მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის შემადგენლობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/302 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 7 ოქტომბერი 2004 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 4 დეკემბერი 2019 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი.
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის შემადგენლობის წინაამღდეგ.
დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა საქმეთა საკასაციო პალატის №ბს-501-602ა-კ-04 განჩინება, მიღებული 2004 წლის 28 აპრილს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან, 44-ე მუხლის პირველი პუნქტთან და 45-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ნელი ნებიერიძის წარმომამადგენელი ზურაბ ინაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004 წლის 3 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №302) მომართა მოქალაქე ნელი ნებიერიძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა საქმეთა საკასაციო პალატის 2004 წლის 28 აპრილს მიღებული №ბს-501-602ა-კ-04 განჩინების საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან, 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 45-ე მუხლთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-14, მე-16, მე-17 მუხლები, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, და მე-7 და მე-9 პუნქტები, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი და 45-ე მუხლი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 84-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტისა “ა” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი: 43-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტები. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-15 და მე-16 მუხლები, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტები, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი და პრეამბულა.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, თუმცა მაშინ იგი სადავოდ ხდიდა კანონებს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” და “საქართველოს კანონი მიწის რეგისტრაციის შესახებ”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და სამივე შემთხვევაში განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
ამჯერად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შეუსაბამობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. მოსარჩელის აზრით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. რომლითაც ნელი ნებიერიძეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, გ. ჭანტურიას ჩიხი №3-ში მდებარე 816,98კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე, სახლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისა და მის საკუთრებად აღრიცხვაზე, 1991 წლის შემდეგ დადებული გარიგების ბათილად ცნობასა და ქალაქ თბილისის მერიისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დღემდე არ არის შესრულებული “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის ცალკე კანონით განსაზღვრას; ასეთი კანონი პარლამენტს დღემდე არ მიუღია.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნულმა განჩინებამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17 მუხლებით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, 21-ე მუხლით, 42-ე მუხლის პირველი, მეორე, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებით, 44-ე მუხლის პირველი პუნქტით და 45-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებები. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კონვენციის პირველ მუხლს, მე-6 მუხლის პირველ პუნქტს. მე-8, მე-13 და მე-14 მუხლებს.
მოსარჩელე მოითხოვს შემოწმებულ იქნას სადავო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა და მისი არაკონსტიტუციურობის დადგენის შემდეგ გაუქმებულ იქნეს, როგორც კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ მიღებული და გამოცემული.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქმის განხილვის პერიოდში შეჩერებულ უნდა იქნეს სადავო აქტის მოქმედება, რადგან იგი არღვევს მის უფლებებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმეში არსებული მასალების განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ დაადგინა, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლეს და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობას უწევს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოში. ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო. მათი კომპეტენციები მკვეთრად გამიჯნულია და საქართველოს კონსტიტუციის 89-ე და “საქართველოს კანონის მე-19 მუხლების თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეცენციაში არ შედის საერთო სასამართლოების მიერ განხილულ საქმეზე ზედამხედველობა.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “გ” პუნქტი ადგენს, რომ კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
2. ამასთან, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტით სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული და არა სხვა სამართლებლივი აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
3. სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებს მოსარჩელის იმ მოსაზრების თაობაზე რომ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტი ვალდებული იყო დაუყონებლივ მიეღო ცალკე კანონი რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლების აღდგენის წესის შესახებ, რაც შემდგომში მისი საკუთრების დაბრუნების საფუძველი გახდება. საკონტიტუიო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთხელ უკვე იმსჯელა ამის თაობაზე და 2004 წლის 19 თებერვლის №1/3/273 განჩინებით დაადგინა, რომ აღნიშნული საკითხი არ იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სთხოვა საქართველოს პარლამენტს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირუბულთა სოციალური დაცვის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იყო რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითხში.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი სარჩელის განსახილველად მიღებას”.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტით, საქართველოს კანონით “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის “გ” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქე ნელი ნებიერაძის 302 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა საქმეთა საკასაციო პალატის წინააღმდეგ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა საქმეთა საკასაციო პალატის №ბს-5001-602ა-კ-04 განჩინების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან 44-ე მუხლის პირველი პუნქტებთან და 45-ე მუხლთან მიმართებით;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბედინაძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა