საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/24/1459 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 დეკემბერი 2019 17:15 |
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2, მე-8, მე-9 და მე-10 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 წინადადებებისა და მე-13 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე, საქართველოს სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარია, მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები – თათული თოდუა, ეკა მამრიკიშვილი, მიხეილ შარაშიძე და გიორგი ბურჯანაძე. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ლევან მჭედელაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1459) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1459 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2019 წლის 12 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 4 და 5 დეკემბერს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2019 წლის 27 ნოემბერს შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა – ზაზა თავაძემ და მაია კოპალეიშვილმა №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისაგან თვითგანრიდების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინებით.
3. №1459 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 34-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. კერძოდ, ადგენს კანდიდატთა შერჩევის თითოეულ ეტაპზე კენჭისყრის პირობებს, შესარჩევ კანდიდატთა ოდენობას და თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობის მინიჭების წესს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. №1459 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს შერჩევის სამართლიანი პროცედურით იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მათ გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იქნენ შერჩეულნი საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსადგენად.
7. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, პარლამენტის უფლებამოსილება შეზღუდულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატებით. თავის მხრივ, სადავო ნორმებით მოქმედი წესი კი, სათანადო ნების შემთხვევაში, შესაძლებელს ხდის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საარჩევნო პროცესით თვითნებურ მანიპულირებას, რამდენადაც სადავო ნორმები, რომლებიც ფარულ კენჭისყრას ითვალისწინებს, არ მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და არ იძლევა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღების პროცესში შებოჭილი არ არის ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სადავოდ გამხდარი წესი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტისათვის წარსადგენ სიაში მოხვდნენ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები.
8. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები ფორმალურად არ ითვალისწინებს პირდაპირი გასაჩივრების აკრძალვას, არქიტექტურა, რომელსაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი ადგენს, გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოს გზით შემოწმების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარის მითითებით, კანონმდებლობა გასაჩივრების ამომწურავად დადგენილ შემთხვევათა შორის არ მოიაზრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო, კანდიდატისათვის უცნობია, თუ საბჭოს რომელი წევრი რა მოტივაციით, არგუმენტაციით ხელმძღვანელობდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, რაც ასევე ზღუდავს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
9. სარჩელის თანახმად, მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურების საფუძველზე შექმნილ და დაკომპლექტებულ სასამართლოს გააჩნია კონსტიტუციურსამართლებრივი ლეგიტიმაცია. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპი, რომლის უზრუნველყოფა, უწინარესად, სწორედ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, იმავდროულად, მოიცავს უმნიშვნელოვანეს კერძო ინტერესს - ინდივიდის უფლებას, მისი უფლებები და თავისუფლებები განსაზღვროს დამოუკიდებელმა მოსამართლემ. სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომელიც არ გამორიცხავს შერჩევის პროცესის თვითმიზნურად და არაგონივრულად წარმართვას, ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დაკომპლექტების კონსტიტუციურ მართლზომიერებას. შესაბამისად, პირს ართმევს შესაძლებლობას, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ისარგებლოს მხოლოდ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით შერჩეული მოსამართლეებისაგან შემდგარი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი ფარული კენჭისყრა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და გასაჩივრების უფლების არარსებობა, ერთიანობაში, იწვევს სამართლიანი სასამართლოსა და საქართველოს მოქალაქის უფლების - დაიკავოს საჯარო თანამდებობა - შეზღუდვას.
11. №1459 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელე განმარტავს, რომ უფლება ეზღუდებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 10 მაისის №1/43 და 2019 წლის 18 სექტემბრის №1/202 გადაწყვეტილებებით დაწყებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესის მონაწილე იმ კანდიდატებს, რომლებიც არ წარედგინნენ პარლამენტს. მოსარჩელის არგუმენტაციით, მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის ან შერჩევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ არსებობს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა და, ამდენად, კანდიდატმა არ იცის, თუ რა გახდა მისი დაწუნების საფუძველი. შესაბამისად, სადავო ნორმები ზღუდავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების როგორც საჯარო თანამდებობის დაკავების, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შეზღუდულ რაოდენობაზე, რაც, თავის მხრივ, ამცირებს კანდიდატთა შესაძლებლობას, მომავალში დაიკავონ აღნიშნული პოზიცია.
12. მოსარჩელე მხარე ნორმის შეჩერების აუცილებლობას ასაბუთებს, მათ შორის, პირის უფლებაზე მითითებით, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს შესაბამისი სამართლებრივი ლეგიტიმაციის მქონე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს, მათ შორის, მოსამართლეობის საუკეთესო კანდიდატებისგან დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს არსებობას. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნორმის შეჩერების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, მოქმედ მოსამართლეებს გაუხანგრძლივოს უფლებამოსილების ვადა და ამ გზით დაიცვას მესამე პირთა ინტერესები.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
14. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმარის პროცედურულ გარანტიებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად და სრულად აკმაყოფილებს მართლმსაჯულების სანდოობის საზოგადო ინტერესს.
15. მოპასუხე მხარის მითითებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც ფორმირდება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ და, შესაბამისად, აღნიშნული ორგანოს სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით, გამჭვირვალედ, საჯაროდ, ღიად და ხანგრძლივი პროცესით მიღებული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას. ამასთან, შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ერთი მხრივ, ეყრდნობა კანდიდატთა მიერ წარდგენილ მთელ რიგ ობიექტურად შეფასებად ინფორმაციას, ხოლო, მეორე მხრივ, თითოეული წევრი კანდიდატთა შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობს კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებით. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი წინაპირობების იდენტიფიცირება.
16. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი წესი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტისათვის წარდგენა არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს მიერ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება. შესაბამისად, რამდენადაც საერთო სასამართლოები მართლმსაჯულების განხორციელებისას მოკლებულნი არიან კონსტიტუციურსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების კონტროლს, შერჩევის პროცესში მონაწილეობისას კანდიდატი არ უნდა სარგებლობდეს გასაჩივრების უფლებით. ამასთან, მოპასუხე უთითებს, რომ გადაწყვეტილება ფორმალურ წინაპირობებთან კანდიდატის შესაბამისობის თაობაზე საჩივრდება სასამართლო წესით. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოქალაქის უფლებას წარმოადგენს მისი კანდიდატურის განხილვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ და მოთხოვნა იმის შესახებ, რომ წარდგენაზე უარის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
17. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის მიცემის ფარულობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ საბჭოს წევრის გადაწყვეტილება ღია კენჭისყრის შემთხვევაში უარყოფითად არ აისახოს მის ინტერესებზე, ხოლო, მეორე მხრივ, იცავს საბჭოს წევრს გარე ფაქტორების ზეგავლენისაგან.
18. მოპასუხე მხარის მითითებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა წარდგენით, განსხვავებით პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისაგან, არ დგება საბოლოო სამართლებრივი შედეგი. კანდიდატებისათვის უარის თქმად განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც პარლამენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონკრეტულ პირთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განწესების შესახებ.
19. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების აუცილებლობა, რამდენადაც არ იკვეთება მოსარჩელეთა მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არ უკრძალავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, შემდგომ კვლავ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში. ამასთან, ნორმის შეჩერება შეზღუდავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცესს, რაც ნეგატიურად აისახება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობაზე. მოპასუხე მხარის მითითებით, საქმეთა დიდი რაოდენობის და სასამართლოს გადატვირთულობის გათვალისწინებით, აუცილებელია მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების შევსება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის მე-8 და მე-9 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-13 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის მე-8 და მე-9 წინადადებების მიხედვით, „თუ შერჩევის პროცედურის დაწყება გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ან 2 ვაკანსიისთვის, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე 3-ჯერ მეტი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ შერჩევის პროცედურის დაწყება გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არანაკლებ 3 ვაკანსიისთვის, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე 2,5-ჯერ მეტი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი (შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა განისაზღვრება ნამრავლის მთელი რიცხვით)“. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული.“ ამავე მუხლის მე-13 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად კი - „ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი სათითაოდ ეყრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას“.
4. მოსარჩელე ხსენებული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მიუთითებს, რომ კანდიდატთა შერჩევის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დაუსაბუთებლად და ფარული კენჭისყრით. ამასთანავე, მისი მტკიცებით, საბჭო არ არის ვალდებული, კანდიდატები შეაფასოს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით და არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
5. ზემოაღნიშნული სადავო ნორმები განსაზღვრავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის პროცესში რამდენი კანდიდატი გადადის შემდეგ ეტაპზე და ასევე ადგენს, რომ საბოლოო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატთა საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის საკითხს სათითაოდ ეყრება კენჭი. მოცემული ნორმები არც დამოუკიდებლად და არც სხვა ნორმებთან კავშირში არ აწესრიგებს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებს - საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად, ფარული კენჭისყრით მიღებასა და გადაწყვეტილების გასაჩივრებას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია ზემოთ დასახელებული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1459 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის მე-8 და მე-9 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-13 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. №1459 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2 და მე-10 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებისა და მე-13 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული სადავო ნორმებით განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევისა და თითოეულ ეტაპზე გადაყვანის ფარული კენჭისყრის პროცედურა.
8. მოსარჩელის არგუმენტაციით, აღნიშნული სადავო ნორმები ზღუდავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე კანდიდატების სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, დასაბუთების გარეშე და არ არსებობს მისი სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ამავდროულად, სახალხო დამცველი მიუთითებს სხვა პირების სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე. კერძოდ, მისი მტკიცებით, სადავო ნორმები არ იძლევა უზენაესი სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტების შესაძლებლობას და პირებს ეზღუდებათ უფლება, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვან კონსტიტუციის შესაბამისად ფორმირებული სასამართლოსადმი მიმართვის გზით.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება, ერთი მხრივ, სადავო ნორმებით დადგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და, მეორე მხრივ, ამ პროცესში მონაწილე კანდიდატების სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ამა თუ იმ ადმინისტრაციული/სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული უფლებაშემზღუდველი აქტის დასაბუთებულობის მოთხოვნა დაცულია იმ მატერიალური უფლებით, რომელ უფლებასაც ზღუდავს მიღებული გადაწყვეტილება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-22-23). სამართლიანი სასამართლოს უფლებით განმტკიცებულია საპროცესო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით მოითხოვოს სახელმწიფო ორგანოს ქმედების კანონიერების შემოწმება. თუმცა თავად სახელმწიფო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ჩარჩოს სტანდარტები არ არის დადგენილი ხსენებული საპროცესო გარანტიით. შესაძლებელია, პირმა იდავოს ამა თუ იმ მატერიალური უფლების შეზღუდვაზე და სახელმწიფოსგან მოითხოვოს კანონმდებლობის ამა თუ იმ მატერიალურ კონსტიტუციურ უფლებასთან შესაბამისობაში მოყვანა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით კი დაცულია საერთო სასამართლოების მიერ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის შემოწმება და არა თავად ამა თუ იმ მატერიალური უფლების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით სახელმწიფო ორგანოსათვის უფლებაშემზღუდველი გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე მიღების შესაძლებლობის დადგენა არ იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის №1/5/1389 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
11. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულების არარსებობა შესაძლოა იწვევდეს კანდიდატთა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას. თუმცა ამ გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი ან/და დასაბუთებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები ვერ შეზღუდავს პირს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
12. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები არ უშვებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რითაც ირღვევა შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატთა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოსარჩელის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საჩივრდება მხოლოდ პირის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება. სადავო ნორმებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით კი ამგვარი წესი არ არსებობს, რაც გამორიცხავს მათი გასაჩივრების შესაძლებლობას.
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
14. ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე გამოირიცხება სასამართლო კონტროლი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ცალსახად დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე სასამართლო კონტროლი არ გამოირიცხება იმის მიუხედავად, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და ახორციელებს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“. ხელისუფლების დანაწილების თანამედროვე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოდელში სასამართლო ხელისუფლების უმთავრესი ფუნქცია სწორედ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების ქმედებათა კონსტიტუციურობისა და კანონიერების კონტროლია. ამავე დროს, ხელისუფლების განმახორციელებელი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების ძირითად უფლებამოსილებებს სწორედ კონსტიტუცია განსაზღვრავს. ამდენად, ზემოხსენებული არგუმენტით მოპასუხე მხარე ფაქტობრივად მიუთითებს, რომ სასამართლო ორგანოებმა უარი უნდა თქვან ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ორგანოთა ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების განხორციელების კანონიერების კონტროლზე. ხსენებული არგუმენტის გაზიარება სასამართლო ხელისუფლებას დაუკარგავს მის უმთავრეს ფუნქციას და ფაქტობრივად არარად აქცევს ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
16. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი სასამართლო ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილებას გამიჯნავს და საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მართლმსაჯულების განხორციელებას კი საერთო სასამართლოებს. ამავდროულად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და მათი განსჯადი საქმეების ფარგლებში გადაწყვიტონ კანონიერების საკითხები, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების (აქტების) კანონიერება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/10/1378 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
17. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ქმედების კანონიერების შემოწმების მიზნით განსაზღვრავს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის ზოგად შესაძლებლობას. ამავე დროს, სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით მოწესრიგების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
18. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. ნორმები აწესრიგებს თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სადავო ნორმები საერთოდ არ შეეხება კანდიდატის მიერ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და არ ადგენს სასამართლო განხილვასთან დაკავშირებულ რაიმე პროცედურას. სადავო ნორმების შინაარსი ამოიწურება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურის რეგულირებით და ვერ იქნება აღქმული სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვად. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა სადავო ნორმის საფუძველზე, კანდიდატს უარი უთხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ნორმებით იზღუდება კანდიდატის უფლება, გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება და რომ, ამ თვალსაზრისით, არსებობს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
19. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები არ უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტების შესაძლებლობას. შესაბამისად, შესაძლებელია, მათ საფუძველზე მოსამართლედ დაინიშნოს ისეთი პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მხარის პოზიციით, ხსენებული შესაძლებლობის არსებობა ზღუდავს ნებისმიერი პირის უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას კონსტიტუციის შესაბამისად ფორმირებული სასამართლოსადმი მიმართვის გზით. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან მიმართებით არსებითად განიხილავს სწორედ აღნიშნული არგუმენტაციის ფარგლებში.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1459 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
21. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები შეიცავს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალურ საფრთხეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს გამოცხადებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე კანდიდატებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2019 წლის 20 ივნისს შერჩეულ კანდიდატთა უფლებებისათვის. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დასახელებულ შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების/ასარჩევად წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია, გამოუსწორებლად დაირღვეს სხვა კანდიდატების საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, ვინაიდან ვეღარ მოხდება მათი ამ პოზიციაზე განწესება კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად. მოსარჩელე ასევე უთითებს სხვა პირების სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხეზეც. კერძოდ, მისი მტკიცებით, ზემოდასახელებულ შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირების თანამდებობაზე განწესების შემთხვევაში ვეღარ მოხდება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება და ვეღარ აღდგება პირების უფლება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართონ კონსტიტუციის შესაბამისად დაკომპლექტებულ უზენაეს სასამართლოს.
22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე.
23. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
24. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, აფასებს ხსენებული მექანიზმის დროში მოქმედებისა და მისი ეფექტიანობის საკითხს. კერძოდ, შეჩერება მიზნის, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალება უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ამრიგად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, იქნება თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული შედეგების თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი.
25. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის ცალკეული დებულებები, რომლებიც ადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. კერძოდ, სადავო ნორმებით განსაზღვრულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ საკითხზე ფარული კენჭისყრის წესი. ამასთან, სადავო ნორმები შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის რამდენიმე ეტაპს.
26. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2019 წლის 10 მაისს და 2019 წლის 18 სექტემბერს გამოცხადებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცედურებზე. წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება დასახელებული შერჩევის პროცედურებში მონაწილე კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის შესახებ. კერძოდ, 2019 წლის 10 მაისს გამოცხადებულ შერჩევის პროცედურაში მონაწილე კანდიდატების წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 4 სექტემბერს, ხოლო 2019 წლის 18 სექტემბერს გამოცხადებულ შერჩევის პროცედურაში მონაწილე კანდიდატების წარდგენის შესახებ - 2019 წლის 6 დეკემბერს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორივე შემთხვევაში შერჩევის პროცედურაში უკვე გავლილია სადავო ნორმებით გათვალისწინებული ეტაპი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიღებული აქვს კანდიდატთა საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება და ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ვერ იქნება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი.
27. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით შესაძლებელია, თავიდან იქნეს აცილებული გამოუსწორებელი შედეგი იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის 10 მაისს ან 2019 წლის 18 სექტემბერს გამოცხადებული შერჩევის პროცედურის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტი არ აირჩევს და დღის წესრიგში დადგება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა წარდგენის შესახებ კენჭისყრის ხელმეორედ გამართვის საკითხი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენილი კანდიდატის პარლამენტის მიერ არჩევაზე უარის თქმის შემდგომ პროცედურებს აწესრიგებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტი, რომლის პირველი წინადადების თანახმადაც, „თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, არსებული ვაკანსიის შესავსებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2 კვირის განმავლობაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ფარულად უყრის კენჭს იმავე პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ სიაში მითითებულ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით“. აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობა განსახილველ საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს უშუალოდ მისი მოქმედების შეჩერების შესახებ.
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავოდ გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის შეჩერება აგრეთვე გამოიწვევს ამავე მუხლის მე-15 პუნქტის შეჩერებას და გავლენა ექნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების ხელმეორედ კენჭისყრის პროცესზე. საკანონმდებლო თვალსაზრისით, კანონმდებელმა შესაძლებელია ამა თუ იმ ნორმის შინაარსის განსაზღვრისათვის გამოიყენოს მითითება სხვა ნორმატიულ აქტებზე, მათ შორის, უკვე ძალადაკარგულ აქტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე და სხვა ტიპის დოკუმენტებზე. ასეთ შემთხვევებში მითითებული დოკუმენტები გამოიყენება მიმთითებელი ნორმის შინაარსის დადგენისათვის და არ იცვლება მათი რეგულირების სფერო.
29. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტს თავისი ავტონომიური რეგულირების სფერო და შინაარსი აქვს. საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, ამ ნორმის შინაარსის განსაზღვრისას მითითებულია ამავე მუხლის მე-7 პუნქტზე. ნორმა უთითებს, რომ, თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, არსებული ვაკანსიის შესავსებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ფარულად უყრის კენჭს შესაბამის კანდიდატებს. ამ შემთხვევაში მე-7 პუნქტით დადგენილი წესი მხოლოდ მე-15 პუნქტის შინაარსის განსაზღვრისთვის გამოიყენება (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №3/2/670 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“, II-8-9). შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 და მე-15 პუნქტებს ავტონომიური, დამოუკიდებელი რეგულირების სფერო აქვთ და მე-7 პუნქტის მოქმედების შეჩერებას გავლენა ვერ ექნება მე-15 პუნქტით მოწესრიგებულ ურთიერთობაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლებელია იმსჯელოს მხოლოდ ამ ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელისა და ნორმით გათვალისწინებული წესით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგის თაობაზე არსებული არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში.
30. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, 2020 წლის 18 მარტამდე უნდა დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალი შერჩევის პროცედურა ორი ვაკანსიისათვის. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეჩერდეს სამომავლოდ კანდიდატთა სადავო ნორმებით დადგენილი წესით შერჩევის გამოსარიცხად. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის არ მიმდინარეობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული შერჩევის პროცედურა, რომელის ფარგლებშიც შესაძლებელია სადავო ნორმების გამოყენებით განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი ზიანი, მას, როგორც აღინიშნა, შეუძლია საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომაც შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/3/813 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შერჩევის პროცედურის გამოცხადებიდან ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება 3 კვირის განმავლობაში, ასევე გათვალისწინებულია 4 სამუშაო დღის ვადა პირის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის გასაჩივრებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ეტაპი დგება შერჩევის პროცედურის გამოცხადებიდან არა უადრეს 3 კვირის და 4 სამუშაო დღისა. ამდენად, დადგენილი ვადების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება იმის გონივრული შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში (თუკი აღნიშნული დროისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული), სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება შერჩევის პროცედურის გამოცხადების შემდგომ. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტში, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე.
32. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სადავო ნორმების მოქმედებით სხვა პირების სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის საფრთხის არსებობის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხელისუფლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის ადეკვატურობა მართლმსაჯულების ფუნქციის სრულყოფილი განხორციელებისა და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის გარანტირებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს.
33. ამდენად, პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი საქმიდან იმ მოსამართლის ჩამოცილება, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით მოსამართლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. ამავე დროს, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს იმ შემთხვევაში, თუ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ არის მიღებული (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). ამგვარად, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის მიერ საქმის განხილვა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირი აღჭურვილია უფლების დაცვის სათანადო საპროცესო მექანიზმებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სადავო ნორმების მოქმედების შედეგად პირის უფლების იმგვარად დარღვევის საფრთხე, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1459 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2 და მე-10 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებებისა და მე-13 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1459 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის მე-8 და მე-9 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-13 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თამაზ ცაბუტაშვილი