როსტომ ბოლქვაძე საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/44/2 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 24 ივნისი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: როსტომ ბოლქვაძე საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.
დავის საგანი: სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქცია – “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესები”.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: როსტომ ბოლქვაძე და მოსარჩელის წარმომადგენელი – საქართველოს საზღვაო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქ. ბათუმის სამმართველოს უფროსი გიორგი ცინცქილაძე;
2. მოპასუხე: საქართველოს ეროვნული ბანკი (წარმომადგენელი – საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული განყოფილების წამყვანი იურისტი პაატა ხოტენაშვილი);
3. სპეციალისტები: 1) იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რომან შენგელია; 2) ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გამსახურდია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1997 წლის 2 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს საზღვაო-სააქციო კომერციული ბანკის ქ. ბათუმის სამმართველოს უფროსმა გიორგი ცინცქილაძემ, სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქციის – “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” 76-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.
განმწესრიგებელ სხდომაზე გიორგი ცინცქილაძემ განმარტა, რომ იგი პროფესიით არ არის იურისტი და ვერ ერკვევა იურიდიულ საკითხებში, რის გამოც მან თავისი სახელით შემოიტანა კონსტიტუციური სარჩელი. გიორგი ცინცქილაძემ სასამართლო კოლეგიას შუამდგომლობით მომართა, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელედ ცნობილი ყოფილიყო საქართველოს საზღვაო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და დამფუძნებელი როსტომ ბოლქვაძე, ხოლო თვითონ გიორგი ცინცქილაძე საქმეში ჩართულიყო როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან წარმოადგინა სათანადო რწმუნება, გაცემული საქართველოს საზღვაო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ.
საქართველოს კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-12 მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა გიორგი ცინცქილაძის შუამდგომლობა და საქმეზე მოსარჩელედ ცნო საქართველოს საზღვაო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და დამფუძნებელი როსტომ ბოლქვაძე, ხოლო გიორგი ცინცქილაძე საქმეში ჩართული იქნა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი.
მოსარჩელე როსტომ ბოლქვაძე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქციის “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” 76-ე მუხლი. ვინაიდან, მოსარჩელის აზრით აღნიშნული ნორმატიული აქტის სწორედ ეს მუხლი დაედო საფუძვლად საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 14 მარტის №1/73 გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს საზღვაო სააქციო კომერციულ ბანკს, შპს ფირმა “იმერის” სასარგებლოდ 175717 ლარის გადახდა დაეკისრა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება.
მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვისას, თავის დასკვნით სიტყვაში გაზარდა სარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის მოცულობა და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქცია – “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესები” მთლიანად.
მოპასუხე მხარემ – ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნები, რადგან მისი აზრით, სადავო ნორმატიული აქტი, კერძოდ, სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქცია - “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესები” საქართველოს ტერიტორიაზე აღარ მოქმედებს, ვინაიდან 1997 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის 1996 წლის 5 სექტემბრის №32 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია – “საქართველოს უნაღდო ანგარიშსწორების წესები”.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა რომან შენგელიამ, სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის ინსტრუქციის – “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესები” 76-ე მუხლი არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნული მუხლით აკრედიტივის გახსნა შესაძლებელია მყიდველის საკუთარი სახსრების ან იმ საბანკო კრედიტის საფუძველზე, რომელიც დეპონირებულია ბანკში სააკრედიტივო თანხის სახით. ამასთან, აკრედიტივის გახსნა ნაწილობრივ მყიდველის საკუთარი სახსრებისა და ნაწილობრივ ბანკის კრედიტის ხარჯზე დაუშვებელია. ყოველივე ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ძირითად დებულებებს კერძო საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის დამკვიდრება - განვითარებისა და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის შესახებ. აქედან გამომდინარე, იგი ეწინაღმდეგება დღეს მოქმედ საბანკო კანონმდებლობის შინაარსსაც. ასეთი მუხლი სერიოზულად ლახავს არა მარტო ბანკისა და მათ შორის საქართველოს საზღვაო ბანკის, არამედ მათი კონტრაგენტების კონსტიტუციურ უფლებებს. სპეციალისტის აზრით, ასეთი ნორმის არსებობისა და მოქმედებისათვის საქართველოში არავითარი საფუძველი არ არსებობს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი გამსახურდიას აზრით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ზემოაღნიშნული ინსტრუქცია არ შეესაბამება დღევანდელ პირობებს, საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონებს. მან ვერ დამალა თავისი აღშფოთება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, მისი აზრით, აშკარად უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის გამო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ბატონმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი 1997 წლის 19 ივნისის №16006 წერილით აცნობა, რომ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქცია – “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესები” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 2 აგვისტოს დადგენილების მე-9 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა დროებით. 1997 წლის 1 იანვრიდან, სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის №2 ინსტრუქცია საქართველოში საბანკო ურთიერთობებში აღარ გამოიყენება, რადგან ამ დღიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის 1996 წლის 5 სექტემბრის №32 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია – “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესები”.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ვახტანგ გვარამიამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი 1997 წლის 17 ივნისის №02-14/115 წერილით აცნობა, რომ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქციის – “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე შეჩერდებოდა მას შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ანალოგიური აქტი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ სადავო ნორმატიული აქტი, სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქცია – “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესები” დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არ მოქმედებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის პირველი პუნქტით, კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფენ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციას, კონსტიტუციასთან და კანონებთან მათ შესაბამისობას;
2. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 2 აგვისტოს დადგენილების “- საქართველოს რესპუბლიკაში ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ”, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ” და “ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონების სამოქმედოთ შემოღების წესის თაობაზე”, მე-9 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, საქართველოს ეროვნულ ბანკს დავალებული ჰქონდა 1991 წლის ბოლომდე უზრუნველეყო რესპუბლიკის საბანკო სისტემა ამ კანონების შესაბამისი საბანკო ინსტრუქციებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით. ასეთების მიღებამდე საბანკო სისტემაში მოქმედებდა არსებული ინსტრუქციები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები, მათ შორის სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკისა, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ზემოთ აღნიშნული კანონების მოთხოვნებს. მართალია მოგვიანებით, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 1996 წლის 5 სექტემბერს, მაინც მიიღო ინსტრუქცია – “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესები”, რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 1 იანვრიდან. ამ დღიდან მოქმედება შეწყვიტა სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის №2 ინსტრუქციამ - “სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესები”.
3. საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ” 50-ე მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით, იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 43-ე მუხლით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოსარჩელე როსტომ ბოლქვაძის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა შეწყდეს სადავო ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობის გამო;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).