საქართველოს მოქალაქე იური ბრაცლავსკი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/15/38 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 14 აგვისტო 1997 |
პირველი კოლეგია
განჩინება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი კოლეგიის შემადგენლობით – იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე), ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე) და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, სხდომის მდივანი დარეჯან ჩალიგავა.
საქართველოს მოქალაქის იური ბრაცლავსკის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ – “საქართველოს რესპუბლიკიდან ემიგრაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №212 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე ღია სასამართლო სხდომაზე მოპასუხის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენის ბელა სირბილაძის იმ განცხადების თაობაზე, რომ სადავო ნორმა შეიცვალა, რის შედეგადაც მოისპო დავის საგანი და მისი არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება
გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ – საქართველოს მოქალაქემ იური ბრაცლავსკიმ დააპირა მეუღლესთან და მის არასრულწლოვან შვილთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად საზღვარგარეთ – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, რისთვისაც მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო მუშაობის და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულმა ბიურომ “საქართველოს რესპუბლიკიდან ემიგრაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №212 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოსთხოვა მისი მშობლის წერილობითი თანხმობა. აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასასვლელად შინაგან საქმეთა ორგანოს შესაბამის სამსახურში შეაქვთ შუამდგომლობა, რომელსაც სხვა საბუთებთან ერთად თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული “მშობლების წერილობითი თანხმოაბ შვილების საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასვლაზე”.
მოსარჩელის აზრით, “საქართველოს რესპუბლიკიდან ემიგრაციის წესის შესახებ” დებულების სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებსა და 1993 წლის “საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონს”, რომლითაც არ არის გათვალისწინებული სრულწლოვანი მოქალაქის საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლაზე მშობლის თანხმობა. ამ კანონის პირველ მუხლში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ “საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს აქვს საქართველოდან ემიგრაციის, ანუ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების უფლება. არ შეიძლება ამ უფლების შეზღუდვა, გარდა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა”. დებულება “საქართველოს რესპუბლიკიდან ემიგრაციის წესის შესახებ” კანონქვემდებარე აქტია და იგი სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად, კანონშეუსაბამოდ ცნობას და მის გაუქმებას.
მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს საქართველოს პრეზიდენტს – სადავო ნორმის შემცვლელი აქტი მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ, მაგრამ იგი ამჟამად აღარ არსებობს და მისი უფლებამონაცვლე საქართველოს პრეზიდენტია.
საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 1997 წლის 22 ივლისს. კოლეგიამ გამწესრიგებელი სხდომის 1997 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოქალაქე იურის ბრაცლავსკის კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად. საქმის არსებითად განხილვის თარიღად განისაზღვრა 1997 წლის 14 აგვისტო, რაც დადგენილი წესით ეცნობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს. სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწმეების სახით მოიწვია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო მუშაობის და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბელა სირბილაძემ სასამართლო სხდომის დაწყებისას თავისი იმ განცხადების დასადასტურებლად, რომ სადავო ნორმა შეცვლილია, სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 აგვისტოს №432 ბრძანებულების სათანადო წესით დამოწმებული ცვლილება “საქართველოს რესპუბლიკიდან ემიგრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №212 დადგენილებით დამტკიცებულ დებულაბეში და ამ დებულების მე-10 პუნქტის “დ” ქვეპუნქტში სიტყვა “თანხმობის” შემდეგ დაემატოს სიტყვა “არასრულწლოვანი”.
მაშასადამე, აღნიშნული ცვლილების შედეგად, სადავო ქვეპუნქტის შეცვლილი რედაქციის მიხედვით ახლა საჭიროა “მშობლების წერილობითი თანხმობა არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასვლაზე”.
ამგვარად: შეიცვალა სადავო ნორმის შინაარსი და ახალი რედაქცია უკვე აღარ შეეხება სრულწლოვან შვილებს (სადავო ქვეპუნქტის ახალ რედაქციას სასამართლო მხოლოდ ამ ასპექტით ეხება). ეს არსებითად იმას ნიშნავს, რომ ნორმის სადავო ნაწილი საქმის განხილვის მომენტისათვის გაუქმებულია, ძალადაკარგულია. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიადნ, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტიდან კი აშკარად ჩანს და ეს თავისთავადც იგულისხმება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნორმატიული აქტის ან მისი იმ ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს. გასათვალისწინებელია აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება, რომ “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე – მოქალაქე იური ბრაცლავსკი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
იაკობ ფუტკარაძე ( თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი