• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გიორგი ჩიდრაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1945
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში,
ავტორ(ებ)ი გიორგი ჩიდრაშვილი
თარიღი 23 თებერვალი 2026



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მიწის ნაკვეთის ფლობის კრიტერიუმები: გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო 1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მუხლი 19. საკუთრების უფლება საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე- 4 პუნქტი. მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 31 პრიმა მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არცერთი სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლით დადგენილ ყველა მოთხოვნას.

კერძოდ, სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულ შესაბამისობაშია აღნიშნული მუხლის მოთხოვნებთან. იგი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, მოიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს, სამართლებრივ დასაბუთებასა და არგუმენტაციას, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად აკმაყოფილებს 31-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ და შინაარსობრივ კრიტერიუმებს.

სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება გააჩნია ფიზიკურ პირს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტით ირღვევა მისი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არის ფიზიკური პირი და სადავო ნორმით უშუალოდ, პირდაპირ და რეალურად ირღვევა მისი კონსტიტუციური თანასწორობის უფლება.

სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. აღნიშნული ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. წარმოდგენილი სარჩელი სწორედ ასეთ საკითხს შეეხება.

საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული არცერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რაც გამორიცხავს სარჩელის არმიღებას იმ საფუძვლით, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

სარჩელში დაყენებული ყველა საკითხი გადაწყვეტადია უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, ვინაიდან სადავო ნორმები გასაჩივრებულია კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლოს გააჩნია სრული იურისდიქცია და სამართლებრივი შესაძლებლობა განახორციელოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება.

სადავო აქტი წარმოადგენს საკანონმდებლო აქტს და მისი კონსტიტუციურობის საკითხის სრულფასოვანი განხილვა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც მოცემული სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადას, რის გამოც სარჩელი შეტანილია კანონით დადგენილი პროცესუალური მოთხოვნების სრული დაცვით და მისი განსახილველად არმიღების რაიმე დროითი ან სხვა სახის ბარიერი არ არსებობს.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

მოსარჩელე მხარე ვითხოვთ, არაკონსტიტუციურად სცნოთ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ავალდებულებს განმცხადებელს თვითმმართველ ერთეულში ქალაქ თბილისში, 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, დამატებით შენობა-ნაგებობის (ან შენობა-ნაგებობის ნარჩენების) არსებობას, აგრეთვე ასაღიარებელი ნაკვეთის დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებობას, ფლობის დასადასტურებლად.

აღნიშნული მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

გ) თვითნებურად დაკავებული მიწა - არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო, ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან მის გარეშე და დგინდება, რომ ფიზიკური პირი მიწის ნაკვეთს ფლობდა ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდიდან, აღიარების კომისიისთვის განცხადებით მიმართვის დღემდე.

მოტივაცია

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. აღნიშნული ნორმა არა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ატარებს, არამედ განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს სოციალური სამართლიანობა, სოციალური თანასწორობა და სოციალური სოლიდარობა.

მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს აკისრებს აქტიურ პოზიტიურ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის განმტკიცებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს მოქალაქეთა არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას სოციალური (ფინანსური), ან საცხოვრებელი ტერიტორიის ნიშნით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. აღნიშნული ჩანაწერი ადგენს ტერიტორიული თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს და გამორიცხავს ისეთი სამართლებრივი რეჟიმის არსებობას, რომელიც კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ პირებს დაუსაბუთებლად აყენებს ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა/ქმედება ქმნის განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობას საცხოვრებელი ადგილისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობები. სახელმწიფოს მიერ ტერიტორიული ნიშნით დიფერენცირებული მოპყრობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ემსახურება ობიექტურ, გონივრულ და კონსტიტუციურად ლეგიტიმურ მიზანს და არის პროპორციული.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის შესაძლებლობას, აღნიშნული გამონაკლისი წარმოადგენს პოზიტიურ დისკრიმინაციას, რომელიც მიზნად ისახავს უთანასწორობის აღმოფხვრას და არა ახალი უთანასწორობის შექმნას. შესაბამისად, სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლების შეზღუდვა ან მათთვის სარგებლის დაუსაბუთებელი შეზღუდვა ვერ ჩაითვლება სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან შესაბამის ქმედებად.

სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებები ემყარებოდეს სოციალური სამართლიანობის იდეას და უზრუნველყოფდეს თანაბარ შესაძლებლობებს. საცხოვრებელი ადგილის საფუძველზე არათანაბარი მოპყრობა, რომელიც არ არის გამართლებული პროპორციულობის ტესტით, არღვევს როგორც კონსტიტუციის მე-5 მუხლს, ისე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. დაუშვებელია დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის, სოციალური სტატუსის ან სხვა ნიშნის მიხედვით. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს თანასწორი მოპყრობა და თავი შეიკავოს ისეთი სამართლებრივი რეგულაციებისაგან, რომლებიც პირებს არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. გასაჩივრებული ნორმა/ქმედება ქმნის განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს იმ პირების მიმართ, რომლებიც განსხვავდებიან საცხოვრებელი ადგილის (ან მატერეალური ნიშნის) მიხედვით. აღნიშნული განსხვავებული მოპყრობა არ ეფუძნება არც ლეგიტიმურ მიზანს და არც პროპორციულობის პრინციპს, რის შედეგადაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება.

საკონტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დისკრიმინაციის არსებობის დასადგენად საკმარისია დადგინდეს:

ა) პირების შედარებადობა;

ბ) მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა;

გ) აღნიშნული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლების არარსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იმყოფება არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმ პირებთან შედარებით, რომელთაც სადავო ნორმა ან ქმედება უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის (ან ფინანსური რესურსების არსებობა/არარსებობის ნიშნის) საფუძველზე, მოსარჩელეს ეზღუდება სამართლიანი სამართლის რეალიზაციის შესაძლებლობა, რაც მიუთითებს განსხვავებულ და არათანასწორ მოპყრობაზე.

აღნიშნული განსხვავება ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურად გამართლებულად, ვინაიდან სახელმწიფოს არ გააჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა პირის უფლებრივ მდგომარეობაში დაქვეითებას მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ან იმის გამო, რომ ოდესღაც არ ჰქონდა ფინანსური რესურსი ეწარმოებინა სამშენებლო საქმიანობა და აეშენებინა საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ნაგებობა.

მეტიც, თუნდაც ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, გამოყენებული საშუალება აშკარად არაპროპორციულია და აჭარბებს აუცილებელ ფარგლებს. შედეგად, გასაჩივრებული ნორმა/ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს და არღვევს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტურ პრინციპს.

საყურადღებოა, რომ კანონის ამოქმედებამდე შენობის არსებობის შემთვევაშიც, მიიჩნევა, რომ შენობა აშენებულია უკანონოდ და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შენობა არ ეთითება ამონაწერსა და გეგმაზე.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ავალდებულებს 2007 წლის 20 სექტემბრამდე უკანონო მშენებლობის არსებობას, იმისათვის რომ დღეს მოვიპოვოთ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე.

პარადოქსულია, რომ სახელმწიფო ავალდებულებს უკანონობის ჩადებას (უკანონო მშენებლობა), მიწის ნაკვეთზე კანონიერი საკუთრების უფლების მოსაპოვებლად და მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ფლობის დასადგენად ერთადერთ ინსტრუმენტად განსაზღვრავს შენობის (უკანონოდ აშენებული/მშენებარე/დანგრეული შენობის) არსებობას.

1990 იანი წლებიდან ოჯახით ვფლობთ მიწის ნაკვეთს ქ. თბილისში. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე იყო გარეუბნის ნაგავსაყვერილი (ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-2 და მე-3 მიკრორაიონების მიმდებარედ) მამის ზაქარია ჩიდრაშვილის მიერ საკუთარი ფიზიკური რესურსით მოსწორდა მიწა, მოსუფთავდა, დაირგო ხეები, შემოიღობა. მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი - (მიწის ნაკვეთის მოვლა - დამუშავება) დასტურდება ჯერ კიდევ 2005 წლის ორთოფოტოებზე/საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულს დაადასტურებს ექსპერტიზაც.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეყვანილია ელექტროენერგია, წყალი და მოწყობილია წყალარინება (კანალიზაცია). აღნიშნული ნებართვები გაცემულია ადგილონრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. ხოლო შემდეგ იმავე თვითმმართველობის აღიარების კომისიამ უარი მითხრა ამავე ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მას შემდეგ, რაც შემიქმნა იმედი, მოლოდინი, სამეზობლოდ გაშენდა დასახლება და ბოლოს, უარი. გამოდის, სახელმწიფო ერთი ხელით მაძლევს, მეორე ხელით მართმევს.

ამასთან, ჩვენი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე (ტყის მასივი, რეკრეაცია და ა.შ.), რომელზეც დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება და აღიარების კომისიის მიერ გაცემულია საკუთრების უფლების მოწმობა მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლის საკადასტრო კოდია: 01.17.06.013.003; 01.17.06.013.007 და სხვა.

მიუხედავად ამისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 16 აპრილის განკარგულებით N1317 უარი მეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება N902018014162-17 (24.05.2024) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

აღიარების კომისიის 2024 წლის 16 აპრილის განკარგულების N1317 თანახმად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მიწის ნაკვეთის ფლობის კრიტერიუმები.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

თუ გავაკეთებთ მოცემული მუხლის ანალიზს მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი დგინდება ორი გარემოებით/კრიტერიუმით:

1. მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული)

2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.

შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე არ არის განლაგებული უკანონოდ აშენებული, უკანონოდ მშენმებარე ან უკანონოდ დანგრეული შენობა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ართმევს საქართველოს მოქალაქეს და მიწის ნაკვეთის მფლობელს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ფლობს, როგორც საკუთარს და მეტიც, ართმევს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ფლობენ თაობები.

ქართულ რეალობაში რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აშენებული მაგალითად არასაცხოვრებელი შენობა იმ მიზნით, რომ მიწის ნაკვეთს ფლობდეს. ხოლო, თუ შენობა არ იქნება აშენებული ვერ დარგავს კაკალს, მსხალს, ტყემალს, ქლიავს, ვერ შემოღობავს მიწის ნაკვეთს, ვერ გაიყვანს წყალს, დენს და ა.შ. პასუხია მხოლოდ ერთი: შენობის არსებობა ან მისი არარსებობა არ ზღუდავს პირის მფლობელობის წარმოშობას ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (მით უმეტეს, ქართულ რეალობაში) და არ უნდა ართმევდეს საქართველოს მოქალაქეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქე მიწის ნაკვეთში ჩადებს მთელ თავის ცხოვრებას, მთელ რესურს, შემოღობავს, გაასუფთავებს, დარგავს ნარგავებს, 30 წელზე მეტია უვლის როგორც საკუთარს, ნაგავსაყრელისგან აქცევს ბაღნარს და აქვს ემოციური ბმა, რადგან ის რაშიც ჩადებ წლებს და შრომას გიყვარს, როგორც საკუთარი.

შენობა არის მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, მიწის ნაკვეთის მფლობელი არის მასზე განლაგებული შენობის მფლობელიც და არა პირიქით.

ხოლო,,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი გვეუბნება: თუ ხარ შენობის მფლობელი კანონის ამოქმედებამდე, შესაბამისად ხარ მიწის მფლობელიც და სხვანაირად მიწაზე მფლობელობა გამორიცხულია, რაც ართმევს საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე.

მაგალითად, თქვენს წინაშეა ორი მიწის ნაკვეთი:

1. მიწის ნაკვეთი, რომელიც არის შემოღობილი, რომელშიც დგას 30 წლიანი კაკალი, თხილი, ვაშლი და ა.შ. (რისი დადასტურებაც შეიძლება ექსპერტიზის დასკვნითაც) გაყვანილია წყალი, დენი, გასუფთავებული და მოვლილია. ოჯახი ბავშვებით, თაობები უვლიან ნაკვეთს და უყვართ მიწის ნაკვეთი, რადგან მთელი ცხოვრება აკავშირებთ. თუმცა, ვერ ააშენეს შენობა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც, ამავე დროს, ჩაითვლებოდა უკანონო მშენებლობად.

2. ნაკვეთი, რომელიც არ არის მოვლილი, არ არის შემოღობილი, წლებია მიტოვებულია, თუმცა მის „მფლობელს“ გაუმართლა და 5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ან საცხოვრებელი შენობა ააშენა კანონის ამოქმედებამდე, თუმცა მას მერე არანაირი რესურსი არ ჩაუდია მიწის ნაკვეთში, პერიოდულობით თუ ავა ნაკვეთში.

თქვენი შინაგანი რწმენით, სამართლიანობაზე დაყრდნობით და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელ მიწის ნაკვეთზე დგინდება ფლობა, რომელ პირს უღიარებდით საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე და რომელს ეტყოდით უარს?

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე პასუხი ერთია: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას უღიარებენ მეორე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ გაგიჩნდებოდათ უსამართლობის განცდა.

წარმოიდგინეთ, პირველი ნაკვეთის მესაკუთრეს როგორი იმედგაცრუება და უსამართლობის განცდა აქვს , რამხელა დანაკარგის გადატანა უწევს მხოლოდ იმიტომ რომ, სახელმწიფო ეუბნება: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ გაქვს აშენებული უკანონო შენობა . სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: არ გაქვს ჩადენილი უკანონობა, კანონოერი ინტერესის დასაცავად.

ასევე, ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე არის გაუმართლებელი, ვინაიდან მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს რომელიმე უფლებაზე მიბმულ უფლებას და წარმოადგენს დამოუკიდებელი უფლების ობიექტს.

პირის მიერ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფლობის ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით, ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასებით, მოწმეების ჩვენებით, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადასტურდება ღობის, ნარგავების ასაკი და ა.შ.

მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ფლობის დასადგენად სახელმწიფო ერთადერთ ინსტრუმენტად არ უნდა განსაზღვრავდეს უკანონო შენობის არსებობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

თვითნებურად დაკავებული მიწა - არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და დგინდება, რომ ფიზიკური პირი მიწის ნაკვეთს ფლობდა ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდიდან აღიარების კომისიისთვის განცხადებით მიმართვის დღემდე, რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს;

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ