ლევან ფურცხვანიძე საქართველოს პარლამენტის წევრი.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/31-5 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 25 მარტი 1997 |
სასამართლოს შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი)..
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე;
საქმის დასახელება: ლევან ფურცხვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: ლევან ფურცხვანიძე და მოსარჩელის წარმომადგენელი - ადვოკატი ნოდარ ნებიერიძე;
2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი (საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში - დავით მუმლაძე);
3. სპეციალისტები: 1) იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. შალვა ჩიკვაშვილი; 2)იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 1997 წლის 9 იანვარს, კონსტიტუციური სარჩელით მომრთა საქართველოს მოქალაქემ - ლევან ფურცხვანიძემ. კონსტიტუციურ სარჩელში, ლევან ფურცხვანიძე აღნიშნავს,რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის (პირველი ინსტანციის წესით), 1996 წლის 11 დეკემბრის 3/17 გადაწყვეტილებით, საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა მისი სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა, მის საკუთრებაში არსებული ბინიდან დამქირავებელთა გამოსახლებას.
საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, განუსაზღვრელი ვადით დადებული საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს მესაკუთრის მოთხოვნით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადგომი პირადი სარგებლობისათვის სჭირდებათ თვით სახლის მესაკუთრეს და მისი ოჯახის წევრებს, და თუ მესაკუთრე სამი თვით ადრე გააფრთხილებს დამქირავებელს ხელშეკრულების მოშლის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დამქირავებელი გამოსახლებული უნდა იქნეს სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მოსარჩელე ლევან ფურცხვანიძე თვლის, რომ ვინაიდან, საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლით მესაკუთრე ვერ განკარგავს თავის საკუთრებას თუ არ დამტკიცდა, რომ მას, თავისი საკუთრება სჭირდება - იურიდიული ნონსენსია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის მიხედვით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოსარჩელე ლევან ფურცხვანიძე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას.
სასამართლო კოლეგიამ, ლევან ფურცხვანიძის კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას, სპეციალისტებად მოიწვია:
1. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი შალვა ჩიკვაშვილი;
2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე. ორივე სპეციალისტმა წარმოადგინეს წერილობითი დასკვნები, რომლებიც გაეცნოთ მხარეებს.
პროფესორი შალვა ჩიკვაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი არის შედეგი სოციალისტური იდეოლოგიისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს წინა პლანზე აყენებდა ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებაში. ამავე დროს, სადავო მუხლი ზღუდავს მესაკუთრეს საკუთრების უფლების სრულ რეალიზაციაში. მესაკუთრე ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოფს საკუთარი შეხედულებისამებრ საკუთრებით სარგებლობას და განკარგვას.
პროფესორ შ.ჩიკვაშვილის აზრით, საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მესაკუთრეს, და მისი ოჯახის წევრებს, პირადი სარგებლობისათვის საჭიროების შემთხვევაში აქვთ სადგომის სარგებლობისა და განკარგვის უფლება, არ უნდა იყოს უპირატესი პირობა მესაკუთრისათვის კონსტიტუციური უფლების (საკუთრების უფლების) უგუვებელყოფისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესორი შ.ჩიკვაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. ამავე დროს, პროფესორი შ.ჩიკვაშვილი თვლის, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობამ შეიძლება გარკვეული სოციალური პრობლემები შექმნას, რადგან მას შეიძლება მოჰყვეს წლების მანძილზე დამქირავებლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა მასობრივი გამოსახლება მესაკუთრეთა მხრიდან.
პროფესორი ბ.ზოიძე, თავის წარმოდგენილ დასკვნაში, ავითარებს სრულად საწინააღმდეგო მოსაზრებას. მისი აზრით,არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი (შეუზღუდავი) სანივთო უფლება, ამ შემთხვევაში საკუთრების უფლება. ყოველი მესაკუთრე მხოლოდ კანონისმიერი და სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებშია თავისუფალი სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრების ობიექტებს. სამოქალაქო უფლებათა ბოჭვის ზომიერი მექანიზმი მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. პროფესორ ბ.ზოიძის აზრით, ხშირად ადამიანთა თაობები განაგრძობენ დაქირავებულ სახლებში (ბინებში) ცხოვრებას და ასე იქნება მომავალშიაც. ასეთ ვითარებაში, სამართალი საგანგებო ყურადღებას მიაპყრობს დამქირავებელთა უფლებებს და იცავს მათ მესაკუთრეთა თვითნებობისაგან. სპეციალისტის აზრით, სოციალური ინტერესი გვავალდებულებს,ზომიერად შევზღუდოთ საკუთრების უფლება. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი ერთგვარად ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს დამქირავებელთა ინტერესებიდან გამომდინარე.
პროფესორი ბ.ზოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს.
საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელე ლევან ფურცხვანიძემ მოითხოვა საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობა. მოპასუხე მხარემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით მუმლაძემ, არ სცნო ლევან ფურცხვანიძის კონსტიტუციური სარჩელი - საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოპასუხის აზრით, საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, ვინაიდან ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოპასუხემ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში, ლაპარაკია საკუთრების უფლების გაუქმებაზე და არა შეზღუდვაზე. ხოლო მოსარჩელე, თავის კონსტიტუციურ სარჩელში, ყურადღებას ამახვილებს საკუთრების შეზღუდვაზე და არა გაუქმებაზე. ამასთანავე, მოპასუხე მხარემ, საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონის მიერ აღნიშნულ შემთხვევაში მართლზომიერად ჩათვალა. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოქალაქე ლევან ფურცხვანიძის კონსტიტუციური სარჩელი - საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში,არ არის ნახსენები სიტყვა "შეზღუდვა" (საკუთრების უფლების), მაგრამ ამ პუნქტში აღნიშნული - "საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია" ნიშნვს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.კონკრეტულ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან, რადგან საქართველოს კონსტიტუცია, უკვე აღარ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს მოქალაქენი საცხოვრებელი ბინით.
3. საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს, ვინაიდან მესაკუთრეს აქვს თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება. ამM შემთხვევაში კი იზღუდება მესაკუთრის განკარგვის უფლება, რადგან განკარგვა გულისხმობს მესაკუთრის მიერ მისი ქონების ბედის გადაწყვეტას ყოველგვარი პირობების დათქმის გარეშე (საჭიროებისათვის თუ სხვა მიზნით). იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს კანონის "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 39-ე, 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" მე-10, 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე ლევან ფურცხვანიძის კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი ცნობილი იქნას - არაკონსტიტუციურად;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ახალი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიღებამდე და ძალაში შესვლამდე, შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის ახალი რედაქცია;
6.საკონსტიტუციუ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის შემადგენლობა
გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
ა. აბაშიძე;
ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი).