ქართლოს ღარიბაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/37/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 11 თებერვალი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი);
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ქართლოს ღარიბაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართვველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1992 წლის 29 აპრილის №14 დადგენილების - “უდანაშაულობის პრეზუმფციისა და ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დაცვის უფლების შესახებ” მე-3 პუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: ქართლოს ღარიბაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 4 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ღარიბაშვილმა.
კონსტიტუციურ სარჩელში ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1992 წლის 29 აპრილის №14 დადგენილების - “უდანაშაულობის პრეზუმფციისა და ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დაცვის უფლების შესახებ” მე-3 პუნქტის მიხედვით, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დამცველის მოვალეობას გამოძიების სტადიაზე ახორციელებენ მხოლოდ ადვოკატები, მათ შორის – უცხოელებიც.
პროფესიული კავშირებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის – კოოპერატივების წარმომადგენლები, აგრეთვე, განსასჯელის ახლო ნათესავები, კანონიერი წარმომადგენლები საქმეში დაიშვებიან სასამართლოს განჩინებით ან მოსამართლის დადგენილებით სამართალში მიცემის სტადიიდან.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნული დადგენილება, ამ ნაწილში არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. კონსტიტუციით განმტკიცებული ამ ნორმის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის კანონის “მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ” მე-2 მუხლის შესაბამისად, მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები თავიანთი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, წინამდებარე კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებები იქმნება მოქალაქეთა შემოქმედებითი აქტიურობის განვითარების, საზოგადოების და სახელმწიფო მართვაში მათი მონაწილეობის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებებისა და თავისუფლებების, პროფესიული ინტერესების დაცვის, საქველმოქმედო საქმიანობის, საერთაშორისო კავშირურთიერთობების განვითარების მიზნით. ამასთან, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის მიზნები არ არის ამომწურავად ჩამოთვლილი და მათ უფლება ეძლევათ ეწეოდნენ სხვა საქმიანობას, რაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი თვლის, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1992 წლის 29 აპრილის №14 დადგენილების - “უდანაშაულობის პრეზუმფციისა და ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დაცვის უფლების შესახებ” მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 26-ე მუხლებს და მოითხოს მის არაკონსტიტუციურად ცნობას.
განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე ქართლოს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მის მიერ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი იყო 1997 წლის 4 მარტს, ე.ი. თითქმის ერთი წლის წინ. მას შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 1997 წლის 15 აპრილის განმწესრიგებელი სხდომის №1\10\25 განჩინებით, საქმეზე “მოქალაქე ნოდარ ნებიერიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ”, მიღებული იქნა განჩინება, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილება, უკვე აღარ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. მოსარჩელე ქართლოს ღარიბაშვილმა უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რადგან მისმა კონსტიტუციურმა სარჩელმა დაკარგა საფუძველი და მოითხოვა საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19, 39-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლით და მე-18 მუხლის “დ” ქვეპუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოქალაქე ქართლოს ღარიბაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1992 წლის 29 აპრილის №14 დადგენილების - “უდანაშაულობის პრეზუმფციისა და ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დაცვის უფლების შესახებ” მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად, რადგან მასში მითითებული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საქმეზე სამართალწარმოება შეწყდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1.გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი);