ნოდარ გძელიშვილი, სიმონ გძელიშვილი, ზურაბ ქედელიძე და ზურაბ კალანდარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/8-48-54/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 8 ივლისი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ნოდარ გძელიშვილი, სიმონ გძელიშვილი, ზურაბ ქედელიძე და ზურაბ კალანდარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1938 წლის 8 თებერვლის ცირკულარული წერილი - ,,იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ჩამორთმეულია 1933 წლამდე ჩათვლით“.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელეები: 1) ნოდარ და სიმონ გძელიშვილები (მოსარჩელეთა წარმომადგენელი - იურისტი არჩილ კბილაშვილი); 2) ზურაბ ქედელიძე; 3) ზურაბ კალანდარიშვილი. 2. მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლოს სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 1996 წლის 24 სექტემბერს, კონსტიტუციური სარჩელით მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ნოდარ და სიმონ გძელიშვილებმა. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1938 წლის 8 თებერვლის ცირკულარული წერილი ,,იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ჩამორთმეულია 1933 წლამდე ჩათვლით“.
იგივე საკითხზე, ზემოაღნიშნული სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, 1997 წლის 5 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა საქართველოს მოქალაქის ზურაბ ქედელიძის, ხოლო 1997 წლის 9 ივნისს - საქართველოს მოქალაქის ზურაბ კალანდარიშვილის კონსტიტუციური სარჩელები.
ვინაიდან, კონსტიტუციური სარჩელების მოთხოვნის საგანი და საფუძველი ერთი და იგივეა იყო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სამივე კონსტიტუციური სარჩელი ერთ წარმოებაში იქნა გაერთიანებული.
მოსარჩელეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმატიული აქტად წარმოუდგინეს რუსულ ენაზე მანქანაზე დაბეჭდილი, ოფიციალურად დაუმოწმებელი, მათი აზრით, სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი, გრიფით ,,გამოქვეყნებას არ ექვემდებარება“.
კონსტიტუციურ სარჩელებში, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არის საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1938 წლის 8 თებერვლის დადგენილება, (შემდგომში ცაკ-ის დადგენილება), რომელიც ეხებოდა მოქალაქეებისათვის 5-6 წლით ადრე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხს. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ქონების კონფისკაცია კულაკური ელემენტების განკულაკების დროს, იმის გამო, რომ მათ არ შეასრულეს სახელმწიფო ვალდებულებები და არ გადაიხადეს ჯარიმები, თავის დროზე, კანონიერ საფუძველზე განხორციელდა და ასეთ მოქალაქეთა მიმართ გამოყენებული რეპრესიები გამომდინარეობდა მთავრობის დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე აქტიური კულაკური ელემენტები გამუდმებით ცდილობენ უკან დაიბრუნონ ჩამორთმეული ქონება, რისთვისაც ეყრდნობიან კონსტიტუციით მათთვის მინიჭებულ საარჩევნო უფლებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებით, კანონიერად გამოყენებული რეპრესიების გადასინჯვის საკითხი არ დასმულა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სსრ ცაკი სთავაზობს: ,,მთლიანად შეწყდეს ამოღებული ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობების მიღება და განხილვა 1933 წლამდე ჩათვლით“.
მოსარჩელეები, თავიანთ კონსტიტუციურ სარჩელებში აღმიშნვენ, რომ სწორედ დასახელებული დოკუმენტი წარმოადგენს იმ სადავო ნორმატიულ აქტს, რომლის საფუძველზე საქართველოს საერთო სასამართლოები 1933 წლის ჩათვლით სახელმწიფო მფლობელობაში გადასული ქონების (სახლის) დაბრუნების შესახებ სარჩელებს განსახილველად არ იღებენ, ან ასეთი სარჩელის მიღების შემთხვევაში - არ აკმაყოფილებენ მათ.
მოსარჩელეების აზრით, საქართველოს სსრ ცაკ-ის ზემოაღნიშნული დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე დღესაც მოქმედებს, რის დასადასტურებლადაც მათ წარმოადგინეს მრავალი მტკიცებულება.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტით დარღვეულია:
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება;
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ვინაიდან, სამივე კონსტიტუციურ სარჩელზე დართული იყო სადავო ნორმატიული აქტის სათანადოდ დაუმოწმებელი ტექსტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძვეზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პიველმა მოადგილემ, ბატონმა ტარიელ კულულაშვილმა, 1997 წლის 1 ივლისის №2-14/137 წერილით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს სსრ ცაკ-ის 1938 წლის 8 თებერვლის დადგენილება წარმოადგენდა საიდუმლო მასალას და ამჟამად იგი არ ინახება იუსტიციის სამინისტროში, რის გამოც ვერ იმსჯელებენ რამდენად შეესაბამება სადავო დოკუმენტის ასლი ორიგინალს.
საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა, ბატონმა თეიმურაზ ზურმუხტაშვილმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოაწოდა საარქივო მასალებში მოპოვებული და ქართულ ენაზე არსებული სათანადოდ დამოწმებული, საქართველოს სსრ ცაკ-ის პრეზიდიუმის 1938 წლის 7 თებერვლის №62 სხდომის ოქმის სრული ტექსტი, რომლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სსრ ცაკ-ის პრეზიდიუმს, 1938 წლის 7 თებერვალს, დაუმტკიცებია საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატის მიერ შემოტანილი, ცირკულარული წერილის პროექტი, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის ცაკ-ებისა, ქალაქის საბჭოებისა და რაიაღმასკომებისადმი - ,,იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ჩამორთმეულია 1933 წლამდე ჩათვლით“.
ამავე დროს, საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა, 1997 წლის 7 ივლისის №01-21/31 წერილით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მასალებში არ აღმოჩნდა 1938 წლის 8 თებერვლის ცირკულარული წერილი - ,,იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ჩამორთმეულია 1933 წლამდე ჩათვლით“.
ამგვარად, სადავო ნორმატიული აქტის ვერც ორიგინალი და ვერც სათანადოდ დამოწმებული ასლი ვერ იქნა მოპოვებული.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ნოდარ გძელიშვილის, სიმონ გძელიშვილის, ზურაბ ქედელიძისა და ზურაბ კალანდარიშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1938 წლის 8 თებერვლის ცირკულარული წერილის - ,,იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ჩამორთმეულია 1933 წლამდე ჩათვლით“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით. საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომის ოქმი, მართალია, ადასტურებს საქართველოს სსრ ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე ცირკულარული წერილის დამტკიცების ფაქტს, მაგრამ აღნიშნული ოქმი თავად ნორმატიულ აქტს არ წარმოადგენს;
2. მართალია, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნული ცირკულარული წერილის სწორედ დაუმოწმებელი სახით საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში გამოყენების ფაქტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი სადავო აქტის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, რადგან საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 39-ე, მე-40 და 41-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ წარმოდგენილ სადავო აქტს: 1) არა აქვს ნორმატიული აქტის სახე; 2) შედგენილი არ არის საქართველოს სახელმწიფო ენაზე; 3) არ არის დაცული ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი აუცილებელი პირობა - მისი გამოქვეყნება (მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ცირკულარული წერილი არის გრიფით: ,,არ ექვემდებარება გამოქვეყნებას“, მაშინ, როდესაც დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს); 4) ვერ იქნა მოპოვებული რაიმე მასალა, სადაც სადავო აქტი, დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნებოდა, როგორც ნორმატიული ხასიათის აქტი.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 43-ე მუხლით და საქართველოს კანონის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. საქართველოს მოქალაქეების: ნოდარ გძელიშვილის, სიმონ გძელიშვილის, ზურაბ ქედელიძისა და ზურაბ კალანდარიშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1938 წლის 8 თებერვლის ცირკულარული წერილის - ,,იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ჩამორთმეულია 1933 წლამდე ჩათვლით“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით - არ იქნას არსებითად განსახილველად მიღებული და საქმეზე სამართალწარმოება შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ზ. ჯინჯოლავა.