ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N7/176/2 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ბესარიონ ზოიძე, ჯონი ხეცურიანი, |
თარიღი | 19 აპრილი 2002 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პ ლ ე ნ უ მ ი ს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
№ 7/176/2 თბილისი. 2002 წლის 19 აპრილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შემადგენლობით: ჯონი ხეცურიანი (სხდომის თავმჯდომარე), ნიკოლოზ შაშკინი, ოთარ ბენიძე, ბესარიონ ზოიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი – ლილი მელაშვილი.
ღია სხდომაზე მოწვეული სპეციალისტების – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ტრისტან მაისურაძის, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროს ნინო ფირანიშვილის, საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის წევრების – ვარლამ თურქაძის და აკაკი გოგობერიშვილის, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის იურიდიული სამსახურის უფროს იოსებ ლობჟანიძის და მოწმის – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის მამუკა კიკალეიშვილის მონაწილეობით
განიხილა საქმე – ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე განიხილა წარდგინების ავტორის დაუსწრებლად.
დავის საგანი: საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტის და მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ:
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2002 წლის 18 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №176) მომართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ და მოითხოვა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტის და მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცის არაკონსტიტუციურად ცნობა.
კონსტიტუციური წარდგინების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და 42-ე მუხლი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ მოქალაქე ნიკოლოზ ბერიძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის საპენსიო განყოფილების მიმართ. სარჩელში მიუთითა, რომ იგი საბჭოთა არმიის კადრის ოფიცერია, არის სამამულო ომის მონაწილე, მაგრამ მისი ნამსახურობის სტაჟის – 19 წლის და 6 თვის – მიუხედავად, არ დაენიშნა პენსია, რადგან ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის თანახმად, პენსიის დასანიშნად აუცილებელია არანაკლებ 20 წლის ნამსახურობის სტაჟი, თუმცა 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთების დაშლის დროს იძულებით დათხოვილ სამხედრო მოსამსახურეთათვის, ამავე კანონით, პენსიის დასანიშნად საჭირო ნამსახურობის სტაჟი განსაზღვრულია 10 წლით.
წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტი, რომლის შესაბამისადაც წელთა ნამსახურობის გამო პენსია ენიშნებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის ათი და მეტი კალენდარული წელი და მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს და თვლის, რომ კანონის ამ ნორმებით პრივილეგირებულია იმ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები, რომლებიც თავიანთი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ იყვნენ დათხოვნილი ქართული სამხედრო შენაერთების დაშლის გამო და მათთვის დადგენილია წელთა ნამსახურობის შემცირებული ვადა, თუმცა, ამავე დროს, უგულებელყოფილია იმ სამხედრო მოსამსახურეთა ინტერესები, რომლებიც მსახურობდნენ საერთო საჯარისო შენაერთებში და ასევე მათი ნების საწინააღმდეგოდ იყვნენ დათხოვილი სამსახურიდან.
წარდგინების ავტორის თქმით, ნ, ბერიძე სამხედრო სამსახურიდან დათხოვილი იქნა იძულებით – შტატების შემცირების მოტივით და არ არსებობდა არანაირი კანონიერი საფუძველი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა შორის განსხვავებული პირობების დადგენისათვის, მით უფრო, საჯარისო ნაწილის არჩევა სამხედრო მოსამსახურის ნება-სურვილზე არ იყო დამოკიდებული.
წარდგინების ავტორი თვლის, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტი და მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცის შესაბამისი ნაწილი, საპენსიო უზრუნველყოფის წესის დადგენისას, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს სწორედ მათი ეროვნული და ენობრივი კუთვნილების ნიშნით. ზემოაღნიშნულმა კანონმა, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი ნაწილით დადგენილი პრინციპების საწინააღმდეგოდ, ერთმანეთისგან განასხვავა საერთო და ქართულ საჯარისო შენაერთებში ნამსახურები ვეტერანები, რითაც შეილახა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მათი თანასწორობის გარანტიები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორის აზრით, სადავო აქტის მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტი და მე-12 მუხლი, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ნ. ბერიძის სარჩელის გადაწყვეტისას, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 42-ე მუხლის საფუძველზე, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს”, ხოლო მე-12 მუხლის 1-ლი აბზაციდან – სიტყვები ,,1956 წელს ქართულ სამხედრო შენაერთში (დივიზიაში)”.
2002 წლის 12 აპრილის ღია სხდომაზე საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ტრისტან მაისურაძემ აღნიშნა, რომ 1956 წელს ქართული შენაერთებიდან იძულებით დათხოვილ პირთა მიმართ წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ვადა პირველად შემოღებულ იქნა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონით. თუმცა ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1992 წლის 16 ოქტომბრის დროებით დებულებაში 1956 წელს დაშლილი ქართული სამხედრო შენაერთი (დივიზია) ცალკე არ იყო გამოყოფილი. სპეციალისტის განმარტებით, აქ ზემოაღნიშნული შენაერთიც მოიაზრებოდა.
ტრისტან მაისურაძემ აღნიშნა, რომ ქართული შენაერთის ფორმირება ხდებოდა არა ეთნიკური ქართველებისგან, არამედ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისაგან და ეს ფორმირება შედიოდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში.
მოწმედ მოწვეულმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა მამუკა კიკალეიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო შენაერთების ფორმირება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში და მათი დაკომპლექტება ხდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან ეთნიკური ნიშნის გარეშე. აღნიშნული ფორმირების დაშლა მოხდა 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, სპეციალური აქტით.
მოწმის აზრით, 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთიდან იძულებით დათხოვილი პირებისათვის წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ვადის დაწესება განპირობებული იყო იმით, რომ დაშლის მომენტისთვის აღნიშნული დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები, დივიზიის არსებობის ვადის გათვალისწინებით, ვერ აგროვებდნენ წელთა ნამსახურობისათვის დადგენილ ოცწლიან სტაჟს და რჩებოდნენ საპენსიო უზრუნველყოფის გარეშე.
მოწმეს მიაჩნია, რომ ნიკოლოზ ბერიძის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონი აღნიშნული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთათვის პენსიის დანიშვნისას შემცირებულ ათწლიან სტაჟთან ერთად მოითხოვს 20 წლის შრომის სტაჟსაც.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან მოწვეულმა სპეციალისტმა იოსებ ლობჟანიძემ დაადასტურა, რომ ,,1956 წელს დაშლილი ქართული საჯარისო შენაერთი (დივიზია)” პირველად 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონში დაფიქსირდა. ასევე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აღნიშნული შენაერთის ფორმირება ხდებოდა არა ეთნიკური ქართველებით, არამედ საქართველოს მოქალაქეებით.
იგივე დაადასტურეს სპეციალისტად მოწვეულმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ფირანიშვილმა და საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელმა ვარლამ თურქაძემ. ნინო ფირანიშვილმა დამატებით განაცხადა, რომ ქართული საჯარისო შენაერთის ფორმირების ან დაშლის ოფიციალური დოკუმენტი ვერ მოიძებნა, თუმცა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფორმირების დაშლა მოხდა შტატების შემცირების გამო.
საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირიდან მოწვეული მეორე სპეციალისტი აკაკი გოგობერიშვილი თავად მსახურობდა ე. წ. ,,414-ე ქართულ დივიზიაში”. მისი ინფორმაციით, ომის პერიოდში საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისაგან საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა შვიდი დივიზია, რომელთაგან ექვსი დაიშალა ომის დამთავრების შემდეგ. მხოლოდ 414-ე ქართულმა დივიზიამ იარსება 1956 წლამდე და დაიშალა მოულოდნელად, სამხედრო მოსამსახურეთა გაუფრთხილებლად. რიგითი შემადგენლობა დემობილიზებულ იქნა. ოფიცერთა შემადგენლობის ნაწილს სამსახური შესთავაზეს შორეულ რეგიონებში და მძიმე პირობებში, ნაწილი კი იძულებით დაითხოვეს არმიიდან საპენსიო სტაჟის მიღწევის გარეშე.
სპეციალისტის თქმით, ქართული დივიზიის დაკომპლექტება და შემდგომი შევსება ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, ძირითადად ქართველებით, თუმცა დივიზიაში იყვნენ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეებიც. ოფიცერთა შემადგენლობაშიც ძირითადად ქართველები შედიოდნენ, თუმცა სპეციალისტებად იწვევდნენ სხვა ეროვნების ოფიცრებსაც.
სპეციალისტის განმარტებით, რესპუბლიკური საჯარისო ფორმირება და ქართული საჯარისო შენაერთი (დივიზია) იდენტური ფორმირებებია.
აკაკი გოგობერიშვილის აზრით, კანონით შემცირებული საპენსიო სტაჟის დაშვება იყო ხელისუფლების ჰუმანური მიდგომა 414-ე დივიზიის ყოფილი მებრძოლების მიმართ, რასაც 1996 წლამდე არსებული საპენსიო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, რადგან საბჭოთა კანონები ქართული დივიზიის ინტერესებს არ გაითვალისწინებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტი და მე-12 მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება წარდგინებაში მოცემულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ,,საბჭოთა შეიარაღებული ძალების საჯარისო შენაერთები თავის დროზე ეროვნული, ეთნიკური და ენობრივი კუთვნილების ნიშნით იყოფოდა,” რის გამოც კანონმდებელმა სადავო ნორმით არათანასწორი სოციალური გარანტიები დააწესა ,,საერთო საჯარისო ნაწილებში” და ,,ქართულ სამხედრო ნაწილებში” მომსახურე საქართველოს მოქალაქეებისათვის მათი ეროვნული, ეთნიკური და ენობრივი კუთვნილების მიხედვით.
საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში გამოყენებული ტერმინი ,,ქართული სამხედრო შენაერთი (დივიზია)” იდენტურია ტერმინისა ,,რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებები”.
რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებები შეიქმნა სსრ კავშირის 1944 წლის პირველი თებერვლის კანონით ,,მოკავშირე რესპუბლიკების საჯარისო ფორმირებათა შექმნისა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სახალხო კომისარიატის საერთო-საკავშირო სახალხო კომისარიატიდან საკავშირო-რესპუბლიკურ სახალხო კომისარიატად გარდაქმნის შესახებ”. სათანადო ცვლილება შევიდა სსრ კავშირის კონსტიტუციაში, რომლის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ყოველ მოკავშირე რესპუბლიკას ჰყავს თავისი რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებები”.
შესაბამისად განიცადა ცვლილებები საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობამაც. კერძოდ, 1944 წლის 17 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ კანონი ,,საქართველოს თავდაცვის საკავშირო-რესპუბლიკური სახალხო კომისარიატის შექმნის შესახებ” და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1937 წლის კონსტიტუციას დაემატა შემდეგი შინაარსი მე-16-ბ პუნქტი: ,,საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესუბლიკას ჰყავს თავისი რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებანი.”
საქმეზე მოწვეული ყველა სპეციალისტის დასკვნების თანახმად, რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებები 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ დაიშალა, თუმცა ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ დაასახელა მათი დაშლის ოფიციალური საფუძველი – სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდა რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებების დაშლა. ასეთი დოკუმენტი სასამართლომ ვერც საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივიდან მიიღო, რომლის 2002 წლის 12 აპრილის №01/14-21 წერილის თანახმად, საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცულ საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მასალებში ,,არ აღმოჩნდა დოკუმენტი 1944-45 წწ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საჯარისო ფორმირებათა . . . გაუქმების შესახებ (1956 წ.)”.
მაშასადამე, რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებები დაიშალა 1956 წელს. სადავო ნორმის მიხედვითაც ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლა მოხდა 1956 წელს, რაც მიუთითებს ,,რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებებისა” და ,,ქართული სამხედრო შენაერთების” იდენტურობაზე.
ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქმეზე სპეციალისტად მოწვეული საქართველოს ომისა და ვეტერანთა კავშირის წევრის აკაკი გოგობერიშვილის მოსაზრება. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ,,რესპუბლიკური საჯარისო ფორმირება და ქართული სამხედრო შენაერთი (დივიზია) იდენტური ფორმირებები იყო.”
ნიშანდობლივია ისიც, რომ ტერმინი ,,ქართული სამხედრო შენაერთი (დივიზია) პირველად ჩნდება ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში. ქართული დივიზია რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებისაგან განსხვავებული სამხედრო შენაერთი რომ ყოფილიყო, 1996 წლის სადავო კანონის მიღებამდე იგი საქართველოს რომელიმე სამართლებრივ აქტში მაინც იქნებოდა მოხსენიებული.
მაშასადამე, რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებები და ქართული სამხედრო შენაერთი (დივიზია) იდენტური სამხედრო შენაერთებია.
თავად ტერმინი ,,რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებანი” მიუთითებს, რომ ამ ფორმირების დაკომპლექტება ხდებოდა რესპუბლიკიდან გაწვეული მოქალაქეებით და არა მონოეთნიკური ნიშნით – მხოლოდ ქართველებით. იგივეს მოწმობს საქმეში არსებული მასალები და მოწვეული სპეციალისტების დასკვნები. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2002 წლის 28 მარტის წერილის (სარეგისტრაციო №733) თანახმად საქართველოს სსრ რესპუბლიკურ საჯარისო ფორმირებებში ,,სამხედრო სამსახურს გადიოდნენ არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეებიც”. რესპუბლიკური საჯარისო ფორმირებების დაკომპლექტება საქართველოს მოქალაქეებით და არა ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ ქართველებით, დაადასტურეს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტრისტან მურვანიძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა მამუკა კიკალეიშვილმა, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა იოსებ ლობჟანიძემ, საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის წევრმა ვარლამ თურქაძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა ნინო ფირანიშვილმა. საქმეზე სპეციალისტად მოწვეული საქართველოს ომისა და ვეტერანთა კავშირის წევრი აკაკი გოგობერიშვილი თავად იყო ე. წ. ,,414-ე ქართული დივიზიის” წევრი. მისი ინფორმაციით, ქართული დივიზიის დაკომპლექტება და შემდგომი შევსება ხდებოდა ძირითადად ეროვნებით ქართველი მოქალაქეებით, თუმცა აქ მსახურობდნენ აგრეთვე საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც.
მაშასადამე, ქართული სამხედრო დივიზიის ფორმირება არ ხდებოდა ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით. შესაბამისად, ამ შენაერთის დაშლის შედეგად ვერ მოხდებოდა იძულებით დათხოვილი მოსამსახურეებისათვის პენსიის დასანიშნად აუცილებელი წელთა ნამსახურობის განსხვავებული ვადის დადგენა ეთნიკური და ეროვნული ნიშნით.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ გაარკვია, რომ პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის განსხვავებული ვადის დადგენა იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს, არ მომხდარა ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით. თუ რა მოტივით იხელმძღვანელა კანონმდებელმა ამ კატეგორიის მოსამსახურეებისათვის წელთა ნამსახურობის განსხვავებული ვადის შემოღებისას, ამაზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში დასმული საკითხის გარკვევის ვალდებულებით.
კონსტიტუციური წარდგინებით გათვალისწინებული სადავო დებულებების ამოღების შემდეგ წელთა ნამსახურობის ათწლიანი სტაჟი გავრცელდება ყველა იძულებით დათხოვილ სამხედრო მოსამსახურეზე. ,,იძულებით დათხოვნა” კი მრავალ სხვადასხვა შემთხვევას მოიცავს, რომელთაც განსხვავებული იურიდიული შედეგები შეიძლება ჰქონდეთ, ამიტომ მათი დაკონკრეტება და თითოეულ შემთხვევაზე შეღავათების გავრცელების მიზანშეწონილობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს.
იხელმძღვანელა რა ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 30-32 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ დადასტურდეს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მე-11 მუხლის ,,ა” პუნქტისა და მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცის საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან შეუსაბამობა;
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯარო გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
1. ჯონი ხეცურიანი (სხდომის თავმჯდომარე)
2. ნიკოლოზ შაშკინი
3. ავთანდილ აბაშიძე
4. ოთარ ბენიძე
5. ბესარიონ ზოიძე
6. იაკობ ფუტკარაძე
7. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
8. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
9. ზაურ ჯინჯოლავა