ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N8/177/2 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ბესარიონ ზოიძე, ჯონი ხეცურიანი, |
თარიღი | 21 მაისი 2002 |
პლენუმის შემადგენლობა:
ჯონი ხეცურიანი (სხდომის თავმჯდომარე);
ნიკოლოზ შაშკინი;
ავთანდილ აბაშიძე;
ოთარ ბენიძე;
ბესარიონ ზოიძე;
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი
ღია სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტების: საქართველოს პრეზიდენტის მთავარი კონსულტანტის საერთაშორისო სამართლის საკითხებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან ალექსიძის; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი წკრიალაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ ბაქრაძის; საქართველოს მეციერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის კონსტანტინე კორკელიას და მოწმეთა: საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტების კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგის ლილი ბეგიაშვილის და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსის ვერონიკა მეტონიძის მონაწილეობით განიხილა საქმე – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმე არსებითად განიხილა წარდგინების ავტორის დაუსწრებლად.
დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებული "ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის შეთანხმების“ მე-3 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 82-ე მუხლთან მიმართებით.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ
გამოარკვია:
2002 წლის 19 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის ნომერი N 177) მომართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ.
კონსტიტუციური წარდგინების შემოტანას საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ“ ქვეპუნქტი., "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი და 42-ე მუხლი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლი და მე-16 მუხლის მე-5-7 პუნქტები.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში იხილება მოქალაქე შოთა ბითაძის სარჩელი, რომელიც ეხება მის სამუშაოზე აღდგენას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში. წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე არ ცხადდება სასამართლოში და მიუთითებს საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებულ "ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის შეთანხმების“ მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სარგებლობს იმუნიტეტით სასამართლო და ადმინისტრაციული საქმიანობის ნებისმიერი ფორმის მიმართ.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორი თვლის, რომ აღნიშნული ნორმა არღვევს არა მხოლოდ მოქალაქე შ. ბითაძის, არამედ ამ ორგანიზაციაში დასაქმებულ საქართველოს სხვა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს, საერთო სასამართლოების მეშვეობით დაიცვან თავიანთი დარღვეული შრომითი უფლებები. წარდგინების შესაბამისად, სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, "ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ და 82-ე მუხლს, რომლის თანახმად, "სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მოითხოვს საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებულ "ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის შეთანხმების“ მე-3 მუხლის შესაბამისობის გარკვევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 82-ე მუხლთან მიმართებით.
2002 წლის 30 აპრილის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ღია სასამართლო სხდომაზე საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ლილი ბეგიაშვილმა და ვერონიკა მეტონიძემ სასამართლოს განუმარტეს, რომ აღნიშნული შეთანხმება მოქმედია და მისი შინაარსი ნამდვილია. მოწმეთა აზრით, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არ ხელყოფს საქართველოს მოქალაქეთათვის მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. მათ აღნიშნეს, რომ იმუნიტეტის ლეგიტიმურობა დავის საგანს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის წევრთა და მათი ოჯახის წევრების იმუნიტეტები გათანაბრებულია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრებისა და მათი ოჯახის წევრთა იმუნიტეტთან.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა ლევან ალექსიძემ აღნიშნა, რომ მიმღებ სახელმწიფოსა და მის ტერიტორიაზე მყოფ დიპლომატიურ დაწესებულებებს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საუკუნეების მანძილზე მოქმედი საერთაშორისო-სამართლებრივი ჩვეულება. დიპლომატიური სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი არის დიპლომატიური წარმომადგენლობების, მათი პერსონალის პრივილეგიები და იმუნიტეტები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიმართ. სპეციალისტის აზრით, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ხდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ზემოქმედება დიპლომატიური დაწესებულების საქმიანობაზე.
იმ შემთხვევაში კი, როდესაც წამოიჭრება დავა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა საელჩოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში და დამქირავებელს, ანუ საელჩოს (ორგანიზაციას) შორის, საკითხის გადაწყვეტა ექვემდებარება ადგილობრივ კანონმდებლობასა და სასამართლო იურისდიქციას. სპეციალისტის დასკვნის მიხედვით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადმინისტრაცია, რომელიც ქალაქ ჟენევაში მდებარეობს, მისი საქმიანობა მთელ რიგ შემთხვევებში ექვემდებარება ადგილობრივ (ჟენევის) სასამართლო იურისდიქციას. ასეთივე წესს განამტკიცებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის სპეციალური აქტი – შინაგანაწესიც, რომლის 32-ე პუნქტი ჩამოთლის შემთხვევებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადავო ნორმით გათვალისწინებული იმუნიტეტი, კერძოდ, "თუ სხვა რამ არ არის აღნიშნული აქტში, ადგილობრივი კანონმდებლობა შეეფარდება ურთიერთობებს დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის“, აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტი თვლის, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადმინისტრაციის უარი სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე უსაფუძვლოა. მოცემულ შემთხვევაში მას არ ჰქონდა იმუნიტეტით სარგებლობის უფლება.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული კონსტანტინე კორკელიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ "ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კომიტეტის შესაძლებლობა, ისარგებლოს იმუნიტეტით სასამართლო საქმიანობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, ეს იმუნიტეტი არ ვრცელდება შრომით დავებზე საერთაშორისო კომიტეტსა და მის ადგილობრივ თანამშრომელს შორის. იმ არგუმენტს, რომ კომიტეტის ადგილობრივ თანამშრომელს უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს სასამართლოს შრომითი უფლების დასაცავად და რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში, ადასტურებს საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობასა და მის თანამშრომელს (მოდავე მხარეს) შორის დადებული კონტრაქტის თანდართული შინაგანაწესიც, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოში საერთაშორისო კომიტეტის ადგილობრივ თანამშრომელს და ადგენს, რომ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომიტეტსა და მის თანამშრომელს შორის ურთიერთობაში გამოიყენება ადგილობრივი, ანუ საქართველოს კანონმდებლობა (შინაგანაწესის 32-ე პუნქტი).
კონსტანტინე კორკელიას აზრით, საქართველოს სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს წარმოშობილი შრომითი დავა, ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს არა აქვს უფლება, დაეყრდნოს სასამართლო იმუნიტეტს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა თეიმურაზ ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა შინაგანაწესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება ისეთი საკითხები, როგორიცაა შრომის სამართლებრივი ურთიერთობები.
საერთაშორისო ორგანიზაციათა შინაგანაწესი, რომელიც შეიცავს დამფუძნებელ დოკუმენტებს, დამხმარე წესებსა და ნორმებს, ისევე როგორც კონტრაქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ დებულებებს, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალიზებული და განსაკუთრებული შემადგენელი ნაწილი, რადგანაც ეფუძნება შეთანხმებებს, რომელთა ძალაში ყოფნა და გამოყენება გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან.
სპეციალისტის განმარტებით, საერთაშორისო სამართალი აღიარებს ტერიტორიულ, წარმომადგენლობით და ფუნქციონალურ იმუნიტეტებს, ამ უკანასკნელს განეკუთვნება საერთაშორისო ორგანიზაციებში შრომითი ურთიერთობების რეგულირება.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა გიორგი წკრიალაშვილმა აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ არასწორად არის გაგებული სადავო ნორმა. მისი აზრით, აღნიშნული ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო შეთანხმების მე-14 მუხლი კი, იმის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, რომ შრომის სამართალი იმუნიტეტის ზემოქმედების ქვეშ არ ექცევა. სასამართლოს შეეძლო დაყრდნობოდა სამართლის ანალოგიას ანალოგიური ხელშეკრულება წჯსკ-ს შვეიცარიასთან აქვს დადებული) და კომიტეტის შინაგანაწესს, მხარის დაუსწრებლად განეხილა საქმე და გამოეტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული დავა ექვემდებარება საქართველოს იურისდიქციას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური წარდგინების მონაცემების, საქმეზე მოწვეულ სპეციალისტთა დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე გამარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი:
1. საკონსტიტუციო სასამართლო არ ეთანხმება წარდგინებაში მოცემულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა არღვევს არა მხოლოდ შ. ბითაძის, არამედ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში დასაქმებულ საქართველოს სხვა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, საერთო სასამართლოს მეშვეობით დაიცვან თავიანთი დარღვეული შრომითი უფლებები და რომ "ამ ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებაც მომავალში შეუძლებელია“.
"ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტატუსი გათანაბრებულია სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსთან. საქმეზე მოწვეული სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკასთან დადებული ზემოაღნიშნული შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულებები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დადებულ აქვს სამოცზე მეტ სახელმწიფოსთან. ლევან ალექსიძის სიტყვებით, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება ტიპიურია ამ ორგანიზაციის მიერ სხვა სახელმწიფოებთან დადებული შეთანხმებებისა, რომლებიც განიხილავენ მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს ყველა აქედან გამომდინარე იურიდიული შედეგებით, მათ შორის წარმომადგენლობისათვის (დელეგაციისათვის) და მისი პერსონალისათვის "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭებით."
მაშასადამე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებში, სარგებლობს იმ პრიველეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციები.
2. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა დ სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობისა თუ მისი თანამშრომლების მიერ ორგანიზაციის მიზნიდან გამომდინარე ფუნქციების ეფექტური და დაუბრკოლებელი შესრულების ხელშეწყობისათვის. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 105-ე მუხლის თანახმად: "1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველი თავისი წევრის ტერიტორიაზე ისეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, რომელიც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად. 2. ორგანიზაციის წევრთა წარმომადგენლები და მის თანამდებობის პირები ასევე სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული მათი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის“.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ 1946 წლის 13 თებერვლის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, “ორგანიზაციის წევრთა წარმომადგენლებისათვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ხდება არა ცალკეულ პირთა პირადი მიზნებისათვის, არამედ მათ მიერ თავიანთი იმ ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაკავშირებულია გაერთიანებულ ერებში მუშაობასთან“.
მსგავსი ნორმები გათვალისწინებულია "სპეციალიზებული დაწესებულებებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1947 წლის 21 ნოემბერს მიღებული კონვენციითაც (მე-16 და 22-ე მუხლები).
3. საერთაშორისო ორგანიზაციისათვის იმუნიტეტების და პრივილეგიების მინიჭების ზემოაღნიშნული მიზანი არის ერთადერთი კრიტერიუმი იმუნიტეტის მოცულობისა და ფარგლების განსაზღვრისას.
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს თავად აქვთ შესაძლებლობა, უარი თქვან იმუნიტეტზე, მაგალითად, "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრიველეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვალს მიღებული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, გაერთიანებული ერები, მათ საკუთრება და აქტივები სად და ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ, სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო საქმიანობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორგანიზაცია თვითონ ნათლად ამბობს უარს იმუნიტეტზე. ნიშანდობლივია, რომ იგივე შესაძლებლობას ითვალისწინებს "ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ შეთანხმების სადავო ნორმაც.
მთელი რიგი საერთაშორისო აქტების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათთვის იმუნიტეტის მინიჭების მიზნიდან გამომდინარე, ენიჭებათ არამარტო უფლება, არამედ ვალდებულებაც, უარი თქვან იმუნიტეტზე. მაგალითად, ზემოაღნიშნული კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ორგანიზაციის წევრი ვალდებულია, უარი თქვას თავისი წარმომადგენლის იმუნიტეტზე ყველა შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, იმუნიტეტი ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, უარის თქმა უნდა მოხდეს იმუნიტეტის მინიჭების მიზნისათვის ზიანის მიყენების გარეშე. კონვენციის მე-20 მუხლი იგივე ვალდებულებას ანიჭებს გაეროს გენერალურ მდივანს.
ანალოგიური დებულებები გვხვდება "სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1947 წლის 21 ნოემბერს მიღებული კონვენციის მე-16 და 22-ე მუხლებში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის, მინიჭებული იმუნიტეტი არ არის აბსოლუტური, მისი ფარგლები და მოცულობა გამიზნულია ორგანიზაციის ფუნქციების განხორციელების ხელშესაწყობად. შესაბამისად, იმუნიტეტი არ ვრცელდება იმ საქმიანობაზე და დავებზე, რომლებიც სცილდება თავად ორგანიზაციის მიზნებს და ფუნქციებს. ამ უკანასკნელს განეკუთვნება შრომითი დავებიც საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მოსამსახურეს შორის.
ეს დაასაბუთა საქმეზე მოწეულმა ყველა სპეციალისტმა. კონსტანტინე კორკელიას დასკვნის მიხედვით, "წითელ ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს მთავრობისაგან, მაგრამ არ სარგებლობს იმუნიტეტით იმ შრომით დავებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას კომიტეტის წარმომადგენლობასა და მის თანამშრომელს შორის.“ ლევან ალექსიძე კი აღნიშნავს, რომ მსგავსი დავები ექვემდებარება ადგილობრივ კანონმდებლობასა დ სასამართლო იურისდიქციას. მისი სიტყვებით, "მსოფლიო სასამართლო პრაქტიკა სწორედ ამ გზით მიდის. ამავე გზით მიდის საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკაც.“
ორივე სპეციალისტმა მაგალითად მოიყვანა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და შვეიცარიის მთავრობას შორის დადებული შეთანხმება, რომლის მე-5 მუხლი ეხება რა წჯსკ-ის სასამართლო იმუნიტეტს, პირდაპირ მიუთითებს, რომ სასამართლო იმუნიტეტი არ ვრცელდება შრომით დავებზე კომიტეტსა და მის თანამშრომელს ან ყოფილ თანამშრომელს შორის (მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ჩ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, თუ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინააღმდეგ მისივე თანამშრომელი შვეიცარიის სასამართლოში შრომით დავასთან დაკავშირებით შეიტანს საჩივარს, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განიხილოს აღნიშნული დავა. შესაბამისად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ვერ დაეყრდნობა იმუნიტეტს ადგილობრივ სასამართლოში გამოცხადებაზე უარის თქმისათვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, შვეიცარიისაგან განსხვავებით, მსგავსი ნორმა არ არის გათვალისწინებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და სხვა სახელმწიფოებს შორის დადებულ ხელშეკრულებათა უმრავლესობაში. თუმცა ასეთი დათქმის არარსებობის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციისათვის იმუნიტეტის მინიჭების მიზნიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის იმუნიტეტი არცერთ ადგილმდებარეობის სახელმწიფოში არ ვრცელდება თავად ორგანიზაციის შიგნით წარმოშობილ შრომით დავებზე.
იგივეს მოწმობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობასა და მის თანამშრომელს შორის დადებულ კონტრაქტთან თანდართული შინაგანაწესიც, რომლის 32-ე პუნქტი ადგენს, რომ "თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომიტეტსა და მის თანამშრომელს შორის ურთიერთობაში გამოიყენება ადგილობრივი კანონმდებლობა“
ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სპეციალისტად მოწვეული კონსტანტინე კორკელიას შემდეგ მოსაზრებას: "იმის გამო, რომ შრომით დავასთან დაკავშირებით კონტრაქტი არ ადგენს სხვა გამოსაყენებელ სამართალს (მაგალითად, შვეიცარიის სამართალს), ნათელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შრომით დავასთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ "ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მისი საკუთრება და აქტივები სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო და ადმინისტრაციული საქმიანობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, ეს არ გულისხმობს წითელ ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის აბსოლუტური იმუნიტეტის მინიჭებას. ის არ ვრცელდება შრომით დავებზე საერთაშორისო კომიტეტსა და მის ადგილობრივ თანამშრომელს შორის, რაც გულისხმობს, რომ: 1. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადგილობრივ თანამშრომელს უფლება აქვს, თავის დარღვეული შრომითი უფლების დასაცავად მიმართოს ადგილობრივ სასამართლოს; 2. საქართველოს სასამართლოები უფლებამოსილი არიან, განიხილონ ზემოაღნიშნული დავები; 3. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს არა აქვს უფლება, დაეყრდნოს სასამართლო იმუნიტეტს და არ გამოცხადდეს სასამართლოში.
მაშასადამე, სადავო ნორმა არ გულისხმობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სასამართლო იმუნიტეტს შრომით დავებზე და შესაბამისად, არ ზღუდავს მოქალაქე შ. ბითაძის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში დასაქმებულ სხვა მოქალაქეთა სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას. ასევე, არ გამორიცხავს სასამართლოს სათანადო აქტების სავალდებულობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმართ.
იხელმძღვანელა რა "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და 32-ე მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დადასტურდეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებული "ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელ ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის შეთანხმების“ მე-3 მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 82-ე მუხლთან შეუსაბამობა შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებთა მიმართებით;
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის შემადგენლობა
1. ჯონი ხეცურიანი
2. ნიკოლოზ შაშკინი
3. ავთანდილ აბაშიძე
4. ოთარ ბენიძე
5. ბესარიონ ზოიძე
6. იაკობ ფუტკარაძე
7. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
8. ლამარა ჩორგოლაშვილი
9. ზაურ ჯინჯოლავა