ლეონარდო დევდარიანი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/4-24 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, |
თარიღი | 28 თებერვალი 1997 |
სასამართლოს შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ლეონარდო დევდარიანი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულება - „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებათა მინიჭების შესახებ“; 2. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის N468 ბრძანებულება - „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ“; 3. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის N315 განკარგულება - „ქ. მოსკოვში არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 და N4 შენობების შესახებ“; 4. საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1995 წლის 16 ივნისის N54 ბრძანება - „დაქვემდებარებული ორგანიზაციების ეკონომიკური მართვისა და კონტროლის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“; 5. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1996 წლის 24 მაისის N78/2 ბრძანება - „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის ბრძანებულების შესრულების, სახელმწიფო ქონების დაცვისა და მატერიალურ ფასეულობათა სათანადო აღრიცხვისათვის“.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: ლეონარდო დევდარიანი და მოსარჩელის წარმომადგენელი - ადვოკატი რუსუდან პიტავა; 2. მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში - ბელა სირბილაძე); 3. სპეციალისტი: იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ლორია. 4. მოწმეები: ვაჟა ლორთქიფანიძე; ნუგზარ დუჩიძე; თეიმურაზ დევიძე; გურამ მამულაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1996 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ ლეონარდო დევდარიანმა. კონსტიტუციურ სარჩელში ლ.დევდარიანი აღნიშნავს, რომ 1993 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო N835 დადგენილება - „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ“, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ ქ.მოსკოვში, შეიქმნა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა.
1995 წლის 11 იანვარს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა N5 ბრძანებულება - „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის დამატებით უფლებათა მინიჭების შესახებ“. ბრძანებულებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რუსეთის ფედერაციაში, მიენიჭა საგანგებო უფლება, დამოუკიდებლად განესაზღვრა და დაემტკიცებინა საელჩოს სტრუქტურა, დაენიშნა და გაეთავისუფლებინა საელჩოს ყველა რანგის თანამშრომელი. აღნიშნული ბრძანებულების მე - 2 პუნქტმა, გაუქმებულად და ძალადაკარგულად ჩათვალა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოცემული ყველა ბრძანებულება, დადგენილება და განკარგულება,რომელთა მიხედვიდაც რუსეთის ფედერაციაში შექმნილი იყო სხვადასხვა სტრუქტურები, წარმომადგენლობები, დანიშნული იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ან მინისტრთა კაბინეტის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენლები და რწმუნებულები. ამასთან,საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში შევიდა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს სტრუქტურაში და დაქვემდებარებაში, მისი ქონების საელჩოს მფლობელობაში გადაცემით.
1996 წლის 16 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა N468 ბრძანებულება „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ“. აღნიშნული ბრძანებულების პირველი პუნქტით, გაუქმდა 1997 წლის 1 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით შექმნილი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში. ბრძანებულების მე-3 პუნქტით, განისაზღვრა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ადგილსამყოფელ ქვეყნებთან ორმხრივ და ამ ქვეყნებში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭროეკონომიკურ და საფინანსო სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობას წარმართავს ამ წარმომადგენლობის უფროსი ეკონომიკური მრჩეველი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნული პირი უშუალოდ ექვემდებარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს. ამ ბრძანებულების მე-6 პუნქტით, ძალადაკარგულადაა ჩათვლილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N300 დადგენილება - „საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის დროებითი სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის შესახებ და სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში დროებითი რწმუნებულის საკითხი დებულების დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ნოემბრის N792 დადგენილება - „საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული ბრძანებულების მე-7 პუნქტით, ძალადაკარგულადაა ჩათვლილი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებები სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში დროებითი რწმუნებულების დანიშვნის შესახებ.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს, მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანმა საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაზარდა მოთხოვნის მოცულობა და დამატებით მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო კიდევ სამი აქტი: 1.საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის N315 განკარგულება „ქ.მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 და N4 შენობების შესახებ“; 2. საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1995 წლის 16 ივნისის N54 ბრძანება - „დაქვემდებარებული ორგანიზაციების ეკონომიკური მართვისა და კონტროლის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“;
3. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1996 წლის 24 მაისის N78/2 ბრძანება - „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის ბრძანებულების შესრულების, სახელმწიფო ქონების დაცვისა და მატერიალურ ფასეულობათა სათანადო აღრიცხვისათვის“.
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის განკარგულების პირველი პუნქტით, საქართველოს სახელმწიფო კუთვნილება - მოსკოვის არბატის ქ. N42 - ში მდებარე N1 შენობა, სადაც განთავსებულია რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა, გადაეცა ბალანსზე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს. მის განკარგულებაში გადავიდა აგრეთვე მოსკოვის არბატის ქ. N 42-ში მდებარე N4 შენობის მართვის საკითხები. აღნიშნული განკარგულების მე - 2 პუნქტით, შეიქმნა კომისია სხვადასხვა სამინისტროების და სახელმწიფო უწყებათა შემადგენლობით, რომელსაც დაევალა აღნიშნული შენობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობების ქონების გადაცემა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისათვის. ამასთან, N 1 შენობის საკუთრების, N4 შენობის და შესაბამისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებათა სათანადო წესით გაფორმების მდგომარეობის შესწავლა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1995 წლის 16 ივნისის N54 ბრძანების მე - 2 პუნქტით, საელჩოს მფლობელობაში იქნა მიღებული სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ყველა ძირითადი საშუალება და მატერიალური ფასეულობა იმ ქონების ჩათვლით,რომელიც ადრე ეკუთვნოდა კულტურულკომერციულ ცენტრ „მზიურს“ და ბალანსზე იყო აყვანილი სავაჭრო - ეკონომიკური წარმომადგენლობის მიერ. აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტით, დადგენილია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა იყენებს უძრავ ქონებას (მათ შორის კომერციული მიზნით) მხოლოდ ელჩის ნებართვით. ამასთან, საელჩო ამტკიცებს უძრავი ქონების გამოყენების შედეგად მიღებული თანხებიდან საელჩოსა და სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობისათვის განკუთვნილი ანარიცხების წლიურ ნორმატივებს, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ხარჯთაღრიცხვის ნუსხა მტკიცდება ელჩის მიერ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1996 წლის N78/2 ბრძანების პირველი პუნქტით, საელჩოს ბალანსზე აღირიცხა სავაჭროეკონომიკური წარმომადგენლობის და კულტურული ცენტრი „მზიურის“ ძირითადი საშუალებანი და მატერიალური ფასეულობანი ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბრძანების მე-2 პუნქტით, აღნიშნული ქონება გადაეცა სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობას და დაევალათ აღრიცხულიყო სათანადოდ ამ ორგანიზაციის ბალანსზე. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით, სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობას დაევალა: უზრუნველყოს გადაცემული ძირითადი საშუალებების და მატერიალურ ფასეულობათა დაცვა-შენარჩუნება;
განახორციელოს ოპერატიული მართვის უფლებით გადაცემული ქონების იჯარით გაცემა ან სხვაგვარი განკარგულება მხოლოდ საელჩოს დავალებით; კვარტალში ერთხელ საელჩოს ბუხჰალტერიაში წარმომადგენელი ყოფილიყო მატერიალურ ფასეულობათა მოძრაობის აღრიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულებით - „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებათა მინიჭების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის N315 განკარგულებით „ქ. მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 და N4 შენობების შესახებ“ დარღვეულია მისი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით დაცული უფლებები და თავისუფლებები. მოსარჩელის აზრით, მითითებული სამართლებრივი აქტები არღვევენ არა მარტო მოსარჩელე ლეონარდო დევდერიანის საკუთრების და შრომის უფლებებს, არამედ სხვა კონსტიტუციურ დებულებებსა და პრინციპებსაც. მოსარჩელე ლეონარდო დევდერიანის აზრით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის N5 ბრძანებულებით, იმიტომ შეილახა მისი, კონსტიტუციის 21-ე მუხლით მინიჭებული საკუთრების უფლება,რომ ბრძანებულების მე-2 პუნქტით, უპირობოდ განისაზღვრა წარმომადგენლობისათვის(იგულისხმება საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში)ქონების ჩამორთმევა და ამ ქონების მთლიანად საელჩოს მფლობელობაში გადაცემა. ეს ქონება კი, მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს საკუთრებას არ წარმოადგენდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობისათვის ქონების ჩამორთმევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21 - ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის მე - 3 პუნქტით, საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 15 ნოემბრის N385 დადგენილებით. 1993 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 15 ნოემბრის N386 დადგენილებით, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციაში მტკიცდება ლეონარდო დევდერიანი.
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის შექმნასთან დაკავშირებით, ქ. მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში განთავსებული კულტურულ-კომერციული ცენტრი „მზიური“ შენობასთან ერთად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის N913 დადგენილების „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის შესანახი ხარჯების შესახებ“ მე-5 პუნქტით, გადაეცა ბალანსზე საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობას.
ქ. მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში მდებარე ნაგებობა ქ. მოსკოვის იმდროინდელი საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 19 დეკემბრის N3007 გადაწყვეტილებით აშენებული იქნა საქართველოს აგროსამრეწველო კომიტეტის მიერ.მასში განთავსებული უნდა ყოფილიყო მაღაზია „დარი ვინოგრადა“. ნაგებობის საამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1987 წელს და იგი შესრულდა საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, რომლის ოდენობამ 1987 წლის ფასებით შეადგინა 6 მილიონ 500 ათასი მანეთი აღნიშნული ნაგებობა, როგორც ქ. მოსკოვის კულტურისა და ისტორიის ძეგლი - „გოროდსკაია უსადბა ე.პ.ხვოშინსკოი“, აყვანილი იყო ქ. მოსკოვის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის, გამოყენებისა და კონტროლის სამმართველოს ბალანსზე. აღნიშნულ სამმართველოსა და საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანების კულტურულ - კომერციულ ცენტრ „მზიურს“ შორის, 1988 წელს ფორმდება შენობით სარგებლობის შესახებ შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, ქ.ბიშკეკის 1992 წლის 9 ოქტომბრის დსთ სახელმწიფოთა მეთაურების სხდომაზე მიღებული შეთანხმების „უფლებათა ურთიერთცნობის და საკუთრების ურთიერთობათა შესახებ“, საფუძველზე, დაიწყო ზრუნვა აღნიშნული შენობის საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოცემის დაჩქარების შესახებ. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ქართულ მხარეს ჯერ არ დაუმთავრებია შესაბამისი სამუშაოების შესრულება და ჯერ კიდევ ქ.მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 შენობა საქართველოს არ გადასცემია. სწორედ აღნიშნულ ნაგებობაში იყო განთავსებული კულტურულ - კომერციული ცენტრი „მზიური“, რომელიც საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკურ წარმომადგენლობასთან იქნა შექმნილი 1995 წლის 1 მარტს (რეგისტრაციაში გატარდა 1995 წლის 20 მარტს, N706075). აღნიშნული კულტურულ-კომერციული ცენტრ „მზიურს“, როგორც დახურული სააქციონერო საზოგადოების დამფუძნებლები გახდნენ: 1. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში 20%-ით; 2. მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანი - 20%-ით; 3. სხვა ფიზიკური პირები - 60%-ით.
საწესდებო ფონდი ჩამოყალიბდა დამფუძნებელთა ფულადი შენატანებით. კულტურულკომერციული ცენტრი „მზიურის“ შექმნის მიზეზად მოსარჩელე ასახელებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ ფინანსირდებოდა. ამიტომ, საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მოადგილის - ავთანდილ მარგიანის წერილობითი თანხმობით (1994 წლის 3 აგვისტო, N94/49) შეიქმნა სააქციო საზოგადოება - კულტურულ-კომერციული ცენტრი „მზიური“, რომლის შემოსავლების 20% ეკუთვნოდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობას რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული ქონებიდან, მოსარჩელის სიტყვებით, შემოსავალი გამიზნული იყო და ხმარდებოდა წარმომადგენლობას შესანახი ხარჯების დასაფარავად, და ამ ნაწილში, ის სახელმწიფო ქონებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან ასრულებდა ბიუჯეტის სანაცვლო ფუნქციას კერძო სამართლებრივ საწყისებზე.
მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანის აზრით, 1995 წლის 11 იანვრის N5 და 1996 წლის 16 ივლისის N468 ბრძანებულებებით, სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის გამოყვანა ერთი სამინისტროს სტრუქტურიდან და შეყვანა არა რომელიმე სამინისტროს, არამედ საელჩოს შემადგენლობაში, რომელიც თავისთავად შედის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. რადგან იმ ქვეყნებში, სადაც საელჩოები არ არის გახსნილი, სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები რჩება და შედის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს შემადგენლობაში. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს საელჩოები ფუნქციონირებენ, უქმდება სავაჭრო წარმომადგენლობები, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლები ეკონომიკური მრჩევლის სტატუსით შედიან საელჩოების დაქვემდებარებაში. მოსარჩელის აზრით, სამინისტროს დანაყოფთა ასეთი დანაწევრება და სტრუქტურული ორმაგი ქვემდებარეობის პრინციპი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლს და საერთაშორისო პრაქტიკას.მისივე აზრით დარღვეულია ასევე 1995 წლის 14 აპრილის საქართველო-რუსეთის სამთავრობო შეთანხმება - „სავაჭრო წარმომადგენლობების ურთიერთდაფუძნების შესახებ“, რომლის მე-6 მუხლის მიხედვით, შეთანხმება მოქმედებს ხელმოწერის მომენტიდან, ხოლო წყვეტს მოქმედებას ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე,ახალი წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეთანხმების ეს მოთხოვნაც დარღვეულია.
მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანი თავის კონსტიტუციურ სარჩელში ასაბუთებს, რომ სადავო ბრძანებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, რადგან ეს უკანასკნელი არ ითვალისწინებს დაქვემდებარების ასეთ პრინციპს და იმ შემთხვევებს, რომლებიც ბრძანებულებებშია მოცემული. მოსარჩელის აზრით, სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ადმინისტრაციული წესით დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის გადაცემით, არა მარტო ირღვევა ხელისუფლებათა დანაწილების და დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპები, არამედ არის სახელმწიფოს ორგანოზაციული სისტემის აგების სამართლებრივი პრინციპიდან გადახვევა.
მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანის აზრით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულება არაკონსტიტუციურია იმ გარემოებათა გამოც, რომ როდესაც ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში გაუქმებულად და ძალადაკარგულად არის ჩათვლილი სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოცემული ყველა ბრძანებულება, დადგენილება და განკარგულება, რომელთა მიხედვიდაც რუსეთის ფედერაციაში შექმნილია სხვადასხვა სტრუქტურები, წარმომადგენლობები,დანიშნულნი არიან სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენლები და რწმუნებულები, კონკრეტულად არ არის მითითებული, არცერთი სამართლებრივი აქტის ჩამონათვალი და დასახელება,რომელთაც ეს ბრძანებულება ან დადგენილება ეხებოდა. მისი აზრით, ვინაიდან ბრძანებულება ნორმატიული აქტია, მას საკანონმდებლო ტექნიკის პირობებიც ნორმატიული უნდა ჰქონდეს და იგი კანონსაწინააღმდეგოა.
მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანი თავის კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს,რომ სადავო ნორმატიული აქტების გამოცემით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება და საქართველოს კონსტიტუიის 30-ე მუხლით დაცული შრომის უფლება. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ლეონარდო დევდარიანი მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
1. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულების - „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებათა მინიჭების შესახებ“ მე-2 პუნქტი;
2. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის N468 ბრძანებულების „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ“ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები;
3. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის N315 განკარგულების „ქ. მოსკოვში არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 და N4 შენობები შესახებ“ პირველი პუნქტი;
4. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1995 წლის 16 ივნისის N54 ბრძანება - „დაქვემდებარებული ორგანიზაციების ეკონომიკური მართვისა და კონტროლის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“.
5. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1996 წლის 24 მაისის N78/2 ბრძანება -„საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის ბრძანებულების შესრულების, სახელმწიფო ქონების დაცვისა და მატერიალურ ფასეულობათა სათანადო აღრიცხვისათვის“;
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოქალაქე ლეონარდო დევდარიანის კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი შემდეგი გარემოებების გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ პუნქტით, საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის ინდივიდუალური სარჩელის საფუძველზე განიხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას,მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღებული საყოველთაო უფლების გაუქმება.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დადასტურებული ვერ იქნა, კონკრეტულად რომელ ობიექტზე დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლება. თვითონ მოსარჩელემ,კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დაადასტურა, რომ იგი სადავოდ მიიჩნევს ქ.მოსკოვში არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 ნაგებობას და ამ ნაგებობის გამოყენებით მიღებული შემოსავლების საკითხს. დანარჩენ ქონებაზე, იგი საკუთარი უფლებების დარღვევებს სადავოდ არ ხდის.
საქმის განხილვის დროს დაგროვილი უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა მიხედვით, დღემდე ამ ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა გაურკვეველია.უდავოა, რომ იგი აშენებულია იმჟამად მოქმედი წესების დაცვით და მას წლების განმავლობაში ფლობს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, ვინმეს მხრიდან რაიმე პრეტენზიების გარეშე. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქ.მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 ნაგებობის საკითხი სამართლებრივად ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის.
სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ შექმნილ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობის,რომლის თვითდაფინანსების მიზნით შექმნილ კომერციულ სტრუქტურას, სააქციო საზოგადოებას - კომერციულ ცენტრს „მზიურს“, რომელსაც ქვეიჯარის წესით გადაეცა ქ. მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 ნაგებობა და აქედან მიღებული შემოსავლებით ეწეოდა რა კომერციულ საქმიანობას, სწორედ სადავო ნორმატიული აქტების საფუძველზე ჩამოერთვა აღნიშნული ნაგებობის გამოყენების უფლება, შეუწყდა საიჯარო ობიექტიდან მიღებული შემოსავლები, რაც თითქოს სააქციო საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება.
ჯერ ერთი, თუ სააქციო საზოგადოება, როგორც ამას თვითონ მოსარჩელე აცხადებს, შეიქმნა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის დაფინანსების მიზნით და მის მიმართ საბიუჯეტო ფუნქციების შესასრულებლად (რისი მართლზომიერების საკითხი თავისთავად გასარკვევია), სავაჭრო წარმომადგენლობის გაუქმებასთან ერთად,ისპობა თავად სააქციო საზოგადოების შექმნის მიზანიც. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააქციო საზოგადოების წესდებაში შენობის ექსპლუატაცია, როგორც მისი ძირითადი საქმიანობა, საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
მეორე, არც საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის 1994 წლის 7 თბერვლის ბრძანება,არც რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობის 1994 წლის 1 აგვისტოს N1/179 წერილი, რომელზედაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის - ავთანდილ მარგიანის მიერ იქნა დადებული რეზოლუცია, არ ითვალისწინებენ სააქციო საზოგადოებისთვის შენობის გადაცემას. იგივეს მეტყვლებს ქ.მოსკოვის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის და გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლის სამმართველოს 1997 წლის 13 თებერვლით დათარიღებული N16-18/411 წერილი, რომლის მიხედვით, ნაგებობა მათ ბალანსზეა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება, ერთი და იგივე ნაგებობა ერთდროულად ორი ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფებოდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ფაქტიურ მდგომარეობას, სავაჭროეკონომიკურ წარმომადგენლობასა და სააქციო საზოგადოებას შორის 1994 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული აქტი, არბატის ქ. N 42-ში მდებარე N 1 ნაგებობის ბალანსზე გადაცემის შესახებ (სრულ სამეურნეო გამგებლობაში, მართვისა და განკარგვის უფლებით). ნაგებობის გადაცემა ფლობის, სარგებლობის და განკარგვის,ანუ საკუთრების უფლებით, გაითვალისწინა 1994 წლის 20 დეკემბერს დადებულმა საიჯარო ხელშეკრულებამაც.
იმ დროს, როდესაც სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობას თვითონ არ ჰქონდა ნაგებობის განკარგვის უფლება, ამ უფლებით მისი კერძო სტრუქტურისათვის გადაცემა სასამართლო კოლეგიას დაუშვებლად მიაჩნია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განცხადება, რომ სააქციო საზოგადოებასთან გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულება შეთანხმებული იყო საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, არ გამომდინარეობენ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
მოსარჩელე თვლის, რომ დარღვეულია მისი,საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება, რაც ნაგებობის ქვეიჯარიდან შემოსავლების გაუქმებამ გამოიწვია. აღნიშნული საკითხების გარკვევა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. ასეთი ქონებრივი ხასიათის დავები საერთო სასამართლოს კომპეტენციაა.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის ბრძანებულების მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცში, გარკვევით არის მითითებული, რომ საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში შევიდეს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს სტრუქტურაში და მის დაქვემდებარებაში, მისი ქონების საელჩოს მფლობელობაში გადაცემით. ამრიგად, სადავო ნორმატიული აქტის ამ ნაწილში საერთოდ არ არის მინიშნება სააქციო საზოგადოების ქონებაზე.
2. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულების გამოცემამდე, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა შედიოდა საქართველოს საგარეოეკონომიკური ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის დაქვემდებარებაში და სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომდგენელს ნიშნავდა ეს კომიტეტი. სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულების მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცით, ეს წარმომადგენლობა გამოყვანილი იქნა საქართველოს საგარეოეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტის დაქვემდებარებიდან და შევიდა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს სტრუქტურასა და დაქვემდებარებაში. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს არ ჰქონდა უფლება საგარეოეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტის საქმიანობის აღნიშნული სფერო თავისი ბრძანებულებით ჩამოერთვა ამ კომიტეტისათვის და გადაეცა იგი საქართველოს საეჩოსათვის რუსეთის ფედერაციაში.
შესაძლებელია, აქ საქმე გვქონდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ თავისი უფლებამოსილების გადამეტებასთან. აღნიშნულის შესახებ საკუთარი უარყოფითი პოზიცია გამოთქვა სასამართლო პროცესზე მოწვეულმა სპეციალისტმა - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვალერი ლორიამ. ამ საკითხის განხილვა, ამჟამად არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში, რადგან ჯერ-ერთი, თუ ჩავთვლით,რომ სახელმწიფოს მეთაურის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ზემოთ დასახელებული ბრძანებულება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას ასეთ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი უნდა შემოიტანოს საქართველოს პრეზიდენტმა ან საქართველოს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ერთმა მეხუთედმა,რადგან საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 33-ე მუხლი პირველი პუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ერთ მეხუთედს. მეორე, სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობა, რომელიც შედიოდა საქართველოს საგარეოეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის შემადგენლობაში, გადავიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. ფაქტიურად მოხდა ერთი ორგანოს კომპეტენციის გარკვეული ნაწილის გადაცემა მეორე სახელმწიფოს ორგანოსათვის. საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს: საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ მიაჩნიათ,რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები. აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ ისინი მიიჩნვენ,რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.
როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
3. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის N468 ბრძანებულების მე-2 პუნქტით, გაუქმდა 1997 წლის 1 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით შექმნილი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში. მოსარჩელის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ ხსენებული ბრძანებულებით ირღვევა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული შრომის უფლება და დარღვეულია არა მარტო მოსარჩელის, არამედ - საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ყველა მუშაკის შრომის უფლება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის N468 ბრძანებულებით არ დარღვეულა არც მოსარჩელის და არც სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მუშაკთა შრომის უფლება, რადგან, სადავო აქტებით, კონკრეტულად არავინ განთავისუფლებულა სამუშაოდან. გარდა ამისა, ჯერ-ერთი, საქართველოს კ ონსტიტუციის 30-ე მუხლი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო. მეორე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომით დასაქმებაში ვალდებულებას.
4. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია,რომ მოსარჩელის მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულებაში გაუქმებულად და ძალადაკარგულად არის ჩამოთვლილი სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ გაცემული ყველა დადგენილება, ბრძანებულება და განკარგულება, რომელთა მიხედვითაც რუსეთის ფედერაციაში შექმნილი იყო სხვადასხვა სტრუქტურები, წარმომადგენლობები, დანიშნული იყვნენ სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენლები და რწმუნებულები, კონკრეტულად არ არის მითითებული არც ერთი სამართლებრივი აქტის ჩამონათვალი და დასახელება , რომელთაც ეს ბრძანებულება ან დადგენილება ეხებოდა. მისივე აზრით, ვინაიდან ბრძანებულება ნორმატიული აქტია, მას საკანონმდებლო ტექნიკის პირობებიც ნორმატიული უნდა ჰქონდეს და იგი კანონსაწინააღმდეგოა. მოსარჩელის ეს მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის მიხედვით ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ შეიტანონ კონსტიტუციური სარჩელი, თუ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. საკანონმდებლო ტექნიკის არასრულყოფილების გამო, ფიზიკურ პირს არა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება.
5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის - „ქ.მოსკოვში, არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 და N4 შენობების შესახებ“ პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ აღნიშნული განკარგულება არის რა სამართლებრივი აქტი, მოკლებულია ნირმატიულ ხასიათს და აშკარად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეს წარმოადგენს, რომლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
6. არანორმატიული ხასიათის არიან ასევე საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1995 წლის 16 ივნისის N54 ბრძანება - „დაქვემდებარებული ორგანიზაციების ეკონომიკური მართვისა და კონტროლის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ და იმავე ელჩის 1996 წლის 24 მაისის N78/2 ბრძანება - „საქართველოს სახელმწუფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის ბრძანებულების შესარულების, სახელმწიფო ქონების დაცვისა და მატერიალურ ფასეულობათა სათანადო აღრიცხვისათვის“. ელჩის ეს აქტები მოკლებულნი არიან ნორმატიულ ხასიათს, რადგან ისინი გამომდინარეობენ ნორმატიული აქტებიდან, გამოცემულნი არიან მათ შესასრულებლად და განკუთვნილნი არიან მხოლოდ გარკვვეული სუბიექტისათვის, ე.ი. ისინი ინდივიდუალური ხასიათისაა და არა ნორმატიული. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მათ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოქალაქის ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში (საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტი).
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 33-ე, 34-ე, 39-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-10, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მოქალაქე ლეონარდო დევდარიანის კონსტიტუციური სარჩელი: 1) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის N5 ბრძანებულების - „რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებათა მინიჭების შესახებ“ მე-2 პუნქტის; 2) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის N468 ბრძანებულების -„საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა შესახებ“ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების; 3) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის N315 განკარგულების - „ქ. მოსკოვში არბატის ქ. N42-ში მდებარე N1 და N4 შენობების შესახებ“ პირველი პუნქტის; 4) საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში 1995 წლის 16 ივნისის N54 ბრძანების - „დაქვემდებარებული ორგანიზაციების ეკონომიკური მართვისა და კონტროლის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“; 5) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუსეთის ფედერაციაში. 1996 წლის 24 მაისის N78/2 ბრძანების - „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის ბრძანებულების შესრულების, სახელმწიფო ქონების დაცვისა და მატერიალურ ფასეულობათა სათანადო აღრიცხვისათვის“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა.