საქართველოს მოქალაქე იასონ რეხვიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდე.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | 1/13/165 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 დეკემბერი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე;
ავთანდილ აბაშიძე;
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე იასონ რეხვიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების სრულყოფის ზოგიერთი ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 თებერვლის N95 ბრძანებულების მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელე - საქართველოს მოქალაქე იასონ რეხვიაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 21 ნოემბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის იასონ რეხვიაშვილის 165-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2002 წლის 3 დეკემბერს.
მოქალაქე ი. რეხვიაშვილმა სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2001 წლის 17 აგვისტოს შემოიტანა. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ბორჯომის მინერალური წყლის“ ეტიკეტის ორიგინალური ესკიზის ავტორის გ. გულისაშვილის კანონისმიერ მემკვიდრეებთან 1999 წლის 16 ივნისს გაფორმებული საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე მას, როგორც უფლებამონაცვლეს, გადაეცა ნაწარმოების გამოყენების ყველა განსაკუთრებული უფლება. „მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 თებერვლის N95 ბრძანებულების მე-2 პუნქტით კი „ბორჯომის მინერალური წყლის“ ეტიკეტის ორიგინალური ესკიზი ბორჯომის N1 და N2 ჩამოსასხმელი ქარხნების კუთვნილებად არის აღიარებული. მოსარჩელის აზრით, ამ უკანონობით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული მისი ის უფლება, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია”.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის იასონ რეხვიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი „მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 თებერვლის N95 ბრძანებულების მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ა. აბაშიძე
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)
ასლი დედანთნ სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ნიკოლოზ შაშკინი