ალექსანდრე ცხოვრებაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 1996 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი);
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: ალექსანდრე გიორგის ძე ცხოვრებაშვილი;
2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი.
სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ, 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტით – “საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლი ჩამოაყალიბა შემდეგი რედაქციით: “დავა იმ ხელმძღვანელი მუშაკისა, რომელსაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, მოსამართლეების, პროკურორების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლების დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ანაზღაურების და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხზე განიხილება ზემდგომი ორგანოების მიერ”.
მოსარჩელე – ალექსანდრე ცხოვრებაშვილი თვლის, რომ საქართველოს შრომის კანონთან კოდექსის 213-ე მუხლით, ილახება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცული უფლება, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლი ლახავს მის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს და მოითხოვს, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ალექსანდრე ცხოვრებაშვილის კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის “ვ” პუნქტიდან და იგი არსებითად განსახილველად უნდა იქნეს მიღებული.
იხელმძღვანელა რა, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის მე-19 და 39-ე მუხლებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16, მე-18 და 21-ე მუხლებით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნას არსებითად განსახილველად მოქალაქე ალექსანდრე ცხოვრებაშვილის კონსტიტუციური სარჩელი;
2. საქმის არსებითად განხილვა დაინიშნოს 1996 წლის 28 ნოემბერს, დღის 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში;
3. საქმეზე მოპასუხედ ცნობილი იქნეს საქართველოს პარლამენტი;
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
ა. აბაშიძე ;
ლ. ჩორგოლაშვილი
ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი)