საქართველოს მოქალაქე ირინა სარიშვილი-ჭანტურიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინაამღდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/14/156 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 4 ოქტომბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ოქტომბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – თავმჯდომარე;
2. ნიკილოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლიკა ჯალაღონია.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ირინა სარიშვილი-ჭანტურიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინაამღდეგ.
დავის საგანი: „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმებით რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ირინა სარიშვილი-ჭანტურიას რწმუნებული ლევან ჩხეიძე და გიორგი ბერიშვილი.
156-ე ნომრით რესგიტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლსო შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
2002 წლის 26 სებტემბერს გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ლევან ჩხეიძემ სასამართლო კოლეგიას გადასცა მოსარჩელე ი. სარიშვილის შუამდგომლობა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მთლიანად შეცვალა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი. ამასთან წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნის ახალი დასაბუთება.
შუამდგომლობაში კერძოდ, აღნიშნულია, რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს წილმა აქტივებისა და პასივებში შეადგინა 1,62%-ი, რაც წარმოადგენს საერთო სახალხო საკუთრებას. შესაბამისად, მიიჩნევს სარჩელის ავტორი, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება საერთო საკუთრებაში არსებული ქონების წილზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს წილის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა ხელშეკრულების სუბიექტთა მოსახლეობის რაოდენობა, კერძოდ, ერთ სულ მოსახლეზე არსებული იმპორტი, ექსპორტი და შემოსავალი. მოსარჩელე ირინა სარიშვილი-ჭანტურია თავის შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დადებული სადავო შეთანხმების რეტიფიცირებით საქართველოს პარლამენტმა გააუქმა საკუთრების საყოველთაო უფლება და აქედან გამომდინარე მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული უფლებაც და მოითხოვს სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობასა და გაუქმებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, მასზე დართული დოკუმენტებისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
1. კოლეგია აღნინავს, რომ მოსარჩელე მოითხოვს „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და არა თვით ამ შეთანხმების კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციით 21-ე მუხლთან მიმართებით. სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საქართველოს პარლამენტის ნორმატიული სახის დადგენილებასთან, რომლითაც პარლამენტი გამოხატავს თავის თანხმობას საერთაშორისო ხელშეკურების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების სახით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი ცალ-ცალკე განიხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებას ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას და ამ იურიდიული ძალის მიხედვით. ამდენად, ჩვენ საქმე გვაქვს ორ დამოუკიდებელ და თვისობრივად განსხვავებულ ნორმატიულ აქტებთან, რომელთაგანაც მოსარჩელე მოითხოვს მხოლოდ ერთის, კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მსჯელობს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის სადავო დადგენილებაზე.
2. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც პარლამენტმა მოახდინა „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი მისთვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმას. თავის მხრივ, გამომდინარე საერთაშორისო ხელშეკრულებათა მნიშვნელობიდან, საქართველოს თანხმობა მათ სავალდებულოდ აღიარებაზე შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერით, ხელშეკრულების შემადგენელი დოკუმენტების (ნოტების) გაცვლით და სხვა. ამრიგად, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სავალდებლოდ აღიარების ზემოთ აღნიშნული ფორმები წარმოადგენენ იმ მოქმედებებს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო გამოხატავს თავის თანხმობას იკისროს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების სახელმწიფოსათვის სავალდებულოდ აღიარების გამოხატვის ფორმები (კონკრეტულ შემთხვევაში კი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე) არ შეიცავენ ქცევის იმ სავალდებლო და ზოგად წესებს, რომლებსაც ითვალისწინებს რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება, ვინაიდან „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირების შემდეგ ხდება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და ვალდებულებებს, თუ არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ. ამიტომაც საქართველოს კანონმდებლობა განასხვავებს და ცალ-ცალკე განიხილავს ერთის მხრივ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ხოლო მეორეს მხრივ კი საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილებას.
ამდენად, მოსარჩელის მიერ თავის შუამდგომლობაში მოყვანილი მტკიცებულებები შეეხება არა სადავო დადგენილების, არამედ უკვე რატიფიცირებული და შესაბამისად საქართველოს კანონდებლობის ნაწილად ქცეული და დამოუკიდებლად მოქმედი ნორმატიული აქტით („რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმების) გათვალისწინებულ საქართველოს მიერ ნაკისრ უფლება-მოვალეობებს, პარლამენტის დადგენილება კი არ შეიცავს ამგვარ უფლება-მოვალეობებს.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს რომ, ამ შემთხვევაში იგი ვერ იმჯელებს „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმების თაობაზე, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის... არაკონსტიტუციურად ცნობას.“
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ 156-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. კონსტიტუციურ სარჩელში ამგვარ მტკიცებულებათა მითითების ვალდებლებას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 156-ე ნორმით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით საუბარია, ზუსტად „საკონსტიტუციო სამართალწამოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებთან სარჩელის შინაარსობრივ შეუსაბამობაზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად, მოქალაქე ირინა სარიშვილი–ჭანტურიას კონსტიტუციური სარჩელი და შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე;
2. ეს განჩინება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში;
3. განჩინება საბოლოოა და გაჩაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)
ასლი დედანთან სწორია.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივნის მოვალეობის
შემსრულებელი ზაურ ჯინჯოლავა