ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/6-23 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 7 მაისი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქცია - "სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ"; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქცია - "დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" 1994 წლის 31 იანვრის N2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები N5.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელეები: ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია. მოსარჩელეთა წარმომადგენელი - იურისტი არჩილ კბილაშვილი;
2. მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (წარმომადგენლები:საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სრულყოფის სამმართველოს უფროსი - ნონა ბურჭულაძე, სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის საგადასახადო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსი - ვალერი ხანიშვილი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, საჩივრებისა და პროტესტების განხილვის განყოფილების უფროსი - ანზორ ჯოხაძე);
3. სპეციალისტები: 1) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერიან ზურაბიშვილი; 2) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ლადო ჭანტურია.
3. მოწმე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საუწყებო ნორმატიული აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსი - ბადრი მეტრეველი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ, ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996 წლის 5 დეკემბერს, კონსტიტუციური სარჩელით მომართეს ამერიკული საზღვაო კომპანიის „სი-ლენდის“ გენერალური წარმომადგენლის, შ.პ.ს. „კავკასტრანსექსპედიტორის“ გენერალურმა დირექტორმა - ალექსანდრე დანელიამ და ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიორგი ცომაიამ.
მოსარჩელეები, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის „ე“ პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლის საფუძველზე მოითხოვენ - არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცი;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქციის - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის 2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები 5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ რომ საქართველოს 1993 წლის 24 დეკემბრის კანონის „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 აბზაცი ადგენს შემდეგ წესს: „საქონლის (სამუშაოს, მომსახურეობის) დსთ ფარგლებს გარეთ ექსპორტისას ამ საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებისას გამოიყენება ნულოვანი განაკვეთი“. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან კანონი არ განმარტავს, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული დსთ-ს ფარგლებს გარეთ მომსახურების ექსპორტი, ასეთი განმარტების მიცემის ფუნქცია თავის თავზე აიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა და გამოსცა ორი საუწყებო ნორმატიული აქტი: 1. 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქცია - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ და 2. 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქცია - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის N2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები 5.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქციის - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის N2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები N5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ „დამატებული ღირებულების გადასახადის დაბეგვრის მიზნით, ექსპორტირებულად ითვლება... ტვირთის ტრანსპორტირებისას და მგზავრთა გადაყვანის მომსახურება იმ პირობით, თუ გაგზავნის პუნქტი და დანიშნულების პუნქტი მდებარეობს დსთ ქვეყნების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცი განსაზღვრავს, რომ „დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნით, სატრანსპორტო მომსახურების სფეროში მომსახურების ექსპორტად ითვლება და ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:
- ტვირთების ტრანსპორტირებისა და მგზავრთა გადაყვანის მომსახურება იმ პრობით, თუ გაგზავნის და დანიშნულების პუნქტი მდებარეობს დსთ ქვეყნების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ“.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ არიან რა იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელები და დამფუძნებლები, რომელზეც ვრცელდება სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება, რადგან ისინი ეწევიან საერთაშორისო სატრანსპორტო და საექსპედიტორო მომსახურებას, ზემოთაღნიშნული ნორმატიული აქტების ციტირებული სადავო ნორმებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებული უფლება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას. მოსარჩელეები საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებული კონსტიტუციური უფლების დარღვევას შემდეგნაირად ასაბუთებენ: რადგან ორივე ნორმატიული აქტის ზემოთ ციტირებული განმარტებანი ცხადყოფენ, რომ სატრანსპორტო მომსახურების სფეროში მომსახურების ექსპორტად მიჩნეულია მხოლოდ ისეთი სახის მომსახურება,თუ გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტი დსთ ქვეყნების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ან მომსახურების ყველა შესაძლო ფორმიდან ასეთად მიჩნეულია მხოლოდ ერთადერთი მათგანი. ზემოხსენებული კი იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელი მომსახურება დაბეგრილ იქნას დამატებული ღირებულების დადგენილი განაკვეთით (20%ით), როგორც ამას საქმიანობის სხვა სფეროში აქვს ადგილი. მათი აზრით, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება, ვინაიდან ამ სფეროში იკარგება რეზიდენტის კონკურენტუნარიანობა, რადგან სხვა ქვეყნის ანალოგიური საქმიანობით (სატრანსპორტო მომსახურება) დაკავებული რეზიდენტები მომსახურების ექსპორტის სტიმულირების მიზნით, თავისუფლდებიან დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. ამის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი რეზიდენტი დგება უარეს პირობებში, ვიდრე მისი კონკურენტი არარეზიდენტი.
მოსარჩელეების აზრით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების სადავო ნორმებმა შეზღუდა რა შეღავათის გავრცელების კანონით დადგენილი არეალი, საქართველოს რეზიდენტებს, არც იმ დანარჩენი შეღავათების გამოყენების უფლება აქვთ, რაც განმარტებაში მომსახურების ექსპორტად არის მიჩნეული (როცა გაგზავნის და დანიშნულების ადგილი იმყოფება დსთ-ს ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ). კერძოდ, მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1992 წლის 30 ივლისს დადებულ საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის ხელშეკრულებას, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 12 მაისს. ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლის მიხედვით: „გადამზიდველს არ შეუძლია მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის ორ პუნქტს შორის, თუ მას ამისათვის არა აქვს კომპეტენტური თანამდებობის პირის სპეციალური ნებართვა“. ხელშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად კი - „გადამზიდველს უფლება აქვს განახორციელოს გადაზიდვები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან მესამე ქვეყანაში ისევე, როგორც მესამე ქვეყნის ტერიტორიიდან მეორე ხელშემკვრელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუკი მას ამისთვის აქვს მეორე ქვეყნის კომპეტენტური თანამდებობის პირის სპეციალური ნებართვა“.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკაში ასეთი ნებართვის გაცემა ხდება სტიქიური უბედურების შედეგად და ძალზე იშვიათად. ეს კი, მათი აზრით, ნათლად აჩვენებს,რომ მომსახურების ექსპორტის განხორციელება ტრანსპორტის სფეროში ისე, როგორც ეს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების განმარტებებში არის გაგებული, თეორიულადაც კი გამოირიცხება. ესეც რომ არ იყოს (ე.ი. იურიდიულად დაუშვებელი) არცერთი ქვეყანა არ ათავისუფლებს ტვირთის მფლობელს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, თუკი ტვირთის მფლობელი სატრანსპორტო მომსახურებისათვის მიმართავს უცხო ქვეყნის სატრანსპორტო ორგანიზაციას, მაშინ როდესაც იგივე ტვირთის მფლობელი თავისუფლდება ამ გადასახადისაგან, თუ იგი მომსახურებისათვის შესაბამისი ქვეყნის სატრანსპორტო ორგანიზაციას მიმართავს. ამიტომ ქართველ რეზიდენტებს, არც იურიდიულად და არც კონკურენტუუნარობის გამო, არ ძალუძთ გასწიონ მომსახურება ტრანსპორტის სფეროში დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიების ფარგლებს გარეთ. მოსარჩელეების აზრით, ყოველივე ზემოთაღნიშნული ადასტურებს, რომ ხელი ეშლება თავისუფალ მეწარმეობას და წარმოიქმნება უთანაბრო კონკურენცია ქართველ და არაქართველ რეზიდენტებს შორის.
მოსარჩელეები თვლიან, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა ზემოაღნიშნული სადავო ინსტრუქციებით ფაქტობრივად მოახდინა კანონის განმარტება, რისი უფლებაც საქართველოს 1993 წლის 24 დეკემბრის კანონის „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ მას არ ჰქონდა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო კანონმდებლობა, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება.
მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვისას ეჭვქვეშ დააყენა სადავო ნორმატიული აქტების იურიდიული ბუნება, რადგან არცერთი მათგანი არ გამოქვეყნებულა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რითაც დაირღვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის N31 ბრძანებულების - „საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ“ მე-8 პუნქტის და საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ (ძალაშია 1997 წლის 1 თებერვლიდან) 41-ე და 44-ე მუხლების მოთხოვნები.
მოპასუხე მხარემ არ ცნო კონსტიტუციური სარჩელი და აღნიშნა, რომ მომსახურების ექსპორტის განმარტება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. მოპასუხე მხარემ უარყო აგრეთვე მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ სადავო ნორმატიული აქტებით დაირღვა კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებული უფლება არ შეულახავს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას ხელს უწყობს საგადასახადო, საბაჟო, სამოქალაქო სამართლის და სხვა კანონების მიღება, სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფა, პროდუქციის ექსპორტის სტიმულირება, კერძოდ, დღგ-ით ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის სახით და სხვა. მოპასუხე მხარის აზრით, თავისუფალი მეწარმეობა რომ შეიზღუდოს ან არათანაბარ პირობებში ჩადგეს, ასეთ შემთხვევაში ნორმატიულმა აქტმა ან შეღავათი უნდა დააწესოს, ან გადასახადების განაკვეთების დიფერენცირება უნდა დააწესოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს არც შეღავათს და არც დიფერენცირებას. მათი მტკიცებით, კანონის მოთხოვნა სატრანსპორტო მომსახურებაზე თანაბარია ყველა სუბიექტისათვის. ამიტომ, მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმატიულ აქტებს მოსარჩელეების კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებული უფლება არ შეულახავს.
მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ უფლება,ფიზიკური პირების სახელით საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი შემოეტანათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ისინი წარმოადგენენ იურიდიულ პირს და ფაქტობრივად კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია იურიდიული პირის (ამ შემთხვევაში შ.პ.ს. „კავკასტრანსექსპედიტორის“) ინტერესებიდან გამომდინარე. მოპასუხე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული საკითხები სცილდება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რადგან თუ სადავო ნორმატიული აქტების გამოცემით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი. მათი აზრით, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი არ შეიძლება იყოს უფლებამოსილი სუბიექტი, კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სპეციალისტის სახით მოწვეულმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა,პროფესორმა ვალერიან ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოუდგინა წერილობითი დასკვნა და მისცა შესაბამისი ზეპირი განმარტება კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით. პროფესორი ვ.ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ინსტრუქციული აქტების სადავო პუნქტებით, სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტზე დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათების სრულად გაუვრცელებლობის გამო, სახელმწიფო ხელს კი არ უწყობს, არამედ ზღუდავს მეწარმეობის განვითარებას. ასეთ პირობებში გადასახადმა შეიძლება შეასრულოს მხოლოდ ფისკალური ფუნქცია, ხოლო მისი მასტიმულირებელი (ეკონომიკური) ფუნქცია მთლიანად იგნორირებულია. სპეციალისტის აზრით, ინსტრუქციული აქტების სადავო პუნქტების დაწესებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, რადგან მან ფაქტობრივად ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კანონში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. პროფესორ ვ.ზურაბიშვილის აზრით, კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნები მართებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოწვეულმა სპეციალისტმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლადო ჭანტურიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოუდგინა წერილობითი დასკვნა და მისცა შესაბამისი ზეპირი განმარტება კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით. პროფესორ ლადო ჭანტურიას აზრით, საქარველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამინისტრო უფლებამოსილია გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით.
კანონქვემდებარე აქტების გამოცემა საკანონმდებლო აქტების შესასრულებლად, ბუნებრივია, გულისხმობს კანონის ცალკეული ნორმების განმარტებას, მათი ნორმატიული აზრის დაზუსტებას. ეს თავსდება როგორც სამართლის მეცნიერების, ასევე საკანონმდებლო ტექნიკის მიერ აღიარებული პრინციპების ფარგლებში. ყოველი ნორმის გამოყენება კომპეტენტური ორგანოს მიერ უდავოდ გულისხმობს ამ ნორმის განმარტების შესაძლებლობასაც. მაგრამ საჯარო სამართლის სფეროში, რომლის მნიშვნელოვან დარგს საგადასახადო სამართალი შეადგენს, ასეთი განმარტება და ინტერპრეტაცია არ უნდა ქმნიდეს მძიმე პირობებს გადამხდელთათვის.
სპეციალისტის აზრით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქციის - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის N 2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები 5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი გამოცემულია კონკრეტული კანონის შესასრულებლად, მაგრამ მათში მოცემული განმარტება კანონის ნორმისა, ფაქტობრივად საფუძველი ხდება ახალი დისპოზიციის ჩამოყალიბებისა და მისთვის სათანადო გადასახადის დაწესებისა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს მომსახურების ექსპორტის ცნებას და ამით საფუძველს ქმნის გადასახადის დაწესებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში დასმულ საკითხს იმის შესახებ,რომ აღნიშნული აქტები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას და ამიტომ, ხელს უშლიან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქმეში არსებული მასალები, სპეციალისტის აზრით, არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს. ამიტომ, კონსტიტუციის ამ მუხლზე მითითება მან დაუსაბუთებლად მიიჩნია.
მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საუწყებო ნორმატიული აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსმა ბადრი მეტრეველმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოსარჩელეების მიერ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით დასახელებული ორივე საუწყებო აქტი, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის N31 ბრძანებულების - „საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ“ მე-4 პუნქტის საფუძველზე, როგორც ნორმატიული ხასიათის საუწყებო აქტები,გატარდნენ რეგისტრაციაში და მათ მიეცათ სარეგისტრაციო ნომრები (1. 1996 წლის 11 ნოემბერს, სარეგისტრაციო ნომერი N152;
2. 1996 წლის 20 სექტემბერს, სარეგისტრაციო ნომერი N132). საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ორივე ნორმატიულმა აქტმა გაიარა სათანადო შემოწმება და მათი რეგისტრაცია მიჩნეულ იქნა მართლზომიერად.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების ალექსანდრე დანელიას და გიორგი ცომაიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996წლის 12 აპრილის ინსტრუქციის - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის N2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები N5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ალექსანდრე დანელიას და გიორგი ცომაიას, როგორც ფიზიკურ პირებს, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,უდავოდ ჰქონდათ უფლება კონსტიტუციური სარჩელით მოემართათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. ამასთან, მოსარჩელეების მოსაზრებას, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებული უფლების დარღვევის შესახებ, სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოს ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნით ხორციელდება. სასამართლო განხილვის დროს ვერ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტულად რაში გამოიხატა მეწარმეობის ან კონკურენციის თავისუფლების შეზღუდვა, მათი განვითარებისათვის ხელის შეშლა. ასევე, საქმის განხილვის დროს ვერ დადასტურდა მეწარმეების არათანაბარ პირობებში ჩაყენების, ზოგიერთისთვის შეღავათის დაწესების ან გადასახადის დიფერენცირების შემთხვევები. იგი თანაბარია ყველა სუბიექტისათვის;
2. რაც შეეხება სადავო ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის 94 - ე მუხლთან შესაბამისობის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს,რადგან კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ (საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტი).
3. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მტკიცებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან, სადავო ნორმატიული აქტები არ ყოფილან გამოქვეყნებული, ისინი უნდა ჩაითვალონ იურიდიული ძალის არმქონედ. აღნიშნული სადავო აქტები მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის N31 ბრძანებულების - „საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ“ მე-4 პუნქტის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ამ ბრძანებულების მე-9 პუნქტით, საუწყებო ნორმატიული აქტი ძალაშია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების დღიდან. ამავე ბრძანებულებით, საუწყებო ნორმატიული აქტის გამოუქვეყნებლობა არ იყო ნორმატიული აქტის იურიდიული ძალის აკარგვის საფუძველი. ასევე, საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ (ძალაშია 1997 წლის 1 თებერვლიდან) 50-ე მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის რა იმ შემთხვევებს, როდესაც ნორმატიული აქტი, ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, არ მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი არის მისი გამოუქვეყნებლობა.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19, 34-ე, 39-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ 11-ე მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტით, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მოსარჩელეების ალექსანდრე დანელიას და გიორგი ცომაიას კონსტიტუციური სარჩელი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქცია - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის 2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები 5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
ა. აბაშიძე (მომხსენებელი);
ლ. ჩორგოლაშვილი;
ზ. ჯინჯოლავა.