მოქალაქე გივი დონაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/5/32 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
ამავე სასამართლოს ღია სხდომაზე მოსარჩელის - გივი დონაძის, მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის, საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოfილების გამგის კონსტანტინე კუბლაშვილის, მოწმეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობის უფროსის, იუსტიციის პოლკოვნიკ რუბენ ყარმაზანაშვილის, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის იოსებ ლობჟანიძის, საქართველოს სამხედრო კომისარიატის საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებiს საპენსიო ჯგუფის უფროსის, მაიორ მერაბ ქაჯაიას, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ჯემალ გორდულაძის მონაწiლეობით
განიხილა საქმე - "მოქალაქე გივი დონაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
სასამართლომ, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა თანხმობით, გასახილველ საქმეზე მტკიცებულების სახით შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ვ. გვარამიას წერილი, რომელიც 1997 წლის 30 ოქტომბერს გამოიგზავნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტსა და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით.
დ ა ვ ი ს ს ა გ ა ნ ი ა "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით.
მოსარჩელემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა 1996 16 ოტქომბერს მიიღო კანონი"სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ". მოსარჩელე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია და თვლის, რომ სადავო აქტით დადგენილი პენსია "ომის ინვალიდების და მონაწილეების სამოცდაათ პროცენტზე მეტს საერთოდ არ ეხება". იგი მიუთითებს, რომ კანონი ომის ვეტერანების საპენსიო უზრუნველყოფისათვის მზადდებოდა. სინამდვილეში, ომის ვეტერანები "შირმად" გამოიყენეს, რათა მათი ყურადღება მოედუნებინათ და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით მიეღოთ ზემოაღნიშნული კანონი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 38-ე, 39-ე და სხვა მუხლები. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის არსს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში არ შეილახოს ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, კერძოდ კი, ომის ინვალიდებისა და მონაწილეების თანასწორუფლებიანობა.
მოსარჩელის აზრით, სადავო აქტი "თავისი შინაარსით... აგიტაცია-პროპაგანდის" ხასიათისაა და მას შედეგად ის შეიძლება მოჰყვეს, რომ "ახალგაზრდობამ არ იმსახუროს საქართველოს ჯარში". ამასთან კანონპროექტი არ ყოფილა გამოქვეყნებული საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის.
მოსარჩელის სიტყვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არ არსებობს სპეციალური კანონი ომის მონაწილეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ.
მოსარჩელე სთხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გააუქმოს სადავო აქტი, რათა მომავალში საერთო განხილვით მიღებული იქნეს ომის უშუალო მონაწილეებისათვის შესაფერისი "საპენსიო დადგენილება".
მ ო პ ა ს უ ხ ი ს ა ზ რ ი თ , სადავო კანონი თავიდანვე განიხილებოდა სათაურით - "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ".ამიტომ, არ არის სწორი მოსარჩელე, როცა აცხადებს, რომ კანონი მომზადების პროცესში სხვა კატეგორიის პირებს ეხებოდა, მიღების შემდეგ კი სხვებზე გავრცელდა. კანონის მიღება ხანგრძლივი პრცესია და სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოებისათვის არსებობს მისი პროექტის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა. კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილია, თუ რომელ პირებს ეხება სადავო აქტით დადგენილი პენსია. ყველა, ვინც მონაწილეობას ღებულობდა კანონპროექტის განხილვა - მიღებაში, დარწმუნებული იყო რომ სწორედ იმ კატეგორიის პირებზე გავრცელდებოდა კანონის მოქმედება. სადავო აქტი ეხება იმ ვეტერანებს, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური და აქვთ არანაკლებ 20 კალენდარული წლის ნამსახურობა. ამის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ კანონპროექტის განხილვისას ომის ვეტერანებზეც იქნებოდა საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე არ მიეკუთვნება ზემოაღნიშნულ პირთა კატეგორიას, მასზე არ ვრცელდება სადავო კანონის მოქმედება. ამჟამად პარლამენტში შემოტანილია საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ვეტერანებისათვის პენსიების მომატებას 22-23 ლარამდე. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებობს შეთანხმება პენსიის 50 ლარამდე გაზრდის თაობაზე. ამდენად, სპეციალური კანონის მიღების გარეშეც შესაძლებელია ბიუჯეტის კანონით ამ საკითხის დარეგულირება.
რაც შეეხება კანონპროექტების გამოქვეყნებას განხილვისათვის, მოპასუხის განცხადებით, მაშინ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამის აუცილებლობას (პარლამენტის რეგლამენტში სათანადო ცვლილება 1997 წლის 5 თებერვალს იქნა შეტანილი).
მოპასუხის აზრით, სადავო კანონი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არ არღვევს მის 38-ე მუხლს - მოქალაქეთა თანასწორობას ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ნიშნის მიხედვით.
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას.
მოწმე რუბენ ყარმაზანაშვილმა განაცხადა, რომ ომის ვეტერანები ამჟამად პენსიას ღებულობენ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოსა და რუსეთს შორის სამთავრობო დონეზე 1992 წლის სექტემბერში დაიწყო მოლაპარაკება ომის ვეტერანთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებაზე ყოველთვის სადავო იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი. რუსეთის მხარე უარს აცხადებს ომის მონაწილეებისათვის პენსიების გამოყოფაზე. სადავო კანონი ძირითადად იმავე სათაურით მზადდებოდა, როგორც მიიღეს, მხოლოდ მოგვივნებით გაჩნდა მის სათაურში სიტყვები - "თადარიგში დათხოვნილი". მოწმის აზრით, სადავო აქტი არ ეხება მოსარჩელეს,იგი საქართველოში მუდმივად მცხოვრებ დაახლოებით 6 - ათასამდე ოფიცერზე ვრცელდება.
მოწმე იოსებ ლობჟანიძის თქმით, კონსტიტუციაში არსად არ არის ნათქვამი, რომ ყველას თანაბარი პენსია უნდა ჰქონდეს. კანონმდებლობა,არსებული სპეციფიკიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს, თუ რომელი კატეგორიის პირები როგორი პენსიით დაკმაყოფილდება. სამსახურებრივი სიმძიმის გათვალისწინებით, ოფიცრებისა და რიგითების პენსიები დიფერენცირებული უნდა იყოს. საერთაშორისო პარაქტიკის ანალიზი ასეთივე დაკვნის შესაძლებლობას იძლევა. დღესდღეობით საქართველოში ომის ვეტერანთა საპენსიო უზრუნველყოფის კანონმდებლობა არ არსებობს. მათი საპენსიო უზრუნველყოფის პირობები საბჭოთა პერიოდის კანონმდებლობით რეგულირდება და ეს სათანადო სამართლებრივ საფუძველს ემყარება. რაც შეეხება თანხების ოდენობას, იგი პერიოდულად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. ამჟამად მოქმედებს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ივლისის № 389 ბრძანებულება. საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონი "ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" ითვალისწინებს ომის ვეტერანების საპენსიო უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ სათანადო კანონის არარსებობის გამო საკითხი ჯერჯეროჯით დაურეგულირებელია ,სამინისტრომ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს პარლამენტს "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით, ამით კანონის მოქმედება ვადიან სამხედრო სამსახურში ნამყოფ ვეტერანებზეც გავრცელდებოდა. სადავო კანონი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მიუხედავად ამისა, ომის ვეტერანთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი მართლაც საჭიროებს დარეგულირებას, რაც ან ახალი კანონის მიღებით, ანდა სადავო აქტში ცვლილებების შეტანის გზით უნდა განხორციელდეს.
მოწმე ჯემალ გორდულაძის აზრით, ვეტერანთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ომის ვეტერანები ყოველდღიურად სთხოვენ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილი აქვს საპროტესტო გამოსვლებს. შეუძლებელია სადავო აქტის გაუქმებაზე მსჯელობა, მაგრამ იქნებ ეთხოვოს საქართველოს პალამენტს ან პრეზიდენტს, რომ მანამდე გაუზარდონ პენსიები ომის ვეტერანებს, სანამ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას მათ თაობაზე.
მოწმე მერაბ ქაჯაიას განმარტებით, სადავო კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც ამ აქტით განსაზღვრული პენსია ეხებათ. ამჟამად 3500-მდე პენსიონერი იღებს საქართველოს სამხედრო კომისარიატის საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ხაზით პენსიას. სადავო კანონი არ არღვევს მოსარჩელის უფლებებს. ამსათანავე, იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მოწმის აზრით, მიღებული უნდა იქნეს საერთო კანონი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ "მოქალაქე გივი დონაძეს კონსტიტუციურ სარჩელში ერთ-ერთ არსებით მტკიცებულებად მოჰყავს სადავო კანონის პროექტის "საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის" გამოქვეყნების ვალდებულების "უგულებელყოფა", დარღვევა ოფიციალური სტრუქტურების მიერ, რაც ... სავსებით გაუმართლებელია. კერძოდ, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ" არ ითვალისწინებენ საქართველოს კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნების მოთხოვნას (გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტი,რომლის საყოველთაოსახალხო განხილვისათვის გამოქვეყნების ვალდებულება ასახულია უზენაესი კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტში)". წერილის მიხედვით, კონსტიტუციის 38 - ე მუხლს სავსებით სპეციფიკური შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია, რაც გამორიცხავს მის რაიმე მიმართებას სადავო კანონთან.. კონსტიტუციის მოცემული მუხლი უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას მხოლოდ ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილების მიხედვით. ახალი კანონის მიღების მოთხოვნა, რაც კონსტიტუციურ სარჩელშია წამოყენებული, საერთოდ არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს განხილვის სფეროში, თუმცა "სადავო კანონის არსებობა არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს სათანადო ახალი კანონის მიღების შესაძლებლობას".
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
სადავო აქტის - "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის პირველი მუხლის თანახმად,ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სახედრო ძალებიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სამსახურებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მბონე პირებზე. კანონის აღნიშნული მუხლი დეტალურად განსაზღვრას, თუ რომელი კატეგორიის პირებს აქვთ უფლება მიიღონ სადავო აქტით დადგენილი პენსია. ამ პირთა ჯგუფში ვადიან სამხედრო სამსახურში ნამყოფი ყველა პირი არ იგულისხმება. სადავო აქტი ვრცელდება იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა. მოსარჩელე კი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა სერჟანტის წოდებით და მას საჭირო წელთა ნამსახურობა არ აქვს. ამდენად, სადავო აქტი მოსარჩელეზე არ ვრცელდება.
იმ კატეგორიის პირთათვის, რომელთაც მიეკუთვნება მოსარჩელე, არსებობს "ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონი. კერხოდ, ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ვეტერანებისათვის აწესებს სოციალური დაცვის გარანტიებს, მათ შორის - საპენსიო უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე - 15 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პენსიების მომატებასა და ინდექსაციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქმის არსებითი განხილვის შედეგად ცხადი გახდა, რომ კანონის აღნიშნული მოთხოვნები საკმაოდ ვერ ხორციელდება და საჭიროა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა საპენსიო უზრუნველყოფის დროულად მოწესრიგება. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას გამოვლინდა საპენსიო კანონმდებლობის სფეროში არსებული ნაკლოვანებები. ამსთანავე, სასამართლო თვლის, რომ სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა მოსარჩელის კატეგორიის პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის 1997 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოქალაქე გივი დონაძის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ 38-ე მუხლთან მიმართებით-მოსარჩელემ საერთოდ ვერ დაასაბუთა სადავო აქტის მიმართება კონსტიტუციის 39-ე და "სხვა" მუხლებთან, რომლებზედაც მითითებულია კონსტიტუციურ სარჩელში.
მოსარჩელე ეყრდნობა კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამ პუნქტის თანახმად, "საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშ განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედანით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ" (საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მე- 2 პუნქტის მიხედვით, "საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას"). ამგვარად, კონსტიტუციის 38-ე მუხლი საქართველოს მოქალაქეებს, მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილების მიუხედავად, თანასწორობის გარანტიებს უწესებს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სადავო აქტი კი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების განსაზღვრისას არათანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს საქართველოს სოქალაქეებს, კერძოდ, ომის ვეტერანებს მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილების საფუძველზე. მაშასადამე, სადავო კანონით არ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ე" პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლითა და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 32-ე და 33-უ მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. უარყოფილი იქნეს მოქალაქე გივი დონაძის კონსტიტუციური სარჩელი "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით;
2. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯარო გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვაეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს, რომ "ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მდგომარეობის გათვალისწინებით დროულად მოწესრიგდეს ამ კატეგორიის პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები;
5. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
6. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის შემადგენლობა
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი)