საქართველოს კონსერვატული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/14/244 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 30 სექტემბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი,
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: საქართველოს კონსერვატული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლსა და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე თემურ ჟორჟოლიანი და მისი წარმომადგენელი – პაატა გოგალაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-03 წლის 5 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №244) მომართა საქართველოს კონსერვატული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარემ თემურ ჟორჟოლიანმა. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ა.წ. 15 სექტემბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი.
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლსა და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველი პუნქტით ამავე კოდექსის 92-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დებულების მოქმედების შეჩერება არაკონსტიტუციურია, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლს და 29-ე მუხლის პირველ პუნქტს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურს ეწევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. ამავე კანონის მე-13 მუხლით - “სახელმწიფო სამსახური საქართველოში ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე...” ხოლო მე-11 მუხლის “ა” პუნქტით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნა არ არის სავალდებულო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, ხოლო 129-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძირითად საფუძველსა და მოთხოვნას.
სარჩელის ავტორი მიიჩნევს აგრეთვე, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველი პუნქტი6 ხოლო მეორე მხრივ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიული აქტების იერარქიას.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლთან სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულო იყო კანონმდებელი ორგანოსათვის, რომელმაც კონკრეტულ შემთხვევაში იგნორირება გაუკეთა ქართული ენის სავალდებულო ცოდნას პარლამენტის დეპუტატობის მსურველთათვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დეპუტატობის კანდიდატებმა, რომლებმაც არ იციან ქართული ენა, ვერ დააკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, ასევე სათანადო გარემოებების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტებები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის მე-8 მუხლთან მიმართებით უსაფუძვლოა.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით თანახმად: “საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, და საქართველოს სხვა იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი”. მე-2 თავისაგან განსხვავებით მე-8 მუხლი განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავს (“ზოგადი დებულებანი”), ამასთან იგი არ განსაზღვრავს ადამიანისა და მოქალაქის უფლება-თავისუფლებებს. ამავე დროს, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი განსაზღვრავს ქართულ ენას, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსს.
მე-8 მუხლი არ შედის კონსტიტუციის მე-2 თავში და შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით ვერ იდავებს.
რაც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე განსხვავებულ საკითხს ეხება. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არეგულირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების საფუძვლებს. იგი ადგენს, საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველი პუნქტი არ წარმოადგენს რაიმე უფლების ამკრძალავ ნორმას, იგი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევისათვის ერთ-ერთი სავალდებულო პირობის ამოქმედების საკითხს. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ შეიცავს იმ სავალდებულო დასაბუთებას, რომელიც დაამტკიცებდა სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებას.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ შეძლო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობის დასაბუთება. მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ როგორ დაარღვია სადავო აქტმა ან შესაძლებელია მომავალში დაერღვია, მისი უფლებები საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე6 სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საქართველოს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლთან მიმართებით უფრო მეტად განეკუთვნება აბსტრაქტული და არა კონკრეტული კონტროლის სფეროს, რაც თავის მხრივ გამორიცხავენ ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში დასახელებულ მუხლთან დაკავშირებულ დავას.
2. როგორც ეს კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, მისი შემოტანის საფუძველი გახდა, სადავო ნორმის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 92-ე მუხლის ამოქმედების გადავადება 2005 წლის 1 იანვრამდე.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც ვერ იქნება უფლებამოსილი სუბიექტია, რადგან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ამოქმედების, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებზე დავის უფლებამოსილება, მოქმედი კანონმდებლობით საამისოდ განსაზღვრულ სპეციალურ სუბიექტთა წრეს გააჩნია. კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 33-ე მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია: “საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატული დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს”.
3. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას სადავო ნორმის “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლთან წინააღმდეგობის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონების ერთმანეთთან შეუსაბამობის დადგენა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. აგრეთვე, სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსათვის მითითება, მისი ფუნქციების განხორციელების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე როგორც უფლებამოსილი სუბიექტის საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლთან მიმართებით და უფლება დარღვეული პირი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ ნაწილის მიმართ არ აკმაყოფილებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მოთხოვნებს.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის, პირველი პუნქტის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლით, 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის “ა” და 2ბ” პუნქტებით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს კონსერვატული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველო საარჩევნო კოდექსის” 129-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი,
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.