შეზღუდული პასხისმგებლობის საზოგადოება „ანა” საქართველოს პარლამენტის წინაამღდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/11/195 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 24 ივლისი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ივლისი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ანა რევაზიშვილი
საქმის დასახელება: შეზღუდული პასხისმგებლობის საზოგადოება „ანა” საქართველოს პარლამენტის წინაამღდეგ.
დავის საგანი: 1. 1999 წლის 19 თებერვლის №1805-II საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. 2. 1999 წლის 28 მაისის №2042-II საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსაჩრელე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ანა”.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ
გამოარკვია:
2002 წლის 1 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №195) მომართა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ანა”-მ და მოითხოვა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 19 თებერვლის №1805-II–ს საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” და 1999 წლის 28 მაისის №2042–II-ს საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, არაკონსტიტუციურად ცნობა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე” პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
მოსარჩელე აღნიშავს, რომ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში 1999 წლის 19 თებერვალს შეტანილი იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ კანონიდან ამოღებულ იქნა ნორმები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს რესპუბლიკის (სახელმწიფო) ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ საწარმოთა ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის – სახაზინო საწარმოს დაფუძნებას. კერძოდ, ამოღებული იქნა კანონის მე-2 მუხლის 3-ე პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა სახაზინო საწარმოს დაფუძნების უფლებას, მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „გარდა 2.3 მუხლში გათვალისწინებული საწარმოსი”, რომელიც სახაზინო საწარმოს რეგისტრაციის თავისებურებას ადგენდა, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნა მე-2 აბზაცი, რომელიც სახაზინო საწარმოს ვალდებულებებზე სახელმწიფოსა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოს სუბსიდიურ პასუხისმგებლობას ადგენდა, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნა მე-2 აბზაცი, რომელიც სამეწარმეო რეესტრში სახაზინო საწარმოს შეტანის შესაძლებლობას ითვალიწინებდა, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნა მე-2 აბზაცი და შეიცვალა ამავე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების რედაქცია, რომელიც ეხებოდა სახაზინო საწარმოს რეგისტრაციის ცვლილებების სავალდებულო რეგისტრაციას, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „და 2.3 მუხლით გათვალიწისნებულ საწარმოებს”, რომელიც სახაზინო საწარმოს სახელის შერჩევას ეხებოდა.
1999 წლის 19 თებერვლის კანონს დაემატა 70-ე მუხლი, რომელმაც გასაუქმებელ სახაზინო საწარმოთა სხვა საწარმოებად გარდაქმნის მოვალეობა და რეორგანიზაციების პერიოდში ვალდებულებების აღების წესი დაადგინა. ხოლო 1999 წლის 28 მაისის კანონით „მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „1 ივნისამდე” შეიცვალა სიტყვებით „1 სექტემბრამდე”.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული კანონები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი იმ მოსაზრებებით, რომ:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქნავთობპროდუქტს” შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ანას” სასარგებლოდ დაეკისრა 19,021 ტონა დიზელის საწვავის დაბრუნება ან მისი ღირებულების 4,755,250 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 25 მაისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქნავთობპროდუქტის” საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სახელმწიფო კონცერნმა „საქნავთობპროდუქტმა” (ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქნავთობპროდუქტი”) და საშენ მასალათა სამრეწველო გაერთიანება „კავკასიონი-3”-მა (უფლებამონაცვლე შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „ანა”) 1991 წლის 7 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „კავკასიონი 3”-ს კონცერნისათვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა მარკის საავტომობილო ბენზინი და დიზელის საწვავი აზერბაიჯანიდან საქართველოს აღმოსავლეთ ზონის ნავთობბაზებში, ხოლო კონცერნ „საქნავთობპროდუქტს” ბათუმის ბაზიდან ყოველთვიურად უნდა მიეწოდებინა „კავკასიონი 3”-სათვის მიღებული პროდუქციის ღირებულების საწვავი, რომელიც ამ უკანასკნელს ბათუმიდან თურქეთში უნდა გაეტანა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კონცერნმა „საქნავთობპროდუქტმა” 1991 წლის დეკემბერში ხაშურში მიიღო ”კავკასიონი 3”-ის კუთვნილი 19,021 ტონა დიზელის საწვავი, რომელიც გახარჯულ იქნა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის საჭიროებისათვის, მაგრამ ხელშეკრულების პირობის შესაბამისად მეორე მხარეს დიზელის საწვავი გაერთიანება „კავკასიონი-3”-თვის არ მიუწოდებია. აღნიშნული ოდენობის საწვავის ღირებულების გადახდის მოვალეობა არაერთგზის იქნა აღიარებული საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების მიერ, თუმცა მიუხედავად დაპირებებისა, მისი გადახდა არ მომხდარა. საბოლოოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ანა”-მ 1997 წლის 30 მაისს სარჩელი აღძრა საარბიტრაჟო სასამართლოში და მოითხოვა დიზელის საწვავის და მისი ღირებულების უკვე ჰოლდინგური კომპანია „საქნავთობპროდუქტისათვის” დაკისრება. დავა საბოლოოდ დასრულდა 2001 წლის 25 მაისს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული საოლქო სასამართლოს 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქნავთობპროდუქტს” ზემოხსენებული დიზელის საწვავის ან თანხის დაბრუნება დაეკისრა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების დროს და „საქნავთოპროდუქტის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დიზელის საწვავის მიღებისას იგი წარმოადგენდა სახელმწიფო მმართველობის ორგანოს. მოგვიანებით, 1995 წელს „საქნავთობპროდუქტი” გარდაიქმნა ჯერ სახელმწიფო ჰოლდინგურ კომპანიად, ხოლო ასეთი ფორმის გაერთიანებათა გაუქმების შემდეგ – სახაზინო საწარმოდ. ამჟამად „საქნავთობპროდუქტი” შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს. ხელშეკრულების დადების მომენტში „კავკასიონი 3”-მა იცოდა, რომ კონტრაგენტი სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა, რაც იმის გარანტია იყო, რომ კონცერნის მიერ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის ვალდებულებას სახელმწიფო შეასრულებდა. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ინარჩუნებდა ძალას კონცერნის ჰოლდინგურ კომპანიად, ხოლო შემდეგ სახაზინო საწარმოდ გარდაქმნის მომენტისათვისაც. გარდაიქმნა რა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, „საქნავთობრპროდუქტის” ქონებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლა მხოლოდ იმ ქონებით, რომელიც მას გააჩნია. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფოს პასუხი ეგო იმ ფინანსურ ვალდებულებებზე, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქნავთობპროდუქტს” ჯერ კიდევ სახელმწიფო მმართველობის ორგანოდ ყოფნის დროს წარმოეშვა. მაგრამ პასუხად მოსარჩელეებს აცნობეს, რომ „მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებებზე სახელმწიფო პასუხს არ აგებს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს, სახაზინო საწარმოთა გაუქმებასთან ერთად, კანონს უნდა დაედგინა სუბსიდიური პასუხისმგებლობა იმ ვალდებულებებზე, რომლებიც სახაზინო საწარმოებს გარდაქმნამდე გააჩნიათ, რადგან „კავკასიონი 3”-ს არჩევანი ურთიერთობა დაემყარებინა სახელმწიფო კონცერნთან, განპირობებული იყო კონცერნის ვალდებულებებზე სახელმწფიოს ფინანსური პასუხისმგებლობით. სადავო ნორმატიული აქტით სახელმწიფოს ცალმხრივად უარი განაცხადა ნაკისრ ვალდებულების შესრულებაზე, რითაც შეილახა მისი საკუთრების უფლება. სადავო აქტებმა საერთოდ უგულებელყვეს სახაზინო საწარმოთა კრედიტორების კანონიერი ქონებრივი ინტერესები და გააუქმეს ის ვალდებულება, რაც კრედიტორებსა და სახაზინო საწარმოს შორის ურთიერთობის დაწყების საფუძველი გახდა.
მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, რადგან ამ აქტებით მათ დაკარგეს საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობა, მათი აზრით ასევე დარღვეულია 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიც, რადგან საკუთრების შეძენის უფლების შეზღუდვა არ განხორციელებულა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და არც მისი ჩამორთმევა მომხდარა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით პირდაპირ დადგენილ შემხთვევებში და სათანადო ანაზღაურებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
1. 1999 წლის 19 თებერვლის №1805-II საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
2. 1999 წლის 28 მაისის №2042-II საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ სარჩელს და სადავო ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქმეში არსებული მასალების, სასამართლოს მიერ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებების და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, 1999 წლის 19 თებერვლის და 1999 წლის 28 მაისის საქართველოს კანონებით „მეწარმეთა შესახებ” კანონიდან ამოღებული იქნა ნორმები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს რესპუბლიკის (სახელმწიფო) ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ საწარმოთა ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის – სახაზინო საწარმოს დაფუძნებას. კანონმა დაადგინა სახაზინო საწარმოთა რეორგანიზაცია – მათი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის გზით. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება ცხადდებოდა სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლედ.
მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ნორმატიული აქტის იმ დებულებას, რომელიც მიღებულია „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.3. მუხლის შესაბამისად, რომლითაც სახელმწიფო ან მმართველობის ორგანოებს ნება ეძლეოდათ მოეხდინათ სახაზინო საწარმოს რეორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოებად.
კონსტიტუციური სარჩელი სადავო კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ მან არ გაითვალიწინა და არ გადაწყვიტა სახაზინო საწარმოთა იმ ვალდებულებების ბედი, რომელიც მათ გააჩნდათ გარდაქმნამდე.
კოლეგიას მიაჩნია, რომ ნორმატიულ აქტში დამატებით ახალი ნორმის შეტანა მისი გამომცემელი ორგანოს პრეროგატივას წარმოადენს და აღნიშნული საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
2. აღსანიშნავია, რომ სახაზინო საწარმო „საქნავთობპროდუქტი” შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაიქმნა 1997 წლის 24 ივლისს, ე.ი. სადავო კანონების გამოცემამდე დიდი ხნით ადრე.
ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო კანონები მიღებულია 1999 წლის 19 თებერვალსა და 28 მაისს, ე.ი. ვალდებულებების წარმოშობის შემდეგ და მათ არ შეიძლება ჰქონდეთ უკუძალა მათ ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
გარდა ამისა, კოცერნი „საქნავთობპროდუქტი” ლიკვიდირებული არ ყოფილა, არაერთხელ იქნა რეორგანიზებული და მაშასადამე, წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხიმსგებლობა გადადიოდა მასზე სტატუსის შეცვლის მიუხედავად, მათ შორის, სახაზინო საწარმოდ გარდაქმნის დროსაც, როდესაც კანონი ითვალისწინებდა სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის საწარმოს სუბსიდიურ პასუხისმგებლობას.
ვალდებულებითი სამართლიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების და აღსრულების დროს ნამდვილი მოვალის გარკვევა საერთო სასამართლოების განხილვის საგანს წარმოადგენს, მით უფრო, უკვე არსებობს სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილება, რომლითაც ცნობილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ანა”-ს უფლება და დადგენილად არის მიჩნეული, რომ დავალიანების თანხა მოხმარდა სახელმწიფო საჭიროებას.
იხელმძღვანელა რა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ” პუნქტით და 22- მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ანა”-ს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის და 28 მაისის კანონების საქართველოს „მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჭერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა;
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი: ნიკოლოზ შაშკინი.