იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/36-7 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 იანვარი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე; (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის “მეაწრმეთა შესახებ” 46-ე და 47-ე მუხლები.
საქმის განხილვის მონაწილენი: - იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი (მოსარჩელეთა წარმომადგენელი – ადვოკატი ნოდარ ნებიერიძე).
2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი (წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მარაქველიძე);
3. სპეციალისტები: 1) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე; 2. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ლადო ჭანტურია; 3. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ზურაბ ახვლედიანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია:
1997 წლის 22 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საადვოკატო საქმიანობის კერძო ფირმა “პირადი ადვოკატის” პრეზიდენტმა, ადვოკატმა ნოდარ ნებიერიძემ.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის “მეწარმეთა შესახებ” 46-ე და 47-ე მუხლები, ვინაიდან, მისი აზრით, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის “მეწარმეთა შესახებ” 46-ე და 47-ე მუხლებით, მესაკუთრენი ანუ (პარტნიორები), რომლებმაც თავიანთი წილი შეიტანეს (გააერთიანეს) ამ კანონით დადგენილი ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციაში, ამ ორგანიზაციის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შემდეგ უფლებას კარგავენ თავისი ნებით განკარგონ თავიანთი საკუთრება. საერთო საკუთრების განკარგვის ეს უფლება მთლიანად გადადის პარტნიორთა საერთო კრების იურისდიქციაში, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე.
მოსარჩელის აზრით, მესაკუთრე, რომელმაც თავისი წილი ქონებისა შეიტანა იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციაში, სრულებით არ ართმევს მას უფლებას, თავისივე ნებით უკანვე გამოიტანოს თავისი წილი ნატურით, თუ ამის შესაძლებლობა არის და თუ ნატურით გაყოფა ზიანს არ აყენებს ორგანიზაციას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით და სანივთო სამართლით აღიარებული საკუთრების ფლობისა და განკარგვის უფლება მესაკუთრეთა პრეროგატივაა და არა საერთო კრების გადასაწყვეტი.
მოსარჩელე თავის კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის დაპირისპირებას სანივთო სამართლის ნორმებთან თეორიული დასაბუთება მიეცა მეცნიერი იურისტების თ. ნინიძის და ლ. ჭანტურიას სამეცნიერო-პრაქტიკულ კომენტარებში, რომელსაც სავალდებულო ძალა არა აქვს, მაგრამ მართლმსაჯულების ორგანოები მასზე პირდაპირ მიუთითებენ და მოსარჩელეებს უარს ეუბნებიან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – მიიღონ თავიანთი წილი ნატურით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ნორმებში წარმოშობილმა კოლიზიებმა ჩიხში შეიყვანა სამოქალაქო მართლმსაჯულება და შემოიჭრა ახალი ტერმინი “კორპორაციული სამართლის” სახით, რომელიც დაუპირისპირდა სამოქალაქო (სანივთო) სამართლის ნორმებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 1998 წლის 8 იანვარს, კოლექტიური განცხადებით მომართეს ყოფილი №7 ინდკერვის ატელიეს დროებითი ამხანაგობის წევრებმა: იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილმა, რომლებმაც მოითხოვეს მოსარჩელე ნოდარ ნებიერიძის მიერ აღძრულ სარჩელში ჩართულიყვნენ მე-3 პირებად სასარჩელო მოთხოვნის მხარდასაჭერად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის 1998 წლის 12 იანვრის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე ნოდარ ნებიერიძემ შეცვალა თავისი თადვპირველი სასარჩელო მოთხოვნა და შუამდგომლობით მომართა სასამართლო კოლეგიას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მის მიერ შემოტანილ სარჩელზე მოსარჩელეებად ეცნო – ქ. თბილისის №7 ინდკერვის ატელიის დროებითი ამხანაგობის წევრები: იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი, ხოლო თვითონ საქმეში ჩართულიყო როგორც მათი წარმომადგენელი. ადვოკატმა ნ. ნებიერიძემ სასამართლო კოლეგიას წარმოუდგინა სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება და ორდერი.
ნოდარ ნებიერიძემ სასამართლო კოლეგიას განუმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის “მეწარმეთა შესახებ” 46-ე და 47-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა პირდაპირ კავშირშია იმ სასამართლ დავებთან, რომლებიც მის მიერ მოსარჩელეებად დასახელებული პირებს აღძრული აქვთ საერთო სასამართლოებში და წარმოადგინა შესაბამის მტკიცებულებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის 1998 წლის 13 იანვრის განმწესრიგებელი სხდოამის №2/36/1 განჩინებით იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი ცნობილი იქნენ მოსარჩელეებად, ხოლო ნოდარ ნებიერიძე – მოსარჩელეთა წარმომადგენლად.
საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ნ. ნებიერიძემ, აღნიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მისი მარწმუნებლები, ქ. თბილისის №7 ტანსაცმლის ინდკერვის ატელიეს თანამშრომლები მესამე წელია ვერ აღწევენ სიმართლეს ვერცერთ სასამართლო ინსტანციაში. საერთო სასამართლოები მათ უარს ეუბნებიან ერთი მოტივით, რომ შრომითი კოლექტივის მიერ აღძრული სარჩელი არ არის სასამართლოს განსჯადი და იგი უნდა გადაწყვიტოს პარტნიორთა კრებამ.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შრომით კოლექტივს, რომელმაც სახელმწიფოსაგან პრივატიზაციის გზით გამოისყიდა ქონება წილობრივად, უფლება არა აქვს ნატურით მოითხოვოს თავისი წილი, რადგან საერთო სასამართლოები მიუთითებენ მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე და 47-ე მუხლებზე. საერთო სასამართლოების უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საერთო წილობრივი, თუ ერთობლივი საკუთრება, უფლება არა აქვთ ნატურით მოითხოვოს თავისი წილი, რადგან საერთო სასამართლოები მიუთითებენ მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე და 47-ე მუხლებზე. საერთო სასამართლოების უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საერთო წილობრივი, თუ ერთობლივი საკუთრება, უფლება არა აქვთ მიმართონ საერთო სასამართლოს. მისი აზრით, აუცილებელია საკანონმდებლო წესით შეივსოს ეს ხარვეხები და კანონმა “მეწარმეთა შესახებ” გაითვალისწინოს, რომ სასამართლოები უფლებამოსილნი არიან განიხილონ სარჩელები საერთო წილობრივი საკუთრებიდან ცალკეული პარტნიორების წილის გამოყოფის შესახებ, თუ ტექნიკურად ასეთი გამოყოფო შესაძლებელია.
ადვოკატმა ნ. ნებიერიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც საერთო სასამართლოების მოსამართლენი თავიანთ გადაწყვეტილებებში, როგორც სახელმძღვანელოს, ისე მიუთითებენ “მეწარმეთა შესახებ” კანონის სამეცნიერო-პრაქტიკულ კომენტარებზე, რაც აშკარად არ არის სწორი.
მოსარჩელე იური კირაკოსიანმა მთლიანად დაუჭირა მხარი კონსტიტუციურ სარჩელს და მოითხოვა სადავო მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ სარჩელს და აღნიშნა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხის აზრით, ზოგადად წილის გასხვისების საკითხის გადაწყვეტა პარტნიორთა კრების კომპეტენციაში აპრიორად სულაც არ შედის. ამის დასტურად მან მოიყვანა კანონის “მეწარმეთა შესახებ” 47.3 მუხლის პირველი აბზაცი: “თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებას არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე, კერძოდ: “... ამდენად, კანონის აღნეიშნული ჩანაწერი პარტნიორებს საშუალებას აძლევს, წესდების მეშვეობით, თავიანთი შეხედულებისამებრ მოაწესრიგონ წილის გასხვისების საკითხი ისე, რომ ეს სრულიადაც არ შედიოდეს პარტნიორთა კრების კომპეტენციაწი და კანონის თანახმად, პატრნიორთა კრების თანხმობა, ნებართვა აუცილებელია მხოლოდ წილის ნაწილობრივი გასხვისებისას.
მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირებაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კონსტიტუციით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, მაგრამ კონსტიტუციამ არ განსაზღვრა საკუთრების უფლების დეფინიცია, ცნება და მისი შინაარსი, რაც შემთხვევითი სრულებით არ არის. ეს საკითხი მოწესრიგებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ამ კოდექსის 170-ე მუხლით მიხედვით, “მესაკუთრეს” შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი კერძოდ: სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლბა, განკარგოს იგი, თუ ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას”. ამდენად, მოპასუხის აზრით, საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების შინაარსი თავის თავში მოიცავს, გულისხმობს, ითვალისწინებს ბოჭვის ინსტიტუტს, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” სადავო მუხლები. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პრეტენზიას, რომ ესა თუ ის ორგანო, რამდენად სწორად იყენებს კანონს და არღვევს თუ არა მას – ეს არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას, საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის “მეწარმეთა შესახებ” 46-ე და 47-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე სპეციალისტად მოწვეული, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორის, იურიდიულ მეცნიერედათა დოქტორის, ლადო ჭანტურიას აზრით, კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა სრულიად დაუსაბუთებელია.
სპეციალისტის აზრით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ისეთივე მესაკუთრეა, როგორც ნებისმიერი ფიზიკური პირი. ამიტომ, მის საკუთრებას ისევე იცავს საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ნებისმიერი ადამიანისას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი შპს-ს, როგორც იურიდიულ პირს, სრულად ანიჭებს საკუთრების თავისუფალი გასხვისების უფლებას და მის შეზღუდვას მხლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უშვებს. პროფესორმა ლ. ჭანტურიამ აღნიშნა, რომ შპს იურიდიული პირია და მას მოქმედება მხოლოდ თავისი ორგანოების მეშვეობით შეუძლია. ამიტომ იმ პირთა ან ორგანოთა კომპეტენცია, რომლებსაც შეუძლიათ შპს-ის სახელით გარიგებები დადონ ან სხვა საქმიანობა განახორციელონ, უნდა განსაზღვროს კანონმა. ამგვარ კანონს წარმოადგენს სწორედ კანონი “მეწარმეთა შესახებ” და კერძოდ მისი 46-ე და 47-ე მუხლები.
სპეციალისტის აზრით, სარჩელში დავის საგანია ის ფაქტი, რომ შპს-ის პარტნიორები, მას შემდეგ, რაც ისინი ქონებას შპს-ის საწესდებო კაპიტალში შეიტანენ, უფლებას კარგავენ თავისუფლად განკარგონ ეს ქონება. სწორედ ეს არის სარჩელში კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული, რაც სრულიად დაუსაბუთებელია. სწორედ, კონსტიტუციის 21-ე მუხლის საფუძველზე აქვთ მესაკუთრეებს უფლება მინიჭებული, თავიანთი ქონება თავისუფლად განკარგონ. განკარგვის ერთ-ერთი ფორმაა ამ საკუთრების გამოყენება კერძო სამართლის იურიდიული პირების დასაფუძნებლად, კერძოდ, მათ საკუთრებაში გადასაცემად. ამიტომ მესაკუთრეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე საუბარი აქ სრულიად უადგილო და დაუსაბუთებელია. მას შემდეგ, რაც შპს-ის დამფუძნებლებმა ქონება გადასცეს შპს-ს, ამ ქონების მესაკუთრე არის შპს. როგორც მესაკუთრეზე, მასზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. მისი აზრით, თუ უარს ვიტყოდით იმაზე, რომ შპს ამ ქონების მესაკუთრეა, მაშინ უარი უნდა გვეთქვა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილის მოთხოვნაზე.
სპეციალისტის მოსაზრებით, იმისი აღნიშვნა, რომ შპს-ის ქონება პარტნიორების საერთო საკუთრებაა, დაუსაბუთებელია. იურიდიული პირის ქონება იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის, საკუთრებაა და არა მისი დამფუძნელების ან მასში პარტნიორები თავიანთ საკუთრებას გადასცემენ შპს-ს (სანაცვლოდ ისინი იღებენ შპს-ის წილს) და ამით ამ ქონებაზე უარს ამბობენ. მიუხედავად ამისა, კანონი მაინც აძლევთ მათ ამ ქონების უკან გამოთხოვის უფლებას. ოღონდ ამისათვის დაცული უნდა იყოს მეწარმეთა შესახებ კანონის 3.3 მუხლის მე-2 აბზაცისა და 3.6 მუხლის პირველი აბზაცის ნორმები. სახელდობრ, ამ ნორმათა თანახმად, თუ პარტნიორები მოისურვებენ შპს-ის საწესდებო კაპიტალიდან შესატანის უკან დაბრუნებას, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის შემცირების შესახებ (ვინაიდან ეს ქონება საზოგადოების წესდებაში ასახული), მოახდინონ ამ ცვლილებების რეგისტრაცია სასამართლოში და რეგისტრაციიდან 12 თვის გასვლის შემდეგ გაიტანონ ქონება. წესდებაში ცვლილებების შესატანად აუცილებელია პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
დამფუძნებელ პარტნიორებს უფლება აქვთ უარი თქვან შპს-ს დაფუძნებაზე, თუ ისინი არ ეთანხმებიან შემოთავაზებულ პირობებს. ამის უფლება მეწარმეთა კანონში პირდაპირაა გათვალისწინებული. თუ შპს ამ პირობის გარეშე დაფუძნდა, იგი დაფუძნებულად არ ჩაითვლება, ე.ი. თუ დამფუძნებელი პარტნიორები არ მოაწერენ ხელს წესდებას, მაშინ შპს არ დაფუძნდება. მეწარმეთა კანონი ამის პირდაპირ განამტკიცებს და იგი კონსტიტუციის 21-ე მუხლს სრულიად შეესაბამება.
პროფესორ ლ. ჭანტურიას აზრით, მეწარმეთა შესახებ კანონის 46-ე და 47-ე მუხლებში მოცემულია დაახლოებით ორმოცდაათი სხვადასხვა ნორმა. რომელი ნორმის არაკონსტიტუციურობაზეა საუბარი სარჩელში, სპეციალისტის აზრით, გაუგებარია. ორივე მუხლის გაუქმების საკითხის დაყენება მთლიანად კანონის გაუქმების ტოლფასია, განსაკუთრებით კი შპს-ის ნაწილში.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბესარიონ ზოიყემ სასამართლო კოლეგიას მოახსენა, რომ მცდარია დებულება, ვითომ პარტნიორთა შესატანები საზოგადოებაში წარმოადგენს მათ საკუთრებას და მით უმეტეს, საერთო საკუთრებას. მისი აზრით, პარტნიორთა შესატანები საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენს. პარტნიორებს უფლება აქვთ ჩაერთონ ამ საკუთრების მართვაში იმდენად, რამდენადაც ისინი ამ საზოგადოების დამფუძნებლები არიან. 46-ე და 47-ე მუხლებით საკმაოდ ფართოდაა მოხაზული ამ ჩარევის ფარგლები. პარტნიორები ცალ-ცალკე კი არ მართავენ საზოგადოებას, არამედ – საერთო კრების მეშვეობით, ამიტომ ეს მისი აზრით, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ 46-ე და 47-ე მუხლებში პარტნიორთა საერთო კრების ფუნქციებზეა საუბარი. აქედან თუ ამოვალთ, საზოგადოება კია კაპიტალის მესაკუთრე, მაგრამ ზომიერად ისიცაა შებოჭილი პარტნიორთა მხრიდან.
პროფესორ ბ. ზოიყის აზრით, პარტნიორები კი ერევიან საზოგადოების ქონების მართვაში, მაგრამ თავად ისინი არ არიან ამ ქონების მესაკუთრენი, მით უმეტეს ისინი არც თვით საზოგადოების მესაკუთრეებს წარმოადგენენ. რაც შეეხება საკითხს, თუ რა უფლება აქვთ პარტნიორებს საზოგადოების კაპიტალზე ეს უფლება წილზედ უფლებაა, სწორედ კაპიტალის ოდენობის თანაზომიერად დგინდება საზოგადოების მიერ მიღებულ მოგებაზე პარტნიორთა უფლების ფარგლები. ვთქვათ, პარტნიორს აღარ სურს იყოს პარტნიორი, ასეთ შემთხვევაში, რადგანაც კაპიტალი მათი საკუთრება არაა, ვერც მის უკან წაღებას მოითხოვს. ერთადერთი რაც დარჩენია, მას შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი, შეიძლება მემკვიდრეობით გადაცემაც. მოკლედ, თუ გსურს წილზე უფლება შეინარჩუნო, უნდა იყო პარტნიორი. ამდენად, საკუთრების საკითხში რაიმე დაპირისპირებას სანივთო სამართლის დებულებებთან ადგილი არა აქვს და კომენტატორების აზრიც მისთვის, როგორც სპეციალისტისათვის მისაღებია და ნათელია (იგულისხმება – ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები, თბილისი, 1996 წ).
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სმართლის კათედრის პროფესორმა, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა ზურაბ ახვლედიანმა, თავის წერილობით დასკვნაში აღნიშნა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის მიერ ქონების გამოტანა შეზღუდული რომაა სრულებითაც არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. პარტნიორები თვითონ, ურთიერთშეთანხმებით გადასცემენ ქონებას შპს-ს საკუთრებაში. ეს კი, მისი აზრით, სწორედ კონსტიტუციით მინიჭებულის აკუთრების უფლების თავისუფალი გასხვისების უფლების განხორციელებააა. კერძოდ, ის, რომ პარტნიორი თავის ნებით გადასცემს ქონებას შპს-ს საკუთრებაში.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მესაკუთრეს მინიჭებული აქვს თავისი ქონების თავისუფლად განკარგვის უფლება. როდესაც მესაკუთრე იურიდიული პრის დასაფუძვნებლად საკუთარ ქონებას თავისი ნებით გადასცემს იურიდიულ პირს, ის თვითონ განკარგავს ამ დროს თავის საკთრებას. ამრიგად, სახეზეა საკუთრების უფლების სახელშეკრულებო ბოჭვა და საკუთრების კონსტიტუციური უფლება არ შეიძლება ამ დროს დარღვეულად იქნეს მიჩნეული.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შპს, რომელიც ნებაყოფლობით ყალიბდება თვითონ ხდება შეტანილი ქონების მესაკუთრე და მას ისივე იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, როგორც ნებისმიერ ფიზიკურ პირს. ქონება, რომელიც პარტნიორებმა შეიტანეს საზოგადოებაშია არ ქმნის მათ საერთო საკუთრებას და ამ ქონებაზე არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით საერთო საკუთრებისათვის დადგენილი ნორმები. იურიდიული პირის ქონება, იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის საკუთრებაა და არა მისი დამფუძნებლების, ან მასში მონაწილეების, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საკუთრების გარეშე დარჩება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, იურიდიული პირი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზაციულ წარმონამქნად არის მიჩნეული.
2. შპს პარტნიორები საზოგადოების კაპიტალის წილის მესაკუთრეება ითვლებიან და კაპიტალზე წილის ოდენობის თანაზომიერად დგინდება საზოგადოების მიერ მიღებულ მოგებაზე მათი უფლებების ფარგლები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით მინიჭებული საკუთრების უზრუნველყოფა მთლიანად ვრცელდება პარტნიორებზე, Hოდესაც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი მათ წილის გასხვისების და მემკვიდრეობით გადაცემის უფლებას აძლევს. რაც შეეხება პარტნიორის უფლებებს, ისინი არიან შპს-ის წილის მესაკუთრეები და კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების დაცვის უფლება მათზე მთლიანად ვრცელდება. კერძოდ: “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.1 მუხლის თანახმად, პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა. მაშასადამე, შპს-ის ქონების მესაკუთრე კი არაა, არამედ შპს-ის ქონების წილის.
3. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” 46-ე და 47-ე მუხლების მთლიანად საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მოთხოვნა, როდესაც ეს მუხლები უმრავ ქვეპუნქტებს შეიცავს, რომლების მეწარმეთა საქმიანობის სულ განსხვავებულ საქმიანობას ეხება.
4. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ არ შეიძლება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრება სასამართლოში, ხოლო ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის “მეწარმეთა შესახებ” 15.2 მუხლით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ომქის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ. აქედან ნათლად ჩანს, რომ კანონი ითვალისწინებს სასამართლოში გასაჩივრების უფლებას.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19, 31-ე, 39-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოლაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის “მეწარმეთა შესახებ” 46-ე და 47-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – არ დაკმაყოფილდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე; (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.