ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №1/51 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ავთანდილ დემეტრაშვილი, გია მეფარიშვილი, ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 21 ივლისი 1997 |
პლენუმის შემადგენლობა:
ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე),
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე),
ავთანდილ აბაშიძე,
ოთარ ბენიძე,
გია მეფარიშვილი,
იაკობ ფუტკარაძე,
ნიკოლოზ შაშკინი,
ლამარა ჩორგოლაშვილი,
ზაურ ჯინჯოლავა,
სხდომის მდივანი - ლილი მელაშვილი,
ღია სხდომაზე, მოწვეული სპეციალისტების - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ტყეშელიაძისა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლადო ჭანტურიას მონაწილეობით
განიხილა საქმე - ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე განიხილა წარდგინების ავტორისა და სადავო აქტის მიმღები ორგანოს დაუსწრებლად.
დავის საგანია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე და 96-ე მუხლებში დამატებით სასჯელად ქონების კონფისკაციის არსებობის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მის წარმოებაშია ა.ომარაშვილის, დ. ხუციშვილის, მ. თვაურის, მ. ტყაბლაძის, ზ. ხურცილავასა და ბ. ღოღელიანის სისხლის სამართლის საქმე. განსასჯელებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე და 96-ე მუხლებში დამატებით სასჯელად დაწესებულია ქონების კონფისკაცია, რომლის გამოყენებაც ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ შეაჩერა საქმის განხილვა და კონსტიტუციური წარდგინება შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების შეზღუდვა კი დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. ქონების კონფისკაცია კი გულისხმობს მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრების გაუქმებას ან შეზღუდვას, რომელიც არ არის გამოწვეული საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და არ ხდება მისი ანაზღაურება". აქედან გამომდინარე, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლო ითხოვს დადგინდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე და 96-ე მუხლებში დამატებით სასჯელად ქონების კონფისკაციის არსებობის კონსტიტუციურობა. კონსტიტუციური წარდგინების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ქონების კონფისკაციის, როგორც დამატებითი სასჯელის კონსტიტუციურობას და სასამართლოს გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამ საკითხით შემოიფარგლება. იგი არ შეეხება, კერძოდ, ე.წ. სპეციალურ კონფისკაციას.
სპეციალისტად მოწვეული პროფ. გ. ტყეშელიაძის აზრით, ქონების კონფისკაციის განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მიხედვით სრულ საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ აღნიშნული დამატებითი სასჯელის შეფარდებისას მსჯავრდებულს შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ კანონიერად შეძენილი ქონება ("პირადი საკუთრება"). ეს კი ნიშნავს, რომ არაკანონიერი, დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონება არ წარმოადგენს პირად საკუთრებას და, მაშასადამე, არ შეიძლება ჩაითვალოს სისხლისსამართლებრივი სასჯელის-ქონების კონფისკაციის საგნად. დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონებისა და დანაშაულის ჩადენის იარაღის ჩამორთმევა განიხილება ე.წ. სპეციალურ კონფისკაციად. სასჯელის სახეები შემოსაზღვრულია დამნაშავის სიკეთის ფარგლებით, როგორიცაა: ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, ქონება. ამ სიკეთეთაგან განსაკუთრებით საკუთრების ჩამორთმევას არა აქვს პერსონალური ხასიათი. ეს გარემოება დიდ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც მრავალ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია დებულება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს და სასჯელი დაედოს სწორედ დამნაშავეს და არა უდანაშაულოს. ქონების კონფისკაცია კი ჩვეულებრივ უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს დამნაშავის უდანაშაულო ახლობლებს, ოჯახის წევრებს. საქართველოში კერძო საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებამ, როდესაც კერძო საკუთრება ლეგალიზებული იქნა, შექმნა პირობები იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულად და უზრუნველყოფილად გამოცხადებულიყო. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და დადგენილი წესით, ისიც მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
სპეციალისტად მოწვეულმა პროფ. ლ. ჭანტურიამ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. კონფისკაცია კი საკუთრების უსასყიდლო ჩამორთმევაა. ერთი შეხედვით წინააღმდეგობა აშკარაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დავამტკიცოთ კონფისკაციის არაკონსტიტუციურობა. როდესაც კონფისკაციის კონსტიტუციურობის საკითხს ვიხილავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონფისკაცია არის სასჯელი და ამის გამო არ შეიძლება მისი კონსტიტუციურობა შევამოწმოთ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით. დანაშაულის საგნისა და იარაღის ჩამორთმევა არასოდეს არ ხდება სასყიდლით, ეს კი ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით ეწინააღმდეგება 21-ე მუხლის მოთხოვნებს. მაგრამ არავის მოუვა აზრად, რომ იარაღის უკანონო ტარების დროს იარაღის ჩამორთმევა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ჩათვალოს. მაშასადამე, კონფისკაცია, როგორც სასჯელის სახე, თავისთავად არ უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. კონსტიტუციის საწინააღმდეგო შეიძლება იყოს მისი შინაარსი, უფრო ზუსტად, კონფისკაციის გავრცელების ფარგლები ანუ რამდენად კონსტიტუციურია კონფისკაციის გავრცელება მსჯავრდებულის მთელქონებაზე და არა მხოლოდ დანაშაულის საგანსა და იარაღზე. რამდენადაც კონფისკაცია არის სასჯელის სახე, ამდენად უნდა გადაწყდეს საკითხი ამ სასჯელის კონსტიტუციურობის შესახებ. მთლიანად კონფისკაცია არ არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ნებისმიერი სასჯელი შეიძლება ბადებდეს ანტიკონსტიტუციურობის ილუზიას:თავისუფლების აღკვეთა,გასახლება და ა. შ. თითოეული მათგანი აშკარად ზღუდავს ან სრულიადაც კრძალავს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგრამ სასჯელის თავისებურებაც სწორედ ამაშია. იგი სამაგიეროს მიზღვაა სახელმწიფოს მხრიდან. ამრიგად მთლიანად კონფისკაცია კი არ არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მისი გავრცელება მსჯავრდებულის მთელ ქონებაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
ქონების კონფისკაციის ინსტიტუტი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში საბჭოთა წყობილებიდან მომდინარეობს.იგი ბოლომდე იქნა შენარჩუნებული საბჭოთა სახელმწიფოში და იქიდან თანამედროვე საქართველოს სისხლის სამართალშიც გადმოვიდა. საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა,საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საქართველოში თავისუფალი მეწარმეობის განვითარების პირობებში შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციურად განმტკიცება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". ქონების კონფისკაციის დაკანონება კი საკუთრების უფლების დაუცველობის გამოვლენაა. ამიტომ ქონების კონსფისკაციის არსებობა დამატებითი სასჯელის სახით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.
ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას გარკვეულ სოციალურ ფუნქციებს ანიჭებს.საკუთრების უფლების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები,ხოლო საკუთრებით სარგებლობა იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობას. თუ ეს მოთხოვნები არ სრულდება ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო გარემოებანი, მაშინ საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას - თანახმად 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საკუთრების ჩამორთმევას - შესაბამისად 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, რომელიც ადგენს: "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით".
საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი პუნქტით დამატებით სასჯელად დაწესებულია ქონების კონფისკაცია, რომლის შეფარდებას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის სხვა მუხლები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, "ქონების კონფისკაცია მდგომარეობს სახელმწიფო საკუთრებად მსჯავრდებულის პირადი საკუთრების მთელი ქონების ან მისი ნაწილის იძულებით უსასყიდლო ჩამორთმევაში".
მაშასადამე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული კონფისკაცია არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ საკუთრების ჩამორთმევას, რომლისთვისაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს სათანადო ანაზღაურება.
ამასთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქონების კონსფისკაცია თავისი შედეგებით არ შეესაბამება სასჯელის ინდივიდუალობის ძირითად პრინციპს,რადგანაც იგი ჩვეულებრივ მიმართულია არა მხოლოდ დამნაშავის, არამედ მისი უდანაშაულო ოჯახის წინააღმდეგ.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 42-ე მუხლით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1.ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი პუნქტი და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ის ნაწილი, რომელშიც დამატებითი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ქონების კონფისკაცია;
2. არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი პუნქტი და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ის ნაწილი, რომელშიც დამატებითი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ქონების კონფისკაცია, იურიდიულად ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან;
3. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს მოქმედ კანონმდებლობაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ამ გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტის გათვალისწინებით;
6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ კონსტიტუციური წარდგინების შემომტან ორგანოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
7. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს შვიდი დღის ვადაში.
ავთანდილ დემეტრაშვილი
ოთარ ბენიძე
ავთანდილ აბაშიძე
გია მეფარიშვილი
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა