მოქალაქეები - (1) გიორგი გიგიბერია და (2) შალვა მგელაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/2/42,63 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 10 მარტი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეები – (1) გიორგი გიგიბერია და (2) შალვა მგელაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. “საქართველოს რესპუბლიკაში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის რიცხული სახელმწიფო სესხის ჩამონაწერისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეთა მიერ დაკავებული ბინების მათ საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართების და “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტის და “საქართველოს რესპუბლიკაში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის რიცხული სახელმწიფო სესხის ჩამონაწერისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეთა მიერ დაკავებული ბინების მათ საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების მე-2 პუნქტის გამოყენებით დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენა;
2. “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტისა და “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საბინაო ფონდის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №520 დადგენილების პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20-ე, 32-ე, 37-ე, 39-ე და 44-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოქალაქე გიორგი გიგიბერია და მისი ადვოკატი ბაჭუა გაჩეჩილაძე; მოქალაქე შალვა მგელაძე.
მოქალაქე გიორგი გიგიბერიას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №42) და მოქალაქე შალვა მგელაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №63) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა და ერთ საქმედ გაერთიანდა იმ საფუძველზე, რომ ორივეგან დავის საგანს წარმოადგენს “საქართველოს რესპუდლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების – გიორგი გიგიბერიასა და შალვა მგელაძის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
გ. გიგიბერიძის კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” პუნქტზე. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლებსა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-15 და მე-16 მუხლებზე მითითებით, შ. მგელაძის სარჩელი კი – კონსტიტუიცის 89-ე მუხლის “ვ” პუნქტზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტსა და 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით.
მოსარჩელე გ. გიგიბერია დავობს “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტსა და “საქართველოს რესპუბლიკაში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის რიცხული სახელმწიფო სესხის ჩამოწერისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეთა მიერ დაკავებული ბინების მათ საკუთრებაში გადაცემის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების მე-2 პუნქტზე, ხოლო შ. მგელაძე – №107 დადგენილების ზემოაღნიშნულ (მე-10) პუნქტსა და “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საბინაო ფონდის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ” 1994 წლის 5 აგვისტოს №520 დადგენილების პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებზე.
გ. გიგიბერია თვლის, რომ იძულებით აღმოჩნდა ჩაბმული საბინაო დავაში, რომელიც წამოიჭრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1992-93 წლებში ბინების პრივატიზაციის თაობაზე მიღებული დადგენილებით გამოწვეული გაუგებრობათა შედეგად. მისი გარდაცვლილი დის არაპრივატიზებული ბინა სასამართლომ ჩათვალა სამკვიდრო მასად და ამჟამად მას, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, მოელის ბინიდან გამოსახლება. მოსარჩელის განმარტებით, მან დაფარა სადავო ბინის საპაიო თანხა, თუმა იქ არასოდეს არ ყოფილა ჩაწერილი. მისი აზრით, მინისტრთა კაბინეტის №107 და №519 დადგენილებით ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელყო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებები – იმდროინდელი კანონმდებლობით კოოპერატიული ბინების განკარგვა, საკუთრებაში გადაცემა კოოპერატივის საშინაო საქმედ მიიჩნეოდა, სადავო აქტებით წევრთა სურვილის სამშენებლო კოოპერატივის ბინები კოოპერატივის წევრთა სურვილის გაუთვალისწინებლად და გამგეობის დასტურის გარეშე, ავტომატურად ჩაითვალა მობინადრეთა ინდივიდუალურ საკუთრებად. თანაც ანგარიში არ ეწევა – სურთ თუ არა მოქალაქეებს მიიღონ მათ მიერ დაკავებული ბინები პირად საკუთრებაში. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი მოქალაქეთა პერსონალურ საკუთრებას ეხება, მაგრამ კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან გამომდინარე, იგი იურიდიულ პირებზეც, კონკრეტულ შემთხვევაში კი საბიანო სამშენებლო კოოპერატივებზეც ვრცელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გ. გიგიბერია მოითხოვს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტით დარღვეული თავისი და 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების მე-2 პუნქტით დარღვეული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებების აღდგენას.
მოსარჩელე შ. მგელაძე აღნიშნავს, რომ სადავო ბინის სრუუფლებიანი მეპაიეები იყვნენ მისი დეიდები – ანა და ელისაბედ ბეჟანიშვილები, რომლებიც ბინაში შესახლდნენ 1972 წელს. ამავე ბინაში 1975 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ შ. მგელაძე და დედამისი. გადასვლამდე მათ გაყიდეს მამისეული სახლი და გარკვეული თანხა გადაეცა დეიდებს. 1987 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის ერთ-ერთი დეიდა. 1993 წლის 18 მაისს კი მეორე დეიდამ მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილების საფუძველზე მოახდინა ბინის პრივატიზაცია. დეიდამ დამალა პრივატიზაციის ფაქტი და ანდერძით შ. მგელაძეს ჩამოართვა სამკვიდრო. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული დადგენილება არღვევს მის უფლებებს, ვინაიდან იგი აწესებს კოოპერატივის ერთი წევრის მიერ ბინის პრივატიზებას ოჯახის სხვა წევრების თანხმობის გარეშე. შ. მგელაძემ განმწესრიგებელ სხდომაზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის საგანი, საფუძველი და მოცულობა – №107 დადგენილების მე-10 პუნქტთან ერთად მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №520 დადგენილების პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობაც მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-20, 21–ე, 32-ე, 37-ე, 39–ე და 44–ე პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოქალაქეების – გიორგი გიგიბერიასა და შალვა მგელაძის კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე გიორგი გიგიბერიამ ვერ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც სარწმუნოდ გახდიდა მის მიერ სადავო ბინის საპაიო თანხის გადახდას. ამასთან, გ. გიგიბერიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1996 წლის 5 აპრილის დადგენილებიდან ირკვევა, რომ სადავო “კოოპერატიული ბინის ... თანხა ოფიციალურად შეტანილია ეთერ გიგიბერიას სახელით. გიორგი გიგიბერიას ზეპირი განცხადების გარდა, სხვა რაიმე მტკიცება საქმეში არ მოიპოვება”. გარდა ამისა, გ. გიგიბერია გარდაცვლილი დის მეორე რიგის მემკვიდრეა. იგი მოითხოვს აგრეთვე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის, როგორც იურიდიული პირის, უფლებების დაცვას. მას კი, როგორც ფიზიკურ პირს, შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. თანაც, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, უკვე გაუქმებულია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მუხ. 1512). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. გიგიბერია არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს “საქართველოს რესპუბლიკაში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის რიცხული სახელმწიფო სესხის ჩამოწერისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეთა მიერ დაკავებული ბინების მათ საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
გ. გიგიბერია სადავოდ ხდის მის მიმართ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტის გამოყენებას და მოითხოვს დარღვეული უფლების აღდგენას. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე: “თუ მოსარჩელე... ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს “საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი”. მდენად, გ. გიგიბერიას მოთხოვნა – აღუდგეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტის გამოყენებით დარღვეული საკუთრების უფლება, არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანს.
მოსარჩელე შალვა მგელაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციის გათვალისწინებით ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნის მიმართება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საბინაო ფონდის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №520 დადგენილების პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებთან. ეს ქვეპუნქტები პრივატიზების გაფორმების ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს ეხება. ბინის პრივატიზების პროცესში წარმოშობილი სადავო საკითხების გადაწყვეტა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, სასამართლო წესით განიხილება. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული “სასამართლო წესით განხილვა” არ გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს, - ასეთი კომპეტენცია “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით განსაზღვრული არ არის. აქედან გამომდინარე, პრივატიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული დავების განხილვა-გადაწყვეტა შედის არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საერთო სასამართლოების კომპეტენციაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორივე კონსტიტუციური სარჩელის საერთო დავის საგანთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ “საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტი ძალადაკარგულია “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საბინაო ფონდის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის №520 დადგენილების მე-4 პუნქტით. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” და “გ” პუნქტებით და 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეების – გიორგი გიგიბერიასა და შალვა მგელაძის კონსტიტუციური სარჩელები და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე – (თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი – (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – (წევრი)