მოქალაქე ივანე წიკლაური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/17/34 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 3 დეკემბერი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ოთარ ბენიძე - წევრი
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: – მოქალაქე ივანე წიკლაური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: – “1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, აფხაზეთის კპ რესპუბლიკური კომიტეტის, ყოფილი სამხრეთ ოსეთი კპ საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს დადგენილებისა და “საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-19 მუხლების პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
მოსარჩელე – მოქალაქე ივანე წიკლაური.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე ივანე წიკლაურის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე და 40-ე მუხლებზე და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლებზე მითითებით.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება “1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, აფხაზეთის კპ რესპუბლიკური კომიტეტის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის კპ საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ” და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა 1991 წლის 26 აგვისტოს გამოსცა ბრძანებულება “საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ”.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ სადავო აქტების საფუძველზე “1996 წლის 26 აგვისტოს, მაშინდელი და დღეს მოქმედი კანონმდებლობის უხეში ხელყოფით, ფაქტიურად რეპრესიის გზით აკრძალულ იქნა საქართველოს კომუნისტური პარტია. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მითითებული დადგენილების პირველი პუნქტის დიქტატორული კატეგორიულობა “აიკრძალოს საქართველოს კომუნისტური პარტია და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი მოქალაქეთა ყველა კომუნისტური გაერთიანება, შეწყდეს მათი ორგანოების ფუნქციონირება” თავისი ანტიდემოკრატიულობითა და ანტიკონსტიტუციურობით ჯერაც სამარცხვინო შავ ლაქად აწევს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის ამჟამად მიმდინარე ფართო დემოკრატიზაციის პროცესს”.
ამასთანავე, მოსარჩელე თვლის, რომ რეპრესირებული და მორალურად დათრგუნულია საქართველოს ასეულ ათასობით მშრომელი ადამიანი, რომლებიც კომუნისტური პარტიის უშუალო ხელმძღვანელობით თავდაუზოგავად შრომობდნენ და შესაბამისად ილახება მათი იურიდიული და პიროვნული უფლებები, რაც დაუშვებელია.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიამ 1991 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით აკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და სხვა კომუნისტური გაერთიანებანი საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის 1991 წლის 26 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, იმავდროულად გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც რეაგირებისათვის გაეგზავნა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის აკრძლვას მიიჩნევს ანტიკონსტიტუციურად და უკანონოდ და ამის დასამტკიცებლად, მისი აზრით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია შესაბამისი არგუმენტები. კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა საქართველოს კომუნისტური პარტიის საქმიანობის არა თუ აკრძალვა, არამედ შეჩერებაც კი, ვინაიდან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად (აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად ჩაითვალა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს ორგანული კანონის გამოქვეყნების დღიდან), “პოლიტიკური გაერთიანების წესდების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ამ პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა ან მისი საქმიანობის შეჩერება პოლიტიკური გაერთიანებებისათვის სათანადო შეტყობინების შემდეგ ზომების მიუღებლობის შემთხვევაში”, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კომპარტიისათვის ამგვარი შეტყობინება არ გაუგზავნია.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო აეკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და მით უმეტეს სხვა კომუნისტური გაერთიანებანი, ვინაიდან, ზემოაღნიშნული კანონის იგივე მუხლის შესაბამისად, “თუ პოლიტიკური გაერთიანება მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განმეორებით დაარღვევს მოქმედ კანონმდებლობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სათანადო განცხადების საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს ამ გაერთიანების საქმიანობა ექვსი თვით... თუ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაარღვევს მოქმედ კანონმდებლობას, უზენაეს სასამართლოს სათანადო განცხადების საფუძველზე შეუძლია აკრძალოს ეს გაერთიანება. მოსარჩელე თვლის, რომ მსგავს დარღვევებს და შემთხვევებს საქართველოს კომპარტიისაგან და, მით უმეტეს, ყველა სხვა კომუნისტური გაერთიანებისაგან ადგილი არ ქონია.
სარჩელის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კერძო განჩინებაში აღნიშნულია, რომ გაზეთ ”ცხოვრების” 1991 წლის 21 აგვისტოს ნომერში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომის შესახებ ცნობის გამოქვეყნების, ისევე როგორც მისი შედგენის პროცესს თან ახლდა სამსახურებრივი სიყალბის ნიშნები, რაც შემოწმებას საჭიროებს. აღნიშნულზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებით დადგინდა, რომ არავითარი ბიუროს სხდომა არ ყოფილა და ადგილი ქონდა ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას. საქმის წარმოება შეწყდა სათანადო საფუძველზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებას არ უნდა გამოეწვია პარტიის აკრძალვა.
მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ ანტიკოსნტიტუციურია საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში კომპარტიის 69 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ 1990 წლის დეკემბერში თავის XXVIII ყრილობაზე მიიღო გადაწყვეტილება სკკპ-ს სტრუქტურული შემადგენლობიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის შესახებ. ამავე ყრილობაზე დამტკიცდა 1978 წლის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან (1991 წლის კანონებით შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით) და ეროვნულ-პატრიოტულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი პარტიის ახალი პროგრამა და წესდება.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო აქტების საფუძველზე დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, რომელიც კანონის ფარგლებში შეუზღუდავად შეძლებს ფუნქციონირებას და მონაწილეობდნენ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პარტიის მიზანი არ ყოფილა კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუიკდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომისა და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლი და ამდენად, უხეშადაა დარღვეული კანონმდებლობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე ივანე წიკლაურმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა და დამატებით მოითხოვა სადავო აქტების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-19 მუხლების პირველ და მე-2 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა 1994 წელს რეგისტრირებული საქართველოს კომუნისტური პარტიის წესდება და პარტიის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მან აღნიშნა, რომ მართალია, იგი წარმოადგენს ამ პარტიის წევრს, მაგრამ იმავდროულად არის აკრძალული კომუნისტური პარტიის წევრი. კომუნისტური პარტიის მოქმედება დღეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აკრძალული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით აღნიშნა, რომ ვინაიდან ის არის აკრძალული კომუნისტური პარტიის წევრი, ამის გამო შელახულია მისი პატივი და ღირსება, პარტიის აკრძალვა მისთვის წამებაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით მოსარჩელემ განაცხადა, რომ შელახულია მისი სიტყვის, აზრის თავისუფლება, რამეთუ ის არის 1920 წელს შექმნილი და 1991 წელს აკრძალული პარტიის წევრი.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი, როგორც პარტიის წევრის საკუთრების უფლება დარღვეულია. საქართველოს კომუნისტური პარტიის ქონება ყოფილი სკკპ წევრების საწევრო შენატანებით იყო შექმნილი. მათ 1994 წლის 26 ივნისს ჩაატარეს კომუნისტური პარტიის აღდმგენი ყრილობა და აღდგენილმა პარტიამ თავი გამოაცხადა აკრძალული კომუნისტური პარტიის ქონების მემკვიდრედ.
მოსარჩელის აზრით, ამჟამად მოქმედი საქართველოს კომუნისტური პარტია, რომლის წევრს იგი წარმოადგენს, არის 1991 წლის 26 აგვისტოს უკანონოდ აკრძალული საქართველოს კომუნისტური პარტიის ერთადერთი სამართლებრივი მემკვიდრე თავისი სახელწოდებით, იურიდიული და პოლიტიკური სტატუსით, საპროგრამო და საწესდებო დებულებით, თეორიულ-იდეოლოგიური კურსით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს:
1. გაუქმდეს სადავო აქტები;
2. საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს 1990 წლის 21 დეკემბერის XXVIII ყრილობიდან 1991 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომუნისტური პარტიის არსებობის კონსტიტუციურობა;
3. საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს საქართველოს კომუნისტური პარტიის აკრძალვის კანონიერება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიაჩნია, რომ სარჩელი კანონის მოთხოვნათა დაუცველად არის შემოტანილი.
1. კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს “საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში”, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 25.11.97 წ. №03-22/136 წერილის დანართიდან და თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, 1994 წლის 15 დეკემბერს (რეგისტრაციის №80), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარდა და დღესაც მოქმედებს “საქართველოს კომუნისტური პარტია”. მოსარჩელე - ივანე წიკლაური წარმოადგენს ამ პარტიის წევრს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ მოსარჩელეს არ დაურღვევია კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება და თავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე ყოველ ადამიანს, ფიზიკურ პირს, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს მხოლოდ თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, ე.ი. თუ დარღვეულია მისი, როგორც კონკრეტული პრის, უფლებები და თავისუფლებები.
2. მოსარჩელე მოითხოვს განხილულ იქნეს 1990 წლის 21 დეკემბრის XXVIII ყრილობიდან 1991 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომუნისტური პარტიის არსებობის კონსტიტუციურობის საკითხი, რამეთუ პარტიას არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი: “დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ ის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხს იხილავს მხოლოდ მოქმედი კანომნდებლობით დადგენილი კონკრეტული სუბიექტების სარჩელის საფუძველზე. კერძოდ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არც კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს.
3. მოსარჩელე მოითხოვს დადგინდეს საქართველოს კომუნისტური პარტიის აკრძალვის კანონიერება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით, “საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით”.
საქართველოს კომუნისტური პარტიის აკრძალვის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების დადგენილების პირველ პუნქტში მითითებულია: “საქართველოს კომუნისტური პარტია აიკრძალოს, დღეიდან შეწყდეს მისი როგორც ორგანიზაციის არსებობა და საქმიანობა”. მაშასადამე, პარტიის აკრძალვის შესახებ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილება კი არ მიეკუთვნება ნორმატიული აქტების კატეგორიას. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ ირღვევა სადავო აქტებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-19 მუხლების პირველი და მე-2 პუნქტებით და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლებები და თავისუფლებები.
5. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლზე მითითებით, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების, კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტას. ამ საკითხზე “კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.” აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სარჩელი შემოიტანოს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლზე მითითებით.
6. სარჩელში ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში “მოპასუხეა ის ორგანო, რომლის აქტით მოსარჩელის აზრით გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა”. ამგვარად, მოპასუხედ მიიჩნევა არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ საქართველოს პარლამენტი, როგორც სადავო აქტის მიმღების უფლებამონაცვლე ორგანო.
7. სარჩელში არ არის მითითებული მოპასუხეების მისამართი და სადავო აქტების გამომქვეყნებელი ბეჭდვითი ორგანოს დასახელება, რასაც მოითხოვს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-40 მუხლით, “საქართველოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის “ბ” და “გ” პუნქტებით, მე-18 მუხლის “ა” და ”ბ” პუნქტებით და 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-40 მუხლით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ივანე წიკლაურის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ “1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, აფხაზეთის კრ რესპუბლიკური კომიტეტის, ყოფილი სამხრეთ ოსეთი კპ საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვთიმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ” საქართველოს რესპრუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს დადგენილების და “საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-19 მუხლების პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ ბენიძე – წევრი
ნიკოლოზ შაშკინი – წევრი