ნანა ნებიერიძე-წერეთელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/45/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 17 მარტი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ნანა ნებიერიძე-წერეთელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 22-ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: ნანა ნებიერიძე-წერეთელი (მოსარჩელის წარმომადგენელი – ადვოკატი ნოდარ ნებიერიძე).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 4 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე ნანა ნებიერიძე-წერეთელმა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, პრივატიზების პროცესში სახელმწიფო იძლევა გამყიდველის, მყიდველის, შუამავლისა და სხვა სუბიექტების მხრივ უფლებათა და მოვალეობათა დაცვის გარანტიას. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზება ჩატარდა ამ კანონის დარღვევით, სახელმწიფო არ იძლევა მყიდველის უფლებათა დაცვის გარანტიას და იღებს ზომებს დადებული გარიგებათა გასაბათილებლად. იმავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარიგების ბათილობა შეიძლება მოხდეს თუ უხეშად დაირღვა კონკურსის ან აუქციონის ჩატარების წესი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 22-ე და 23-ე მუხლებით იკვრება წრე, რომლითაც კეთილსინდისიერი მყიდველი, რომელიც პრივატიზების შემდეგ ხდება მესაკუთრე – (სახელმწიფოსთან ყიდვა-გაყიდვის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო მას აძლევს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას) აბსოლუტურად დაუცველია, როგორც მესაკუთრე. Eეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების საყოველთაო უფლების გაუქმება. კონსტიტუციის იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მესაკუთრეთა უფლების შეზღუდვას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსკურსის ჩატარების წესს არღვევს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი კომისია და პასუხს აგებს კეთილსინდისიერი მყიდველი, რომლის უფლებებიც დაცულია კონსტიტუციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს: 1) არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 22-ე მუხლი; 2) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს კერძო განჩინება იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნები. ეს გამოიხატა იმაში, რომ უზენაესმა სასამართლომ არ დაიცვა საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ” მე-19 და 25-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა მიხედვით ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხუზე მდგომ აქტს, მაშინ როდესაც წინააღმდეგობა სახეზე იყო.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ნანა ნებიერიძე-წერეთლის კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 22-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონის “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ”.
2. საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 43-ე მუხლით და საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოსარჩელე ნანა ნებიერიძე-წერეთლის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 22-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – სამართალწარმოება შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა.