ნინო იოსელიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის და საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/33/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 4 ნოემბერი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ნინო იოსელიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის და საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სამცხე-ჯავახეთის მხარეში 1996 წლის 9 ოქტომბრის №167 განკარგულება; 2. საქართველოს განათლების მინისტრის 1996 წლის 4 ნოემბრის №470 ბრძანება - „სამცხე-ჯავახეთის მხარის განათლების რეგიონალური სამმართველოს შექმნის შესახებ“.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: ნინო იოსელიანი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 4 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე ნინო იოსელიანმა.
კონსტიტუციურ სარჩელში ავტორი აღნიშნავს, რომ 1996 წლის 9 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა, გამოსცა №167 განკარგულება, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ადგილობრივი მმართველობის სამხარეო მოწყობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის დაჩქარებისა და ამ დარგში არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით, მიზანშეწონილად ჩათვალა ახალციხის რაიონის განათლების განყოფილების ბაზაზე შექმნილიყო სამცხე-ჯავახეთის მხარის განათლების რეგიონალური სამმართველო, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა მხარის განათლების სისტემას.
სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, საქართველოს განათლების მინისტრმა, 1996 წლის 4 ნოემბერს, გამოსცა ბრძანება - „სამცხე-ჯავახეთის მხარის განათლების რეგიონალური სამმართველოს შექმნის შესახებ“. ამ ბრძანებით დაკმაყოფილდა სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წინადადება და ახალციხის რაიონის განათლების განყოფილების ბაზაზე შეიქმნა სამცხე-ჯავახეთის მხარის განათლების რეგიონალური სამმართველო, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევს მხარის განათლების სისტემას.
1996 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს განათლების მინისტრის №82/5 ბრძანებით - „ქ-ნ ნ. იოსელიანის შესახებ“ ახალციხის რაიონის განათლების განყოფილების ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის მხარის განათლების რეგიონალური სამმართველოს შექმნასთნ დაკავშირებით, 1996 წლის 4 ნოემბრიდან ქ-ნ ნინო იოსელიანი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მისი შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტა დაევალა ახალადშექმნილ რეგიონალური სამმართველოს უფროსს.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 1996 წლის 9 ოქტომბრის №167 განკარგულებით, გაუქმდა ახალციხის რაიონის განათლების განყოფილება, ხოლო მის ბაზაზე შეიქმნა სამცხე-ჯავახეთის მხარის რეგიონალური სამმართველო, რაც მისი აზრით, არის სახელმწიფო რწმუნებულის თვითნებობა და იგი ლახავს და უგულებელყოფს ახალციხის რაიონის განათლების სისტემაში დასაქმებულ მუშაკთა პროფესიულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
მოსარჩელის აზრით, ასეთი თვითნებობის და უკანონობის მიზეზი განკარგულების შინაარსში არ სჩანს, მაგრამ საქართველოს განათლების სამინისტროს 1996 წლის 4 ნოემბრის 82/5 ბრძანება ნათელს ჰფენს სახელმწიფო რწმუნებულის განზრახვას და ამ უკანონო კომბინაციის მიზეზს, რათა იგი გაენთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.
საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი თვლის, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებამ და საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებამ შეზღუდეს მისი კონსტიტუციური უფლებები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით აღიარებული განმათლების უფლება და უფლებათა უზრუნველყოფის გარანტიები. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ასევე დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
საკონსტიტუციო სარჩელის ავტორის მტკიცებით, სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ზემოაღნიშნულმა განკარგულებამ დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან უკანონოდ გააუქმა მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა, ხოლო სანაცვლო თანამდებობის შეთავაზებას ადგილი არ ქონია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ანტიკონსტიტუციურია აგრეთვე იმიტომ, რომ ქალის შრომა პრივილეგირებულია და განსაკუთრებითაა კანონით დაცული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის 1997 წლის 4 ნოემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე ნინო იოსელიანმა შეცვალა თავდაპირველი მოთხოვნის საფუძველი და დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმატიულმა აქტებმა დაარღვიეს აგრეთვე: 1) საქართველოს კონსტიტუციი 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, რომლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტი, რომლის მიხედვით შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით: 3) საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლი, რომლის მიხედვით საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული კონსტიტუციაში, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.
თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ნორმატიული აქტებით დარღვეულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ზემოათაღნიშნული მუხლები, არამედ გაეროს 1948 წლის – “ადამიანის უფლებათასაყოველთაო დეკლარაციის “ 23–ე მუხლი, გაეროს 1966 წლის – “ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის ’’ მე–7 მუხლი, გაეროს 1979 წლის კონვენციის – „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ“ პირველი და მე–2 მუხლები და გაეროს 1958 წლის კონვენციის – „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის თაობაზე“.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის მიერ სადავოდ დასახელებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის გარკვევა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თუ რამდენად სწორია სამცხე–ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების 1996 წლის 9 ოქტომბრის №167 განკარგულება და საქართველოს განათლების მინისტრის 1996 წლის 4 ნოემბრის №470 ბრძანება – „სამცხე–ჯავახეთის მხარის განათლების რეგიონალური სამმართველოს შექმნის შესახებ “ არ წარმოადგენს მისი დავის საგანს. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე მოხსნა მის მიერ სადავო ნორმატიული აქტების მიერ საქართველოს კონსტიტუციის 35–ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევა და იგი მხოლოდ ფაკულტატურ, ანუ დამატებით არგუმენტად მოიშველია.
განმწესრიგებლ სხდომაზე მოსარჩელის მიერ წერილობით წარმოდგენილ კონსტიტუცური სარჩელის დამატებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ სადავოდ მიჩნეულმა ნორმატიულმა აქტებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 29–ე და 30–ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, ასევე მის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო დეკლარაციებით გარანტირებული უფლებები. მოსარჩელემ სასამართლო კოლეგიას განუმარტა, რომ საერთო სასამართლოში მისი შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე სარჩელის შეტანა შეუძლებელი იყო , ვინაიდან საერთო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის ნორამტიული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა და გაუქმება. მოსარჩელე თვლის, რომ საერთო სასამართლოს შეეძლო დაედგინა, ადგილი ჰქონდა თუ არა მისი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტს, მაგრამ მათ განსჯადობას არ ექვემდებარება სადავო ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის განხილვა. მოსარჩელე ნ. იოსელიანის აზრით, მანამდე, ვიდრე სადავო ნორმატიული აქტებით გაუქმებულია მის მიერ დაკავებული თანამდებობა, მისი სარჩელის განხილვა მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
მოსარჩელემ თავისი კონსტიტუციური სარჩელის შედგენის საფუძვლად დაასახელა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე და 89–ე მუხლები, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39–ე მუხლი და საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე–15 და მე–16 მუხლები და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო:
1. სამცხე–ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 1996 წლის 9 ოქტომბრის №167 განკარგულება;
2. საქართველოს განათლების მინისტრის 1996 წლის 4 ნოემბრის №470 ბრძანება – “სამცხე–ჯავახეთის მხარის განათლების რეგიონალური სამმართველოს შექმნის შესახებ“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოქალაქე ნინო იოსელიანის კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე–2 პუნქტით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს თანაბარი საწყისი უფლება აქვს სახელმწიფო სამსახურში დაიკავოს ნენისმიერი თაბამდებობა და რაიმე ნიშნის მიხედვით (რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და შემთხვევაში სადავო აქტებით მოსარჩელის მიმართ ასეთ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.
2. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სადავო ნორამტიული აქტებით დარღვეულია მისი შრომის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ – შრომის თავისუფლებას (თავისუფალი შრომის უფლება), რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო; იძულებითი შრომა აკრძალულია (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1930 წლის №29 კონვენციით – “სავალდებულო და იძულებითი შრომის შესახებ“ გათვალისწინებულია შემდეგი სამი გამონაკლისი შემთხვევა: 1.სავალდებუილო სამხედრო სამსახურის პირობებში; 2.იძულებითი შრომა სამხედრო განაჩენით; 3.იძულებითი შრომა საგანგებო სიტუაციათა პირობებში). სახელმწიფო უკვე აღარ იღებს ვალდებულებას მოქალაქეთა შრომით დასაქმებაში.
სადავო აქტებში არსად არ არის მითითება მოსარჩელე ნინო იოსელიანის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული შეზღუდვის დაწესებაზე. უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დაირღვა მისი შრომითი უფლებები, რადგან იგი აიძულეს, სამუშაო აერჩია ნების წინააღმდეგ.
საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით. თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტებით დარღვეულია მისი, როგორც ქალის შრომის პირობების განმსაზღვრელი კანონმდებლობა, ასეთ შემთრვევაში, მან უნდა მიმართოს საერთო სასამართლოს.
3.უსაფუძვლოა აგრეთვე მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო აქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლი, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ არის მოხსენებული საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.
მოსარჩელე, მიუხედავად მის მიერ ჩამოთვლილი მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტისა, ვერ მიუთითებს, კონკრეტულად მაინც რომელი ისეთი უფლება თავისუფლება ან გარანტიაა დარღვეული სადავო აქტებით, რომლებიც არ არის მოხსენებული საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში.
ამრიგად, მოქალაქე ნინო იოსელიანის კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და მასში მითითებული სადავო საკითხები არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19, 31-ე, 39-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის „გ“ პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოსარჩელე ნინო იოსელიანის კონსტიტუციური სარჩელი არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).