საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/272 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 11 თებერვალი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (1) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ“ 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, (2) „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტცუიის 39-ე მუხლთან და 44-ეკ მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: - საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურამ გალდავა.
საქართველოს სახალხო დამცველის 272-ე ნომრის რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 20 იანვარს. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადმოეცა 2004 წლის 27 იანვარს. განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა მიმდინარე წლის 4 თებერვალს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მოსარჩელელ ასახელებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლს, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლსა და “სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “ი” პუნქტს.
კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე აპოლონ გადელიამ. განცხადებაში იგი აღნიშნავდა, რომ 2000 წლის 28 ივნისიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სწრაფი რეაგირების რაზმის უფროსის მოადგილედ და შტაბის უფროსად. საგანგებო ლეგიონის უფროსისი მოვალეობის შემსრულებლის 2003 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამ ბრძანებას საფუძვლად დაედო “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი. სარჩელიდან ჩანს, რომ პრეზიდენტის მიერ ამ კანონისათვის დართულ განმარტებით ბარათში საუბარი იყო საგანგებო ლეგიონის რეორგანიზაციაზე და არა ლიკვიდაციაზე, როგორც ეს საბოლოოდ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში აისახა. ამასთან, აღნიშნული კანონი რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა მიღებული და ამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მოსარჩელის აზრით, ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
რაც შეეხება მეორე სადავო აქტს - “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონს, მოსარჩელის აზრით, იგი შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლით დაწესებული იყო ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სპეციალური წოდებები დაწყებული რიგითიდან - უმაღლესი წოდების ლეგიონის გენერალ – მაიორის ჩათვლით. სადავო კანონით კი სპეციალური წოდებები დაწესდა მხოლოდ საგამოძიებო დეპარტამენტისათვის, ხოლო ოპერატიული მუშაკებისათვის იგი კანონით გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის აზრით, ეს ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლსა და 44-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე განმწესრიგებელ სზხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლის აგნმარტების გაანალიწების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკაშვირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგიის აზრით, არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
1. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი თავისი შინაარსით ნაწილობრივ იდენტურია ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 270-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინებისა, კერძოდ: იმ მწრივ, რომელიც შეეზხება კანონს “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ” და კანონს “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”. აღნიშნულ სადავო აქტებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უკვე იმსჯელა განმსწერისგებელ სხდომაზე და 2004 წლის 26 იანვრის განჩინებით (№13/277) არ მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “დ” პუნქტის ძალით “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ მასში მითითებული ყველა სადავო სკითხი უკვე გადაშყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ”. აქედან გამომდინარე, 272-ე ნომრით რეგისტირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება.
2. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებისაგან განსხვავებით, საქარათველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე, “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონის კოსნტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს საქართველს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 44-0ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, “კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით, ადასრუბენ სარჩელის ... საფუძვლიანობას”. ამ მოთხოვნას ითვალისწინებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტიც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი და ცხადი უნდა იყოს როგორც მოთხოვნის შინაარსი, ისე მისი საგნობრივი შემხებლობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. არც სასარჩელო განცხადებიდან და არც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებიდან არ დასტურდება სადავო აქტების მსგავსი მიმართება კონსტიტუციის დასახელებულ ნორმებთან, რაც მათი არსებითად განსახილველად მიღებისათვის ასევე ხელშემშლელი გარემოებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” და “დ” პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (1) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ” 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, (2) “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტცუიის 39-ე მუხლთან და 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.