საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N824 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი დგებუაძე |
თარიღი | 22 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად საკონსტიტუციო სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არის შედგენილი ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით, კერძოდ: დაცულია კონსტიტუციური სარჩელის ფორმა; საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩემს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოსა და პროკურატურის მხრიდან არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის მე-3 წინადადების მე-6 ნაწილი და შესაბამისად ჩემს მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებები. ხსენებულიდან გამომდინარე სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის მე-3 წინადადების მე-6 ნაწილი არღვევს ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; აღნიშნულ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; წინამდებარე სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; საკონსტიტუციო სარჩელის გასაჩივრების ვადა არ არის დარღვეული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად არმიღების საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ჩვენი მოსაზრებით ანტიკონსტიტუციურია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის მე-3 წინადადების მე-6 ნაწილი („ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს"), ვინაიდან აღნიშნული ნორმა სახელმწიფო ბრალმდებლისა და სასამართლოს განმარტების შესაბამისად სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 ნაწილს და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. კერძოდ, საერთო სასამართლოების პრაქტიკით (როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა განმარტებული) დადგენილია რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის მე-3 წინადადების მე-6 ნაწილი შეეხება მხოლოდ უცხოეთში დაკავებული და ექსტრადირებული იმ ბრალდებული პირების სისხლის სამართლის საქმეებს რომლებიც არ იხილება არსებითად. გაცნობებთ, რომ გიორგი გურამის ძე დგებუაძეს 2014 წლის 22 აპრილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2014 წლის 25 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე აღკვეთი ღონისძიების სახით ასევე დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება, წინასასამართლო სხდომის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 28 მაისი. აღნიშნულის შემდეგ მის მიმართ გამოცხადდა ძებნა წითელი ცირკულარით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის (28.05.2014) ჩატარების შემდეგ, 2014 წლის 07 ივნისს გაიმართა საქმის არსებითი განხილვა. პროკურორმა აღნიშნულ სხდომაზე იშუამდგომლა საქმის გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ, რადგანაც იმ პერიოდისათვის ბრალდებული დაკავებული იყო ნიდერლანდების სამეფოში და იგი აღარ ემალებოდა გამოძიებას, ამასთან საჭირო იყო სასამართლო სხდომების განხილვა უშუალოდ ბრალდებულის მონაწილეობით; ხოლო ვინაიდან ექსტრადირებისათვის საჭირო იყო გარკვეული ვადა, ივნისში ჩატარებული სასამართლო სხდომა გიორგი დგებუაძის საქართველოში ჩამოყვანამდე გადაიდო გაურკვეველი ვადით. აღსანიშნავია სხდომის გაურკვეველი ვადით გადადების შემდეგ 2015 წლის ივლისის თვეში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება (დაემატა 230 პრიმა მუხლი), და აღნიშნული ცვლილების თანახმად საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლე ვალდებულია 2 (ორი) თვეში ერთხელ მაინც გადახედოს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - დაპატიმრების მიზანშეწონილობა, ამის გამო სასამართლომ გიორგი დგებუაძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩანიშნა სასამართლო სხდომები და განიხილავდა მხოლოდ 2014 წლის 25 აპრილს შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - დაპატიმრების მიზანშეწონილობას, ასეთი მორიგი სხდომა 2016 წლის 08 თებერვლის შემდეგ ჩაინიშნა 2016 წლის 07 აპრილს. 2016 წლის 22 მარტს გიორგი დგებუაძე ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და მისი სამგზავრო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ ბრალდებული დაკავებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ, პროკურორის მიერ განმარტებული იქნა მისი უფლებები და გადაეცა შესაბამისი ოქმი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად: „ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არაუგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთი ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ“. მოცემული ჩანაწერის თანახმად 2016 წლის 22 მარტს გიორგი დგებუაძის დაკავებისთანავე საგამოძიებო ორგანო ვალდებული იყო დაკავებიდან 48 საათში უზრუნველეყო ბრალდებული პირის წარდგენა სასამართლოსათვის რათა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განხილულიყო 2014 წლის 25 აპრილს შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან/და გაუქმების საკითხი. იმის გამო რომ 2016 წლის 25 მარტს ფაქტობრივად ამოიწურა სასამართლოში წარდგენის 48 საათიანი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადა, დაცვის მხარემ 2016 წლის 01 აპრილს განცხადებით მივმართეთ #9 პენიტენციალური დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ზაზა ჯამატაშვილს და მოვითხოვეთ ბრალდებულის გიორგი დგებუაძის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება რადგანაც გასული იყო ზემოთხსენებული 48 საათიანი ვადა. პენიტენციალური დაწესებულების დირექტორისგან 2016 წლის 05 აპრილს მივიღეთ პასუხი, რითაც ბ-ნ ჯამატაშვილი გვატყობინებდა რომ გიორგი დგებუაძე #9 პენიტენციალურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 2014 წლის 25 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნის შესრულება (ბრალდებულის 48 საათში სასამართლოსათვის წარდგენა) და შეგნებულად დაარღვია ხსენებული ვალდებულება/სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა 2016 წლის 07 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო სხდომზე მოსამართლის ბ-ნ გიორგი დარახველიძის მიერ გაკეთებული განმარტება ადვოკატების მოტივირებულ შუამდგომლობაზე, რომ დარღვეული იყო სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნა და გიორგი დგებუაძე უნდა განთავისუფლებულიყო დაკავებიდან, ვინაიდან იგი ითვლებოდა უკანონო პატიმრად. მოსამართლის განმარტებით სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილი გამოიყენება - იმ ძებნილი ბრალდებულების მიმართ, რომელთა მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები წინასწარი გამოძიების ეტაპზე იყო, ანუ არ იხილებოდა არსებითად; ხოლო არსებულ საქმეზე, რადგანაც ბრალდებულ გიორგი დგებუაძის მიმართ არსებითი განხილვა მიმდინარეობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით - არ უნდა მომხდარიყო სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების შესრულება/დაცვა. ზემოაღნიშნული განმარტება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ვინაიდან მოცემულ მუხლში არსად, არცერთ წინადადებაში არ არის მითითებული (ან/და მინიშნებული) რომ ამ მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები ან/და პროცედურები ვრცელდება მხოლოდ იმ ბრალდებულების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები წინასწარი გამოძიების ეტაპზეა/არ მიმდინარეობს მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვა. შესაბამისად სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურები ვრცელდება ყველა იმ ძებნილი ბრალდებულის მიმართ, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა (განურჩევლად გამოძიების ეტაპისა) და ექსტრადირებისთანავე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელდება მათი დაკავება. აქედან გამომდინარე ბრალდებულ გიორგი დგებუაძის ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ რომ დარღვეულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, და 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი უფლება „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე“ და სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების მოთხოვნა/ვალდებულება. მიუხედავად იმისა რომ როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან ასევე სასამართლოს განმარტებით სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული პროცედურები ვრცელდება თურმე მხოლოდ იმ ძებნილი ბრალდებულების მიმართ რომელთა წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების ეტაპზეა, მიგვაჩნია რომ აღნიშნული განმარტებები სასამართლოს მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და კანონმდებლის მიერ იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების არასწორად გაგებას ან/და მართლმსაჯულების არასწორად განხორციელებას ემსახურება, და ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებლისა და სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული მოქმედებების თავისებურ და არასწორ განმარტებას/ინტერპრეტაციას, სახეზე გვაქვს სსსსკ ნორმა, რომელიც ბუნდოვანია და იძლევა სხვადასხვაგვარი განმარტების და გაგების შესაძლებლობას. რადგანაც სწორედ სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენელი პირების მხრიდან სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის არასწორი გაგების გამო დაირღვა ბრალდებულ გიორგი დგებუაძის უფლება გაესაჩივრებინა კანონით დადგენილ და იმპერატიულად მოთხოვნილ ვადაში (48 საათში) მასზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - დაპატიმრება. სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის არასწორი გაგებისა და ინტერპრეტაციის გამო ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. ზემოაღნიშნულის გარდა გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენელთა განმარტებებით, ძებნილი ბრალდებული მოკლებულია შესაძლებლობას (თუკი მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა) ისარგებლოს სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით - განსხვავებით ანალოგიურ ან/და სხვა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებული პირებისაგან, რომლებიც შესაძლოა ძებნილი ბრალდებულის სტატუსით სარგებლობდნენ და მათი ექსტრადირება წინასასამართლოს სხდომის ჩატარებამდე განხორციელდეს, აღნიშნულ შემთხვევაში ამ პირების მიმართ სსსსკ 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება (48 საათში სასამართლოსათვის წარდგენა) სახელმწიფო ბრალმდებლისა და სასამართლოს განმარტებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდება. შესაბამისად აღნიშნული მუხლის ასეთად გაგებისა და განმარტების შემთხვევაში, არათანაბარ პირობებში უწევთ ყოფნა თუნდაც ერთსა და იმავე სტატუსის მატარებელ პირებს, ადგილი აქვს ამ პირთა მიმართ განსხვავებული უფლებებისა და ვალდებულებების არსებობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სისხლისსამართლის კანონმდებლობას და უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია რომ დღეის მდგომარეობით მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილის მე-3 წინადადების მე-6 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციით დამკვიდრებულ მოთხოვნებს/პრინციპებს, შესაბამისად მითითებული ნორმა არაკონსტიტუციურია და ის უნდა გაუქმდეს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა