საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ( ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N792 |
ავტორ(ებ)ი | პარლამენტის წევრთა ჯგუფი |
თარიღი | 12 ივლისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი. კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:
კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ და მასში აღნიშნულია ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მითითებები;
სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის მიერ;
სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
ამავდროულად, სარჩელში მითითებული არცერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად ;
სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან და საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას“ თავისმხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი ახდენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც სცილდება კონსტიტუციით დადგენილ უფლებამოსილებას არაკონსტიტუციურია. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილებას, არ გამომდინარეობს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან და შესაბამისად წინააღმდეგობაშია მასთან.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის ახალი წესი, რომელიც გულისხმობს თავმჯდომარის წარდგენას და არჩევას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ ცალსახად მოიწონა ვენეციის კომისიამ და მისასალმებელ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია.[1] თუმცა აღნიშნული ახალი წესის ამოქმედება იგეგმება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა შესაძლოა ისევ ძველი, ამჟამად მოქმედი წესით მოხდეს, ვინაიდან მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 30 სექტემბერს ეწურება. ამგვარად, საქართველოს პრეზიდენტს უხანგრძლივდება არაკონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა კიდევ ექვსი თვის განმავლობაში, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე.
მოქმედი ნორმა კი არაკონსტიტუციურია სწორედ იმიტომ, რომ მსგავს უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში არ ითვალისწინებს. ორგანული კანონის ნორმა, რომელიც იერარქიულად კონსტიტუციის ქვემოთ დგას და რომელიც კონსტიტუციისგან განსხვავებულ რეგულირებას აწესებს (ანიჭებს პრეზიდენტს ახალ, კონსტიტუციით გაუთვალისწინებელ უფლებამოსილებას) არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნახსენებია მხოლოდ ის, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.“ კონსტიტუციის ნორმა არ მიუთითებს თავმჯდომარის არჩევის კონკრეტულ წესზე , თუმცა ცალსახად მიანიშნებს, რომ თავმჯდომარეს ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან.
სადავო ნორმა („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი) ავიწროებს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კომპეტენციას, ვინაიდან სასამართლოს წევრები ვალდებულნი არიან თავმჯდომარედ აირჩიონ მხოლოდ ის წევრი, რომელსაც მათ საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის მოქმედ ჩანაწერთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ცვლილებების განხილვის დროს გამოთქვეს პარლამენტის წევრებმაც, რომელთა აზრით, ცვლილებების განხორციელება სადავო ნორმაში მოტივირებულია სწორედ იმით, რომ არსებული წესი შეუსაბამოა კონსტიტუციის ჩანაწერთან.[2] აღნიშნულ ფაქტზე და სადავო ნორმის შესაძლო არაკონსტიტუციურობაზე ყურადღებას ამახვილებს ვენეციის კომისიაც.[3]
2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი) მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია.“ სასამართლოს დამოუკიდებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, იმისათვის რათა არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ მიეცეს თვითნებობისა და საკუთარი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნულის მაკონტროლებელს სწორედ სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს.
სასამართლოს დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაშიც, რომ მისი დაკომპლექტება უნდა მოხდეს სწორი, სამართლიანი და კონსტიტუციის პრინციპებთან შესაბამისი წესებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ხელისუფლების შტოებს შორის საჭირო გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპი.
სადავო ნორმა („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი) მთლიანობაში ეწინააღმდეგება სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ვინაიდან ხელისუფლების სხვა ორგანოები და შტოები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში ერევიან იმაზე მეტად, ვიდრე ეს დასაშვებია კონსტიტუციურ ორგანოთა უფლებამოსილებების გაწონასწორებისა და დაბალანსებისათვის.
ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ძალიან კარგ გამოვლინებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა არჩევა ხდება სწორედ ხელისუფლების სამივე შტოს მიერ თანაბრად (3-3 წარმომადგენელი , რომელიც არჩეულია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ), თუმცა არჩეულ წევრთა შორის თავმჯდომარის დასახელების კომპეტენცია არსებითად არღვევს ამ ბალანს, მეტისმეტად იჭრება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ფარგლებში და საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობასაც.
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: “ხელისუფლების სამი შტოს კომპეტენცია ისე უნდა იყოს რეგლამენტირებული კონსტიტუციით, რომ ხელისუფლების არც ერთ შტოს არ შეეძლოს ხელისუფლების მეორე შტოს ფუნქციის მითვისება. ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა შეეძლოს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილების ვადა ხელისუფლების მეორე შტოს. საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და არა თავისი შეხედულებების მიხედვით. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მაშინ იქნებოდა კანონიერი, თუ ასეთ უფლებამოსილებას მას მიანიჭებდა კონსტიტუცია.“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის #2/80-9 გადაწყვეტილება, პ.10)
ამგვარად, ნებისმიერ ხელისუფლების ორგანოს სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილებაში ჩარევა შეუძლია მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს. ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არღვევს ამ პრინციპს თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და საფრთხეს უქმნის ამ კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობასაც.
თავის მხრივ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფრაზის: „გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“ და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობას, ვინაიდან სწორედ ამ ნორმების საფუძველზე ხდება თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადება და შესაბამისად, არაკონსტიტუციური წესის მოქმედების გაგრძელება.
[1] Opinion on the amendments to the Organic law on the Constitutional Court and to the law on Constitutional Legal Proceeding adopted by the Venice Commission, Opinion 849/2016 (Strasbourg, 14 June 2016), para 15
[2] დასკვნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საქართველოს კანონის პროექტზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (#07-3/544, 10.03.2016), გვ 4
[3] Opinion on the amendments to the Organic law on the Constitutional Court and to the law on Constitutional Legal Proceeding adopted by the Venice Commission, Opinion 849/2016 (Strasbourg, 14 June 2016), para 14
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე:არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი