებასთან დაუკავშირებელი, არარელევანტური მოთხოვნის დაწესებამ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი რეგულაციის შედეგად მომეტებულად შეიზღუდება რომელიმე რასობრივი, ეთნიკური ან სხვა კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი ჯგუფის მიერ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. ბუნებრივია, თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო იქნება განათლების ცენზის დაწესება, თუკი განათლების ცენზი შესასრულებელ სამუშაოს არ უკავშირდება და, შედეგად, იწვევს რომელიმე ეთნიკური ან/და რასობრივი ჯგუფისათვის, სხვა ჯგუფებთან შედარებით, სამსახურის დაწყების შესაძლებლობის მომეტებულად შემცირებას. ანალოგიურად, დისკრიმინაციული შეიძლება იყოს, არააუცილებელი მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით, რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა არაპროპორციულად დიდი რაოდენობის განაწილება შედარებით უარეს სკოლებში. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვით, რიგ შემთხვევებში, ის, ასევე, კრძალავს არაპირდაპირ დიფერენცირებასაც - ნეიტრალური ნორმის მოქმედების შედეგად, პირთა გარკვეული წრისათვის შედარებით უარესი შედეგის დაყენებას.
12. ამავე დროს, აუცილებელია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ყველა პირისათვის სამართლიანობის საწყისზე დაფუძნებული თანასწორი შესაძლებლობის მინიჭება, საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა და, ამგვარ პირობებში, პირთა ინდივიდუალიზმის, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გავლენით წარმოშობილი განსხვავებული შედეგების მექანიკური გათანაბრება. ზოგადად, თანასწორი პირებისათვის ერთი და იმავე შესაძლებლობებისა და ვალდებულებების დადგენა ბუნებრივად იწვევს განსხვავებულ შედეგებს, ფაქტობრივ უთანასწორობას - ზოგიერთი ადამიანი შესაძლებლობებს სხვებზე უკეთ გამოიყენებს ან/და ვალდებულებებს სხვებზე მარტივად შეასრულებს, რაც თავისთავად ტრანსფორმირდება უკეთესი შედეგის მიღწევასა და მიცემული შესაძლებლობის უკეთ გამოყენებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მრავალგზის დადგენილია, რომ თანასწორობის უფლების მოთხოვნა ვერ იქნება თანაბარი შესაძლებლობების/ვალდებულებების თანაბარ შედეგებში ასახვის უზრუნველყოფა. „კონსტიტუციის მიზანია პირთა შესაძლებლობების გამოვლენის ხელშემშლელი ფაქტორების ნეიტრალიზება და არა შედეგების თანასწორობის ხელოვნური უზრუნველყოფით, წარმატების მისაღწევად ადამიანის შრომის უგულებელყოფა, პირის საკუთარი განვითარებისა და წარმატების დამსახურების მიხედვით მიღწევის იგნორირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). საპირისპირო მოსაზრების დაშვების შემთხვევაში, ფაქტობრივად მივიღებთ მოცემულობას, როდესაც არაპირდაპირი დისკრიმინაციის ნებისმიერი ნიშნით აკრძალვა ავტომატურად წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას არა მხოლოდ თანაბარი უფლებრივი რეჟიმი, არამედ, ნებისმიერ შემთხვევაში, უზრუნველყოს ნეიტრალური ნორმის მოქმედებით გამოწვეული შედეგების პირებზე თანაბრად ასახვა. ეს უკანასკნელი კი, თავისი არსით, ნიშნავს პირთა გათანაბრების ვალდებულებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, არათუ შეესაბამება თანასწორობის უფლების მოთხოვნას, არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება მას. „ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
13. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არაპირდაპირ დისკრიმინაციას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თანასწორობის კონსტიტუციური უფლებისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ნიშნით დიფერენცირებისას. თანასწორობის უფლების შეზღუდვა შესაძლოა გამოიწვიოს იმგვარმა ნეიტრალურმა ნორმამ/რეგულაციამ, რომელიც განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდება მყარად იდენტიფიცირებადი ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის მიმართ. ამასთან, კონკრეტული ჯგუფის შესადარებელ სუბიექტად მიჩნევისთვის, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება, ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება. მსგავსი დაცვა შესაძლოა შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი, პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან და მათი განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენა, კონკრეტული ჯგუფის მიმართ კუთვნილება, არ წარმოადგენს ცვლადი ფაქტობრივი გარემოებებისა თუ პირთა მიერ გაკეთებული სხვადასხვა პერსონალური არჩევანის გამო ჩამოყალიბებულ მოცემულობას. სწორედ ამგვარი ჯგუფების მიმართ უარყოფითი შედეგების გამომწვევი ნორმა შესაძლოა ქმნიდეს, არაპირდაპირი დისკრიმინაციის მოტივით, მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევის საფუძველს.
14. ასევე, აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, თავად პირთა შორის არსებული განსხვავებებიდან გამომდინარე, შესაძლოა თანასწორი მოთხოვნის დაწესება, განაპირობებდეს უსამართლო, დისკრიმინაციული რეჟიმის შექმნას. სწორედ ამგვარი შემთხვევების თანასწორობის უფლების სფეროში მოქცევას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, დისკრიმინაციად მიიჩნევა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის დაწესება სათანადო გამართლების გარეშე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-64-70). ამ დროს, მართალია, კონკრეტული რეგულაცია არის ნეიტრალური, არ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა ნორმის ადრესატს, სწორედ პირთან მყარად დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე, გააჩნია განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფოსთვის არ გულისხმობს რაიმე სახის პოზიტიური ქმედების განხორციელების ან მათ შედეგებში ფაქტობრივად გათანაბრების დავალდებულებას. იგი წარმოადგენს ისეთივე ფუნდამენტურ და ფუძემდებლურ ასპექტს თანასწორობის უფლებისთვის, როგორიც ზემოთ განხილული, პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვა. ამ დროს ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს გააჩნიათ განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნის უფლება სწორედ მათ შესაძლებლობებში და არა შედეგებში გათანაბრების მიზნით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება მოითხოვს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანასწორ ყველა პირს, განურჩევლად მისი რაიმე კუთვნილებისა, გააჩნდეს უფლებათა თანაბარი რეალიზაციის შესაძლებლობა და არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია პირთან დაკავშირებული რაიმე კუთვნილების ნიშნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „შპს „ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). ამასთან, „დასახელებული კონსტიტუციური დებულების მოთხოვნა ვერ იქნება პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენის აკრძალვა რაიმე ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობის გამო, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ამ პირებს ან მათ ამა თუ იმ კუთვნილებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „შპს „ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
15. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შეფასებას ექვემდებარება სამი განსხვავებული შემთხვევა: ა) სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს, ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, ეპყრობა განსხვავებულად; ბ) სახელმწიფოს მიერ დადგენილი, ფორმალურად თანასწორი მოპყრობა ფაქტობრივად იწვევს პირთან მყარად დაკავშირებული, კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი რომელიმე ჯგუფის (არაპირდაპირ) დიფერენცირებას; გ) როდესაც სახეზეა პირთან მყარად დაკავშირებული ნიშანი, რომლის გამოც ისინი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად არათანასწორად და წარმოეშობათ განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება.
16. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არის სახეზე, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვის რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევა. პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, სახეზეა თუ არა პირდაპირი ან არაპირდაპირი დიფერენცირება, ხოლო შემდეგ, შეფასდეს, ხომ არ არსებობს მოსარჩელესთან მყარად დაკავშირებული რაიმე ფაქტორი, რომელიც მას უფლებას მისცემდა, მოეთხოვა სხვებისგან ფორმალურად განსხვავებული მოპყრობა.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა
17. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის ზოგად საფუძველს და ასეთად აღიარებს, კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ქორწინებას. სადავო ნორმა არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას, იგი ნებისმიერ ადამიანს/წყვილს უდგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს. წყვილებს შეუძლიათ თანაცხოვრება ქორწინებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების წარმოშობით ან/და მის გარეშეც. მათზეა დამოკიდებული, რა შედეგს დაუკავშირებენ თანაცხოვრების ფაქტს, დაარეგისტრირებენ ქორწინებას თუ არა.
18. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი უფლებრივი რეჟიმი ნეიტრალურია პირთა ნებისმიერი წრის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი არ გამოყოფს პირთა რაიმე ნიშნით გამორჩეულ და იდენტიფიცირებად ჯგუფს, რომელთაც იგი განუსაზღვრავდა განსხვავებულ მოთხოვნებს ან რაიმე დამატებით სამართლებრივ ტვირთს დააკისრებდა. ამდენად, სადავო ნორმა არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას სხვა პირებთან მიმართებით, შესაბამისად, ხსენებული თვალსაზრისით, არ ზღუდავს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
19. სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, ასევე დაარღვიოს ფორმით ნეიტრალურმა ნორმამ, თუ იგი არაპირდაპირ ახდენს პირთა დიფერენცირებას კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით. ამდენად, უნდა შეფასდეს, სადავო ნორმის პრაქტიკული რეალიზაცია ხომ არ იწვევს, რომელიმე მყარი ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებულ შედეგებს.
20. სადავო ნორმის მოქმედებით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შედეგად. ამგვარი რეგულაციით, შედეგობრივად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული არიან ის წყვილები, ფაქტობრივი თანაცხოვრების მქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ქორწინების რეგისტრაცია. ზოგადად, ამგვარი წყვილების კატეგორიაში შესაძლებელია მოექცეს მრავალი სხვადასხვა ნიშნით გამოყოფილი პირთა ჯგუფი, რომელთა ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებას არ გააჩნია ცხადი კავშირი, უშუალოდ ქორწინების რეგისტრაციის არსებობა-არარსებობასთან. ამავე დროს, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ სადავო ნორმა შესაძლოა, განაპირობებდეს სქესის ნიშნით არაპირდაპირ დიფერენცირებას, თუ დადგინდება, რომ იგი პრაქტიკაში შედეგად იწვევს ქალთა ან მამაკაცთა მომეტებულად ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებას. აღნიშნული სახეზე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთაგან ქონება უმეტესად მამაკაცის ან ქალის საკუთრებას წარმოადგენს, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ სადავო ნორმის მოქმედებით, მასზე წვდომას კარგავენ უმეტესად ქალები ან უმეტესად მამაკაცები. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ მსგავსი სტატისტიკა წარმოდგენილი არ ყოფილა. არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არ არის ხელმისაწვდომი სანდო მონაცემები არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთა შორის ქონების გადანაწილების შესახებ. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით, გამოითხოვა ინფორმაცია გენდერის მიხედვით სეგრეგირებული სტატისტიკის შესახებ, საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, 2020-2022 წლების პერიოდში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციას თითქმის თანაბრად ახორციელებდნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. ამდენად, ხსენებული საქმის გამოკვლევისას არ გამოკვეთილა, რომ ფორმით ნეიტრალური სადავო ნორმა, შედეგობრივად, უარეს მდგომარეობაში აყენებს რომელიმე სქესის წარმომადგენლებს. შესაბამისად, სახეზე არ არის წინაპირობები იმის დასადგენად, რომ სადავო ნორმის მოქმედება პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას, ჯგუფს რეალურად აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით. ამდენად, სახეზე არ არის არაპირდაპირი დიფერენცირების შემთხვევა.
21. როგორც უკვე აღინიშნა, თანასწორობის უფლებაში ჩარევას შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს აგრეთვე მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფების მიმართ თანაბარი მოპყრობა.
22. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე განიმარტა, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, მეორე მხრივ კი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ფაქტობრივი თანაცხოვრების მქონე წყვილები, პარტნიორები. მათ შორის განმასხვავებელ ნიშანს მხოლოდ კანონის შესაბამისად ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი წარმოადგენს. ზოგადად, ადამიანებმა, შესაბამის ფაქტობრივ ურთიერთობაში მყოფმა პირებმა, შესაძლოა, უარი თქვან ქორწინების რეგისტრაციაზე მრავალი ფაქტობრივი თუ გარკვეულ შეხედულებებზე დაფუძნებული გარემოების გამო. თუმცა, მიმდინარე საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, დადგინდეს, არსებობს თუ არა, რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც დასახელებულ პირებს მიაკუთვნებდა არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფს.
23. ქორწინების რეგისტრაცია და მის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა ადამიანებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს პირის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილების ნიშნით. რეგისტრაციის ფაქტი თავად არის ნიშანი, რომელიც, იმავდროულად, შესაძლებელია იდენტურად არსებობდეს სხვადასხვა პერსონალური ნიშნით იდენტიფიცირებად ჯგუფებთან მიმართებით. ამ კუთხით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, გამოიყოფოდა პირთა ის ჯგუფი, რომელსაც პირთან ან მის ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფოსგან განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნა წარმოეშობოდეს. მეტიც, თავად მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები არიან ერთმანეთის არსებითად თანასწორი პირები მემკვიდრეობის უფლების წარმოშობასთან მიმართებით. ამ კუთხით, სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული შედეგები გამოწვეულია სწორედ ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე და არა მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირების რაიმე კუთვნილების ნიშნიდან გამომდინარე.
24. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გამოყოფილი შესადარებელი ჯგუფები არ წარმოადგენენ არსებითად უთანასწორო პირებს, რაც გამორიცხავს სადავო ნორმის საფუძველზე დიფერენცირებული მოპყრობის - არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანაბარი მოპყრობის არსებობას და შესაბამისად, მისი დისკრიმინაციულობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1351 კონსტიტუციური სარჩელი („ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში