გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/1277 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 30 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 მარტი 2018 18:55 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1277) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლაბაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 16 ნოემბერს. №1277 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 30 მარტს.
2. №1277 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, პოლიტიკურ პარტიას მოეთხოვება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სიის წარდგენა, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის და ტელეფონის მითითებით და მათი ხელმოწერებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმამ შესაძლოა მომავალში გამოიწვიოს მოსარჩელის პოლიტიკური გაერთიანების შექმნის უფლების დარღვევა. კერძოდ, პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობად მინიმუმ 1000 წევრის განსაზღვრა წარმოადგენს არაგონივრულ შეზღუდვას, რადგან აქტიური პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება მოსარჩელეს შესაძლებლად მიაჩნია წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც.
6. მოსარჩელის განმარტებით, ის სადავოდ არ ხდის პარტიის რეგისტრაციის აუცილებლობის მოთხოვნის, არამედ პრობლემურად მიაჩნია სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა პარტიულ სიაში 1000 მოქალაქის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. ამასთან, გაუგებარია, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს სადავო რეგულირებით დაწესებული შეზღუდვა.
7. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა, თუმცა სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რადგან დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. უფლების ამ ინტენსივობით შეზღუდვის აუცილებლობა არ იკვეთება, შესაბამისად, კანონმდებელს შეეძლო, ნაკლებად ინტენსიური შეზღუდვა დაეწესებინა სადავო საკითხთან მიმართებით. ამასთან, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის შედეგად მიღებული საჯარო სიკეთე არ არის თანაბარწონადი უფლების შეზღუდვის ინტენსივობის.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირების გაუქმება, გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების უკეთ რეალიზებისა, ხელს შეუწყობს პარლამენტის მრავალპარტიულობას. კერძოდ, თუკი სადავო რეგულირება აღარ იარსებებს, პოლიტიკური პარტიის დაარსებისათვის აღარ იქნება აუცილებელი მნიშვნელოვანი ადამიანური თუ ფინანსური რესურსის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტად პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1277 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1277 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში