ბაჭუა გაჩეჩილაძე, ვლადიმერ სინჯიაშვილი და სხვები პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 20 დეკემბერი 1996 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ლამარა ჩორგოლაშვილი (თავმჯდომარის მ/შ,მომხსენებელი);
2. ავთანდილ აბაშიძე ;
3. ზაურ ჯინჯოლავა;
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №634 დადგენილების “ საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის რადიკალური რეფორმის , მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ “ მე -10 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის , მე – 18 პუნქტისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 დეკემბრის № 874 დადგენილების – “მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების შესახებ “ მე-8 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელეები; ბაჭუა დავითის ძე გაჩეჩილაძე; ვლადიმერ დავითის ძე სინჯიაშვილი; სოლომონ დავითის ძე სანადირაძე; ლუარსაბ ტეოფილეს ძე გაბუნია და ლევან აკაკის ძე ქვაცბაია.
2. მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი.
სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბერს №634 დადგენილების – საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოქმნისა და საფინასო სისტემის რადიკალური რეფორმის მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” მე -10 პუნქტის “გ” ქვეპუნქტმა და მე-18 პუნქტმა, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 დეკემბრის № 874 დადგენილების –“მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებიტი ღონისძიების შესახებ ,” მე-8 პუნქტმა გააუქმა ადრე დანიშნული პენსიები, მოხსნა შინაგან საქმეთა ორგანოებში წელთა ნამსახურეობისათვის კანონით გათვალისწინებული დანამატები, რომლითაც აშკარად შეილახა საქართველოს კონსტიტუციით დაცული მათი უფლებები .
მოსარჩელეები თვლიან, რომ საქართველოს რესპუბლიკის ყოფილმა მინისტრთა კაბინეტმა, ზემოთაღნიშნული ნორმატიული აქტების გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 27 ივლისის კანონის “პოლოციის შესახებ” 31-ე მუხლის მოთხოვნა რომლის თანახმად, პოლიციის მუშაკს პენსია ენიშნება რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელეებს კი, პენსიები დანიშნული ქონდათ რესპუბლიკაში მაშინ მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, მათთვის უკვე დანიშნული პენსიების შემცირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების პენსიების გათანაბრება ჩვეულებრივ პენსიებთან, ეწინააღმდეგება მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მოთხოვნებს.
მოსარჩელეები მოითხოვენ ზემოთაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-მუხლის “ვ” პუნქტის და საქართველოს კანონის “ საქართველოს საკონსტიტუციო კანონის შესახებ” მე-19 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, მოცემული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და იგი მიღებული უნდა იქნას არსებითად განსახილველად.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეების მიერ მოპასუხედ “საქართველოს სახემწიფო მინისტრის აპარატის” დასახელება არასწორია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი გათვალისწინებული აღარ არის. საქართველოს კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი მინისტრთა კაბინეტის უფლებამემკვიდრედ ცნობილი უნდა იქნას საქართველოს პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვისას, აუცილებელია სათანადო სპეციალისტების მოწვევა.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე 19 და 39-ე მუხლებით, საქართველოს კანონის “ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-16, მე-18 და 21-ე მუხლებით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. მოსარჩელეების: ბ.გაჩეჩილაძის, ვ. სინჯიაშვილის, ს. სანადირაძის, ლ. გაბუნიას, ლ. ქვაცბაიას კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნას არსებითად განსახილველად;
2. მოპასუხედ საქმეზე ცნობილი იქნას საქართველოს პრეზიდენტი;
3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვა დაინიშნოს 1996 წლის 27 დეკემბერს, დღის 11.00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სხდომათა დარბაზში;
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, მოწვეულ იქნენ სოციალური უზრუნველყოფის სფეროს სპეციალისტები;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამწესრიგებელი სხდომის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ლ.ჩორგოლაშვილი (თავმჯდომარის მ/შ, მომხსენებელი)
2. ა. აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ზ. ჯინჯოლავა.