საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/53/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 10 აპრილი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცი; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქციის - „დამატებული ღირებულების გადასახადის წესების შესახებ“ 1994 წლის 31 იანვარს №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები №5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი.
საქმის განხილვის მოანწილენი: 1. მოსარჩელე: უფლებამოსილი წარმომადგენელი, იურისტი არჩილ კბილაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1997 წლის 5 ივნისს, საქართველოს საონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს პარლამენტის 62 წევრმა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასხადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცი;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახემლწიფო საგადსახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქცია - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები №5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ საქართველოს 1993 წლის 24 დეკემბრის კანონის „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 აბზაცი ადგენს შემდეგ წესს: „საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) დსთ ფარგლებს გარეთ ექსპორტისას ამ საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებისას გამოიყენება ნულოვანი განაკვეთი“.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან კანონი არ განმარტავს, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული დსთ-ს ფარგლებს გარეთ მომსახურების ექსპორტი, ასეთი განმარტების მიცემის ფუნქცია თავის თავზე აიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა და გამოსცა ორი საუწყებო ნორმატიული აქტი: 1. 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქცია - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ და 2. 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქცია - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები №5.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქციის - „დამატებული ღირებულების გადასახდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის სესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები №5.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქციის - „დამატებული ღირებულების გადასახდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები №5-ის მე-5 პუნქტის აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ „დამატებული ღირებულების გადასახადის დაბეგვრის მიზნით, ექსპორტირებულად ითვლება ... ტვირთის ტრანსპორტირებისას და მგზავრთა გადაყვანის მომსახურება იმ პირობით, თუ გაგზავნის პუნქტი და დანიშნულების პუნქტი მდებარეობს დსთ ქვეყნების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ“.
საქართველოს ფინანათა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - ,,სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცი განსაზღვრავს, რომ „დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნით სატრანსპორტო მომსახურების სფეროში მომსახურების ექსპორტად ითვლება და ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:
- ტვირთების ტრანსპორტირებისა და მგზავრთა გადაყვანის მომსახურება იმ პირობით, თუ გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტი მდებარეობს დსთ ქვეყნების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ“.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორების აზრით, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების ციტირებული ნორმები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს და 94-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავის არა აქვს უფლება საგადასახადო საკითხებზე გამოსცეს რაიმე საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გარდა. ასეთი ორგანო კი არის მხოლოდ საქართველოს პარლამენტი. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა გამოსცა შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებშიც გადასახადის დაბეგვრის მიზნით, განსაზღვრული და დადგენილია გარკვეული ქცევის წესი. მის მიერ გამოცემული იქნა საგადასახადო კანონმდებლობას მიკუთვნებული აქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილმა შეასრულა ის ფუნქცია, რაც მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
ყოველივე ზემოაღნნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები და მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის - „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასხადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცი;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახემლწიფო საგადსახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქცია - „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები №5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტთან, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან და 94-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამო.
საქართველოს იუსტიციის მინისატრმა, ბატონმა თედო ნინიძემ 1998 წლის 8 აპრილის №02-14/190 წერილით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1997 წლის 25 ნოემბრამდე ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში უნდა შეეტანა აღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტები. ვინაიდან, 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-3 კარი „დამატებული ღირებულების გადასახადი“ ამოქმედდა 1997 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო 1997 წლის 16 ოქტომბერს, გამოცემული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №242 ბრძანება „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“, სადავო აქტები აღარ იქნა შეტანილი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, რადგან ძალა დაკარგა იმ ძირითადმა ნორმატიულმა აქტმა, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლად თავის დროზე მიღებული იქნენ სადავო ნორმატიული აქტები.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრთა კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 34-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციურ სარჩელზე –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 17 ოქტომბრის ინსტრუქციის – „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მე-4 აბზაცის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1996 წლის 12 აპრილის ინსტრუქცია – „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები №5-ის მე-5 პუნქტის მე-5 აბზაცის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – სამართალწარმოება შეწყდეს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი).