საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის, (სულ 91 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის დადგენის მოთხოვნით
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/159/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 5 ივნისი 2001 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე-მომხსენებელი მოსამართლე);
2. ლამარა ჩორგოლაშვილი;
3. ზაურ ჯინჯოლავა;
4. ავთანდილ აბაშიძე.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის, (სულ 91 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის დადგენის მოთხოვნით.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის ქმედობის კონსტიტუციურობა – საქართველოს კონსტიტუციის 69-ე და 72-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის წარმომადგენელი – ზაქარია ქუცნაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია:
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის – (სულ 91 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2001 წლის 22 მაისის რეზოლუციით საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
კონსტიტუციური წარდგინება შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „თ“ პუნქტის, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 41-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-15, მე-16 მუხლების საფუძველზე.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად დავის საგანს წარმოადგენს – საქართველოს პრეზიდენტის ქმედობის კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე და 72-ე მუხლებთან მიმართებით.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის თანახმად „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, რომელიც წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად“. სწორედ ამ მუხლში აღნიშნული და ასევე სხვა მრავალი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს კონსტიტუციამ 72-ე მუხლით აუკრძალა მას ყველა სხვა თანამდებობის დაკავება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად „საქართველოს პრეზიდეეტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე საქმიანობისათვის“.
1993 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში დაფუძნებულ იქნა მოქალექეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, რომლის დამფუძნებელი კრებაზე პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბატონი ედუარდ შევარდნაძე. 1993 წლის 21 ნოემბრიდან 1995 წლის 21 ნოემბრამდე ბატონი ედუარდ შევარდნაძის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნა არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
1995 წლის 25 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ყველა სხვა თანამდებობის დაკავება. წარდგინების ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული იყო გადამდგარიყო პარტიის თავმჯდომარეობიდან.
პრეზიდენტის ყოფნა ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძვანელ თანამდებობაზე, წარდგინების ავტორთა აზრით, ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლს, რომლის თანახმად „...საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად...“ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მხოლოდ ამ ერთი პარტიის დამკვიდრებასა და მისი შეხედულებების დანერგვას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის თანახმად „პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოაგდოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში“. გამოდის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე, მხოლოდ ამ ერთი პარტიის მეშვეობით და მისი ინტერესების შესაბამისად უნდა მონაწილეობდეს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. მაშინ, როცა მხოლოდ ამ ერთი პარტიის პრინციპებით არ შეიძლება ქვეყნის ერთიანობის უზრუნველყოფა.
ამასთან, „საქართველოს მოქალაქეთა კაშირის“ მოქმედი წესდების მე-7 მუხლის თანახმად „კავშირი მონაწილეობს ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატურების დასახლებაში, მათი მხარდაჭერის და პროპაგანდის გზით“ აქედან გამომდინარე ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების საწინააღმდეგოდ ემსახურება, მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის ქმედებით, რაც გამოიხატება იმით, რომ იგი არ გადადგა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალექეთა კავშირის“ თავმჯდომარეობიდან საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ და ითავსებს ამ თანამდებობას, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 69-ე და 72-ე მუხლების მოთხოვნები.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მოითხოვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის ქმედობის კონსტიტუციურობის თაობაზე.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის – (სულ 91 დეპუტატი) მიერ შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო;
კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მოითხოვენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამათრლოს დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის ქმედობის კონსტიტუციურობის თაობაზე.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის – (სულ 91 დეპუტატი) მიერ შემოტანილი კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კონსტიტუციური წარდგინება თავისი ფორმით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნებს.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის 7-ე პუნქტის თანახმად, „ამ კანონის მე-19 მუხლის „თ“ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადენს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალიწინებულ პირთა ქმედობის კონსტიტუციურობას“ ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი დასკვნისთვის გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნის დაადასტურა პრეზიდენტის ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის განხილვის შემდეგ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რომ კენჭისყრაზე დაისვას იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების საკითხი.
„იმპიჩმენტსი შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად იმპიჩმენტი არის კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის და სხვა თანამდებობის პირების თამდებობიდან გადაყენების წესი. ამ კანონიდან გამომდინარე აღნიშნული წესი პირველ რიგში ითვალისწინებს საკითხის აღძვრის პროცედურის გავლის შემდგომ, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა წერილობით უნდა უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია აღნიშნული საკითხი დასკვნისათვის გადასცეს შესაბამის სასამართლოს 3 დღის ვადაში. დასკვნის მიღების შემდეგ პარლამენტი იწყებს მის განხილვას და კენჭისყრაზე საკითხის დაყენებას. როგორც ვხედავ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა ერთი-მეორეს მომდევნო, მრავალეტაპობრივი პროცესია. ყოველი ეტაპისათვის კი კანონით განსაზღვრულია კონკრეტული ვადები.
წარდგინების ავტორთა მოსაზრება, რომ ისინი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურობაზე დასკვნას მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19, 23-ე და 41-ე მუხლების გათვალისწინებით და წარდგინება არ აყენებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას, სასამართლო კოლეგიის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან კანონმდებლობითი თანამდებობის პირის ქმედობის კონსტიტუციურობაზე დასკვნის შემოტანის უფლება ეძლევა იმ ორგანოს, სადაც აღიძვრება საკითხი და საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. სახელდობრ, კანონი კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას კონკრეტული საქმის განხილვის დროს საერთო სასამართლოში აძლევს სასამართლოს და არა საქმეში მონაწილე პირებს. ასევეა იმპიჩმენტის საკითხის აღძვრის შემთხვევაშიც.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ამ ორგანოთა გვერდის ავლით, კონსტიტუციური წარდგინებით უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმარვისა და დამოუკიდებელ მოთხოვნად განხილვის უფლებამოსილება კანონით გათვალისწინებული არ არის. მით უფრო, განსახილველი კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „თ“ პუნქტი, თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ, ხოლო, ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტში გათვალისწინებული აღძრული საკითხის განხილვისას, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის გამოყენებას მოითხოვს, რომელიც მთლიანად იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ეხება.
საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „თ“ პუნქტი, 23-ე და 41-ე მუხლები სისტემურ კავშირშია ერთმანეთთან და იმპიჩმენტის ნორმებს ადგენს, რომლის განხორციელებით საქართველოს პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს პრეზიდენტი.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებია. პირველი მიღებულია 1996 წლის 31 იანვარს, ხოლო მეორე – 1997 წლის 11 ნოემბერს. ასეთ შემთხვევაში „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად „ნორმატიულ აქტებს შორის წინაამღდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.
იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინაამღდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული აქტით დადგენილი ნორმა”.
„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნის მომზადებისას ხელმძღვანელოსბ საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „თ“ პუნქტით, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტითა და 43-ე მუხლით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-18, 21-ე, 22-ე მუხლებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (სულ 91 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ქმედობის კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)
ავთანდილ აბაშიძე (წევრი)
ასლი დედანთან სწორია:
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ნიკოლოზ შაშკინი