მოქალაქე ნოდარ ნებიერიძის „სასარჩელო განცხადება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/29 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 27 ივნისი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: – მოქალაქე ნოდარ ნებიერიძის „სასარჩელო განცხადება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: – „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 მარტის №286 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – მოქალაქე ნოდარ ნებიერიძე.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოქალაქე ნოდარ ნებიერიძის „სასარჩელო განცხადების“ არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია, რომ სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტზე, 31-ე და 39-ე მუხლებსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით.
მოსარჩელის აზრით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ დროებითი დებულების მე-3 მუხლის 22-ე პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 88-ე და 89-ე მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს: საპროცესო კოდექსი აღნიშნული მუხლების მიხედვით, სასამართლო ან მოსამართლე უფლებამოსილია, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მოსარჩელე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ დებულების სადავო პუნქტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უფლებას აძლევს საფინანსო ორგანოებს, რითაც მათ სასამართლო ხელისუფლებასთან ათანაბრებს. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო პუნქტის საფუძველზე საფინანსო ორგანოებს უფლება აქვთ სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყვიტონ ბაჟისაგან გათავისუფლებისა და გადახდის განვადების პირობები. ამით კი მოქალაქეს ერთმევა შესაძლებლობა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული უფლება – თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საილუსტრაციოდ „სასარჩელო განცხადებაში“ მოყვანილია შემთხვევა, როცა 1996 წლის აგვისტოში საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ ბაჟის გადაუხდელობის მოტივით განსახილველად არ მიიღო გადახდისუუნარო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბემის“ სარჩელი. მოსარჩელის თქმით, ამან შელახა მისი, როგორც „ბემის“ მთავარი იურიდიული მრჩევლისა და უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში ამ საზოგადოების წარმომადგენლის ინტერესები (მოსარჩელე წარმოადგენს სახელმწიფო ლიცენზიის მქონე საადვოკატო საქმიანობის კერძო ფირმას - „პირადი ადვოკატი“). არსებული წესი, მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოსაც დიდ შემოსავალს აკარგვინებს, რადგან საქმის განხილვის შემდეგ ბაჟის გადახდა აუცილებლად დაეკისრება ერთ-ერთ მოდავე მხარეს და თანხა ბიუჯეტში ჩაირიცხება.
მოსარჩელე მოითხოვს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ დროებითი დებულების მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის გაუქმებას.
I. სარჩელში („სასარჩელო განცხადებაში“) სწორად არ არის მითითებული სადავო ნორმა. მოსარჩელე ასახელებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 მარტის №286 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-3 მუხლის 22-ე პუნქტს და მოითხოვს მის გაუქმებას. სინამდვილეში კი სადავო ნორმას ამ პუნქტთან არავითარი საერთო არ გააჩნია. 22-ე პუნქტი სრულიად სხვა საკითხს შეეხება. სახელდობრ, ამ პუნქტით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხოელი ტურისტები – უცხოეთის პასპორტების რეგისტრაციისათვის. სადავო ნორმა მოცემულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ დროებითი დებულების მე-3 მუხლის არა 22-ე, არამედ 24-ე პუნქტში (1994 წლის 9 აგვისტომდე იგი 23-ე პუნქტის სახით იყო ჩამოყალიბებული).
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოუდგინა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ დროებითი დებულების ისეთი ტექსტი, რომელშიც სადავო ნორმა, მოსარჩელის მითითების საწინააღმდეგოდ, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილად (და არა 22-ე პუნქტად) არის ფიქსირებული.
სარჩელში არ არის მითითებული სადავო აქტის გამომქვეყნებელი ბეჭდვითი ორგანოს დასახელება, რასაც მოითხოვს „საკონსტიუტციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
II. სარჩელში ზუსტად არ არის მითითებული საქართველოს კონსტიტუციის დებულება, რომელსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება სადავო აქტი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, მაგრამ არ აკონკრეტებს, თუ სახელდობრ რომელი პუნქტია დარღვეული (42-ე მუხლში საერთოდ 9 პუნქტია).
III. სარჩელში მოპასუხედ შეცდომით დასახელებულია საქართველოს პარლამენტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის აქტითაც, მოსარჩელის აზრით, გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. ამგვარად, გამოდის, რომ მოპასუხედ ითვლება არა საქართველოს პარლამენტი, არამედ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ იგი ამჟამად აღარ არსებობს. ამიტომ, ზემოაღნიშნული ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მოპასუხედ მიიჩნევა სადავო აქტის მიმღების შესაბამისი უფლებამონაცვლე ორგანო. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამონაცვლე კი დღესდღეობით საქართველოს პრეზიდენტია.
IV. სარჩელი არ არის შეტანილი უფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტიდან და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, მოქალაქეს, ფიზიკურ პირს მხოლოდ მაშინ შეუძლია ნორმატიული აქტის (მისი ცალკეული ნორმის) კონსტიტუციურობის თაობაზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ეს აქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უშუალოდ მის უფლებებსა და თავისუფლებებს. მოსარჩელემ ვერ აჩვენა: თუ კონკრეტულად მისი რომელი ასეთი უფლება დაირღვა სადავო ნორმით. იგი მიუთითებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე. მაგრამ სარჩელში მოყვანილ საილუსტრაციო შემთხვევაში მოსარჩელე საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოსთან ურთიერთობას აწარმოებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბემის“ წარმომადგენლის, მთავარი იურიდიული მრჩევლის სახით, ე.ი. მოქმედებდა სხვისი (მრწმუნებლის) სახელითა და მისი ინტერესების შესაბამისად, ამიტომ ამ შემთხვევაში „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ დროებითი დებულება პირადად მოსარჩელეს არ შეეხება. ამდენად, იგი არცაა უფლებამოსილი მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
V. დარღვეულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნა – კონსტიტუციური სარჩელის ნაცვლად საკონსტიტუციო სასართლოში განსახილველად შემოტანილია „სასარჩელო განცხადება“.
ამგვარად, სარჩელი არც ფორმითა და არც შინაარსით არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, არაა შეტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ნოდარ ნებიერიძის „სასარჩელო განცხადება“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 მარტის №286 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
1. იაკობ ფუტკარაძე – კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე
2. ოთარ ბენიძე - წევრი
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, (მომხსენებელი მოსამართლე).
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი,