საქართველოს მოქალაქე ვალიდა დარბაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/295 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 3 აგვისტო 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე; (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვალიდა დარბაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ვალიდა დარბაიძის წარმომადგენლები – შორენა ოსკოპელი და ლევან ჩხეიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2004 წლის 14 ივლისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის ვალიდა დარბაიძის 295-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა იმავე წლის 21 ივლისს.
მოქალაქე ვალიდა დარბაიძემ სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2004 წლის 13 ივლისს შეიტანა. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახე” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 და მე-16 მუხლის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სამართლებრივი აქტებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 39-ე და 42-ე მუხლებით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლითა და ამავე კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული მისი უფლებები.
მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, “სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია”.სადავო ნორმებდან კი ირკვევა, რომ ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საჭიროებს ცვლილება-დამატებებს და მანამდე სასამართლოებმა უნდა შეაჩერონ სამოქალაქო საქმეთა განხილვა. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების დროს საქმის განხილვის შეჩერება, მოსარჩელის აზრით, პირდაპირ არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს და დისკრიმინაციულია. ამასთან, კანონმდებლობაში ასეთი ცვლილებების შეტანა წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებაში უხეშ ჩარევას.
მოსარჩელე ითხოვს, რომ 2004 წლს 18 მაისის კანონები “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ” ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და გამოცხადდეს ძალა დაკარგულად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების განმწესრიგებლ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიღება, თუ ... შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად კი, კონსტიტუციურ სარჩელში “მითითებული უნდა იყოს ... საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი”. ამასთან, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს – შეიცავს სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო აქტების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტებით დარღვეულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული თანასწორობის პრინციპი ქონებრივი მდგომარეობის ნიშნის მიხედვით, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების მონაწილენი – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეები, რომელთაც მოსარჩელე მიეკუთვნება, მოსარგებლებთან შედარებით აღმოჩნდნენ კანონის წინაშე არათანასწორ პირობებში. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ არ არსებობს ამის მტკიცების საფუძველი, რადგან სამოქალაქო ურთიერთობების ორივე მხარე – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეთა და საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეც სადავო აქტებით თანაბარ პირობებში არიან ჩამოყალიბებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 1 მარტის განჩინებაზე, რომელიც თვით მოსარჩელემ წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ განჩინებით შეჩერებული იქნა სწორედ საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეთა საკასაციო საჩივრის განხილვა საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღებამდე.
არგუმენტირებულად ვერ ჩაითვლება იმის მტკიცება, რომ სადავო აქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, “საქართველოს კონსტიტუცია არ უარყობს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან”. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველ პუნქტსა და ამავე კონვენციის მე-6 მუხლზე, მაგრამ, ანალოგიურ დებულებებს შეიცავენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 42-ე მუხლები. სასამართლო კოლეგიის აზრით, დაუსაბუთებელია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან სადავო აქტების შესაბამისობის საკითხის განხილვის მოთხოვნა.
კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, ასევე არ დასტურდება სადავო აქტების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან. ამ პუნქტის თანახმად, “ყოველ ადამიანს უთლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. მოსარჩელეს თავისი უფლების დარღვევის დამადასტურებელ დოკუმენტად მიაჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება. ამ დოკუმენტით კი არ დასტურდება, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორს დაერღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
მოსარჩელის უფლებების დარღვევა ვერც განმწესრიგებ ჩსხდომაზე მოწვეულმა მისმა წარმოადგენელმა ვერ დაადასტურეს.
ასეთ ვითარებაში მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოს სუბიექტად ვერ ჩაითვლება. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის ძალით კი, “კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიღება, თუ ... შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუდიექტის) მიერ”.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგავნული კანონის მე019 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის იე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარომოების შსახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ვალიდა დარბაიძის 295-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ი. თუტკარაძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვ. გვარამია;
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);
ასლი დედანთან სწორია.
საქაროთველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი: ნ. შაშკინი