ლამარა კერესელიძე, ნანა მექანარაშვილი, ლია ნადიმაშვილი, ინგა აბუაშვილი, ცისანა დევდარიანი და ელენე ძმანაშვილი ქ. თბილისის მერიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/4/52 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 6 აპრილი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
4. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეები – ლამარა კერესელიძე, ნანა მექანარაშვილი, ლია ნადიმაშვილი, ინგა აბუაშვილი, ცისანა დევდარიანი და ელენე ძმანაშვილი ქ. თბილისის მერიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მუნიციპალურ საწარმოთა პრივატიზების დროს ანგარიშსწორების წესის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 22 მაისის №04.05.28 გადაწყვეტილებისა და „რუსთაველის გამზირის №30-ში განთავსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეგაფარმი“-სათვის არასაცხოვრებელი ფართობის იჯარის უფლების გაცემის ერთჯერადი გადასახადის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის №03.16.61 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ლამარა კერესელიძის წარმომადგენელი ნიაზ ჯავახიშვილი და მოსარჩელე ცისანა დევდარიანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ლამარა კერესელიძის, ნანა მექანარაშვილის, ლია ნადიმაშვილის, ინგა აბუაშვილის, ცისანა დევდარიანისა და ელენე ძმანაშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე გამოარკვია, რომ სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტსა და 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ 1993 წლის 22 მაისს ქ.თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიამ №04.05.28 გადაწვყეტილებით „მუნიციპალურ საწარმოთა პრივატიზების დროს ანგარიშსწორების წესის შესახებ“ მიიღო ნორმატიული აქტი – „მუნიციპალურ საპრივატიზებო საწარმოთა ანგარიშსწორების წესი“. ამის საფუძველზე კი, მოსარჩელეთა სიტყვით, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1993 წლის 16 დეკემბერს მიიღო ასევე ნორმატიული დადგენილება №03.16.61 „რუსთაველის გამზირის №30-ში განთავსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეგაფარმი“-სათვის არასაცხოვრებელი ფართობის იჯარის უფლების გაცემის ერთჯერადი გადასახადის შესახებ, რომლითაც „მეგაფარმს“ მიჰყიდა რუსთაველის გამზირის №30-ში მდებარე №15 სახელმწიფო აფთიაქის მიერ დაკავებული ფართის იჯარის უფლება და ამრიგად, მოსარჩელეებს - აღნიშნული აფთიაქის თანამშრომლებს დაუკარგა „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №392 დადგენილებით მინიჭებული უფლება აფთიაქის პირდაპირი წესით შეძენისა.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო აქტებით დარღვეულია საკუთრების შეძენის საყოველთაო უფლება, რომელიც გათვალისწინებულია საქარველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამასთან, მერიის საქალაქო კოლეგიის სადავო აქტი ეწინააღმდეგება, როგორც პრივატიზების კანონს, ისე სამოქალაქო კანონმდებლობას, ვინაიდან აწესებს იჯარის უფლების გაყიდვას – უფლება არ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვისა და პრივატიზების ობიექტს.
მოსარჩელეები მოითხოვს სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
მოსარჩელე ლამარა კეკელიძემ და მისმა წარმომადგენელმა ნიაზ ჯავახიშვილმა წერილობითი განცხადებით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვეს განმწესრიგებელ სხდომაზე დასწრება. ლ. კეკელიძის ავადმყოფობის გამო მის ნაცვლად სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე ცისანა დევდარიანი, ხოლო ნ. ჯავახიშვილმა წარმოადგინა საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი რწმუნებულება და განმარტა, რომ ნოტარიუსები „კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მინდობილობას“ არ იძლევიანო. სასამართლო კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია ც. დევდარიანის, აგრეთვე ამჯერად (გამონაკლისის სახით) ნ. ჯავახიშვილის მონაწილეობა განმწესრიგებელ სხდომაში.
სასამართლო კოლეგიამ განმწესრიგებელი სხდომისათვის დადგენილ ფარგლებში მოისმინა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტება, შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მასალები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ლამარა კეკელიძის სარჩელი სადავო აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ოღონდ საკუთრების (სახელმწიფო ქონების) ხელყოფის საფუძვლით, უკვე განიხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიაში. კოლეგიამ თავისი 1997 წლის 3 აპრილის №2/26/1 განჩინებით სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ იგი არ იყო შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიჩნევს, რომ არც ამ (მე-2) კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველი არ არსებობს.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო რეესტრში უნდა შევიდეს საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი. ამის შესაბამისად, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით იუსტიციის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოფა აღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე (ე.ი 1997 წლის 1 თებერვლამდე) გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება 1997 წლის 25 ნოემბრამდე. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება „მუნიციპალურ საწარმოთა პრივატიზების დროს ანგარიშსწორების წესის შესახებ“ „ნორმალური აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი არ არის, ვინაიდან ქ. თბილისის მერიას რეესტრში შესატანად არ წარმოუდგენია“ თავის მხრივ, ქ. თბილისის მერია საკონსტიტუციო სასამართლოში 1998 წლის 30 მარტს გამოგზავნილ წერილში იტყობინება, რომ 1993 წლის 2 მაისის სადავო აქტი „მიღებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ“ „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონების, „სახელმწიფო საწარმოს საპრივატიზაციო კომისიის შესახებ“ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, რომლებიც დღეისათვის ძალადაკარგულია“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, „ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგული გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი“.
ამგვარად, „მუნიციპალურ საწარმოთა პრივატიზების დროს ანგარიშსწორების წესის შესახებ“ ქ. თბილისით მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 22 მაისის №04.05.28 გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით მიღებული „მუნიციპალურ საპრივატიზებო საწარმოთა ანგარიშსწორების წესი“ ამჟამად მოქმედ ნორმატიულ აქტად ვერ ჩაითვლება. საკონსტიტუციო სასამართლო კი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საქმის განხილვის დროს მოქმედი ნორმალური აქტის კონსტიტუციურობის საკითხი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახე“ კანონის მე-13 და საქართველოს საკონსტიტუციო სსამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
რაც შეეხება მეორე სადავო აქტს – ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის №03.16.61. დადგენილებას „რუსთაველის გამზირის №30-ში განთავსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეგაფირმი“ - სათვის არასაცხოვრებელი ფართობის იჯარის უფლების გაცემის ერთჯერადი გადასახადის შესახებ“ - იგი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ვინაიდან არ შეიცავს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ეს დადგენილება ერთჯერადი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია – მან მოაწესრიგა კონკრეტული სუბიექტის კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტის ძალით, საკონსტიტუციო სასამრთლოს იხილავს არა ინდივიდუალური, არამედ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით.
მაშასადამე არც ამ (მე-2) სადავო აქტის კონსტიტუციურობის განხილვა-გადაწყვეტილება არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორები უფლებამოსილ პირებადაც ვერ ჩაითვლებიან. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტების ან მათი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ფიზიკურ პირებს, თუ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელეთა მითითებით, მათი, როგორც №15 აფთიაქის თანამშრომელთა უფლებები დაირღვა იმით, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1993 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით შპს „მეგაფარმს“ მიჰყიდა აფთიაქის მიერ დაკავებული ფართის იჯარის უფლება. საქმეში არსებობს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 10 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა და საზედამხედველო საჩივარი არც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლოს ეს გადაწვყეტილება მიღებულია სადავო ფართთან დაკავშირებით ლ. კერესელიძის, ნ. მექანარაშვილის, ლ. ნადიმაშვილის, ი. აბუაშვილის, ე. ძმანაშვილისა და ც. დევდარიანის სარჩელის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ხსენებულ არასაცხოვრებელ ფართზე მოსარჩელეთა უფლება შეწყვეტილი იყო 1993 წლის 9 აგვისტოსათვის, რის გამოც შპს „მეგაფარმზე“ ამ დღეს მისი იჯარით გადაცემითა და შემდეგ მიყიდვით მოსარჩელეთა ინტერესები არ შელახულა. ამგვარად, სასამართლოს ამ გადაწვყეტილების მიხედვით, მოსარჩელეთა მტკიცება მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებითა და 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-40 მუხლით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეების – ლამარა კერესელიძის, ნანა მექანარაშვილის, ლია ნადიმაშვილის, ინგა აბუაშვილის, ცისანა დევდარიანისა და ელენე ძმანაშვილის კონსტიტუციური სარჩელი „მუნიციპალურ საწარმოთა პრივატიზების დროს ანგარიშსწორების წესის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993 წლის 22 მაისის №04.05.28 გადაწყვეტილებისა და „რუსთაველის გამზირის №30-ში განთავსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეგაფარმი“-სათვის არასაცხოვრებელი ფართობის იჯარის უფლების გაცემის ერთჯერადი გადასახადის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის 16 დეკემბრის №03.16.61 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი);