ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/17/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 10 იანვარი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: ირაკლი ოქრუაშვილი; 2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი.
სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1996 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელშიც იგი ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 1996 წლის 17 ოქტომბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე კ. ყურაშვილი. 1996 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურორმა ა. ჯანიაშვილმა გასცა სანქცია კ. ყურაშვილის, როგორც ეჭვმიტანილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. იმავე წლის 25 ოქტომბერს დაკავებიდან მე-8 დღეს, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა გ. დანელიამ, კ. ყურაშვილს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულ კ. ყურაშვილის დაცვას ახორციელებდა მოსარჩელის მამა _ ადვოკატი კ. დ. ოქრუაშვილი, მოსარჩელე ირაკლი ოქრუაშვილი თვლის, რომ სამართალდამცავ ორგანოთა აღნიშნული ქმედებით დაირღვა მოქალაქის (ამ შემთხვევაში კ. ყურაშვილის) კონსტიტუციით დაცული უფლება, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს მხოლოდ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, ე.ი. ??? დარღვეულია მისი, როგორც კონკრეტული პირის უფლებები და თავისუფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით, მხოლოდ პირობით, თუ დარღვეულია სარჩელის შემომტანი პირის Kკონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 89-ე მუხლით, საქართველოს კანონი “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის “ბ” პუნქტით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. მოსარჩელე ირაკლი ოქრუაშვილის კონსტიტუციური სარჩელი არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი).