მოქალაქეები – (1) ლევან ზაუტაშვილი და (2) ნინა კუნგურცევა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/3/46,50 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 20 მარტი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეების – (1) ლევან ზაუტაშვილი და (2)ნინა კუნგურცევა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. საქართველოს საბინაო კოდექსის 71-ე მუხლის იმ ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, რომლებითაც გათვალისწინებულია საცხოვრებელი სადგომის დაჯავშნა უკიდურესი ჩრდილოეთის რაიონებსა და მათთან გათანაბრებულ ადგილებში სამუშაოდ წამსვლელთათვის;
2. საქართველოს საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის მე-7 პუნქტის (დაპატიმრებულთათვის საცხოვრებელი სადგომის შენახვა საქმის გამოძიების ან სამართალში ყოფნის მთელი დროის მანძილზე) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოქალაქე ლევან ზაუტაშვილი და მოქალაქე ნინა კუნგურცევა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ლევან ზაუტაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №46) და მოქალაქე ნინა კუნგურცევას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №50) არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კოლეგიას გადმოეცა 1998 წლის 12 მარტს და ერთ საქმედ გაერთიანდა იმ საფუძველზე, რომ ორივეგან დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს საბინაო კოდექსის 69-ე და 71-ე მუხლებით დადგენილი ანალოგიური შინაარსის ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
მოქალაქეების – ლ. ზაუტაშვილისა და ნ. კუნგურცევას კონსტიტუციური სარჩელები შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 19-ე მუხლის “ე” პუნქტსა და 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტზე მითითებით.
ლევან ზაუტაშვილის სარჩელის მიხედვით, დეპარტამენტ “სანახშირის” ადმინისტრაციამ გამონთავისუფლებული ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რიგის შესაბამისად, მის ოჯახს მიაკუთვნა, 1993 წლის 6 აგვისტოს სათანადო ორდერი გაიცა და იმავე წლის 18 აგვისტოს პრივატიზებაც განხორციელდა. მოსარჩელის სიტყვით, ბინის ადრინდელ მცხოვრებზე, როგორც უკიდურესი ჩრდილოეთის რაიონში 1988 წელს შრომითი ხელშეკრულებით სამუშაოდ წასულზე, 1991 წლის 14 აპრილამდე გაფორმებული იყო საბინაო ჯავშანი, რომელიც შემდგომ ახალი ვადით არ გაგრძელებულა. დეპარტმენტ “საქნახშირის” სარჩელის საფუძველზე ქ. ქუთაისის სასამართლოს 1993 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ აღნიშნული ბინის ადრინდელმა მცხოვრებლებმა დაკარგეს იქ ცხოვრების უფლება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1994 წლის 17 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება და განჩინება 1995 წლის 21 აპრილის დადგენილებით გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა, რომელიც დაეყრდნო საქართველოს საბინაო კოდექსის 71-ე მუხლს.
მოსარჩელე ლ. ზაუტაშვილი თვლის, რომ საბინაო კოდექსის 71-ე მუხლის მითითება “უკიდურესად ჩრდილოეთის რაიონებსა და ამ რაიონებთან გათანაბრებულ ადგილებში” სამუშაოდ წამსვლელ საქართველოს მოქალაქეთათვის საცხოვრებელი ადგილების დაჯავშნის შესასხებ ეწინაამღდეგება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 21-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს და არაკონსტიტუციურია შემდეგ გარემოებათა გამო: “უკიდურესი ჩრდილოეთის რაიონებისა” და “ამ რაიონებთან გათანაბრებული ადგილების” ცნება ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების: (მათ შორის საქართველოს) კანონმდებლობაში “ერთიანი საბჭოური ტერიტორიული სივრცის” ნიშნით შეტანილი იყო რუსეთის ამ რეგიონის აღორძინების, მისი ეკონომიური და სოციალური მოძლიერების მიზნით, რასაც ემსახურებოდა იქ სამუშაოდ წამსვლელთა წახალისება ბინების დაჯავშნის უფლებით; საქართველო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე გამოეყო საბჭოურ, რუსულ ტერიტორიულ სივრცეს, 1991 წლის 9 აპრილის აქტით აღდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და, ამდენად, რუსეთის შორეული ჩრდილოეთის აღორძინების პრობლემები მისი უშუალო ინტერესების სფეროს მიღმა დარჩა. აღნიშნულის გამო, “შორეული ჩრდილოეთი” საქართველოსთვის წარმოადგენს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიას და არა საბინაო კოდექსის 71-ე მუხლში მითითებულ “რაიონს”. აქედან გამომდინარე, სხვა სახელმწიფოში საკუთარი ინიციატივით წასულ მოქალაქეზე საბინაო ჯავშნის უფლების გავრცელება უკანონოა.
მოსარჩელე ნ. კენგურცევა აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოიფლდა ვ. კრასნოვას მოთხოვნა სადავო ბინიდან მოსარჩელის ოჯახის გამოსახლებისა და მისი შესახლების თაობაზე. თვით მოსარჩელეს კი უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე ამ ბინის საცხოვრებელი ფართის მიმართ ვ. კრასნოვას უფლებადაკარგულად, ხოლო მისი ოჯახის უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ. საკასაციო და საზედამხედველო ინსტანციებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სწორად მიიჩნიეს იმ საფუძვლით, რომ ვ. კრასნოვას, რომელიც ოთხი წელი იმყოფებოდა პატიმრობაში, არ დაუკარგავს სადავო ბინის საცხოვრებელ ფართზე უფლება – ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხანამ, რომელმაც გამონთავისუფლებელ ბინაში მოსარჩელე შეასახლა რიგის მიხედვით, არ მოითხოვა სასამართლოს წესით ვ. კრასნოვას ცნობა ბინის ფართზე უფლებადაკარგულად, რაც უნდა მომხდარიყო საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
მოსარჩელე თვლის, რომ მას საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის გამო აღკვეთითლი აქვს კანონიერად მიღებული ბინით სარგებლობის უფლება და მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვას. მისი აზრით, საქართველოს საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის მე-7 პუნქტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოქალაქეების – ლევან ზაუტაშვილისა და ნინა კუნგურცევას კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
ორივე მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს საბინაო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების კონსტიტუციურობის გარკვევას. საბინაო კოდექსი კი 1997 წლის 26 ივნისს მიღებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 პუნქტით ძალადაკარგულად ჩაითვალა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. თავისთავად ცხადია, რომ ამავე დროიდან საბინაო კოდექსის 69-ე და 71-ე მუხლების სადავო ნორმებიც ძალადაკარგულია. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელთა თანახმადაც, “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეების – ლევან ზაუტაშვილისა და ნინა კუნგურცევას კონსტიტუციური სარჩელები და შეწყვდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)