მოქალაქე ცოტნე ონიანი ქ. წყალტუბოს მერიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/39 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 17 თებერვალი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე
2. ოთარ ბენიძე – წევრი, (მომხსენებელი მოსამართლე)
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი,
4. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი.
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: – მოქალაქე ცოტნე ონიანი ქ. წყალტუბოს მერიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: – “ქალაქ წყალტუბოს მერიის დაქვემდებარების სოფლების ქვიტირისა და ფარცხანაყანევის ტერიტორიებზე გამავალ ქუთაისის-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ცალკეული ავტოგასამართი სადგურების მშენელობა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ქ. წყალტუბოს მერის 1996 წლის 17 მაისის №74 §1 განკარგულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ცოტნე ონიანის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ “ქალაქ წყალტუბოს მერიის დაქვემდებარების სოფლების ქვიტირისა და ფარცხანაყანევის ტერიტორიებზე გამავალ ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ცალკეული ავტოგამასართი სადგურების მშენებლობა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” ქ. წყალტუბოს მერის 1996 წლის 17 მაისის №74 §1 განკარგულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით შეწყდა მოსარჩელის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირება “გადაწყვეტილებასა და პროექტს შორის შეუსაბამობის გამო”. მოსარჩელე მიუთითებს, რომ არავითარი შეუსაბამობა არ არსებობს – ავტოგასამართი სადგური მან ააშენა წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული პროექტით საკუთარ ეზოში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №41 დადგენილების და მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის 1996 წლის 6 თებერვლის №2-49 წერილის შესაბამისად, წყალტუბოს მერიის კაბინეტის 1995 წლის 28 აპრილის სხდომის №10 გადაწყვეტილებისა და წყალტუბოს მერის 1995 წლის 27 ოქტომბრის № 108 განკარგულების საფუძველზე; 1996 წლის 9 თებერვლის “კომისიური აქტით” ავტოგასამართი სადგური მიღებული იქნა ექსპლუატაციაში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის მან გაიღო მნიშვნელოვანი თანხა და მისი საქმიანობის შეწყვეტის გამო განიცდის მნიშვნელოვან ზარალს. 1996 წლის 4 ოქტომბერს მან სადავო პუნქტის გაუქმების თაობაზე მიმართა წყალტუბოს სასამართლოს, რომელმაც სასარჩელო განცხადება არ მიიღო წარმოებაში არაქვემდებარეობის მოტივით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და გარანტირებული საკუთრების უფლება.
მოსარჩელე მოითხოვს სადავო პუნქტის გაუქმებას.
იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის თაობაზე და მოსარჩელე ც. ონიანი მოითხოვს ქ. წყალტუბოს მერის 1996 წლის 17 მაისის განკარგულების არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობას და გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლოც მხოლოდ სადავო პუნქტის ნორმატიულობის საკითხის განხილვა-შეფასებით შემოიფარგლება და ამ მხრივ მთელ განკარგულებას აღარ შეეხება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ “ქალაქ წყალტუბოს მერიის დაქვემდებარების სოფლების ქვიტირისა და ფარცხანაყანევის ტერიტორიებზე გამავალ ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ცალკეული ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” ქ. წყალტუბოს მერის 1996 წლის 17 მაისის №74§1 განკარგულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი არ შეიცავს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს, ე.ი. არ ადგენს სამართლის ნორმას. იგი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის: მან განსაზღვრა კონკრეტული ურთიერთობა კონკრეტულ სუბიექტთან მიმართებით, სახელდობრ კი ქ. წყალტუბოს მერის 1996 წლის 19 აპრილის განკარგულებით შექმნილი კომისიის წინადადების საფუძველზე შეწყვიტა მოსარჩელის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის შემდგომი ფუნქციონირება.
მაშასადამე, სადავო პუნქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არა ნორმატიული, არამედ ინდივიდუალური ხასიათისაა.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” და 39-ე მუხლის პირველი პუნქტების ძალით, საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. ამის გათვალისწინებით, მოქალაქე ც. ონიანის კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი: ქ. წყალტუბოს მერის 1996 წლის 17 მაისის განკარგულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის განხილვა, მისი არანორმატიულობის გამო, არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “გ” პუნქტითა და 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენეტის 39-ე და 40-ე მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ცოტნე ონიანის კონსტიტუციური სარჩელი “ქალაქ წყალტუბოს მერიის დაქვემდებარების სოფლების ქვიტირისა და ფარხანაყანევის ტერიტორიებზე გამავალ ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ცალკეული ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” ქ. წყალტუბოს მერის 1996 წლის 17 მაისის №74§1 განკარგულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ოთარ ბენიძე, (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი, (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, (წევრი)